2017
ღირსეულად ბოლომდე გაძლების ჯილდო
July 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ივლისი, 2017 წ.

ღირსეულად ბოლომდე გაძლების ჯილდო

ახალგაზრდობაში მე ბრძენი ოლქის პრეზიდენტის მრჩევლად ვმსახურობდი. იგი სულ ცდილობდა ჩემს განსწავლას. მახსოვს მისი ერთხელ მოცემული რჩევა: „როცა ვინმეს შეხვდები ისე მოექეცი, თითქოს დიდ გასაჭირში იყოს და მეტწილად მართალიც იქნები“. მაშინ ვიფიქრე, რომ იგი პესიმისტურ განწყობაზე იყო. ახლა, როცა 50 წელიწადზე მეტი გავიდა, მესმის, რაოდენ კარგად იცოდა მან ცხოვრება და სამყარო.

ჩვენ ყველანი გასაჭირის წინაშე ვდგებით, ზოგჯერ ძალიან სერიოზულ გასაჭირში აღმოვჩნდებით ხოლმე. ჩვენ ვიცით, რომ უფალი ნებას გვრთავს, გამოვიდეთ ამ გასაჭირიდან, რათა გავიწმინდოთ და გავხდეთ სრულყოფილნი, რათა მარადის ვიყოთ მასთან.

უფალი ასწავლიდა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს ლიბერთის ციხეში, რომ მისი ბოლომდე გაძლების გამოცდის ჯილდო მას მარადიული ცხოვრების ღირსს გახდიდა.

„შვილო ჩემო, მშვიდობა იყოს შენს სულში, რადგან შენი უბედურება და ტანჯვა იქნება ხანმოკლე;

„და შემდეგ, თუ გაუძლებ ბოლომდე, ღმერთი აგამაღლებს ზეცაში“ (მოძღვრება და აღთქმები 121:7–8).

ცხოვრებაში იმდენი რამ გვატყდება თავს, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს ბოლომდე ღირსეულად გაძლება ძნელია. ასე შეიძლება მოეჩვენოს ოჯახს, რომელიც დამოკიდებულია მოსავალზე, წვიმა კი არ მოდის. ამ დროს შეიძლება იფიქრონ: „როდემდე შეგვიძლია ატანა“? ასე შეიძლება მოეჩვენოს ახალგაზრდებს, რომლებმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ სიბინძურისა და ცდუნების წამლეკავ ტალღებს. ასე შეიძლება მოეჩვენოს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ცდილობს,მიიღოს განათლება ან გაიაროს სამსახურში მისაღები ტრენინგი, რათა ცოლ-შვილი არჩინოს. ასე შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, რომელიც ვერ პოულობს სამსახურს ან რამდენჯერმე დაკარგა სამსახური ფირმის დახურვის გამო. ასე შეიძლება მოეჩვენოს მათ, ვისაც ჯანმრთელობა ან ფიზიკური ძალა შეერყათ, რაც ადრე თუ გვიან შეიძლება შეემთხვათ მათ ან მათ საყვარელ ადამიანებს.

მაგრამ მოსიყვარულე ღმერთმა არ გამოგვცადა უბრალოდ იმისთვის, რომ დაინახოს, გავუძლებთ მათ თუ არა, არამედ იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ ჩვენ ბოლომდე გავუძლებთ მათ და დავიხვეწებით.

პირველი პრეზიდენტობა ასე ასწავლიდა უხუცეს პარლი პ. პრატს (1807-57), როცა იგი თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ახალი წევრი იყო: „შენ ჩაერთე საქმეში, რომელიც შენს სრულ ყურადღებას ითხოვს; … იქეცი გაპრიალებულ ლახვრად. … უნდა აიტანო ბევრი შრომა, ჭაპანი და მრავალი რამ მოითმინო, რათა სრულყოფილად დაიხვეწო .… თქვენი მამაზეციერი მოითხოვს ამას; ყანა მას ეკუთვნის; ეს მისი სამუშაოა; და იგი … გაგამხნევებთ … და ზევით ამოგატივტივებთ“.1

ებრაელთა გზავნილში პავლე მოციქული საუბრობს ღირსეულად გაძლების ნაყოფზე: „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11).

ჩვენი სირთულეები და განსაცდელი გვაძლევს სწავლისა და ზრდის შესაძლებლობას და ზოგჯერ თვით ჩვენი ბუნების შეცვლის საშუალებასაც კი. თუ განსაკუთრებულ მომენტში ჩვენ შევძლებთ, მივუბრუნდეთ უფალს, ჩვენი სული დაიხვეწება ჩვენი ბოლომდე გაძლების პროცესში.

ასე რომ, პირველი, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ სულ უნდა ვილოცოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 10:5; ალმა 34:19-29).

მეორე: ყოველთვის ვეცადოთ, დავიცვათ მცნებები - მიუხედავად წინააღმდეგობების, ცდუნების ან ჩვენს ირგვლივ გაუგებრობისა (იხ. მოსია 4:30).

მესამე აუცილებელი რამ არის უფლის მსახურება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 4:2; 20:31).

უფლის მსახურებისას ჩვენ მას უკეთ გავიცნობთ და შევიყვარებთ. ჩვენ, თუ დაჟინებით ვილოცებთ და ვემსახურებით უფალს, ამოვიცნობთ მის ხელსა და სულიწმინდის გავლენას ჩვენს ცხოვრებაში. მრავალ ჩვენგანს მიეცა გარკვეული დროით მსგავსი მსახურების საშუალება და იგრძნო ეს თანხლება. თუ უკან გაიხედებით და გაიხსენებთ იმ დროს, გაგახსენდებათ, რომ თქვენში ცვლილებები მოხდა. თითქოს და შემცირდა ავის კეთების ცდუნება. გაიზარდა სიკეთის კეთების სურვილი. ისინი, ვინც ყველაზე კარგად გიცნობდნენ და უყვარდით, ალბათ იტყოდნენ: „შენ უფრო კეთილი და მომთმენი გახდი“. შენ ის ადამინი აღარ ხარ“.

შენ ის ადამინაი არ იყავი“. შენ შეიცვალე იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, რადგან დაეყრდენი მას განსაცდელის ჟამს.

მე გპირდებით, რომ უფალი მოვა თქვენს დასახმარებლად, თუ ეძიებთ და ემსახურებით მას და რომ თქვენი სული დაიხვეწება ამ პროცესში. მე გიწვევთ, ყოველი უბედურების ჟამს ენდოთ მას.

მე ვიცი, რომ მამა ღმერთი ცოცხალია და რომ მას ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ. მე ვიცი, რომ მისმა ძემ, იესო ქრისტემ, დაფარა ჩვენი ყოველი ცოდვის საფასური და სურს, დავუბრუნდეთ მას. მე ვიცი, რომ მამა ღმერთი და მისი ძე გვპატრონობენ და გაგვიმზადეს გზა, რათა ღირსეულად გავუძლოთ ბოლომდე და კვლავ დავბრუნდეთ შინ.

შენიშვნა

  1. პარლი პ. პრატის ავტობიოგრაფია, ed. Parley P. Pratt Jr. (1979), 120.

ამობეჭდვა