2014
ხის დასარგავად საუკეთესო დრო
იანვარი 2014


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, იანვარი 2014

ხის დასარგავად საუკეთესო დრო

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

ძველ რომში იანუსი იყო საწყისის ღმერთი. მას ხშირად აღწერენ ორი სახით: ერთი უკან, წარსულში იყურება, მეორე კი წინ, მომავალში. ზოგიერთ ენაში იანვრის თვე მის სახელს ატარებს, რადგან წლის დასაწყისი იყო გააზრებისა და დაგეგმვის დრო.

ათასობით წლის შემდეგ უამრავმა კულტურამ მთელს მსოფლიოში ტრადიციად გახადა ახალ წელს დაპირებების დადება. რა თქმა უნდა, ადვილია დაპირება, დაპირებების შესრულება კი სულ სხვა საქმეა.

იყო ადამიანი, რომელმაც საახალწლო დაპირებების გრძელი სია შეადგინა და თავსაც კარგად გრძნობდა წინსვლის გამო. იგი თავისთვის ფიქრობდა: „აქამდე დიეტა არ დამირღვევია, არ გავბრაზებულვარ, ზომიერად ვხარჯავდი ფულს და მეზობლის ძაღლის გამოც არ მიწუწუნია. მაგრამ დღეს 2 იანვარია და ეს-ესაა მაღვიძარამ დარეკა და დროა ავდგე. სასწაული უნდა მოხდეს, ასე რომ გავაგრძელო.“

თავიდან დაწყება

თავიდან დაწყებაში არის რაღაც არაჩვეულებრივად დამაიმედებელი. ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ დროს ჩვენ ყველას გვინდოდა რაიმეს სუფთა ფურცლიდან დაწყება.

მე ძალიან მიყვარს ახალი კომპიუტერი სუფთა ხისტი დისკით. რაღაც დროის განმავლობაში იგი შესანიშნავად მუშაობს. მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პროგრამის დაყენების შედეგად (ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ შემთხვევით) კომპიუტერი იწყებს შენელებულ მუშაობას და ის, რასაც ადრე ჩქარა და ეფექტურად აკეთებდა, ახლა დიდ დროს ანდომებს. ზოგჯერ კი საერთოდ აღარ მუშაობს; როცა ხისტი დისკი გადატვირთულია სხვადასხვა პროგრამებით, თვით კომპიუტერის ამუშავებაც კი გაძნელებულია. არის შემთხვევები, როცა რჩება ერთადერთი საშუალება – ახალი ფორმატირება და თავიდან დაწყება.

ასევეა ადამიანები – ისინი შეიძლება გადაიტვირთონ შიშით, ეჭვით, მძიმე დანაშაულის გრძნობით. ჩვენს მიერ დაშვებულმა შეცდომებმა (გააზრებულმა თუ შემთხვევითმა) შესაძლოა ისე დაგვამძიმოს, რომ ვეღარ შევძლოთ იმის გაკეთება, რაც ვიცით – სწორია.

ცოდვის შემთხვევაში არსებობს ახალი ფორმატირების პროცესი, რომელსაც მონანიება ჰქვია. ამას შეუძლია ჩვენი შიდა ხისტი დისკის გაწმენდა, რომელიც ასე გვიმძიმებს გულს. სახარება, იესო ქრისტეს სასწაულმოქმედი, სანუგეშო გამოსყიდვის მეშვეობით, გვიჩვენებს ჩვენი სულების ცოდვის ლაქებისგან გაწმენდის გზას და იმას, თუ როგორ გავხდე ისეთივე სუფთა და უმანკო, როგორც ბავშვი.

მაგრამ ზოგჯერ სხვა რამე გვანელებს ან უკან გვხევს და გვიჩენს არასასარგებლო აზრებსა და ქმედებებს და ეს ყველაფერი აფერხებს ამუშავებას.

საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით გამოვლენა

მიზნის დასახვა ღირებული მცდელობაა. ჩვენ ვიცით, რომ მამაზეციერს აქვს მიზნები, რადგან მან გვითხრა, რომ მისი სამუშაო და დიდება არის ადამიანის უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების განხორციელება (მოსე 1:39).

ჩვენს პირად მიზნებს შეუძლია ჩვენი საუკეთესო კუთხით წარმოჩენა. თუმცა ერთ-ერთი რამ, რაც ხელს უშლის ჩვენს მცდელობებს დაპირებების დადებასა და შესრულებაში არის საქმის გადადება. ჩვენ ზოგჯერ გადადებული გვაქვს დაწყება— ველით შესაფერის მომენტს იმისათვის, რომ დავიწყოთ: ახალი წლის პირველი დღე, ზაფხული, როცა აგვირჩევენ მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად, როცა ბავშვები მივლენ სკოლაში ან როცა პენსიაში გავალთ.

არ არის საჭირო ელოდოთ მოპატიჟებას, რათა დაიწყოთ სვლა კეთილი მიზნებისკენ. არ არის საჭირო ელოდოთ ნებართვას იმისთვის, რომ გახდეთ ის, რაც უნდა გახდეთ. იმისთვის, რომ ეკლესიაში იმსახუროთ, არ არის საჭირო ელოდოთ მოპატიჟებას.

ზოგჯერ იმის მოლოდინში, რომ იყო არჩეული, წლები იკარგება (იხ მოძღვრება და აღთქმები 121:34–36). მაგრამ ეს ცრუ დაპირებაა. თქვენ უკვე ხართ არჩეულნი!

ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტები, როცა უძილო ღამეები გამიტარებია, რადგან შებოჭილი ვიყავი რაიმე საკითხის, დარდის ან პირადი წუხილის გამო. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ღამე, მე ყოველთვის მამხნევებს ის აზრი, რომ დილით მზე ამოვა.

ყოველი ახალი დღე განთიადით იწყება— არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ახალ დღეს კი ახალი დასაწყისი და თავიდან დაწყების შანსი მოაქვს.

თუ დავმარცხდებით?

ზოგჯერ შიშის გამო ვიხევთ უკან. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს იმისი, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ, ან პირიქით, მივაღწევთ, ან რომ შეგვრცხვება, ან რომ წარმატება შეგვცვლის, ან შეცვლის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიყვარს.

ამასობაში ჩვენ მოლოდინში ვართ ან თავს ვანებებთ საქმეს.

სხვა რამე, რაც უნდა გვახსოვდეს, როცა საქმე მიზნების დასახვას ეხება, არის შემდეგი: ჩვენ ალბათ აუცილებლად განვიცდით მარცხს, ცოტა ხნით მაინც. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხელები დავიკრიფოთ, შეგვიძლია გავძლიერდეთ, რადგან ამის გაგება იმის ტვირთს აგვაცილებს, რომ ამწუთასვე უნდა სრულყოფილნი გავხდეთ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ დროს მარცხს განვიცდით. წინასწარ ამის ცოდნა თავიდან გვაცილებს წარუმატებლობის ან ხელების დაკრეფის სიურპრიზებს.

როცა ჩვენ მიზნებს ამ კუთხით ვუდგებით, მარცხი ვერ შეგვზღუდავს. გახსოვდეთ, გინდაც მარცხი განვიცადოთ საბოლოოდ, ასე სასურველი მიზნის მიღწევაში, ჩვენ მაინც წარმატების გზაზე წინსვლას მივაღწიეთ და იგი მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე.

და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ძალიანაც კი თუ ჩამოვრჩებით ფინიშს, უბრალოდ მგზავრობის გაგრძელება უფრო უკეთეს პიროვნებად გაგვხდის, ვიდრე ადრე.

ახლაა დასაწყებად საუკეთესო დრო

ძველი ანდაზა ამბობს: „ხის დასარგავად საუკეთესო დრო 20 წლის წინ იყო. მეორე დრო ახლაა“.

სიტყვაში ახლა არის რაღაც შესანიშნავი და დამაიმედებელი. რაღაც ძალის მომცემია იმ ფაქტში, რომ თუ ახლა მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმავე მომენტში შეგვიძლია წინსვლა.

ახლა არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ გავხდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გვსურს, რომ ვიყოთ, არა მხოლოდ 20 წლით, არამედ სამარადისოდ.

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტმა უხთდორფმა აგვიხსნა, რომ როცა მიზნის მიღწევაში მარცხს განვიცდით, „ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ. … ძალიანაც კი თუ ჩამოვრჩებით ფინიშს, უბრალოდ მგზავრობის გაგრძელება უფრო უკეთეს პიროვნებად გვაქცევს, ვიდრე ადრე“. სთხოვეთ ოჯახის წევრს, გაგიზიაროთ გამოცდილება, როდესაც თვით პროცესიდან მეტი შეისწავლეს, ვიდრე შედეგიდან, მაგ. სკოლის დამთავრება ან ჯილდოს მიღება.

ამობეჭდვა