წმინდა წერილი
ჯოზეფ სმითი – ისტორია 1


ჯოზეფ სმითი – ისტორია

ამონარიდი წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ისტორიიდან

თავი 1

ჯოზეფ სმითი მოგვითხრობს თავისი წინაპრების შესახებ, ოჯახის წევრებზე და ადგილებზე, სადაც ადრე ცხოვრობდნენ – უჩვეულო რელიგიური მღელვარება ნიუ-იორკის შტატის დასავლეთით – მან გადაწყვიტა, ეძიოს სიბრძნე, როგორც ეს იაკობმა მიუთითა – მამა და ძე ეცხადებიან ჯოზეფს და მოუწოდებენ თავისი წინასწარმეტყველური მსახურებისკენ. (მუხლი 1–20).

1 არაკეთილმოსურნეთა და ბოროტი ჩანაფიქრის მქონე პირთა მიერ მრავალი ცრუ შეტყობინების გამო, – რაც ეხება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის შექმნასა და განვითარებას, რომელთაგან ყოველივე არის ავტორთა ბოროტი ჩანაფიქრი, რათა ზიანი მიაყენონ ეკლესიას და მსოფლიოში მის განვითარებას, ვალდებული ვარ, დავწერო ეს ისტორია, რათა თვალი ავუხილო საზოგადოებას და ყოველ ჭეშმარიტების მაძიებელს, წარვუდგინო რა ფაქტები და მოვლენები ისე, როგორც ისინი მოხდა ჩემსა და ეკლესიის მიმართ და რამდენადაც ვფლობ ფაქტებს ამ მოვლენების შესახებ.

2 ამ ისტორიაში ავღწერ ამ ეკლესიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენებს, ჭეშმარიტებითა და სამართლიანობით, როგორც ისინი ხდებოდა ან ხდება ამჟამად, არის რა ახლა [1838] მერვე წელი ეკლესიის ჩამოყალიბებიდან.

3 მე დავიბადე ჩვენი უფლის ათას რვაას ხუთ წელს, ოცდასამ დეკემბერს, ქალაქ შარონში, ვინძორის ოლქი, ვერმონტის შტატი. … მამაჩემმა, ჯოზეფ სმით უფროსმა, დატოვა ვერმონტის შტატი და გადასახლდა პალმირაში, ონტარიოს ოლქი (ამჟამად უეინი) ნიუ-იორკის შტატში, როდესაც ვიყავი დაახლოებით ათი წლის. პალმირაში გადასახლებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ, იგი თავის ოჯახთან ერთად გადასახლდა მანჩესტერში, იმავე ონტარიოს ოლქში.

4 მისი ოჯახი თერთმეტი სულისგან შედგებოდა, სახელდობრ: მამაჩემი, ჯოზეფ სმითი; დედაჩემი, ლუსი სმითი (რომლის გვარი ქორწინებამდე იყო მაკი, სოლომონ მაკის ასული); ჩემი ძმები ალვინი (რომელიც გარდაიცვალა 1823 წ. 19 ნოემბერს, 26 წლის ასაკში), ჰაირამი, მე, სამუელ ჰარისონი, უილიამ დონ კარლოსი და ჩემი დები – სოფრონია, კატერინა და ლუსი.

5 მანჩესტერში ჩვენი გადასახლებიდან დაახლოებით მეორე წელს იქ, სადაც ვცხოვრობდით, უჩვეულო რელიგიური მღელვარება სუფევდა. ეს დაიწყო მეთოდისტებს შორის, მაგრამ მალე გავრცელდა ქვეყნის იმ რეგიონის ყველა სექტაზე. მართლაც, ქვეყნის მთელი რეგიონი თითქოს ამით იყო შეპყრობილი და მრავალნი ერთიანდებოდნენ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში, რაც გახდა არანაკლები არეულობისა და ხალხში განხეთქილების მიზეზი; ზოგი ღაღადებდა: „აჰა, აქ!“ და სხვები: „აჰა, იქ!“ ზოგი მოუწოდებდა მეთოდისტების რწმენისკენ, ზოგი – პრესვიტერიანელებისა და ზოგი – ბაპტისტებისკენ.

6 მიუხედავად დიდი სიყვარულისა, რომელსაც გამოხატავდნენ მოქცეულნი სხვადასხვა რწმენაში მოქცევისას და მღვდელთა მიერ გამოჩენილი დიდი გულმოდგინების მიუხედავად, რომლებიც დაჟინებით უბიძგებდნენ და ახალისებდნენ ამ არაჩვეულებრივი რელიგიური გრძნობისკენ, რათა ყველა ყოფილიყო მოქცეული, როგორც მათ მოსწონდათ ამის თქმა, დაე, გაერთიანებულიყვნენ სექტაში, რომელშიც სურდათ; ამისდა მიუხედავად, როდესაც მოქცეულნი გადადიოდნენ სხვა სექტაში, ზოგი ერთ ჯგუფში და ზოგი მეორეში, ნათელი ხდებოდა, რომ მღვდლებისა და მოქცეულების კეთილი გრძნობები უფრო თვალთმაქცური იყო, ვიდრე ნამდვილი; იწყებოდა დიდი დაპირისპირება და ლანძღვა – მღვდელი მღვდლის წინააღმდეგ და მოქცეული მოქცეულის წინააღმდეგ; იმდენად, რომ ყოველი კეთილი გრძნობა ერთმანეთის მიმართ, თუ ასეთი ოდესმე გააჩნდათ, მთლიანად ქარწყლდებოდა სიტყვიერ დაპირისპირებაში და მოსაზრებათა ბრძოლაში.

7 იმ დროს თხუთმეტი წლისაც არ ვიყავი. მამაჩემის ოჯახს პრესვიტერიანული რწმენისკენ იბირებდნენ და ოთხი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდა, სახელდობრ: დედაჩემი, ლუსი, ჩემი ძმები ჰაირამი და სამუელ ჰარისონი და ჩემი და სოფრონია.

8 ამ დიდი მღელვარების ჟამს გონება მომართული მქონდა სერიოზული განსჯისა და ძლიერი შფოთვისკენ; მაგრამ, მიუხედავად ჩემი ღრმა და ხშირად მხურვალე გრძნობებისა, მაინც განზე ვიდექი ყველა ამ ჯგუფისგან, თუმცა შესაძლებლობისამებრ ვესწრებოდი მათ სხვადასხვა შეკრებებს. დროთა განმავლობაში, რაღაც დონეზე, ჩემი აზრი მეთოდისტთა სექტისკენ გადაიხარა და სურვილი გამიჩნდა, მათთან გავერთიანებულიყავი, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაბნეულობა და დაპირისპირება სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა შორის, რომ ასეთი ახალგაზრდა და უმეცარი ადამიანისთვის როგორიც ვიყავი მე, შეუძლებელი იყო, როგორმე მივსულიყავი საბოლოო დასკვნამდე – ვინ იყო მართალი და ვინ არა.

9 აურზაური და დაპირისპირება იყო იმდენად დიდი და დაუსრულებელი, რომ ხანდახან ძალზედ აღელვებული მქონდა გონება. პრესვიტერიანელები ყველაზე მეტად შემართულნი იყვნენ ბაპტისტებისა და მეთოდისტების წინააღმდეგ; და იყენებდნენ გონივრული დასაბუთებისა და სოფისტიკის მთელ ძალას, რათა დაემტკიცებინათ მათი შეცდომები ან თუნდაც დაერწმუნებინათ ხალხი, რომ ისინი ცდებოდნენ. მეორე მხრივ, ბაპტისტები და მეთოდისტები, თავისი მხრიდან შესაბამისი თავგამოდებით ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ საკუთარი დოგმები და გაებათილებინათ ყველა დანარჩენი.

10 სიტყვების ამგვარი ომისა და მოსაზრებათა დაპირისპირებათა შორის ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა უნდა გაკეთდეს? ვინ არის მართალი ამ ჯგუფებს შორის; თუ ყველა ერთად ცდება? თუ რომელიმე მათგანი არის მართალი, რომელია ეს და როგორ გავიგო ეს?

11 იმ დროს, ვიყავი რა ასეთ მძიმე სულიერ განცდებში, ამ რელიგიური ჯგუფების დაპირისპირების გამო, ერთ დღეს, იაკობის წერილის კითხვისას, პირველი თავის მეხუთე მუხლში წავიკითხე: თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.

12 არასდროს წმინდა წერილებიდან არცერთი ნაწყვეტი არ შეხებია ადამიანის გულს ისე ძლიერად, როგორც ეს მაშინ მე შემეხო. მან თითქოს მთლიანად მოიცვა ჩემი გულის გრძნობები. მე მასზე ვფიქრობდი, კვლავ და კვლავ, ვიცოდი რა, რომ თუ ვინმეს სჭირდებოდა სიბრძნე ღმერთისგან, ეს მე ვიყავი, ვინაიდან, როგორ მოვქცეულიყავი არ ვიცოდი და ვერასდროს ვერ გავიგებდი, სანამ არ მებოძებოდა იმაზე მეტი სიბრძნე, რაც მაშინ მქონდა; ვინაიდან, რელიგიის მასწავლებლები სხვადასხვა სექტებიდან წმინდა წერილის ერთსა და იმავე ნაწყვეტებს ისე განსხვავებულად განმარტავდნენ, რომ დასმულ შეკითხვაზე ბიბლიის მეშვეობით რაიმე მოცემული განმარტებისადმი ნდობა შეუძლებელი იყო.

13 საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ მე ან უნდა ვყოფილიყავი სიბნელეში და დაბნეულობაში ან მოვქცეულიყავი, როგორც მიუთითებს იაკობი ანუ მეკითხა ღმერთისთვის. საბოლოოდ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ „მეკითხა ღმერთისთვის,“ იმ დასკვნით, რომ თუ იგი უბოძებს სიბრძნეს მათ, ვისაც აკლია სიბრძნე, – და უბოძებს უხვად და დაუყვედრებლად, მაშინ მეც შემიძლია ვცადო.

14 ამგვარად, შესაბამისად ამისა, ღმერთისათვის შეკითხვის გადაწყვეტილებით, ტყეში განვმარტოვდი, რათა ეს მეცადა. ეს იყო მშვენიერი ნათელი დღის დილით, ათას რვაას ოცი წლის ადრეულ გაზაფხულს. პირველად ცხოვრებაში გადავწყვიტე, ეს მეცადა, რამეთუ მთელი ჩემი მწუხარების მიუხედავად, აქამდე ხმამაღლა ლოცვა არასდროს არ მიცდია.

15 როდესაც განვმარტოვდი იმ ადგილზე, რომელიც წინასწარ მქონდა ჩაფიქრებული, გარშემო მიმოვიხედე და ვიყავი რა მარტო, დავიჩოქე და დავიწყე ღმერთის წინაშე ჩემი გულის საწადელის ღაღადი. როგორც კი ეს დავიწყე, დაუყოვნებლივ რაღაც ძალამ შემიპყრო და მთლიანად მძლია, ჰქონდა რა ჩემზე ისეთი საოცარი ძალა, რომ ენა დამება და ვეღარ ვლაპარაკობდი. უკუნი სიბნელე შემომეხვია და წამიერად მომეჩვენა, თითქოს უეცარი დაღუპვისთვის ვიყავი განწირული.

16 მაგრამ მთელ ჩემს ძალებს ვძაბავდი, ვღაღადებდი რა ღმერთისადმი, რათა ამ მტრის ძალისგან გამოვეხსენი, რომელმაც შემიპყრო და იმ წამს, როდესაც მზად ვიყავი სასოწარკვეთილებაში გადასავარდნად და თავის დაღუპვის დასათმობად – არა რაიმე წარმოსახვით დაღუპვისთვის, არამედ რაღაც რეალური არსების ძალის მიერ უხილავი სამყაროდან, რომელიც ფლობდა ისეთ გასაოცარ ძალას, როგორიც არასდროს მინახავს არცერთ არსებაში – ამ საშინელი შიშის ჟამს დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლის სვეტი ჩემს თავზე, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ ჩემზედ არ დაეშვა.

17 როგორც კი ეს სინათლე გამოჩნდა, თავი გამოხსნილად ვიგრძენი მტრისგან, რომელსაც შებოჭილი ვყავდი. როდესაც სინათლე მომეფინა, ვიხილე ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჰაერში ჩემს ზემოთ, რომელთა სიკაშკაშისა და ბრწყინვალების აღწერა შეუძლებელია. ერთ-ერთმა მათგანმა სახელით მომმართა, მიუთითა მეორეზე და თქვა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე – მოუსმინე მას!

18 ჩემ მიერ უფლისადმი მიმართვის თხოვნის მიზანი იყო, გამეგო, ყველა იმ სექტიდან რომელი იყო მართალი, რათა მცოდნოდა, რომელს შევუერთდე. ამიტომ, როგორც კი თავი ხელში ავიყვანე იმდენად, რომ ლაპარაკი შემძლებოდა, ჩემ ზემოთ სინათლეში მდგომ არსებებს, ვკითხე, ყველა იმ სექტიდან რომელი იყო მართალი (ვინაიდან იმ დროს გულში ვერასდროს დავუშვებდი, რომ ყოველი მათგანი ცდებოდა) – და რომელს შევუერთდე.

19 პასუხი მივიღე, რომ არცერთს არ უნდა შევუერთდე, ვინაიდან ყველა მათგანი ცდებოდა; და პიროვნებამ, რომელმაც მომმართა, მითხრა, რომ ყოველი მათი მრწამსი სისაძაგლე იყო მის თვალში; გაუკუღმართებული იყო ყველა ის მრწამსის მქადაგებელი; „ისინი მიახლოვდებიან მე ბაგით, ხოლო გულით კი ჩემგან შორს არიან, ასწავლიან მოძღვრების სახით ადამიანის მცნებებს, აქვთ რა ღვთაებრივი სახე, მაგრამ მის ძალას უარყოფენ.“

20 მან კვლავ ამიკრძალა რომელიმე მათგანთან შეერთება; და მრავალი სხვა რამ მითხრა, რასაც ვერ დავწერ ამჟამად. როდესაც კვლავ გონს მოვედი აღმოვაჩინე, რომ გულაღმა ვიწექი და ზეცისკენ ვიყურებოდი. როდესაც სინათლე გაქრა, ძალა აღარ მქონდა; მაგრამ ცოტა ხანში ცოტათი მოვღონიერდი და სახლში წავედი. და როდესაც ბუხარს დავეყრდენი, დედაჩემმა მკითხა, რაში იყო საქმე. მე ვუპასუხე: „არ შეწუხდე, ყველაფერი კარგადაა, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ.“ შემდეგ ვუთხარი დედაჩემს: „გავიგე, რომ პრესვიტერიანიზმი არ არის მართალი.“ როგორც ჩანს, მტერმა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდანვე იცოდა, რომ ჩემი ბედისწერა იყო, ვყოფილიყავი მისი სამეფოს შემაშფოთებელი და შემწუხებელი; სხვაგვარად, ჩემ წინააღმდეგ ბნელეთის ძალები რატომ გაერთიანდებოდნენ? რატომ გაღვივდა ჩემ წინააღმდეგ მტრობა და დევნა თითქმის ბავშობიდანვე?

ზოგი მოძღვარი და მრწამსის მქადაგებელი უარყოფს პირველი ხილვის ამბავს – დევნა დაატყდება თავს ჯოზეფ სმითს – იგი მოწმობს თავისი ხილვის ჭეშმარიტების შესახებ. (მუხლები 21–26).

21 ამ ხილვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შემთხვევით მომიწია შეხვედრა ერთ-ერთ მეთოდისტ მქადაგებელთან, რომელიც ძალზედ აქტიურობდა ხსენებულ რელიგიურ მღელვარებაში; ვესაუბრებოდი რა მას რელიგიის თემაზე, ვისარგებლე შემთხვევით, რათა მომეთხრო ხილვის შესახებ, რომელიც მქონდა. ძალზედ გავოცდი მისი ქცევის გამო; მან ჩემი ამბავი არა მარტო არასერიოზულად ჩათვალა, ამასთან ერთად დიდი უპატივცემულობით მითხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ეშმაკისეული, არანაირი ხილვები და გამოცხადებები არ არსებობს ამ ჟამს; რომ ყოველივე ასეთი რამ მოციქულების დროს შეწყდა და არასდროს აღარ მოხდება.

22 მალე აღმოვაჩინე, რომ მრწამსის მქადაგებლებს შორის ჩემმა მოყოლილმა ამბავმა დიდი ცრურწმენა გააღვივა ჩემ წინააღმდეგ და გახდა დიდი დევნის მიზეზი, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა; და მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი უცნობი ბიჭი, თოთხმეტი – თხუთმეტი წლის და ჩემი ცხოვრების პირობების გამო არანაირი მდგომარეობა არ მქონდა ამასოფლად, ამისდა მიუხედავად, მაღალი თანამდებობის პირებმა მომაქციეს საკმარისი ყურადღება, რათა ჩემ წინააღმდეგ განეწყოთ საზოგადოებრივი აზრი და წამოეწყოთ სასტიკი დევნა; და ეს ჰქონდა ყველა სექტას საერთო – ყველა გაერთიანდა ჩემი დევნისთვის.

23 ამან მაშინ და შემდგომშიც ხშირად სერიოზული მსჯელობისკენ მიბიძგა; ძალზედ უცნაური იყო, რომ მე, ყოვლად უცნობი ბიჭი, წლოვანებით მეთხუთმეტე წელში, რომელიც იძულებული ვიყავი, ყოველდღიური ფიზიკური შრომით მომეპოვა სარჩო, ჩამთვალეს იმდენად მნიშვნელოვან პირად, რომ იმ დროის ყველაზე პოპულარული სექტების წინამძღვრებს ჩემთვის ყურადღება მოექციათ, თან იმდენად, რომ გაეღვიძებინა მათში ყველაზე მწარე დევნისა და ლანძღვის სული. უცნაურია თუ არა, ეს ასე იყო და ხშირად ეს ჩემთვის დიდი მწუხარების მიზეზი ხდებოდა.

24 ყოველივე ამის მიუხედავად, ფაქტი იყო, რომ მქონდა ხილვა. მოგვიანებით ამის შესახებ მსჯელობისას მახსენდება, რომ იმჟამად ვგრძნობდი თავს როგორც პავლე, რომელიც თავს იცავდა მეფე აგრიპას წინაშე, უყვებოდა რა ხილვის შესახებ, რომელშიც სინათლე იხილა და ხმა გაიგონა; მაგრამ ცოტანი იყვნენ, რომლებსაც სწამდათ მისი; ზოგი თაღლითად მოიხსენიებდა მას, სხვები ამბობდნენ, რომ შეშლილი იყო; დასცინოდნენ და ლანძღავდნენ, მაგრამ ყოველივე ამან ვერ გაანადგურა მისი ხილვის სიმართლე. მან იხილა ხილვა, მან იცოდა ეს და ვერანაირი დევნა ზეცის ქვეშ ვერ შეცვლიდა ამას; და სიკვდილამდეც რომ ედევნათ, თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცოდა, რომ იხილა სინათლე და მოისმინა ხმა, მასთან მოსაუბრე და მთელი ქვეყანაც კი ვერ შეძლებდა მისი აზრის ან რწმენის შეცვლას.

25 ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. სინათლე ნამდვილად ვიხილე და ამ სინათლის შუაგულში ვიხილე ორი არსება და ისინი ნამდვილად მესაუბრნენ; და მიუხედავად იმისა, რომ ვძულდი და მდევნიდნენ იმის გამო, რომ ვამბობდი, რომ ხილვა მქონდა, ეს მაინც სიმართლე იყო; და იმ დროს, როდესაც ამისთვის უსამართლოდ მდევნიდნენ, მლანძღავდნენ და ყველანაირად ცილს მწამებდნენ, საკუთარ თავს გულში ვეკითხებოდი: რატომ მდევნიან სიმართლის თქმისთვის? მე ნამდვილად მქონდა ხილვა; და ვინ ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო? ან რატომ სურს მთელ ქვეყანას, მაიძულოს უარვყო ის, რაც ნამდვილად ვიხილე? ვინაიდან მე მქონდა ხილვა; მე ვიცოდი ეს და ვიცოდი, რომ ღმერთმა იცოდა ეს, არ შემეძლო და ვერ გავბედავდი ამის უარყოფას; ნებისმიერ შემთხვევაში ვიცოდი, ასე რომ მოვქცეულიყავი, ეს შეურაცხყოფდა ღმერთს და სასჯელი მომევლინებოდა.

26 ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი სექტანტებთან დაკავშირებით, რომ არ უნდა შევერთებოდი არცერთ მათგანს, არამედ ვყოფილიყავი როგორც აქამდე, სანამ არ მივიღებდი შემდგომ მითითებებს. იაკობის დამოწმება მივიჩნიე შესაფერისად – თუ ადამიანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს და დაუყვედრებლად მიეცემა.

მორონი ეცხადება ჯოზეფ სმითს – ჯოზეფის სახელი იქნება ცნობილი კეთილად და ბოროტად ყოველ ერში – მორონი მოუყვა მას მორმონის წიგნზე, უფლის მომავალ განაჩენზე და მრავალი მუხლის შესახებ წმნიდა წერილიდან – განდობილ იქნა ოქროს ფირფიტების საიდუმლო ადგილი – მორონი აგრძელებს წინასწარმეტყველის დარიგებას. (მუხლები 27–54).

27 მე ვაგრძელებდი ჩვეულებრივად ჩემს ყოველდღიურ სამუშაოებს ათას რვაას ოცდასამი წლის ოცდაერთ სექტემბრამდე, ამასობაში ვიტანდი მწარე დევნას ყოველი წრის ადამიანისგან, მორწმუნეთა და ურწმუნოთა მხრიდან, ვინაიდან ვაგრძელებდი მტკიცებას, რომ მქონდა ხილვა.

28 ჩემ მიერ ხილვის მიღებიდან, ათას რვაას ოცდასამ წლამდე – დროის ამ მონაკვეთში, ვიცავდი აკრძალვას, არ შევერთებოდი იმ დღეების რომელიმე რელიგიურ სექტას, ვიყავი რა ნორჩი წლოვანების, ვიდევნებოდი მათ მიერ, რომლებიც ჩემი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ და სიკეთით უნდა მომპყრობოდნენ; და ისინი თუ თვლიდნენ, რომ ვცდებოდი, წინდახედულად და სიკეთით უნდა ეცადათ, გამოვესწორებინე – ყოველგვარი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდი და სხვადასხვა ადამიანების საზოგადოებაში ვტრიალებდი, ხშირად ვუშვებდი მრავალ უგუნურ შეცდომას, ვამჟღავნებდი ყმაწვილობის სისუსტეებს და ადამიანური ბუნების ნაკლოვანებებს; რომლებსაც – ვლაპარაკობ რა ამაზე სინანულით, მივყავდი სხვადასხვა ცდუნებებისკენ, რაც შეურაცხმყოფელია ღვთის თვალში. ამ მონანიებით არავინ იფიქროთ, რომ დამნაშავე ვარ რაიმე მძიმე ან დამღუპველ ცოდვაში, ასეთი რამის ჩადენისადმი არასდროს მქონია მიდრეკილება. მაგრამ ვიყავი არასერიოზული და ხანდახან ვტრიალებდი მხიარულ საზოგადოებაში და ა.შ. რაც ღვთის მიერ მოწოდებულს არ შეეფერებოდა. მაგრამ ეს არ მოეჩვენებოდა უცნაურად მათ, ვინც მიცნობდა ახალგაზრდობისას და იცნობდნენ ჩემს ბუნებით მხიარულ ხასიათს.

29 ყოველივე ამის შედეგად, ხშირად ვგრძნობდი თავს განკიცხულად ჩემი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამო; და როდესაც ხსენებულ ოცდაერთ სექტემბერს მივედი საწოლთან დასაძინებლად, დავიწყე ლოცვა და შევევედრე ყოვლადძლიერ ღმერთს, შეენდო ჩემთვის ყოველი ჩემი ცოდვა და უგუნურობა და გამომცხადებოდა, რათა ეცნობებინა ჩემთვის მის წინაშე ჩემი ვითარებისა და მდგომარეობის შესახებ; ვინაიდან სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ მივიღებდი წმინდა გამოცხადებას, როგორიც ერთხელ ადრე მივიღე.

30 როდესაც შევღაღადებდი ღმერთს, დავინახე, რომ ჩემი ოთახი სინათლემ გაანათა, რომლის სიკაშკაშე თანდათან ძლიერდებოდა, იქამდე, სანამ მთელი ოთახი შუადღის შუქზე ძლიერად არ განათდა და ამასობაში საწოლთან გაჩნდა ადამიანი, რომელიც იდგა ჰაერში, ვინაიდან მისი ფეხები არ ეხებოდა იატაკს.

31 იგი შემოსილი იყო განსაკუთრებული სიქათქათის სამოსელით. ეს იყო სითეთრე, რომლის მსგავსიც მიწაზე არასდროს არაფერი მენახა. მწამს, რომ რაიმე მიწიერს არ შეეძლო ჰქონოდა ასეთი განსაკუთრებული სითეთრე და სიკაშკაშე. ხელის გულები და მაჯის ზედა ნაწილი ჰქონდა შიშველი, ისევე როგორც, ფეხები კოჭებს ცოტა ზემოთ. თავი და კისერიც არ ჰქონდა დაფარული. მე შემეძლო დამენახა, რომ სხვა არაფერი სამოსელი არ ეცვა მანტიის გარდა, რადგან ის შეხსნილი ჰქონდა და მკერდი მოუჩანდა.

32 არა მარტო სამოსელი იყო არაჩვეულებრივი სითეთრის, არამედ მისი გარეგნობაც იყო დიდებული, რომლის აღწერაც შეუძლებელია და სახის იერი ჰქონდა ვითარცა ელვა. ოთახი ძალზედ განათებული იყო, მაგრამ ისე არა, როგორც უშუალოდ მის გარშემო. როდესაც პირველად შევხედე, შემეშინდა, მაგრამ მალე შიში გამიქრა.

33 მან მომმართა სახელით, და მითხრა, რომ იგი ღვთის გარემოცვიდან ჩემთან გამოგზავნილი მაცნე იყო და მისი სახელი იყო მორონი; რომ ღმერთს ჩემთვის აქვს საქმე, რომელიც უნდა გავაკეთო; და რომ ჩემი სახელი იქნება ცნობილი კეთილად და ბოროტად, ყოველ ერში, ტომსა და ენაში ანუ მოიხსენიებენ მას ყველა ხალხთა შორის, კეთილად და ბოროტად.

34 მან მითხრა დამალულ წიგნზე, რომელიც დაწერილია ოქროს ფირფიტებზე, რომელშიც აღწერილია ამ კონტინენტის ყოფილ მცხოვრებთა ამბავი და მათი წარმოშობის ადგილი. ასევე მითხრა, რომ ის მოიცავს მარადიული სახარების სისრულეს, როგორიც ის უბოძა მხსნელმა უძველეს მცხოვრებთ.

35 ფირფიტებთან ერთად, ასევე დამალული იყო ორი ქვა ვერცხლის ჩარჩოში და ეს ქვები, მიმაგრებული სამკერდულზე, წარმოადგენს იმას, რასაც ეძახიან ურიმს და თუმიმს; და ისინი, ვინც ფლობდნენ და ხმარობდნენ ამ ქვებს, წარსულში ანუ უძველეს დროს, ხდებოდნენ „ნათელმჭვრეტელნი“ და ღმერთმა მოამზადა ეს ქვები წიგნის გადასათარგმნად.

36 მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს მითხრა, მან დაიწყო ძველი აღთქმიდან წინასწარმეტყველთა ციტირება. პირველი მან მალაქიას მესამე თავის ნაწილის ციტირება მოახდინა; და ასევე გაიმეორა იმავე წინასწარმეტყველების მეოთხე ანუ ბოლო თავი, მაგრამ მცირეოდენ განსხვავებულად იმასთან შედარებით, როგორც ეს იკითხება ჩვენს ბიბლიაში. იმის ნაცვლად, რომ პირველი მუხლის ციტირება მოეხდინა ისე, როგორც ეს იკითხება ჩვენს წიგნებში, მან თქვა ასე:

37 რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით გავარვარებული; და ყველა ამპარტავანი, დიახ, ყველა უკეთურობის მოქმედნი დაიწვებიან ნამჯასავით; ვინაიდან, რომლებიც მოვლენ – დაწვავენ მათ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისე, რომ არ შეარჩებათ არც ფესვი და არც რტო.

38 და კიდევ, მან მეხუთე მუხლის ციტირება ასე მოახდინა: აჰა, გაგანდობთ მღვდლობას, წინასწარმეტყველი ელიას ხელით, უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.

39 მან ასევე შემდეგი მუხლი წარმოთქვა სხვანაირად: და დათესავს იგი შვილთა გულებში მათი მამებისათვის მიცემულ დაპირებებს და შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან. და ასე თუ არ იქნება, მთელი დედამიწა გაპარტახდება მის მოსვლისას.

40 ამის გარდა მან მოახდინა ესაიას მეთერთმეტე თავის ციტირება, თქვა რა, რომ მასში დაწერილი მალე უნდა ახდეს. მან ასევე მოახდინა მოციქულთა საქმეების მესამე თავის, ოცდამეორე და ოცდამესამე მუხლების ციტირება, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენს ახალ აღთქმაში წერია. მან თქვა, რომ ეს წინასწარმეტყველი ქრისტეა; მაგრამ ჯერ არ დამდგარა დღე, როდესაც „ისინი, რომლებიც არ შეისმენენ მის ხმას, მოკვეთილ იქნებიან ხალხის გარემოცვიდან,“ თუმცა მალე დადგება.

41 მან ასევე მოახდინა იოველის მეორე თავის ციტირება, ოცდამერვე მუხლიდან ბოლომდე. მან ასევე თქვა, რომ ეს ჯერჯერობით არ აღსრულებულა, მაგრამ მალე აღსრულდება. და ასევე თქვა, რომ მალე მოვა წარმართთა სისრულე. მან გააკეთა წმინდა წერილების სხვა მრავალი ნაწილის ციტირება და მომცა მრავალი განმარტება, რომლებსაც აქ ვერ მოვიხსენიებ.

42 შემდეგ მითხრა, რომ როდესაც მივიღებდი მის მიერ ნახსენებ ფირფიტებს – ვინაიდან მათ მისაღებად ჯერ არ იყო შესაფერისი დრო – მე არავისთვის არ უნდა მეჩვენებინა არც ფირფიტები და არც სამკერდული ურიმით და თუმიმით, მათ გარდა, ვისთვისაც ამის ჩვენებას უფალი მიბრძანებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებულ ვიქნებოდი. როდესაც ის მესაუბრებოდა ამ ფირფიტებზე, ხილვა მივიღე გონებაში, ისე, რომ დავინახე ადგილი, სადაც ფირფიტები იყო დამალული, თანაც ისე ნათლად და მკაფიოდ, რომ მე ვიცანი ეს ადგილი, როდესაც იქ მივედი.

43 შემდეგ მითხრა, რომ როდესაც მივიღებდი მის მიერ ნახსენებ ფირფიტებს – ვინაიდან მათ მისაღებად ჯერ არ იყო შესაფერისი დრო – მე არავისთვის არ უნდა მეჩვენებინა არც ფირფიტები და არც სამკერდული ურიმით და თუმიმით, მათ გარდა, ვისთვისაც ამის ჩვენებას უფალი მიბრძანებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებულ ვიქნებოდი. როდესაც ის მესაუბრებოდა ამ ფირფიტებზე, ხილვა მივიღე გონებაში, ისე, რომ დავინახე ადგილი, სადაც ფირფიტები იყო დამალული, თანაც ისე ნათლად და მკაფიოდ, რომ მე ვიცანი ეს ადგილი, როდესაც იქ მივედი.

44 მე ვიწექი და ვფიქრობდი ამ უცნაურ მოვლენაზე და ძალზედ გაოცებული ვიყავი იმით, რაც მითხრა ამ განსაკუთრებულმა მაცნემ. მაშინ, როდესაც ვიყავი ჩემს ფიქრებში, უცბად შევამჩნიე, რომ ოთახი კვლავ ივსებოდა სინათლით და უცბად, იგივე მაცნე, კვლავ გამომეცხადა საწოლთან.

45 მან დაიწყო და კვლავ გაიმეორა ზუსტად იგივე, რაც მანამდე თქვა, პირველი გამოცხადებისას, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე და ამის შემდეგ შემატყობინა დიდი სასჯელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე მოვიდოდა შიმშილით, მახვილითა და ჭირით, რომ ეს სამწუხარო სასჯელი მოვა დედამიწაზე ამ თაობის ჟამს. თქვა რა ყოველივე ეს, იგი კვლავ ამაღლდა ისე, როგორც მანამდე.

46 ამ დროისთვის იმდენად ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ სულ გამიქრა ძილი, ვიწექი გრძნობებით აღსავსე და განცვიფრებული იმით, რაც ვიხილე და გავიგე, მაგრამ როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც კვლავ გამომეცხადა იგივე მაცნე საწოლთან და მოვისმინე, როგორ გაიმეორა იგივე და გამაფრთხილა, რომ სატანა შეეცდება ჩემ შეცდენას, რათა მივითვისო ეს ფირფიტები და მათი მეშვეობით გავმდიდრდე (ვინაიდან მამაჩემის ოჯახი იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ პირობებში). ამის გაკეთება მან ამიკრძალა და მითხრა, რომ ფირფიტების მისაღებად არ უნდა მქონდეს არანაირი სხვა მიზანი, გარდა ღვთის დიდებისა, რომ მისი სასუფევლის შენების სურვილის გარდა არ უნდა ვიყო რაიმე სხვა გავლენის ქვეშ, თორემ ვერ მივიღებდი მათ.

47 ამ მესამე ვიზიტის შემდეგ იგი ამაღლდა ზეცაში, როგორც მანამდე და კვლავ მარტო დავრჩი ჩაფიქრებული იმ უცნაურ მოვლენაზე, რაც განვიცადე; და მაშინ, თითქმის დაუყოვნებლივ, როდესაც მესამედ მოვლენილი ზეციური მაცნე ამაღლდა, დაიყივლა მამალმა და დავინახე, რომ გათენებულიყო. გამოდის, რომ ეს საუბრები მთელი ღამე გრძელდებოდა.

48 ცოტა ხნის შემდეგ ავდექი საწოლიდან და ჩვეულებისამებრ წავედი ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად; მაგრამ, როგორც კი ხელი მოვკიდე სამუშაოს, ვიგრძენი ისეთი დაღლილობა, რომ საერთოდ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. მამაჩემმა, რომელიც გვერდზე მუშაობდა, შემატყო, რომ ვერ ვიყავი კარგად და დამრთო ნება, სახლში წავსულიყავი. მე გავეშურე სახლისაკენ, მაგრამ როდესაც ვცდილობდი მინდორთან ღობეზე გადაძრომას, ძალა გამომეცალა და უგონოდ დავეცი მიწაზე; და ასე უგონოდ ვიწექი რაღაც დროის განმავლობაში.

49 პირველი, რაც შემიძლია გავიხსენო, ეს არის ხმა, რომელმაც სახელით მომმართა. ავიხედე და აჰა, კვლავ იგივე მაცნე იდგა ჩემს თავზედ ისე, როგორც მანამდე, სინათლით გაბრწყინებული. მან კვლავ გაიმეორა იგივე, რაც მანამდე მითხრა გასულ ღამეს და მიბრძანა, რომ მივსულიყავი მამაჩემთან და მეთქვა ჩემი ხილვისა და ბრძანებების შესახებ, რომელიც მივიღე.

50 მე დავემორჩილე, დავბრუნდი მამაჩემთან მინდორში და ყველაფერი მოვუყევი. მან მიპასუხა, რომ ყოველივე ეს ღვთისაგან იყო და მითხრა, რომ წავსულიყავი და გამეკეთებინა ყველაფერი, როგორც მაცნემ მიბრძანა. მე წამოვედი მინდვრიდან და გავეშურე იმ ადგილისკენ, სადაც მაცნეს სიტყვებით ინახებოდა ფირფიტები და რადგან იმ ადგილის შესახებ ნანახი ხილვა იმდენად მკაფიო იყო, ის მისვლისთანავე ვიცანი.

51 სოფელ მანჩესტერთან ახლოს, ონტარიოს ოლქში, ნიუ-იორკის შტატი, მდებარეობს საკმაოდ დიდი გორაკი, ყველაზე დიდი, რაც კი მის გარშემოა. ამ გორაკის დასავლეთ მხარეს, მწვერვალთან ახლოს, საკმაოდ დიდი ქვის ქვეშ, იდო ქვის ყუთში ჩადებული ფირფიტები. ეს ქვა იყო დიდი და შუაში გამობერილი, ხოლო ნაპირებისკენ თხელდებოდა და მიწით იყო დაფარული ისე, რომ მარტო ქვის შუა ნაწილი მოჩანდა, გარშემო ნაპირები კი მიწით იყო დაფარული.

52 ქვას მიწა მოვაცილე, ავიღე ჯოხი, ქვას ქვემოდან ამოვუდე და მცირე ძალისხმევით ავწიე. როდესაც შიგ ჩავიხედე, იქ ნამდვილად ვიხილე ფირფიტები, ურიმი და თუმიმი და სამკერდული, ისე როგორც მაცნემ მითხრა. ყუთი, რომელშიც ისინი ელაგა,იყო ქვის და შეკრული იყო რაღაც დუღაბით. ყუთის ფსკერზე იდო ჯვარედინად ორი ქვა და ამ ქვებზე ელაგა ფირფიტები და სხვა ნივთები.

53 მე შევეცადე ისინი ამომეღო, მაგრამ მაცნემ ამიკრძალა და კვლავ შემატყობინა, რომ მათი მიღების დრო ჯერ არ დამდგარა და არ დადგებოდა, სანამ ამ დღიდან ოთხი წელი არ გავიდოდა. მან ასევე მითხრა, რომ უნდა მოვსულიყავი ამ ადგილზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ და იგი აქ შემხვდებოდა; და ასე უნდა მოვქცეულიყავი, სანამ დრო არ მოვიდოდა ფირფიტების მისაღებად.

54 იმისდა მიხედვით როგორც მიბრძანა, ყოველი წლის ბოლოს მივდიოდი იმ ადგილზე და ყოველთვის იქ მხვდებოდა იგივე მაცნე; და ყოველი ჩვენი შეხვედრისას ვიღებდი მისგან დარიგებასა და ცოდნას იმაზე, თუ რას გააკეთებდა უფალი, როგორი და რანაირი იქნებოდა მისი სასუფევლის მართვა ბოლო დღეებში.

ჯოზეფ სმითი ქორწინდება ემა ჰეილზე – იღებს ოქროს ფირფიტებს მორონისგან და თარგმნის ზოგიერთ იეროგლიფს – მარტინ ჰარისი აჩვენებს იეროგლიფებს და მათ თარგმანს პროფესორ ანტონს, რომელიც ამბობს: „არ შემიძლია ჩაბეჭდილი წიგნის წაკითხვა.“ (მუხლები 55–65).

55 ვინაიდან ძალზედ შეზღუდული იყო მამაჩემის მატერიალური სახსრები, იძულებულნი ვიყავით, ფიზიკურად გვეშრომა დღიურად დაქირავებულ და სხვა სამუშაოებზე, როდესაც გვეძლეოდა ამის შესაძლებლობა. ხანდახან ვმუშაობდით სახლში, ხანდახან სხვების მიწებზე და ასეთი განუწყევეტელი შრომით ვახერხებდით დამაკმაყოფილებელ ცხოვრებას.

56 1823 წ. მამაჩემის ოჯახს დიდი გასაჭირი დაატყდა, ჩემი უფროსი ძმის, ალვინის, გარდაცვალების გამო. 1825 წ. ოქტომბერს მუშაობა დავიწყე ერთ ხანში შესულ ბატონთან სახელად ჯოსია სტოული, რომელიც ცხოვრობდა ჩენანგოს ოლქში, ნიუ-იორკის შტატი. მას რაღაც გაგონილი ჰქონდა ოდესღაც ესპანელების მიერ ჰარმონიში დაარსებული ვერცხლის მაღაროს შესახებ, სასქუეჰანას ოლქში, პენსილვანიის შტატი; და სანამ დამიქირავებდა უკვე აწარმოებდა გათხრებს ამ მაღაროს აღმოსაჩენად, თუ ეს შესაძლებელი იყო. მას შემდეგ, რაც მასთან დავსახლდი, მან წამიყვანა სხვა მუშებთან ერთად გათხრებზე ვერცხლის მაღაროს მოსაძებნად, სადაც წარუმატებლად ვიმუშავე თითქმის ერთი თვე, ბოლოს კი დავითანხმე ეს მოხუცი ბატონი, შეეწყვიტა გათხრები. იმ დროიდან გავრცელდა ჩემზე ხმა, როგორც ოქროს მაძიებელზე.

57 იმ დროის განმავლობაში, როდესაც ამ სამუშაოზე ვიყავი დაქირავებული, დამასახლეს ვინმე ბატონ ისააკ ჰეილთან; იქ დავინახე პირველად ჩემი მომავალი მეუღლე (მისი ასული) ემა ჰეილი. 18 იანვარს 1827 წ. ჩვენ დავქორწინდით, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მისტერ სტოულთან ვმუშაობდი.

58 ვინაიდან ვაგრძელებდი მტკიცებას, რომ ხილვა მქონდა, ჩემს მიმართ დევნა კვლავ გრძელდებოდა და სიმამრის ოჯახი ძალზედ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ქორწინებას. ამიტომ, იძულებული ვიყავი, სხვაგან გადავსახლებულიყავი ემასთან ერთად; ამგვარად გადავსახლდით და დავქორწინდით მოსამართლე ტარბილის სახლში, სამხრეთ ბეინბრიჯში, ჩენანგოს ოლქი, ნიუ-იორკი. ქორწინების შემდეგ დაუყოვნებლივ მივატოვე სამსახური მისტერ სტოულთან და წავედი მამაჩემთან ფერმაში და იქ ვიმუშავე მთელი ის სეზონი.

59 ბოლოს დადგა დრო, როდესაც უნდა ამეღო ფირფიტები, ურიმი და თუმიმი და სამკერდული. ათას რვაას ოცდაშვიდი წლის ოცდაორ სექტემბერს, ჩვეულებისამებრ, წლის ბოლოს, მივედი იმ ადგილზე, სადაც ისინი იდო და იმავე ზეციურმა მაცნემ გადმომცა ისინი შემდეგი ბრძანებით, რომ მათზე პასუხისმგებელი ვიყავი და თუ დაუდევრად მოპყრობის ან უყურადღებობის გამო მათ ხელიდან გავუშვებდი – მოკვეთილი ვიქნებოდი, მაგრამ თუ მთელი ძალისხმევით მათ დავიცავდი და მოვუფრთხილდებოდი იქამდე, სანამ მაცნე არ მოვიდოდა მათთვის, ისინი დაცული იქნებოდა.

60 მალე მივხვდი, თუ რატომ მივიღე ასეთი მკაცრი ბრძანება მათ უსაფრთხოდ შენახვაზე და რატომ მითხრა მაცნემ, რომ როდესაც ყველაფერს გავაკეთებდი რაც მე მომეთხოვებოდა, იგი დაბრუნდებოდა მათ წასაღებად, რადგან როგორც კი გახდა ცნობილი, რომ მე მქონდა ისინი, ძალზედ სერიოზულად შეეცადნენ, ისინი ჩემგან წაეღოთ. ყოველნაირი ხრიკები იქნა გამოყენებული, რისი მოფიქრებაც კი შეიძლებოდა იმისათვის, რომ თავიანთი მიზნისათვის მიეღწიათ. დევნა უფრო გამძაფრდა და გახდა დაუნდობელი; და მრავალი ადამიანი განუწყვეტლივ ეძებდა ჩემგან ფირფიტების დაუფლების შესაძლებლობას. მაგრამ, ღვთის სიბრძნით, ისინი უსაფრთხოდ იყო ჩემს ხელში, სანამ მათი მეშვეობით არ შევასრულე ყველაფერი, რაც მომეთხოვებოდა. როდესაც, დაპირებისამებრ, მაცნე მოვიდა მათ წასაღებად, მე ისინი გადავეცი და ფირფიტები დღემდე მასთან არის ანუ ათას რვაას ოცდათვრამეტი წლის მაისის მეორე დღეს.

61 მღელვარება, ამისდა მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა და არ წყდებოდა ათასნაირი ჭორები, ვრცელდებოდა რა სიცრუე მამაჩემის ოჯახისა და ჩემ შესახებ. მათი მეათასედი ნაწილის აღსაწერად კი დამჭირდებოდა რამდენიმე ტომის დაწერა. დევნა იმდენად აუტანელი გახდა, იძულებული გავხდი, დამეტოვებინა მანჩესტერი და მეუღლესთან ერთად გადავსახლებულიყავი სასქუეჰენას ოლქში, პენსილვანიის შტატში. როდესაც ვემზადებოდით გასამგზავრებლად, ვიყავით რა ძალზედ ღარიბნი და იმდენად მძიმე იყო დევნა, გვეგონა ვერასდროს გამოვიდოდით ამ გაჭირვებიდან – მაგრამ ჩვენი გაჭირვების ჟამს ვიპოვეთ მეგობარი, ჯენტლმენი სახელად მარტინ ჰარისი, რომელიც მოვიდა ჩვენთან და დახმარების მიზნით მომცა ორმოცდაათი დოლარი მოგზაურობისთვის. მისტერ ჰარისი ცხოვრობდა ქალაქ პალმირას გარეუბანში, უეინის ოლქში, ნიუ-იორკის შტატში და იყო პატივცემული ფერმერი.

62 ამ დროულმა დახმარებამ მომცა საშუალება, მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე პენსილვანიაში; და ადგილზე მისვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყე ფირფიტებიდან წარწერების გადაწერა. გადავიწერე რა მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა, ზოგი მათგანის თარგმნა შევძელი ურიმისა და თუმიმის მეშვეობით იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მეუღლის მამის სახლში ჩავედი, დეკემბერსა და მომდევნო წლის თებერვალს შორის.

63 ამ თებერვლის თვის ერთ დღეს, ზემოთ ხსენებული მისტერ მარტინ ჰარისი მოვიდა ჩვენთან, აიღო ჩემ მიერ ფირფიტებიდან გადაწერილი ნაწერები და წაიღო ისინი ნიუ-იორკში. თუ რა ბედი ეწია მას და ჩანაწერებს, მომყავს პირადად მის მიერ მონათხრობი ვითარებისა, რაც მან დაბრუნების შემდეგ მიამბო:

64 „წავედი ქალაქ ნიუ-იორკში და წარვუდგინე გადათარგმნილი ნაწერები თავის თარგმანთან ერთად პროფესორ ჩარლზ ანტონს, ჯენტლმენს, რომელიც ცნობილი იყო თავისი ლიტერატურული მიღწევებით. პროფესორმა ანტონმა განაცხადა, რომ თარგმანი იყო ზუსტი, უფრო ზუსტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა თარგმანი ეგვიპტურიდან, რაც ოდესმე მას ენახა. შემდეგ ვაჩვენე ის ნაწერები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ნათარგმნი, რომლებზეც მან თქვა, რომ ისინი იყო ეგვიპტური, ქალდეური, ასირიული და არაბული; და თქვა, რომ ისინი ნამდვილი ნაწერები იყო და თარგმანი იმისა, რაც ითარგმნა, ასევე სწორი იყო. მან მომცა მოწმობა, რომელიც პალმირის მოსახლეობისთვის მოწმობდა, რომ ისინი იყო ნამდვილი ნაწერები. ავიღე მოწმობა და ჯიბეში ჩავიდე, ვაპირებდი რა წასვლას, როდესაც მისტერ ანტონმა დამიძახა და მკითხა, თუ როგორ შეიტყო ახალგაზრდა ადამიანმა ოქროს ფირფიტების ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც მან ისინი იპოვა. ვუპასუხე, რომ ეს ღმერთის ანგელოზმა გაანდო მას.

65 შემდეგ მითხრა: ‘ნება მიბოძეთ, ვნახო მოწმობა.’ შესაბამისად, ამოვიღე ის ჯიბიდან და მივაწოდე; როდესაც მან აიღო მოწმობა, დახია ის ნაკუწებად და თქვა, არ არსებობს ისეთი რამ, როგორც ანგელოზთა მსახურებაა და ფირფიტებს მას თუ მივუტანდი, იგი მათ გადათარგმნიდა. მე შევატყობინე, რომ ფირფიტების ნაწილი ჩაბეჭდილი იყო და აკრძალული მქონდა მათი მოტანა. რაზეც მან მიპასუხა: ‘არ შემიძლია ჩაბეჭდილი წიგნის კითხვა.’ დავტოვე იგი და მივედი დოქტორ მიტჩელთან, რომელმაც დაადასტურა პროფესორ ანტონის სიტყვები ამ ნაწერების შესახებ და მათ თარგმანზე.“

· · · · · · ·

ოლივერ ქაუდერი იწყებს მორმონის წიგნის თარგმნისას მწერლად მუშაობას – ჯოზეფი და ოლივერი იღებენ იოანე ნათლისმცემლისგან აარონის მღვდლობას – ისინი ინათლებიან, იღებენ კურთხევას და წინასწარმეტყველების სულს. (მუხლები 66–75).

66 აპრილის მეხუთე დღეს, 1829 წ. ოლივერ ქაუდერი, რომელიც აქამდე არ მყავდა ნანახი, მოვიდა ჩემთან სახლში. მან მითხრა, რომ იგი მასწავლებელი იყო იმ სამეზობლოში, სადაც ცხოვრობდა მამაჩემი და მამაჩემი იყო ერთ-ერთი, რომელიც შვილებს სკოლაში აგზავნიდა, ამიტომ იგი ცოტახნით მამაჩემის სახლში ცხოვრობდა, სადაც ჩემმა ოჯახმა მოუთხრო მას, თუ რა ვითარებაში მივიღე ფირფიტები და შესაბამისად, მოსული იყო კითხვების დასასმელად ამის შესახებ.

67 მისტერ ქაუდერის ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ (7 აპრილს) დავიწყე მორმონის წიგნის თარგმნა და მან დაიწყო ჩემთვის წერა.

· · · · · · ·

68 ჩვენ ვაგრძელებდით თარგმანზე მუშაობას, როდესაც მომდევნო თვეში (მაისი, 1829 წ.) ერთ დღეს ტყეში წავედით სალოცავად და იმისთვის, რომ გვეკითხა უფლისთვის ნათლობისა და ცოდვების შენდობის შესახებ, რასაც წავაწყდით ფირფიტების თარგმნისას. როდესაც ვიყავით დაკავებულნი უფლისადმი ლოცვითა და ღაღადით, ზეციდან მაცნე მოგვევლინა სინათლის ღრუბელში, ხელი დაგვასხა და გვაკურთხა სიტყვებით:

69 თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო, მესიის სახელით განიჭებთ აარონის მღვდლობას, რომელიც მოიცავს ანგელოზთა მსახურების, მონანიების სახარებისა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვის ნათლობის გასაღებებს; და ეს აღარ იქნება ხელახლა აღგვილი დედამიწიდან, სანამ ლევიანთა შვილები კვლავ არ შესწირავენ უფალს შესაწირს სამართლიანობით.

70 მან თქვა: აარონის მღვდლობას არ აქვს ხელდასხმის უფლებამოსილება სულიწმინდის ძღვენის საბოძებლად, მაგრამ ასეთი უფლებამოსილება მოგვიანებით იქნება ჩვენზე ხელდასხმული; და მან გვიბრძანა, წავსულიყავით და მოვნათლულიყავით და მოგვცა მითითება, რომ მე უნდა მომენათლა ოლივერ ქაუდერი და შემდეგ მას უნდა მოვენათლე.

71 შესაბამისად წავედით და მოვინათლეთ. ჯერ მე მოვნათლე იგი და შემდეგ მან მომნათლა მე – რის შემდეგ, ხელი დავასხი თავზე და ხელდასხმით ვუბოძე აარონის მღვდლობა, შემდეგ მან დამასხა ხელი და ხელდასხმით მიბოძა იგივე მღვდლობა – ვინაიდან ასე გვქონდა ნამბრძანები.*

72 მაცნემ, რომელიც გვეწვია ამჯერად და გადმოგვცა ეს მღვდლობა, გვითხრა, რომ მისი სახელი იყო იოანე, რომელიც ახალ აღთქმაში მოხსენებულია იოანე ნათლისმცემლად და რომ მოქმედებდა პეტრეს, იაკობისა და იოანეს ხელმძღვანელობით, რომლებიც ფლობდნენ მელქიცედეკის მღვდლობის გასაღებებს, იმ მღვდლობის, რომელიც შესაფერის დროს გადმოცემულ იქნება ჩვენზედ და მე ვიქნები ეკლესიის პირველ უხუცესად წოდებული და იგი (ოლივერ ქაუდერი) მეორე. ეს იყო მაისის მეთხუთმეტე დღე, 1829 წ. როდესაც ხელდასხმულ ვიქენით ამ მაცნის ხელით და მოვინათლეთ.

73 წყლიდან ამოსვლისთანავე, ნათლობის შემდეგ, განვიცადეთ დიადი და ბრწყინვალე კურთხევა მამაზეციერისგან. როგორც კი ოლივერ ქაუდერი მოვნათლე, მას მოევლინა სულიწმინდა, იგი წამოდგა და იწინასწარმეტყველა მრავალი რამ, რაც მალე უნდა მომხდარიყო. როგორც კი მის მიერ მოვინათლე, მეც ასევე მივიღე წინასწარმეტყველების სული, წამოვდექი და ვიწინასწარმეტყველე ამ ეკლესიის დაარსება და მრავალი სხვა რამის შესახებ, რაც ეხებოდა ეკლესიასა და ადამიანთა შვილების ამ თაობას. ჩვენ ვიყავით აღვსილნი სულიწმინდით და ვხარობდით ჩვენი ხსნის ღმერთში.

74 გაგვინათდა რა გონება, წმინდა წერილები გაიხსნა ჩვენი გონებისთვის; და მათი უფრო საიდუმლო მუხლების აზრი და ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაგვენდო იმგვარად, როგორც მანამდე ვერ შევძლებდით ან ოდესმე წარმოვიდგენდით. ამასობაში იძულებულნი ვიყავით, საიდუმლოდ შეგვენახა ჩვენ მიერ მღვდლობის მიღებისა და ნათლობის ვითარება, დევნის სულის გამო, რომელმაც თავი იჩინა იმ მიდამოებში.

75 დროთა განმავლობაში ჩვენ აღმოვჩნდით ბრბოს მხრიდან ანგარიშსწორების საფრთხის წინაშე, თავდასხმის საფრთხე არსებობდა მრწამსის მქადაგებელთა მხრიდანაც კი. და მათ ბოროტ ზრახვების განხორციელებას აფერხებდა მხოლოდ ჩემი მეუღლის მამის ოჯახის წევრების გავლენა (ღვთის ნებით), რომლებიც ძალიან დამიმეგობრდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ბრბოს და მხარს მიჭერდნენ, რათა საშუალება მქონოდა, შეუფერხებლად გამეგრძელებინა თარგმანზე მუშაობა; ამიტომ, მათ შემოგვთავაზეს და დაგვპირდნენ,რომ შეძლებისდაგვარად დაგვიცავდნენ ყოველგვარი უკანონო ქმედებებისგან.

  • ოლივერ ქაუდერი აღწერს ამ მოვლენებს ამგვარად: „ეს იყო დღეები, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას – ზეციური შთაგონებით მოკარნახე ხმის მოსმენა გულში მიღვიძებდა უდიდეს მადლიერებას! ყოველ დღე განუწყვეტლივ ვაგრძელებდი მისი სიტყვების ჩაწერას, როდესაც იგი თარგმნიდა ურიმითა და თუმიმით ან როგორც ნეფიელები იტყოდნენ, სათარგმნი ხელსაწყოებით, ისტორიას ანუ ჩანაწერს სახელწოდებით ‘მორმონის წიგნი’.

    განმარტება, თუნდაც ორიოდე სიტყვით, მორმონისა და მისი ერთგული ძის, მორონის მიერ გადმოცემული საინტერესო ამბისა, რომელიც ოდესღაც ზეცის მიერ შეყვარებულ და გამორჩეულ ხალხზეა, აღემატება ყოველივეს, რის დაწერასაც ამ თავში ვგეგმავდი, ამიტომ ამას გადავდებ სამომავლოდ და როგორც წინასიტყვაობაში ვთქვი, პირდაპირ გადავალ ზოგიერთ მოვლენაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ამ ეკლესიის დაარსებასთან, რაც დააინტერესებს ათასობით ადამიანს, რომლებიც წინ გამოვიდნენ და მიიღეს ქრისტეს სახარება შეუწყნარებელ ბრმად მორწმუნეებსა და ცილისმწამებელ ფარისევლების მიუხედავად.

    ვერცერთი გონიერი ადამიანი ვერ გადათარგმნიდა და ვერ დაწერდა მითითებებს, რომლებიც ნეფიელებს მხსნელის პირით ებოძათ, ზუსტად როგორ უნდა აღშენებულიყო მისი ეკლესია, განსაკუთრებით როდესაც ხრწნამ ორჭოფობა გაავრცელა ყოველ ფორმასა და სისტემაში, რაც გამოიყენება ადამიანთა შორის; და არ ისწრაფვის, გამოიყენოს უფლება, გამოხატოს გულის მზადყოფნა, დაიმარხოს წყლის საფლავში, რათა წმინდა სინდისით უპასუხოს იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით.

    მას შემდეგ, რაც დაიწერა ამბავი ამ კონტინენტზე იაკობის შთამომავლების ნარჩენისთვის მხსნელის მსახურების შესახებ, ადვილი დასანახი გახდა, როგორც წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ბნელეთმა დედამიწა დაფარა და დიდმა ბნელეთმა – ადამიანთა გონება. უფრო მეტი განხილვის შემდგომ ადვილი დასანახი იყო, რომ რელიგიურ საკითხზე დიდი დაპირისპირებისა და ხმაურში, არავის არ ჰქონდა უფლებამოსილება, ღმერთისგან სახარების წეს-ჩვეულებების აღსასრულებლად. ვინაიდან, შეიძლება შეკითხვის დასმა: აქვთ თუ არა ქრისტეს სახელით მოქმედების უფლება ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ გამოცხადებებს, როდესაც მისი დამოწმება არის, არც მეტი არც ნაკლები, წინასწარმეტყველების სული და მისი რელიგია დაფუძნებულია, აგებულია და ეყრდნობა პირდაპირ გამოცხადებებს ამაქვეყნის ყველა საუკუნეში, როდესაც მას თავისი ხალხი ჰყავდა დედამიწაზე? თუ ეს ფაქტები დამარხული და გულმოდგინედ დაფარული ადამიანთა მიერ, რომელთა საქმიანობის გამოაშკარავება ადამიანების წინაშე მათ უქმნიდა საფრთხეს, ჩვენთვის ეს აღარ იყო ასე, ჩვენ მხოლოდ ველოდებოდით ბრძანებას: ადექი და მოინათლე!

    ამ სურვილის აღსრულებამაც არ დააყოვნა. უფალმა, რომელიც გულუხვია გულმოწყალებით და ყოველთვის მზად არის, უპასუხოს თავმდაბალთა მუდმივ ლოცვას, მას შემდეგ, რაც მხურვალედ შევღაღადეთ ადამიანთა საცხოვრებელი ადგილებიდან შორს, ინება ჩვენთვის საკუთარი ნების გამოცხადება. უცებ, ვითარცა მარადისობის შუაგულიდან, მხსნელის ხმამ გვაუწყა მშვიდობა, როდესაც გაიხსნა საბურველი და მოგვევლინა ბრწყინვალებით შემოსილი ღვთის ანგელოზი და გვაუწყა დიდი ხნის ნანატრი ამბავი და გვიბოძა მონანიების სახარების გასაღები. როგორი სიხარულია! რა სასწაული! როგორი საოცრებაა! იმ დროს, როდესაც მსოფლიო გაწამებული და თავგზააბნეული იყო, იმ დროს, როდესაც მილიონები, ბრმებივით ხელების ცეცებით, ეძებდნენ საყრდენს და როდესაც ადამიანთა საერთო მასა იყო გაურკვევლობაში, ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ, ყურებით მოვისმინეთ, როგორც კაშკაშა დღის შუქზე; დიახ, უფრო ნათელ სინათლეზე, ვიდრე მაისის კაშკაშა მზის სხივები, რომლებიც მაშინ სახეზე ეფინებოდა ბუნებას! შემდეგ მისმა ხმამ – რბილმა, თუმცა გულში ჩამწვდომმა და მისმა სიტყვებმა: თქვენი ძმა ვარ, მოყვასი მსახური – გაგვიფანტა ყოველი შიში. ვუსმენდით, ვუცქერდით, ვიყავით აღტაცებულნი! ეს იყო ანგელოზის ხმა ბრწყინვალებიდან, ეს იყო ამბავი უზენაესისგან! ვისმენდით და ვხარობდით, როდესაც მისი სიყვარული დაენთო ჩვენს სულში და აღვსილნი ვიყავით ყოვლადძლიერის ხილვით! ჰქონდა ადგილი რაიმე ჭოჭმანს? არა; დასრულდა დაბნეულობა, უკვალოდ გაქარწყლდა ეჭვი, სამუდამოდ გაქრა მოგონილი და თვალთმაქცი.

    მაგრამ, ძვირფასო ძმაო, დაფიქრდი, ცოტა ხნით წარმოიდგინე, რამხელა სიხარულმა აგვივსო გული და რაოდენ გაოცებულებს უნდა მოგვეყარა მუხლი (ვინაიდან, ასეთი კურთხევისთვის ვინ არ მოიყრიდა მუხლს?) როდესაც მისი ხელით ვიღებდით წმინდა მღვდლობას სიტყვებით: ‘თქვენ, ჩემო მსახურო ძმებო, მესიის სახელით, გიბოძებთ ამ მღვდლობასა და უფლებამოსილებას, რაც დარჩება დედამიწაზე, რათა ლევიანთა შვილებმა კიდევ შეძლონ, შესწირონ უფალს შესაწირი სამართლიანობით!’

    არ შევეცდები თქვენთვის ჩემი გულის განცდების გამოხატვას, არც იმ დიდებული სილამაზისა და ბრწყინვალების, რითაც ვიყავით იმ დროს გარშემორტყმულნი; მაგრამ დამიჯერებთ, თუ გეტყვით: ვერც დედამიწა, ვერც ადამიანი თავისი საუკუნოვანი მჭერმეტყველებით ვერ შემოსავენ ნათქვამს ასეთი საინტერესო და დიდებული სიტყვებით, რომლებიც თქვა ამ წმინდა მაცნემ. არა; არც ამ დედამიწას არ ძალუძს, გვიბოძოს ის სიხარული, დაამშვიდოს ან ჩასწვდეს სიბრძნეს, რომელსაც მოიცავდა მისი ყოველი წინადადება, რომელიც ნათქვამი იყო სულიწმინდის ძალით! ადამიანმა შეიძლება მოატყუოს თავისი მოყვასი, სიცრუეს შეიძლება მოჰყვეს სიცრუე და ბოროტის შვილებს შესაძლოა სძალუძთ, აცდუნონ უგუნურნი და უმეცარნი იმ დროს, როდესაც მოგონილის გარდა არაფრით იკვებებიან მრავალნი; და სიკვდილამდე მიჰყავს თავისი დინებით უმეცარნი სიცრუის ნაყოფს. მაგრამ მისი სიყვარულის ერთი შეხება, დიახ, ზეციური ბრწყინვალებიდან ერთი სხივი, ან ერთი სიტყვა მხსნელის პირიდან – მარადისობის წიაღიდან, ყოველივე ამას აქცევს არარაობად და სამუდამოდ ამოშლის მასზე ხსოვნას. გულდაჯერებულობა იმისა, რომ ვიყავით ანგელოზის გარემოცვაში, უდაოდ მოვისმინეთ იესოს ხმა და შეუბღალავი ჭეშმარიტება, გადმოღვრილი წმინდა არსებისგან, ღმერთის ნებით ნაკარნახევი, ჩემთვის ეს არის აუღწერელი და სანამ ცოცხალი ვიქნები, მხსნელის სიკეთის ამ გამოვლინებას ყოველთვის განვიხილავ გაოცებითა და მადლიერებით; და იმედი მაქვს, იმ სავანეებში, სადაც ცხოვრობს სრულყოფილება და ვერ აღწევს ცოდვა, ვეთაყვანები იმ დღეს, რომელიც არასდროს დასრულდება.“ – Messenger and Advocate, ტომი 1 (ოქტომბერი, 1834 წ.), გვ. 14–16.