2017
ცენტრში დამიზნება
იანვარი 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, იანვარი 2017 წ.

ცენტრში დამიზნება

არც ისე დიდი ხნის წინ მე ვაკვირდებოდი ჯგუფს, რომელიც მშვილდოსნობაში ვარჯიშობდა. მხოლოდ დაკვირვებით დავადგინე, რომ თუ გინდა მშვილდ-ისარი დაიმორჩილო, დრო და ვარჯიში არ უნდა დაიშურო.

არ მგონია, რომ კარგი მშვილდოსნის სახელს მოვიხვეჭთ, თუკი ცარიელ კედელს ვესვრით ისრებს და შემდეგ ისრების ირგვლივ სამიზნეებს მოვხაზავთ. უნდა აითვისოთ დამიზნებისა და ათიანში გარტყმის ოსტატობა.

სამიზნეების დახატვა

ჯერ ისრის გაშვება და შემდეგ მის ირგვლივ სამიზნის მონიშვნა ცოტა აბსურდულად გვეჩვენება, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ზუსტად ასე ვიქცევით.

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებს, გვიზიდავს სახარების პროგრამები, საკითხები და დოქტრინებიც კი, რომლებიც გვეჩვენება საინტერესო, მნიშვნელოვანი ან სასიამოვნო. ჩვენ გვაქვს ცდუნება, მათ ირგვლივ სამიზნეები დავხატოთ, შემდეგ კი ვიჯერებთ, რომ სახარების ცენტრში ვარტყავთ.

ისე ადვილია ამის გაკეთება.

საუკუნეების მანძილზე ჩვენ ღვთის წინასწარმეტყველებისგან შესანიშნავი რჩევა და შთაგონება მივიღეთ. ჩვენ ასევე ვიღებთ მითითებებს და განმარტებებს სხვადასხვა გამოცემებიდან, საეკლესიო სახელმძღვანელოებიდან და ინსტრუქციებიდან. ჩვენ ადვილად შეგვიძლია ავირჩიოთ თემა სახარებიდან, შემოვხაზოთ მის ირგვლივ ათიანი და ჩავთვალოთ, რომ სახარების ცენტრი მოვძებნეთ.

მხსნელი განმარტავს

ეს ჩვენი დროისთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ძველად, რელიგიური ლიდერები დიდ დროს უთმობდნენ ასობით მცნებების კვალიფიცირებას, მათი მნიშვნელობების მიხედვით ჩამოწერას და იმის გარჩევას, რომელი მათგანი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

ერთხელ რელიგიური მეცნიერები ეცადნენ, კამათში ჩაებათ იგი. მათ სთხოვეს, ისეთ საკითხზე გამოეხატა აზრი, რომელზეც ბევრი არ დათანხმდებოდა.

„მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?

„იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

„ და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“1

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ბოლო წინადადებას: „ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“

მხსნელმა არა მხოლოდ გვაჩვენა სამიზნე, არამედ მოგვინიშნა ათიანი.

სამიზნეში მოხვედრა

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებმა, დავდეთ აღთქმა, ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი. ეს აღთქმა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვეცდებით შევიმეცნოთ ღმერთი, გვიყვარდეს იგი, გავზარდოთ მასში რწმენა, პატივი მივაგოთ მას, ვიაროთ მისი გზით და მტკიცედ ვიდგეთ, როგორც მისი მოწმენი.

რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ღმერთის შესახებ და ვგრძნობთ მის სიყვარულს, მით უფრო ვიაზრებთ იმას, რომ იესო ქრისტეს უზომო მსხვერპლი ღმერთის ღვთიური ძღვენია. და ღვთის სიყვარული შთაგვაგონებს ჭეშმარიტი მონანიების გზით სიარულს, რომელიც მიტევების სასწაულამდე მიგვიყვანს. ეს პროცესი გვაძლევს საშუალებას, ვიქონიოთ უფრო დიდი სიყვარული და თანაგრძნობა ჩვენს ირგვლივ მყოფთა მიმართ. ჩვენ ვისწავლით იარლიყების მიღმა ყურებას . ჩვენ აღვუდგებით ცდუნებას, დავადანაშაულოთ სხვები მათი ცოდვების, ნაკლოვანების, პოლიტიკური მოსაზრებების, რელიგიური მრწამსის, ეროვნების ან კანის ფერის გამო.

ჩვენ დავინახავთ ყოველ ადამიანს, როგორც მამაზეციერის შვილს - ჩვენს ძმას ან დას.

ჩვენ მივწვდებით სხვებს სიყვარულითა და გაგებით, მათსაც კი, ვისი შეყვარება განსაკუთრებით ძნელია. ჩვენ ვიგლოვებთ მგლოვიარებთან ერთად და ვანუგეშებთ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება.2

და ჩვენ მივხვდებით, რომ არ არის საჭირო დავიტანჯოთ სახარების სწორი სამიზნის გამო.

ორი დიდი მცნება ჩვენი სამიზნეა. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.3 როცა ამას მივიღებთ, ყველაფერი კარგი თავის ადგილზე ჩადგება.

თუ ჩვენი ფოკუსირება, აზრები და მცდელობები პირველ რიგში მიმართული იქნება ყოვლისშემძლე ღმერთზე და სხვების მიმართ სიყვარულზე, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ვიპოვეთ სწორი სამიზნე და ათიანს ვუმიზნებთ ანუ ვხდებით იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები.

ამ მოწოდების სწავლება

ამ გზავნილის გაზიარებამდე შეგიძლიათ იმღეროთ „ჩვენი მხსნელის სიყვარული“ (ჰიმნები გვ.113). შეაგულიანეთ ისინი, ვისაც სტუმრობთ, დაფიქრდნენ სამიზნეებზე თავიანთ ცხოვრებაში. შეგიძლიათ განიხილოთ სხვადასხვა ხერხი, რომლის დახმარებითაც ორი დიდი მცნება - „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი“ და „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (იხ. მათე 22:37, 39) ყოველთვის წინ გაუძღვება მათ საქციელს. შეგიძლიათ გაუზიაროთ განსაკუთრებული ხერხი, რომლის დახმარებითაც თქვენი ცხოვრება ქრისტეზეა ფოკუსირებული და გაუზიაროთ დამოწმება იმაზედ, რა დალოცვები მიიღეთ ამის შედეგად.

ამობეჭდვა