2013
იგი აღსდგა
აპრილი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, აპრილი 2013

იგი აღსდგა

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

მოწმობა იესო ქრისტეს აღდგომის რეალობის შესახებ არის როგორც იმედის, ასევე გამბედაობის წყარო და ეს შეიძლება იყოს ასე ღვთის ყოველი შვილისთვის. ჩემთვის ეს მოხდა 1969 წლის ივნისში, როცა დედაჩემი გარდაიცვალა და მას შემდეგ ეს სულ ასე იყო და ასეც იქნება, სანამ კვლავ არ ვიხილავ მას.

დროებითი დაცილების მწუხარება უმალვე შეიცვალა ბედნიერებით. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ბედნიერი შეერთების იმედი. ვინაიდან უფალმა ამდენი რამ გაგვიმხილა თავისი წინასწარმეტყველებების საშუალებით და იმის გამო, რომ სულიწმინდამ დამიდასტურა აღდგომის ჭეშმარიტება, მე შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორი იქნება შეხვედრა ჩემს განწმენდილ და აღმდგარ საყვარელ ადამიანებთან:

„ესენი არიან, ვინც აღსდგებიან მართალთა აღდგომისას. …

„ესენი არიან, ვისი სახელებიც დაწერილია ზეცაში, სადაც ღმერთი და ქრისტე არიან ყოველთა მსაჯულნი.

„ესენი არიან მართალი ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს სრულყოფილებას ქრისტეს მეშვეობით - ახალი აღთქმის შუამავალის, რომელმაც აღასრულა ეს სრულყოფილი გამოსყიდვა თავისი სისხლის დაღვრით“ (მოძღვრება და აღთქმები 76:65, 68–69).

რადგან იესო ქრისტემ გაწყვიტა სიკვდილის კვანძი, ამ ქვეყნად დაბადებული მამა ზეცირის ყოველი შვილი აღდგება უკვდავი სხეულით. ამ დიდებული ჭეშმარიტების შესახებ ჩემსა და თქვენს მოწმობას შეუძლია მოგვაშოროს საყვარელი ოჯახის წევრისა ან მეგობრის დაკარგვის ტკივილი და ჩაანაცვლოს იგი მხიარული მოლოდინითა და ურყევი გამბედაობით.

უფალმა ყველას გვიბოძა აღდგომის ძღვენი, რომლის წყალობითაც ჩვენი სულები მოთავსებულია ფიზიკურად უნაკლო სხეულებში (იხ. ალმა 11:42–44). დედაჩემი შემეგებება ახალგაზრდა და გაბრწყინებული, ასაკისა და ფიზიკურ ტანჯვისგან თავისუფალი. ისიც და ჩვენც ამას საჩუქრად მივიღებთ.

მაგრამ მათ, ვისაც სურთ მარად იყვნენ მასთან, უნდა გააკეთონ არჩევანი - იყვნენ ღირსნი ამ შეერთებისა, რათა იცხოვრონ იქ, სადაც მამა ზეციერი და მისი საყვარელი აღმსდგარი ძე იმყოფებიან დიდებაში. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ოჯახური ცხოვრება შეიძლება გრძელდებოდეს მარადის. ამ ჭეშმარიტების შესახებ მოწმობამ გააძლიერა ჩემი გადაწყვეტილება - ჩვენს ცხოვრებაში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ვიყოთ ცელესტიალური სასუფევლის ღირსნი იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:70).

უფალი, ზიარების ლოცვის საშუალებით, გვთავაზობს გზამკვლევს მარადიული ცხოვრების ძიებისთვის, რომელიც მე მეხმარება და თქვენც დაგეხმარებათ. ყოველი ზიარების დროს ჩვენ გვიწვევენ განვაახლოთ ნათლობის აღთქმა.

ჩვენ ვპირდებით, რომ ყოველთვის გვეხსომება მხსნელი. მისი მსხვერპლის სიმბოლოები გვეხმარება იმაში, რომ დავაფასოთ ის, თუ რა ფასად დაუჯდა მას სიკვდილის კვანძის გაწყვეტა, ჩვენთვის წყალობის შემოთავაზება და ჩვენი ყოველი ცოდვის მიტევება, თუკი ჩვენ ავირჩევდით მონანიებას.

ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ მის მცნებებს. წმინდა წერილისა და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვების კითხვა, შთაგონებით მომზადებული გამოსვლების მოსმენა ზიარების შეკრებებზე, ყველაფერი ეს გვახსენებს ჩვენს აღთქმას მცნებების დაცვის შესახებ. სული წმინდა გვახსენებს გულში და გონებაში იმ მცნებებს, რომლების დაცვაც ყველაზე მეტად გვჭირდება იმ დღეს.

ზიარების ლოცვებში ღმერთი გვპირდება, რომ სული წმინდა იქნება ჩვენთან (იხ.მორონი 4:3; 5:2; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79). მე იმ მომენტში შევნიშნე, რომ ღმერთი მომმართავს ისე, როგორც პირადი გასაუბრებისას. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მისთვის მოსაწონია ჩემს საქციელში; რაც საჭიროებს ჩემგან მონანიებასა და მიტევებას და იმ ადამიანთა სახეებსა და სახელებს, რომელთაც, მისი სურვილია, ვემსახურო.

წლების განმავლობაში ეს გამოცდილება მეორდებოდა და მან იმედი მოწყალების გრძნობაში გადაიყვანა. მან დამარწმუნა იმაში, რომ მოწყალება ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა მხსნელის გამოსყიდვისა და აღდგომის მეშვეობით.

მე ვმოწმობ, რომ იესო არის აღმდგარი ქრისტე, ჩვენი მხსნელი და სრულყოფილი მაგალითი, ჩვენი მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზამკვლევი.

ამ მოწოდების სწავლება

ჩვენ ყოველი წმინდა წერილი უნდა მოვარგოთ საკუთარ თავს, რათა ის გახდეს ჩვენთვის სასარგებლო და სასწავლი (იხ. 1 ნეფი 19:23). წაიკითხეთ ზიარების ლოცვები მოძღვრება და აღთქმებიდან 20:76–79. პრეზიდენტი აირინგის ზიარების თაობაზე სწავლებების წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი სთხოვოთ თქვენს მოწაფეებს დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამ ლოცვებს გახდეს მათი ცხოვრების გზამკვლევი და დაეხმაროს მათ დაბრუნდნენ საცხოვრებლად იქ, სადაც მამზეციერი და იესო ქრისტე იმყოფებიან.

ამობეჭდვა