პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, მარტი 2016
“ისწავლეთ ჩემგან”
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ჩვენ ყველანი ვართ მასწავლებლები და მოსწავლენი. ყველაზე ვრცელდება უფლის ნაზი მიპატიჟება: “ისწავლეთ ჩემგან … და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს”.1
მე ვიწვევ ყოველ უკანასკნელ დღეთა წმინდანს, დაფიქრდეს თავის მცდელობებზე ასწავლოს, ისწავლოს და უყუროს მხსნელს, როგორც ჩვენს წინამძღვარს ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ეს “ღვთისგან მოვლენილი მასწავლებელი”2 უბრალო მასწავლებელზე მეტი იყო. ის, ვინც გვასწავლიდა, გვიყვარდეს უფალი, ჩვენი ღმერთი, მთელი გულით, სულით, ძალითა და გონებით და გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი ვითარცა თავი ჩვენი, არის მოძღვარი მასწავლებელი და სრულყოფილი ცხოვრების მაგალითი.
იგი არის ის, რომელმაც განაცხადა: “მომყევით მე”.3 “მე მოგეცით მაგალითი”.4
მხოლოდ მაშინ, თუ რწმენაში მოიქცევით
იესომ გვასწავლა უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც ჩაწერილია მათეს სახარებაში. მას შემდეგ, რაც იგი მოწაფეებთან ერთად ჩამოვიდა ფერისცვალების მთიდან, ისინი გალილეაში შეჩერდნენ და კაპერნაუმისკენ გაემართნენ. იქ მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და ეკითხებოდნენ მას:
“ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
“იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუაში,
“და უთხრა: შეჭმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში”.5
ეკლესიაში სახარების სწავლების მიზანია არა ინფორმაციის გადმოღვრა ღვთის შვილებზე, იქნება ეს სახლში, საკლასო ოთახსა თუ მისიის არეში. არც იმის ჩვენება, რაოდენ მცოდნეა მშობელი, მასწავლებელი ან მისიონერი. არც უბრალოდ მხსნელისა და მისი ეკლესიის შესახებ ცოდნის გაზრდა.
სწავლების ძირითადი მიზანია, დაეხმაროს მამაზეციერის ძეებსა და ასულებს მის გარემოცვაში დაბრუნებაში, რათა დატკბნენ მარადიული ცხოვრებით მასთან. ამისათვის სახარების სწავლება უნდა აგულიანებდეს მათ ყოველდღიური მოწაფეობისა და წმინდა აღთქმების გზაზე. მიზანია - ცალკეული პირების შთაგონება, რათა დაფიქრდნენ, შეიგრძნონ და შემდეგ რაიმე მოიმოქმედონ სახარების პრინციპებით ცხოვრების გამო. უფალ იესო ქრისტეს რწმენის განვითარების არსია მის სახარებაში მოქცევა .
სწავლება, რომელიც გვლოცავს, მოგვაქცევს და გვიხსნის, არის ის სწავლება, რომელიც ბაძავს მხსნელის მაგალითს. მასწავლებლებს, რომელნიც ბაძავენ მხსნელის სიყვარულს, უყვართ და ემსახურებიან მათ, ვისაც ასწავლიან. ისინი შთააგონებენ მსმენელებს ღვთიური ჭეშმარიტების მარადიული გაკვეთილებით. ისინი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომელთა მიბაძვაც ღირს.
სიყვარული და მსახურება
მხსნელის მთელი მსახურება იყო მოყვასის სიყვარულის მაგალითი. და მართლაც, მისი სიყვარული და მსახურება ხშირად მისი გაკვეთილი იყო. ასე რომ, მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე კარგად მახსოვს, არიან ისინი, რომლებიც იცნობდნენ, უყვარდათ და ზრუნავდნენ თავიანთ მოწაფეებზე. ისინი ეძებდნენ დაკარგულ ცხვარს. ისინი ასწავლიდნენ ცხოვრების გაკვეთილებს, რომელნიც ყოველთვის მეხსომება.
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი იყო ლუსი გერტსი. იგი ყოველ მოსწავლეს იცნობდა. იგი ყოველთვის ურეკავდა მათ, ვინც კვირას არ მოვიდა ან უბრალოდ არ დადიოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ იგი ზრუნავდა ჩვემზე” არც ერთს არ დაგვვიწყებია იგი ან მისი გაკვეთილები.
მრავალი წლის შემდეგ, ლუსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მე ვეწვიე მას. ჩვენ გავიხსენეთ ის ძველი დრო, როცა იგი ჩვენი მასწავლებელი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი კლასის ყოველი წევრის შესახებ და იმაზე, ვინ რას აკეთებდა ახლა ცხოვრებაში. მისმა სიყვარულმა და ზრუნვამ დროს გაუძლო.
მე მიყვარს უფლის დარიგება, რომელიც მოძღვრება და აღთქმებში წერია:
“გაძლევთ მცნებას, ასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის დოქტრინა.
“ასწავლეთ ბეჯითად და ჩემი მადლი გეწვევათ თქვენ”.6
ლუსი გერტსი ბეჯითად ასწავლიდა, რადგან დაუღალავად უყვარდა.
შესთავაზეთ იმედი და ჭეშმარიტება
პავლე მოციქული გვმოძღვრავდა: “მუდამ მზად იყავით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ”.7
შესაძლოა ყველაზე დიდი იმედი, რომლის მოცემაც მასწავლებელს შეუძლია არის ის იმედი, რომლის პოვნაც იესო ქრისტეს სახარებაში შეიძლება.
“და რისი იმედი უნდა გვქონდეს”? იკითხა მორმონმა. “აჰა, გეუბნებით, რომ უნდა იქონიოთ იმედი ქრისტეს გამოსყიდვისა და მისი აღდგომის ძალის მეშვეობით, რათა აღსდგეთ მარადიული ცხოვრებისთვის და ეს თქვენი მასში რწმენის გამო”.8
მასწავლებლებო, აიმაღლეთ ხმა და დაამოწმეთ სამების ჭეშმარიტი ბუნება. განაცხადეთ თქვენი მოწმობა მორმონის წიგნის შესახებ. გადმოეცით ხსნის გეგმის დიდებული, მშვენიერი ჭეშმარიტებანი. გამოიყენეთ ეკლესიის მიერ დამტკიცებული მასალები, განსაკუთრებით წმინდა წერილი, რათა ასწავლოთ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტებანი მათი სიწმინდითა და სიმარტივით. გახსოვდეთ მხსნელის დავალება “იკვლიოთ წმინდა წერილი, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ”.9
დაეხმარეთ ღვთის შვილებს გაიგონ, რა არის მათ ცხოვრებაში ჭეშმარიტი და მნიშვნელოვანი. დაეხმარეთ მათ, განავითარონ ძალა, აირჩიონ ბილიკი, რომელზეც უსაფრთხოდ ივლიან მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.
ასწავლეთ ჭეშმრიტება და სულიწმინდა დაგეხმარებათ თქვენს მცდელობებში.
“ისწავლეთ ჩემგან”
რადგან იესო ქრისტე იყო სრულყოფილად მორჩილი და მამის ნების დამყოლი, მას “ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანის წინაშე”.10 გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენც ასევე მოვიქცეთ? ზუსტად ისე, როგორც იესომ მიიღო“მადლი მადლისა წილ”,11 ჩვენც უნდა მოთმინებით და დაჟინებით ვეძიოთ სინათლე და ცოდნა ღვთისა ჩვენს მცდელობებში -ვისწავლოთ სახარება.
მოსმენა არის სწავლის აუცილებელი ელემენტი. როცა ვემზადებით განსწავლისთვის, ჩვენ ლოცვით ვეძიებთ სულიწმინდისგან შთაგონებას და დასტურს. ჩვენ ვუფიქრდებით, ვლოცულობთ, ვიყენებთ სახარების გაკვეთილებს და ვეძიებთ მამის ნებას ჩვენთვის.12
იესო “ბევრ რასმე ასწავლიდა … იგავებით”,13 რაც მოითხოვდა მსმენელ ყურს, მხილველ თვალს და გულს, რომელიც ამას გაიგებდა. თუ ღირსეულად ვიცხოვრებთ, ჩვენ უკეთ შევძლებთ სულიწმინდის ჩურჩულის გაგონებას, რომელიც “გვასწავლის ყველაფერს და ყველაფერს შეგვახსენებს”.14
როცა ჩვენ ვპასუხობთ უფლის ნაზ მოწვევას “ვისწავლოთ მისგან”, ჩვენ ვეზიარებით მის ღვთიურ ძალას. ასე რომ, მოდით, ვიცხოვროთ მორჩილების სულით, მივყვეთ ჩვენს მაგალითს და ისე ვასწავლოთ, როგორც იგი ასწავლიდა და ვისწავლოთ ისე, როგორც იგი მოისურვებდა, რომ გვესწავლა.
© 2016 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი First Presidency Message, March 2016. Georgian. 12863 131