„თავი 3: ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)
„ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა“, იქადაგე ჩემი სახარება
თავი 3
ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა
მოძღვრების საფუძველი
ჩვენ ყველანი ზეციური მამის შვილები ვართ. დედამიწაზე იმისათვის მოვედით, რომ ვისწავლოთ, გავიზარდოთ და დავემსგავსოთ მას, რათა საბოლოოდ მის გარემოცვაში დავბრუნდეთ (იხ. მოსე 1:39). მისი ღვთიური დახმარების გარეშე ვერ დავემსგავსებით მას და ვერ დავბრუნდებით მასთან. ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი ძე — იესო ქრისტე მოავლინა, რათა ჩვენი ცოდვები გამოესყიდა და სიკვდილის ბორკილები დაემსხვრია (იხ. 3 ნეფი 27:13–22).
ჩვენ მივიღებთ წვდომას ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე, თუკი გამოვავლენთ მასში რწმენას მონანიებით, ნათლობით, წევრად დამტკიცების მეშვეობით სულიწმინდის ძღვენის მიღებითა და ბოლომდე გაძლებით. ნათლობის აღთქმის დაცვა პირველი ნაბიჯია ღმერთთან დაკავშირების გზაზე, რათა სულიწმინდამ შეძლოს ჩვენი ბუნების განწმენდა, განმტკიცება და უკეთესობისკენ შეცვლა. ამ განწმენდის გავლენის განცდას სულიერი დაბადება ეწოდება. (იხ. 2 ნეფი 31:7, 13–14, 20–21; მოსია 5:1–7; 18; 27:24; 3 ნეფი 27:20; იოანე 3:5.)
სულიერი დაბადების დაწყებაა წყლითა და სულიწმინდის ძალით მონათვლა. ნათლობა არის სიხარულისა და იმედის მომტანი წეს-ჩვეულება. როდესაც ჩვენ ვინათლებით მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, ცხოვრებას ახლიდან, ღვთის დამხმარე ძალით ვიწყებთ. ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ, ზიარების ღირსეული მიღებით შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ძალის განმტკიცება. (იხ. 2 ნეფი 31:13; მოსია 18:7–16; მორონი 6:2; მოძღვრება და აღთქმები 20:37.)
მოწვევა
როდესაც სულიწმინდის კარნახს იგრძნობ, მოიწვიე ადამიანები, მოინათლონ და წევრად დამტკიცდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერ გაკვეთილზე მოხდეს.
ასწავლე ნათლობის მოძღვრება და დაეხმარე ადამიანებს ქრისტეს მოძღვრების გაგებაში (იხ. გაკვეთილი 3). ასწავლე ნათლობის აღთქმის მნიშვნელობასა და სიხარულზე, ცოდვათა მიტევებასა და სულიწმინდის ძღვენის მიღებაზე წევრად დამტკიცების გზით.
მოამზადე ადამიანები ნათლობის მოწვევისთვის, დარწმუნდი, რომ მათ გაიაზრეს ის, რაც შენ ასწავლე და აღთქმა, რომელიც უნდა დადონ. ნათლობის აღთქმებია:
-
იყო მზად, აიღო საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი.
-
დაიცვა ღმერთის მცნებები.
-
ემსახურო ღმერთსა და სხვებს.
-
ბოლომდე გაძლო. (იხ. გაკვეთილი 4.)
შეგიძლია გააზიარო შემდეგი:
„როდესაც ვინათლებით, ეს არის „[ღმერთის] წინაშე მოწმობა იმისა, რომ აღთქმა და[ვ]დეთ მასთან, რომ [ვ]იმსახურებთ მისთვის და და[ვ]იცავთ მის მცნებებს”. როდესაც ამ აღთქმას ვდებთ, ის გვპირდება, რომ „უფრო უხვად გადმოღვ[რის] თავის სულს [ჩვენზე] “ (მოსია 18:10).”
ნათლობისთვის მოწვევა კონკრეტული და პირდაპირი უნდა იყოს. შეიძლება თქვა შემდეგი:
„გსურთ, მიბაძოთ იესო ქრისტეს მაგალითს და მოინათლოთ იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ხელდასხმით მიიღო უფლებამოსილება ამ წეს-ჩვეულების ჩასატარებლად? ნათლობისთვის მომზადებაში ჩვენ დაგეხმარებით. ვფიქრობთ, მზად იქნებით [თარიღი]. თანახმა ხართ, ამ დღეს მოინათლოთ?“
ყოველ მოწვევაზე დაჰპირდით დიდ დალოცვებს, რომლებსაც ადამიანები მიიღებენ, თუკი ნათლობის მოწვევას მიიღებენ და დაიცავენ მასთან დაკავშირებულ აღთქმებს. გაუზიარეთ თქვენი მოწმობა ამ დალოცვების შესახებ.
უთხარით, რომ ნათლობა და წევრად დამტკიცება საბოლოო შედეგი არ არის. ისინი არის გარკვეული წერტილი მოქცევის გზაზე, რომელსაც უფრო სრულად შემოაქვს ადამიანის ცხოვრებაში იმედი, სიხარული და ღვთის ძალა (იხ. მოსია 27:25–26). ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ, ადამიანს შეუძლია მოუთმენლად ელოდოს სულიწმინდის მიერ განწმენდას აღთქმისკენ მიმავალ გზაზე.
თუ შესაძლებელია, მოიწვიე მოსწავლეები, დაესწრონ ნათლობის ჩატარებასა და ზიარების შეკრებას, რომლის დროსაც კონკრეტული პიროვნება წევრად დამტკიცდება.