შინა მასწავლებლის მოწოდება, ოქტომბერი 2010
წმინდა ტაძარი
ტაძრებში ეკლესიის ყოველ ღირსეულ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყველაზე ამაღლებულ გამოსყიდვის წეს-ჩვეულებებში, რომლებიც ოდესმე თუ გამხელილა კაცობრიობისათვის.
ტაძრებში ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ყველაზე ამაღლებულ გამოსყიდვის წეს-ჩვეულებებში
ტაძარში წასასვლელად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უამრავი მიზეზი. თვითონ ტაძრის გარეგნული ზემოქმედებაც კი მიგვანიშნებს მის შინაგან ღრმა სულიერ დანიშნულებას. ეს უფრო აშკარად მჟღავნდება ტაძარში ყოფნისას. ტაძარში შესასვლელ კარის თავზე არის წარწერა: „უფალს სიწმინდე”. როდესაც თქვენ შედიხართ მიძღვნილ ტაძარში, თქვენ უფლის სახლში იმყოფებით.
ეკლესიის ღირსეულ წევრებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ყველაზე ამაღლებულ გამოსყიდვის წეს-ჩვეულებებში, რომლებიც ოდესმე გამხელილა კაცობრიობისათვის. იქ, წმინდა ცერემონიის დროს, ადამიანი განიბანება, ღებულობს მირონცხებას, რჩევა-დარიგებებს, მოსილებას და ჩაბეჭდვას. და როდესაც ვღებულობთ ამ კურთხევას ჩვენთვის, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მათთვისაც, ვინც გარდაიცვალა და ვერ მიიღო ეს ლოცვა-კერთხევები. ტაძრებში წმინდა წეს-ჩვეულებები აღისრულება როგორც ცოცხალთათვის, ასე გარდაცვლილთათვის, თანაბრად.
ტაძრის წეს-ჩვეულებები და ცერემონიები უბრალო, მშვენიერი და წმინდაა
წმინდა წერილების ყურადღებით წაკითხვა გვიჩვენებს იმას, რომ უფალმა ყველაფერი როდი გაუმხილა ხალხს. არსებობენ გარკვეული მოთხოვნილებანი, რომლებიც წმინდა ცოდნის მიღებისათვის წარმოადგენენ აუცილებელ წინაპირობას. ტაძრის ცერემონიები ზუსტად ამ კატეგორიას განეკუთვნებიან.
ჩვენ არ ვსაუბრობთ ტაძრის წეს-ჩვეულებებზე ტაძრის კედლების მიღმა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცოდნა სატაძრო ცერემონიების შესახებ განკუთვნილია მხოლოდ ვიწრო წრისათვის და სხვებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ მათ, პრაქტიკულად პირიქით: ჩვენ წავაქეზებთ კიდეც ყველას ტაძარში შესასვლელად მომზადებისათვის. ყოველმა ტაძარში ნამყოფმა ადამიანმა იცის, რომ დადგება დრო, როდესაც ყოველი სული, რომელიც ცოცხლობს ან ოდესმე უცხოვრია, მოისმენს სახარებას და შედეგად ამისა, იგი ან მიიღებს და ან უარყოფს იმას, რასაც მას ტაძარი სთავაზობს. თუ კი ასეთი უარყოფა მაინც მოხდება, მაშინ უარის პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც უარი განაცხადა.
ტაძრის წეს-ჩვეულებები და ცერემონიები უბრალოა. ისინი მშვენიერია. ისინი წმინდაა. ისინი კონფიდენციალურიცაა, რადგან არ უნდა მოისმინონ იმათ, ვინც საამისოდ არ არის მზად. ცნობისმოყვარეობა არ ნიშნავს მზადყოფნას. ღრმა ინტერესიც კი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მზადაა ამ ცოდნისთვის. წეს-ჩვეულებებისთვის მომზადება შეიცავს შემდეგ წინასწარ ნაბიჯებს: რწმენა, მონანიება, ნათლობა, დამტკიცება, ღირსეულობა, სიმწიფე და ღირსება. ეს აუცილებელი თვისებები უნდა გააჩნდეს ყოველს, ვინც უფლის სახლშია მიპატიჟებული.
მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ ტაძარში შესვლა
ყოველი ღირსეული ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ტაძარში შესასვლელ პირობებს, უნდა ეზიაროს წმინდა ცერემონიებს და წეს-ჩვეულებებს.
საკმარისია ერთხელ მაინც იგრძნოთ ტაძრის კურთხევათა ღირებულება და წეს-ჩვეულებათა სიწმინდე, რომ აღარასოდეს დაეჭვდეთ იმ მაღალ მოთხოვნილებების მიმართ, რომლებიც დააწესა უფალმა წმინდა ტაძარში შესასვლელად.
ტაძარში შესასვლელედ საჭიროა იქონიოთ მოქმედი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციას ხელს უნდა აწერდეს ეკლესიის შესაბამისი სასულიერო პირი. მხოლოდ ღირსეულნი უნდა იმსახურებდენ უფლებას ტაძარში შესასვლელად. სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებამდე თქვენი ადგილობრივი ეპისკოპოსი ან მრევლის პრეზიდენტია პასუხისმგებელი მასზედ, რომ დაადგინოს, ხართ თუ არა ღირსი ტაძარში შესასვლელად. ამ გასაუბრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლისაგან ხელდასხმულ მსახურთან ერთად გადახედავთ თქვენს ცხოვრებას. თუკი თქვენს ცხოვრებაში არის რაიმე მიუღებელი, ეპისკოპოსი დაგეხმარებათ მის გამოსწორებაში. ამ პროცედურის გავლით თქვენ შეძლებთ ან თვითონ აღიაროთ, რომ ღირსნი ხართ შეხვიდეთ ტაძარში, ან უფლის მსახურის დახმარებით მიგიჩნიონ ასეთად.
სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად გასაუბრება ტარდება კონფიდენციალურად ეპისკოპოსისა და ეკლესიის წევრის შორის. ეპისკოპოსი ეკლესიის წევრს ეკითხება მის პირად ყოფაქცევას, ღირსეულობას, მის ერთგულებას ეკლესიისა და მის მსახურთა მიმართ. ადამიანმა უნდა დაადასტუროს, რომ ის არის სუფთა ზნეობრივად და არ არღვევს სიბრძნის სიტყვის კანონს, არის მეათედის სრული გადამხდელი, ცხოვრობს ჰარმონიულად ეკლესიის სწავლების მიმართ, და არ აქვს არანაირი ურთიერთობა რჯულგანდგომილებთან. ეპისკოპოსმა იცის, რომ ყოველი გასაუბრების დროს კონფიდენციალობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი პრინციპი.
ჩვეულებრივ, წევრის ღირსეულების დასადგენად სატაძრო რეკომენდაციის მიღებისათვის, საკმარისია ეპისკოპოსის კითხვებზე მისაღები პასუხების გაცემა. თუ ადამიანი არ იცავს მცნებებს ან მის ცხოვრებაში არის რაიმე ის, რაც მოსაწესრიგებელია, რეკომენდაციის მიღებამდე მან ჯერ გულწრფელად უნდა მოინანიოს.
ეპისკოპოსთან ჩატარებულ გასაუბრებას მოჰყვება პალოს პრეზიდენტის გასაუბრება, და მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღება.
სწავლება ტაძარში სიმბოლურია
ტაძარში პირველად შესვლამდე, ან თუნდაც მასში მრავალჯერ ყოფნის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვდეთ იმას, რომ ტაძარში სწავლება სიმბოლურ ხასიათს ატარებს. უფალი, ოსტატი მასწავლებელი, ძირითადად ასე ასწავლიდა.
ტაძარი არის უდიდესი სკოლა. ტაძარი არის განათლების სახლი. ტაძარში ინარჩუნებენ ატმოსფეროს, რომელიც იდეალურია ღრმა სულიერი საკითხების შესასწავლად. აწ გარდაცვლილი, უხუცესი ჯონ ა. უიდსთოუ, თორმეტ მოციქულთა კვორუმის წევრი, კარგად ცნობილი უნივერსიტეტის პრეზიდენტი და მთელს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი იყო. იგი ღრმა პატივს სცემდა სატაძრო სამუშაოს და ერთხელ ბრძანა:
სატაძრო წეს-ჩვეულებები შეიცავენ ხსნის ერთ მთლიან გეგმას, რომელიც განმარტავს რთულ საკითხებს, თვითონ გეგმას კი დროთადრო ასწავლიან ჩვენი ეკლესიის წინამძღვრები. ტაძრის სწავლებებს არ სჭირდება არანაირი მორგება ხსნის დიადი გეგმის ჩარჩოში ჩასასმელად. სატაძრო მოსილების ფილოსოფიური სისრულე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატაძრო წეს-ჩვეულებების ჭეშმარიტების დამცავი არგუმენტი. ამ მიმოხილვის სისრულისა და სახარების დეტალური ახსნისათვის სატაძრო მსახურება გვევლინება როგორც სახარების სტრუქტურის გონებაში გადახალისების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი (“Temple Worship,” Utah Genealogical and Historical Magazine, აპრილი, 1921, გვ.58).
თუკი თქვენ შეხვალთ ტაძარში იმ განწყობით, რომ სწავლება სიმბოლურია, თქვენ გამოხვალთ იქიდან გაუმჯობესებული ხედვით, უფრო ამაღლებული გრძნობით, სულიერ საკითხებში გაღრმავებული ცოდნით. სწავლების გეგმა დიდებულია. იგი შთაგონებით არის მიღებული. თავად უფალი, ოსტატი მასწავლებელი, ასწავლიდა თავის მოციქულებს იგავების გამოყენებით. ეს ზეპირსიტყვიერების ის ხერხია, რომლის დროსაც საგანთა სიმბოლური წარმოდგენები იხმარება, სხვაგვარად მათი გაგება რთულდება.
თვით ტაძარიც კი სიმბოლოდ გარდაისახება. თუკი თქვენ გინახავთ ტაძარი ღამით, სრულიად განათებული, მაშინ თქვენ იცით, რამდენად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს იგი. სახლი უფლისა, სიბნელეში გასხივოსნებული, დგას როგორც იესო ქრისტეს სახარების ძალისა და შთაგონების სიმბოლო. იგი შუქურასავით დგას სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო იძირება სულიერ სიბნელეში.
ტაძარში შესვლისას თქვენ იცვლით ყოფით ცხოვრების ტანსაცმელს თეთრ სატაძრო ტანსაცმელზე. ეს ხდება გასახდელში, სადაც ყოველ ადამიანს ეძლევა პირადი სარგებლობის საკეტიანი კარადა და ოთახი. ტაძარში გულმოდგინედაა დაცული მორიდებულობის იდეა. როდესაც თქვენ მოათავსებთ ტანსაცმელს კარადაში, თქვენ იქვე ტოვებთ თქვენს ყოველ დარდსა და საზრუნავს. თქვენ გამოდიხართ ამ პატარა პირადი გასახდელიდან, გაცვიათ თეთრი ტანსაცმელი და თქვენ გეუფლებათ ერთობისა და თანასწორობის გრძნობა, რამე თუ თქვენს ირგვლივ ყველა ერთნაირადაა შემოსილი.
სატაძრო ქორწინება არის ტაძრის საბოლოო წეს-ჩვეულება
მათ, ვინც მოუთმენლად ელოდებიან სატაძრო ქორწინებას, სურთ იცოდნენ, თუ რა მოხდება ტაძარში. ჩვენ არ ვახმოვანებთ ჩაბეჭდვის (ქორწინების) წეს-ჩვეულების სიტყვებს ტაძრის მიღმა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩაბეჭდვის ოთახი მშვენიერია, იდუმალი, და უშფოთველი, იგი განწმენდილია იქ მიმდინარე წმინდა მსახურებებით.
სანამ წყვილი მიუახლოვდება საკურთხეველს ჩასაბეჭდად, მას, ვინც ატარებს ამ ცერემონიას, ეძლევა საშუალება გაუზიაროს მამაკაცსა და ქალს რჩევა-დარიგებანი. ახალგაზრდა წყვილმა შეიძლება გაიგონოს დაახლოებით ასეთი რამ:
დღეს თქვენი ქორწინების დღეა. თქვენ მთლიანად შეპყრობილი ხართ თქვენი შეუღლების ემოციით. ტაძრები სავანესავით აშენდა ასეთი წეს-ჩვეულებებისთვის. ჩვენ არ მივეკუთვნებით ამასოფელს. არაფერი მიწიერი არ ეხება არც აქაურობას და არც იმას, რაც აქ სრულდება. უფლის სახლში შესვლისას ჩვენ სამყაროს განვეშორეთ. ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
თქვენ დაიბადეთ ამ დედამიწაზე მშობელთა მოპატიჟებით, რითაც მათ განამზადეს თქვენი სულისათვის მიწიერი კარავი. ყოველი თქვენთაგანი მოინათლა. ნათლობის წმინდა წეს-ჩვეულება არის განწმენდის, სიკვდილის, აღდგომის და ახალი ცხოვრებისა და დაბადების სიმბოლო. იგი გულისხმობს მონანიებას და ცოდვების მიტევებას. უფლის სერობით ზიარება წარმოადგენს ნათლობის აღთქმის განახლებას, და ჩვენ შეგვიძლია, თუ კი ამას მოვისურვებთ, ცოდვების მიტევებაც.
თქვენ, ნეფევ, გაკურთხეს მღვდლობა. თქვენ თავიდან აარონის მღვდლობა მიიღეთ და ალბათ წარმატებებს მიაღწიეთ დიაკვანის, მასწავლებლის და მღვდლის როლში. შემდეგ დადგა დღე, როდესაც თქვენ მიგიჩნიეს ღირსად მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად. ეს უფრო მაღალი დონის მღვდლობა განიმარტება, როგორც ღვთის მღვდელთმსახურების სიმაღლის სიწმინდის მღვდლობა, ან ღვთის ძის მღვდელთმსახურების წმინდა მღვდლობა (იხ. ალმა 13:18; ჰელამანი 8:18; მოძღვრება და აღთქმები 107:2–4). თქვენ მოგენიჭათ მღვდლობის წოდება. თქვენ ახლა უხუცესი ხართ.
ყოველმა თქვენთაგანმა მიიღო სატაძრო მოსილება. ამ მოსილებით თქვენ შეძელით თქვენი მარადიული სულიერი პოტენციალის განთავსება. მაგრამ ყოველივე ეს, ერთ მნიშვნელოვნად, იყო წინასწარ მოსამზადებელი პროცესი თქვენი საკურთხეველთან მისვლისა და მეუღლესთან ერთად დროსა და მარადიულობაში ჩაბეჭდვისა. თქვენ სულ მალე ოჯახი გახდებით, თავისუფალი შემოქმედებისათვის, ცხოვრების შესაქმნელად, თქვენი თავდადებითა და მსხვერპლშეწირვით ამ ქვეყნად შვილების მოსავლენად და აღსაზრდელად, რათა უდრტვინველად გაატაროთ ისინი ამ მიწიერ ცხოვრებაში და იხილოთ ისინი ტაძრის წმინდა მსახურების მონაწილეებად ამ წეს-ჩვეულებებში.
თქვენ საკუთარი სურვილით მოხვედით და მიგიჩნიეს ღირსად ამისა. ერთმანეთის მიღება საქორწინო აღთქმაში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ისეთი, რომელსაც მოჰყვება უთვალავი კურთხევა.
ჩაბეჭდვის ძალა კრავს როგორც დედამიწაზე ისე ზეცაშიც
თუ ჩვენ გვსურს ჩავწვდეთ სატაძრო სამსახურის ისტორიას და მოძღვრებას, საჭიროა გავაცნობიეროთ ის, თუ რა არის ჩაბეჭდვის ძალა. ჩვენ უნდა განვჭვრიტოთ, ყოველ შემთხვევაში ოდნავ მაინც ის, თუ რატომ აქვს მინიჭებული ჩაბეჭდვის გასაღებებს ამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩაბეჭდვის ძალის გამოყენებისას.
„ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე? …
„სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.
„მიუგო იესომ და უთხრა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია.
„მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.
„მოგცემ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც” (მათე 16:13, 16–19).
პეტრე გასაღებების მატარებელი იყო. პეტრეს გააჩნდა იმ ჩაბეჭდვის ძალა-უფლება, რომლითაც როგორც დედამიწაზე, ასევე ზეცაში, შესაძლებელი ხდება შეკვრა, ჩაბეჭდვა და გახსნა. ამ გასაღებების მფლობელი ამჟამად გახლავთ ეკლესიის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არის წინასწარმეტყველი, წინასწარმჭვრეტი და განმცხადებელი. ეს ჩაბეჭდვის წმინდა ძალა ახლა ეკლესიაში მოიპოვება. მათ, ვინც იციან ამ ძალა-უფლების დიდმნიშვნელოვნება, სხვას არაფერს არ მიიჩნევენ ამაზე დიდ სიწმინდედ. ეს არის ის ძალა, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან. არსებობს არც თუ ისე ბევრი ადამიანი დედამიწაზე, რომლებსაც ანდობდნენ ჩაბეჭდვის ამ ძალას დროის კონკრეტულ შუალედებში, ხოლო ყოველ ტაძარში მღვდელთმსახურები ფლობენ ჩაბეჭდვის ძალას. ვერავინ ვერ მიიღებს მას თუ არა წინასწარმეტყველის, წინასწარმჭვრეტის და განმცხადებლის, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის, პრეზიდენტისაგან.
წინასწარმეტყველი იოსებ სმითი ამბობდა, რომ მას ხშირად ეკითხებოდნენ: „ნუთუ ვერ გადავრჩებით ამ წეს-ჩვეულებებისა და ამდაგვარ მოთხოვნილებათა გარეშე?” მე ასე ვუპასუხებდი: გადარჩენის სისრულეს ვერ მოვიპოვებდით. იესომ თქვა: „ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ”. (იხ. იოანე 14:2.) აქ ნახსენები სახლი უნდა გავიგოთ როგორც სასუფეველი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაღლდება უზენაეს სასუფევლამდე, ვალდებულია სავსებით დაიცვას ცელესტიალური კანონი” (History of the Church, 6:184).
სატაძრო სამუშაო ჩვენი სულიერი ძალის წყაროა
ტაძრები ეკლესიის სულიერი ძალის ცენტრებს წარმოადგენენ. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ეცდება ხელი შეგვიშალოს როგორც ეკლესიას, ასევე ცალკეულ პიროვნებებს, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა და შთაგონებელ სამუშაოში. სატაძრო სამუშაო ამდენ წინააღმდეგობას უპირისპირდება, ვინაიდან ის წარმოადგენს მთლიანი ეკლესიის და თითოეული უკანასკნელი დღეების წმინდანთა უდიდეს სულიერი ძალის წყაროს.
ლოგანის, იუტას ტაძრის ქვაკუთხედის მიძღვნის ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ჯორჯ ქ. ქენონმა, იმ დროინდელმა პირველ პრეზიდენტთა წევრმა, გააკეთა ასეთი განცხადება:
ყოველი ქვა ტაძრის საძირკველში და ყოველი ტაძარი, რომელიც აშენდება იმ წესრიგის თანახმად, რომელიც უფალმა გაუმხილა თავის წმინდა სამღვდელოებას, ამცირებს სატანის ძალას დედამიწაზე და ზრდის ღვთისა და ღვთაებრივ ძალთა სიდიდეს, ჩვენი გულისათვის ახდენს გადაადგილებებს ზეცაში, და მარადიული ღმერთებისა და მათთან მყოფ წმინდანთა ლოცვა-კურთხევას მოიხმობს ჩვენს თავზე („The Logan Temple,” Millennial Star, ნოემბერი 12, 1877, გვ.743).
როდესაც კი ეკლესიის წევრები რაღაცით არიან აღელვებულნი ან გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნის წინაშე დგანან, მათთვის ტაძარში წასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ტაძარი შესანიშნავი ადგილია ჩვენი დარდებისა და წუხილებისაგან განთავისუფლებისთვის. ტაძარში ჩვენ შეგვიძლია განვჭვრიტოთ ჩვენი სულიერი მომავალი. იქ, სატაძრო მსახურების დროს, ჩვენ არ ვართ „ამ სოფლისა.”
ზოგჯერ ჩვენი გონება იმდენად დაკავებულია პრობლემებით და იმდენი რამ მოითხოვს ერთდროულად ჩვენს ყურადღებას, რომ აზროვნებაც და მხედველობაც გვიბინდდება. ტაძარში ყველაფერი, რაც კი ხელის შემშლელია, მტვერივით ჩამოიბერტყება, ნისლი და ბურუსი გაიფანტება, და ჩვენ ვიხილავთ იმას, რასაც ამის წინ ვერ ვხედავდით და ჩვენი განსაცდელის მოსაგვარებელ გზასაც ვიპოვით.
უფალი დაგვლოცავს წმინდა სატაძრო წეს-ჩვეულებებში მონაწილეობისათვის. ეს დალოცვები არ იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ ჩვენი სატაძრო სამუშაოებით. ჩვენ მივიღებთ დალოცვებს ყველაფერში, რასაც კი ვაკეთებთ.
სატაძრო სამუშაო ჩვენი ფარი და ციხე-სიმაგრეა
არც ერთი სხვა სამუშაო არ წარმოადგენს ეკლესიისთვის იმაზე დიდ დაცვას, რაც სატაძრო სამუშაოა და მასთან ერთად, ოჯახური ისტორიული კვლევები. არც ერთი სხვა სამუშაო სულიეარად არ გვწმინდავს ისე, როგორც ეს სამუშაო. არც ერთი სხვა სახის სამუშაო არ გვაძლევს ისეთ ძალას, როგორც ეს სამუშაო. არც ერთი სხვა სამუშაო არ მოითხოვს ამაზე უფრო მეტი სიწმინდის სტანდარტებს.
სატაძრო სამუშაო ფარივით გვიცავს, პიროვნულადაც და მთლიანობაშიც, მთელს ხალხს.
ასე რომ მოდით ტაძარში—მოდით და მოითხოვეთ თქვენი კუთვნილი ლოცვა-კურთხევანი. ეს წმინდა სამუშაოა.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი Visiting Teaching Message, October 2010. Georgian. 09370 131