2014
ღვთის მოსავალი
აგვისტო 2014


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, აგვისტო 2014

ღვთის მოსავალი

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

იყო ერთი ქალბატონი, კრისტა, რომელიც მუშაობდა პატარა კომპანიაში, სადაც იგი თესლებს ყიდიდა. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ის, რომ ყოველ პაწაწინა თესლს, რომელსაც იგი ყიდიდა, შესწევდა იმის ძალა, რომ გადაქცეულიყო საოცარ სტაფილოდ, კომბოსტოდ ან ძლიერ მუხის ხედაც კი, წარმოადგენდა უკიდეგანო საოცრებას.

კრისტას ძალაინ უყვარდა კომპიუტერთან ჯდომა, როცა იგი შეკვეთებს იღებდა და კითხვებს პასუხობდა, მაგრამ ერთხელ მან საჩივარი მიიღო, რომელმაც იგი გააკვირვა.

„თესლები არ იზრდება“, – უთხრა კლიენტმა. „მე ისინი ორი თვის წინ ვიყიდე და ჯერ არაფერი არ მომხდარა“.

„კარგ ნიადაგში დათესეთ? საკმარისი წყალი და მზის შუქი თუ მიაწოდეთ“? – ჰკითხა კრისტამ.

„არა, მაგრამ მე გავაკეთე, რაც მეხებოდა“, – უპასუხა კლიენტმა. „მე ვიყიდე თესლი გარანტიით, რომ ის აღმოცენდებოდა“.

„როგორ, თქვენ არ დათესეთ ის“?

„რა თქმა უნდა არა. ხელებს ხომ არ დავისვრიდი“.

კრისტა დაფიქრდა და განიზრახა, დაეწერა დათესვის ინსტრუქცია. მან გადაწყვიტა, რომ ინსტრუქციის პირველი ნაბიჯი იქნებოდა: „იმისთვის, რომ თესლი ამოვიდეს, მიჰყევით ინსტრუქციას. თაროზე დადებით ის არ ამოვა“.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მეორე საჩივარმა გააკვირვა.

„თესლი უნაყოფო გამოდგა“, – დაწერა კლიენტმა.

„კარგ ნიადაგში დათესეთ“? – ჰკითხა კრისტამ. „საკმარისი წყალი და მზის შუქი მიაწოდეთ“?

„რა თქმა უნდა“ – უპასუხა კლიენტმა. ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც შეფუთვაზე ეწერა, მაგრამ მოსავალი ვერ მივიღე“.

„საერთოდ არაფერი არ მომხდარა? არც ამოსულა“?

„არაფერი“, – უპასუხა კლიენტმა. „მე ის დავთესე ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით. იმედი მქონდა, რომ სადილზე პომიდორი მექნებოდა. ახლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ“.

„მოიცადეთ“, – უპასუხა კრისტამ. თქვენ დღეს დათესეთ თესლი“?

„არა, რას ბრძანებთ“, – უპასუხა კლიენტმა. „მე ის ერთი კვირის წინ დავთესე. სულაც არ ველოდებოდი პომიდორს პირველ დღეს; მე მოთმინებით ველოდებოდი მოსავალს. შემდეგ ბევრს ვრწყავდი და დიდხანს ველოდებოდი ნაყოფს“.

კრისტამ იცოდა, რას ჩაწერდა ინსტრუქციის მეორე პუნქტში: „თესლი ემორჩლება ბიოლოგიის კანონებს. თუ თქვენ მას დილით დათესავთ და კვირის ბოლოს პომიდვრის მოსავალს ელით, გულგაცრუება გელით. მოთმინებით დაელოდეთ ბუნების კანონს და იხილეთ იგი თქვენს თვალწინ“.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ კრისტამ კიდევ ერთი საჩივარი არ მიიღო.

„მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ თესლით“, – დაიწყო კლიენტმა. „მე დავთესე იგი მითითებების ზუსტი დაცვით. ვრწყავდი, საკმარისი მზის შუქი უზრუნველვყავი და დაველოდე, სანამ ის საბოლოოდ არ მოიტანდა მოსავალს“.

„თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთეთ’, – უპასუხა კრისტამ.

„ეს ყველაფერი კარგია“, – თქვა კლიენტმა. „მაგრამ მე ცუკინი გამეზარდა“!

„ჩემი ჩანაწერების თანახმად თქვენ ეს თესლი შეუკვეთეთ“, – თქვა კრისტამ.

„მაგრამ მე ცუკინი კი არა, გოგრა მინდა“!

„ვერ გავიგე“?

„მე თესლი გოგრის ადგილას დავთესე, იმავე ნიადაგში, სადაც შარშან გოგრა მოვიყვანე. ყოველდღე ვაქებდი ამოსულ მცენარეებს, ვეუბნებოდი, როგორ მშვენიერ გოგრებს მოისხავდნენ ისინი. მაგრამ დიდი, ნარინჯისფერი გოგრების ნაცვლად მე გრძელი, მწვანე ცუკინი მივიღე. უამრავი რაოდენობით“!

კრისტა მიხვდა, რომ ინსტრუქცია არ იქნებოდა საკმარისი და საჭირო იყო გამოეცხადებინა კანონი: „მოსავალი განისაზღვრება თესლისა და დათესვის დროის მიხედვით“.

მოსავლის კანონი

პავლე მოციქული გვასწავლიდა ღვთის მოსავლის შესახებ:

„ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

„ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

„სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“(გალატელთა 6:7–9).

ბოლო დროს უფალმა მოგვცა დამატებითი სიბრძნე და გამჭრიახობა ამ შეუქცევადი კანონის თაობაზე:

„არსებობს კანონი, სამუდამოდ გამოცემული ზეცაში ამ სამყაროს შექმნამდე, რომელზედაც დაფუძნებულია ყოველი ლოცვა-კურთხევა.

და როცა ჩვენ ვიღებთ ღმერთისგან ნებისმიერ დალოცვას, ეს ხდება იმ კანონის მორჩილების გამო, რომელზედაც იგი დაფუძნებულია (მოძღვრება და აღთქმები 130:20–21).

რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით.

ღვთის მოსავალი წარმოუდგენლად დიდებულია. მათთან, ვინც თაყვანს სცემს ღმერთს, მისი უხვი კურთხევები მოდის „კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე. … რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38).

ზუსტად ისე, როგორც ადრეული თესლი ითხოვს ძალისხმევასა და მოთმინებას, ასევე მრავალი დალოცვა ზეცაში. ჩვენ ვერ დავდებთ ჩვენს რელიგიას თაროზე და ვერ დაველოდებით სულიერი ლოცვა-კურთხევების მოსავალს. მაგრამ თუ ჩვენ დავთესავთ და მოვუვლით სახარების სტანდარტებს ჩვენი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჩვენი შვილები გაიზრდებიან იმისთვის, რომ მოიტანონ თავისთვის და მომავალი თაობებისთვის დიდი ფასეულობის სულიერი ნაყოფი.

ღმერთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე ყოველთვის არ მოდის უმალ. ზოგჯერ თითქოს და საერთოდ არ მოდის, მაგრამ ღმერთმა იცის, რა არის საუკეთესო მისი შვილებისთვის. ნამდვილად, დადგება დღე, როცა ჩვენ უფრო ნათელი ხედვა გვექნება; და ამ დღეს ჩვენ ამოვიცნობთ ზეცის სიკეთესა და სიუხვეს.

მანამდე კი ჩვენი მიზანი და დიდი სიხარული არის ჩვენი მხსნელისა და მოძღვრის კვალდაკვალ სიარული და კარგი, სუფთა ცხოვრებით ცხოვრება, რათა ღვთის ფასდაუდებელი ლოცვა-კურთხევების ძვირფასი და დაპირებული მოსავლის აღება შევძლოთ.

რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით.

ეს არის ზეცის კანონი.

ეს არის ღვთის მოსავლის კანონი.

ამ მოწოდების სწავლება

განიხილეთ მათთან ერთად, ვისთანაც სტუმრობთ, თუ როგორ მიესადაგება ღვთის მოსავლის კანონი ურთიერთობებს, მოქცევასა და მოწმობას, ან კარიერასა და საგანმანათლებლო მიზნებს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და განიხილოთ ამ კანონთან დაკავშირებული ამონარიდები წმინდა წერილებიდან, მაგალითად იგავები 11:18; 2 კორინთელთა 9:6; და ალმა 32. შეაგულიანეთ ისინი, გაიმეორონ წინათ დასახული მიზნები და დასვით ახალი მიზნები მართალი შედეგების მისაღებად. დაეხმარეთ მათ, შეიმუშაონ თანმიმდევრული ქმედებების გეგმა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც დიდ დროს მოითხოვენ.

ამობეჭდვა