იგი მხრებზე შეგისვამთ და მიგიყვანთ სახლში
ზუსტად ისე, როგორც მწყემსი კეთილი პოულობს თავის დაკარგულ ცხვარს, სამყაროს მხსნელი გიპოვით.
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მძიმე მოგონებები იწყება დისტანციური საჰაერო რადარების სირენის ღმუილით, რომელიც ღამე მაღვიძებდა. ცოტა ხანში მეორე ხმა - გრგვინვა და პროპელერების ბზუილი უფრო და უფრო მატულობს, სანამ ჰაერსაც კი არ შეძრავს. დედის მიერ გაწვრთნილნი, ჩვენ, ბავშვები, სათითაოდ ვიღებთ ჩანთებს და გავრბივართ გორაკისკენ, თავშესაფარში. როცა უკუნეთ სიბნელეში მივრბოდით, გზად ციდან მწვანე და თეთრი ფერის ალები ცვიოდა. ამგვარად ინიშნებოდა დასაბომბი ადგილები. უცნაურია, მაგრამ ამას ყველა ნაძვის ხეს ეძახის.
მე ოთხი წლის ვარ და ვარ ომის მოწმე.
დრეზდენი
ჩემი ოჯახი ქ.დრეზდენის მახლობლად ცხოვრობდა. ისინი, ვინც დრეზდენში ცხოვრობდნენ, ალბათ ჩემზე ათასჯერ მეტი იხილეს. მასიური ხანძრები, რაც გამოწვეული იყო ათასობით ტონა ასაფეთქებლებით, სწრაფად ვრცელდებოდა დრეზდენის ქუჩებში, ანადგურებდა რა ქალაქის 90 პროცენტს და გზად ნამსხვრევებსა და ფერფლს ტოვებდა.
ძალიან მოკლე ხანში ქალაქი, რომლის ზედმეტი სახელი იყო „ზარდახშა“, აღარ არსებობდა. ერიხ კესტნერი, გერმანელი მწერალი, ასე აღწერდა განადგურებას: „მისი სილამაზე ათასობით წლის განმავლობაში შენდებოდა და ერთ ღამეში სრულად განადგურდა“. 1 ბავშვობაში ვერ წარმომედგინა, როგორ შეძლებდა ჩვენი ხალხი მათ მიერ დაწყებული ომის შედეგად გამანადგურებულის აღდგენას. სამყარო ჩვენს ირგვლივ უიმედო გვეჩვენებოდა, მომავლის გარეშე.
შარშან მე მომეცა შესაძლებლობა დავბრუნებულიყავი დრეზდენში. ომის სამოცდაათი წლის შემდეგ იგი ისევ ქალაქი-ზარდახშაა. ქალაქი ნანგრევებისგან გაიწმინდა, აღორძინდა და უკეთესიც გახდა.
ჩემი სტუმრობის დროს მე ვიხილე მშვენიერი ლუთერანული ეკლესია, ფრაუენკირხე, (ღვთისშობლის ეკლესია). 1700 წ. აშენებული, ეს ეკლესია იყო დრეზდენის ერთ-ერთი კაშკაშა სამკაული, მაგრამ ომმა იგი ნამსხვრევების გროვად აქცია. მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ მდგომარეობაში იყო, სანამ ბოლოს და ბოლოს არ დადგინდა, რომ ფრაუენკირხე უნდა კვლავ აშენდეს.
დანგრეული ეკლესიის ქვები გადაინახა და დაინომრა და გამოიყენებულ იქნა რეკონსტრუქციის დროს. დღეს თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს შებოლილი ქვები გარე კედლებში. ეს ნაიარები არა მხოლოდ ამ შენობის ომის ისტორიას გვახსენებს, არამედ იმედის მონუმენტია - ადამიანის ფერფლიდან ახალი სიცოცხლის აღორძინების შესაძლებლობის დიადი სიმბოლო.
როცა ვფიქრობდი დრეზდენის ისტორიაზე და გაოცებული ვიყავი იმათი გამჭრიახობითა და გადაწყვეტილებებით, ვინც აღადგინეს ის, რაც სრულიად განადგურებული იყო, მე სულიწმინდის ტკბილი გავლენა ვიგრძენი. რა თქმა უნდა, -ვფიქრობდი მე, თუ ადამიანს ძალუძს ნამსხვრევები და ქალაქისგან დარჩენილი ნანგრევები გარდაქმნას ზეშთამაგონებელ, აღმაფრთოვანებელ ნაგებობად, რომელიც ცამდე აღიმართება, რამდენად დიდია ჩვენი მამაზეციერის შესაძლებლობანი თავისი შვილების აღდგენაში, რომლებიც დაეცნენ, ჭიდილში არიან ან გზა აებნათ?
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა დონეზე განადგურებული გვეჩვენება ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, როგორი მძიმეა ჩვენი ცოდვები, როგორი ღრმაა ჩვენი მწუხარება, რაოდენ ეულნი, მიტოვებულნი ან გულგატეხილნი შეიძლება ვიყოთ. იმათთვისაც კი, ვინც უიმედოდ არიან, სასოწარკვეთილნი, იმედგაცრუებულნი, დათმეს პატიოსნება ან ზურგი შეაქციეს ღმერთს, არსებობს აღშენების საშუალება. გარდა იმ იშვიათი კვდომის შვილებისა, არ არსებობს ცხოვრება იმდენად გაფუჭებული, რომლის აღდგენა შეუძლებელია.
სახარების სასიხარულო ამბავი ესაა: ბედნიერების მარადიული გეგმის გამო, რომელიც, იესო ქრისტეს უსაზღვრო მსხვერპლის მეშვეობით უზრუნველყო ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა, ჩვენ გამოსყიდულნი ვიქნებით არა მხოლოდ ჩვენი დაცემული მდგომარეობიდან და ავღდგებით სიწმინდეში, არამედ მიწიერ წარმოდგენასაც გავცდებით და გავხდებით მარადიული ცხოვრების მემკვიდრენი და ღვთის აუღწერელი დიდების მონაწილენი.
იგავი დაკარგულ ცხვარზე
მხსნელის მსახურებისას იმ დროინდელი რელიგიის მსახურები არ იწონებდნენ იმას, რომ იესო უთმობდა დროს მათ, ვისაც ისინი „ცოდვილებს“ ეძახდნენ.
ალბათ მათ თვალში ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს იგი თვალებს ხუჭავდა ან ამართლებდა კიდევაც ცოდვილ საქციელს. ალბათ მათ სჯეროდათ, რომ ცოდვილთა დახმარების საუკეთესო ხერხი იყო გაკიცხვის, დაცინვის და შერცხვენის საშუალებით დახმარებოდნენ მათ მონანიებაში.
როცა მხსნელმა გაიგო, რას ფიქრობდნენ ფარისევლები და მწიგნობრები, მან უბრალო ამბავი მოყვა:
რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბურ ადგილას, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს, სანამ არ იპოვის?
„როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს”2.
საუკუნეების მანძილზე ეს იგავი ტრადიციულად აღიქმებოდა როგორც შეძახილი - დავაბრუნოთ დაკარგული ცხვარი და მივწვდეთ დაკარგულთ. ეს მისაღები და კარგია, მაგრამ დამატებითი აზრი ხომ არ დევს ამაში?
შესაძლებელია, რომ იესოს მიზანი, პირველი და საბოლოო, არის სწავლება კეთილი მწყემსის საქმის შესახებ?
შესაძლებელია, რომ იგი მოწმობდეს ღვთის სიყვარულს მისი უძღები შვილების მიმართ?
შესაძლებელია, რომ მხსნელის გზავნილი იყო, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის დაკარგულთა შესახებ და რომ იგი იპოვის მათ, იგი მისწვდება მათ და გადაარჩენს?
თუ ეს ასეა, რა უნდა ქნას ცხვარმა, რომ იყოს ღირსი ამ ღვთიური დახმარებისა?
საჭიროა ცხვრისთვის იცოდეს რთული სექსტანტის გამოყენება კოორდინატების დასადგენად? საჭიროა იცოდეს GPS-ის ხმარება თავისი ადგილმდებარეობის დასადგენად? ექსპერტიზის ჩატარებას ხომ არ საჭიროებს დამხმარე პროგრამის შესაქმნელად? ან იქნებ სპონსორი სჭირდება კეთილ მწყემსთან, რათა იგი მის გადასარჩენად მოვიდეს?
არა. რა თქმა უნდა, არა! ცხვარი ღირსია ღვთიური გადარჩენისა, უბრალოდ იმიტომ, რომ კეთილ მწყემს ის უყვარს.
ჩემი აზრით, იგავი დაკარგულ ცხვარზე ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნაწყვეტია მთელ წმინდა წერილში.
ჩვენი მხსნელი, მწყემსი კეთილი, გვიცნობს და ვუყვარვართ მას. იგი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ.
მან იცის, როცა ხართ დაკარგულნი და მან იცის, სად ხართ, მან იცის თქვენი მწუხარება, თქვენი უსიტყვო ვედრება, თქვენი შიში, თქვენი ცრემლები.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიკარგეთ - თქვენი პირადი არასწორი არჩევანის გამო თუ ისეთი ვითარებების გამო, რომლებიც თქვენ ვერ აკონტროლებთ.
ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ის, რომ თქვენ მისი შვილი ხართ და თქვენ მას უყვარხართ. მას უყვარს თავისი შვილები.
რადგან თქვენ მას უყვარხართ, იგი გიპოვით, იგი სიხარულით შემოგისვამთ მხრებზე. და როცა სახლში მიგიყვანთ, ეტყვის ერთს და ყველას: „გაიხარეთ ჩემთან ერთად; რადგან დაკარგული ცხვარი ვიპოვე“. 3
რა უნდა ვქნათ?
მაგრამ, თქვენ ალბათ ფიქრობთ: მე რა როლი მაქვს? რა თქმა აუნდა, მე იმაზე მეტი უნდა გავაკეთო, ვიდრე უბრალოდ გადარჩენას ველოდო.
მართალია, მამაზეციერს სურს, რომ ყველა მისი შვილი დაბრუნდეს მასთან, მაგრამ იგი არავის არ აიუძლებს ზეცაში. 4 ღმერთი ჩვენი ნების გარეშე არ გადაგვარჩენს.
ასე რომ, რა უნდა ვქნათ?
მისი მოწვევა უბრალოა:
„მობრუნდით … ჩემკენ“. 5
„მოდით ჩემთან“. 6
„მომიახლოვდით და მეც უფრო ახლოს მოვალ თქვენთან“. 7
ასე ვუჩვენებთ მას, რომ გვსურს, გადაგვარჩინოს.
ეს მოითხოვს რწმენას. მაგრამ მიეცემით სასოწარქვეთილებას. თუ რწმენა ახლა არ გაქვთ, დაიწყეთ იმედით.
თუ ვერ იტყვით იმას, რომ იცით, ღმერთი არსებობს, შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ ეს ასეა. შეიძლება იქონიოთ სურვილი, გწამდეთ ეს. 8 დასაწყისისთვის ეს საკმარისია.
შემდეგ, ამ იმედზე დაყრდნობით, ესაუბრეთ მამაზეციერს. ღმერთი მოგწვდებათ თავისი სიყვარულით და დაიწყება მისი ხსნისა და გარდაქმნის საქმე.
დროთა განმავლობაში თქვენ ამოიცნობთ მის ხელს თქვენს ცხოვრებაში. თქვენ იგრძნობთ მის სიყვარულს. და რწმენის ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე შეგემატებათ სურვილი იაროთ მის ნათელში და მიჰყვეთ მის გზას.
ჩვენ ამ რწმენის ნაბიჯებს ვეძახით „მორჩილებას“.
ეს ჩვენს დღეებში არ არის პოპულარული სიტყვა. მაგრამ მორჩილება იესო ქრისტეს სახარების ღირებული კონცეფციაა, რადგან ვიცით, რომ „ქრისტეს გამოსყიდვით, სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებების მორჩილებით მთელი კაცობრიობის გადარჩენაა შესაძლებელი“. 9
როცა რწმენას ვზრდით, ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ერთგულებაც. ამის წინ მე მოვახდინე გერმანული ავტორის ციტირება, რომელიც დასტიროდა დრეზდენის განადგურებას. მან ასევე ეს ფრაზა დაწერა: “Es gibt nichts Gutes, ausser man tut es.” მათთვის, ვინ არ იცის ცელლესტიალური ენა, ვიტყვი: ეს ითარგმნება, როგორც „სიკეთე არ არსებობს, თუკი არ შექმნი მას“. 10
ჩვენ შეგვიძლია მჭერმეტყველურად ვისაუბროთ სულიერზე. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ადამიანებზე შთაბეჭდილება ჩვენი ღრმა ინტელექტუალური საუბრებით რელიგიურ თემებზე. ჩვენ შეგვიძლია ექსტრავაგანტულად ვისაუბროთ რელიგიაზე და „ვიოცნებოთ ჩვენს ზეციურ სახლზე“. 11 მაგრამ თუ ჩვენი რწმენა არ ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, თუ ჩვენი მრწამსი არ ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, მაშინ ჩვენი რელიგია ფუჭია, და ჩვენი რწმენა, თუკი არ არის მკვდარი, რა თქმა უნდა არ ვარგა და საბოლოოდ მიილევა. 12
მორჩილება რწმენას ასულდგმულებს. მორჩილებით ჩვენ სულში ნათელს ვიკრებთ.
თუმცა ზოგჯერ ჩემი აზრით, ჩვენ არასწორად გვესმის მორჩილება. ჩვენ შეიძლება ვხედავთ მორჩილებას, როგორც ბოლო მიზანს და არა როგორც მიზნის მისაღწევ საშუალებას. ანუ გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვურტყათ მცნებების რკინის გრდემლს მორჩილების მეტაფორული ჩაქუჩი საყვარელი ადამიანებისთვის „ფორმის მისაცემად“, მარადიული გავარვარებით და გამეორებითი დარტყმებით, იმ მიზნით, რომ უფრო ღვთიური, წმინდა მასალა მივიღოთ.
არ არსებობს ამაზე ორი აზრი: ზოგჯერ არის დრო, როცა გვჭირდება მტკიცე მოხმობა მონანიებისკენ. რა თქმა უნდა, არიან ზოგიერთნი, რომლებსაც მხოლოდ ასე თუ მისწვდები.
თუმცა იქნებ არსებობს სხვა მეტაფორა, რომელიც აგვიხსნის, რატომ ვემორჩილებით ღვთის მცნებებს. იქნებ მორჩილება იმდენად არ ეხება ჩვენი სულების მოღუნვას, დაგრეხას ან ჭედვას, იმის დამსგავსების მიზნით, რაც არ ვართ? პირიქით, ეს ისეთი პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ, რისგან ვართ შექმნილნი.
ჩვენ შეგვქმნა ყოვლისშემძლე ღმერთმა. იგი ჩვენი მამაზეციერია. ჩვენ პირდაპირი გაგებით მისი სულიერი შვილები ვართ. ჩვენ შექმნილნი ვართ უმაღლესი, უძვირფასესი და სუფთა მასალისგან, ასე რომ, ჩვენ ღვთიურ ნივთიერებას ვატარებთ.
აქ, დედამიწაზე, ჩვენი აზრები და ქმედებები მძიმდება იმით, რაც არ არის პატიოსანი, წმინდა და სუფთა. მტვერი და ჭუჭყი ამასოფლის ტოვებს ჩვენს სულებზე ლაქებს, რის გამოც რთული ხდება ჩვენი პირმშოობისა და მიზნის ამოცნობა და გახსენება.
მაგრამ ყოველივე ეს ვერ შეცვლის იმას, რაც სინამდვილეში ვართ. ჩვენი ბუნების ძირითადი ღვთიურობა რჩება. და იმ მომენტში, როცა ვირჩევთ, გადავხაროთ გული ჩვენი საყვარელი მხსნელისაკენ და შევდგათ ფეხი მოწაფეობის გზაზე, რაღაც სასწაულებრივი ხდება. გული ღვთის სიყვარულით გვევსება; ჭეშმარიტების სინათლე გონებას გვივსებს; ჩვენ ვკარგავთ ცოდვის ჩადენის სურვილს და აღარ გვინდა სიბნელეში სიარული. 13
ჩვენ ვხედავთ მორჩილებას არა როგორც დასჯას, არამედ ჩვენი საბოლოო ღვთიური დანიშნულებისკენ მიმავალ გამანთავისუფლებელ გზას. ნელ-ნელა მიწიერი ხრწნა, მტვერი და შეზღუდვა გვშორდება. და ბოლოს, ჩვენში იხსნება ზეციური არსების ფასდაუდებელი, მარადიული სული და სიკეთის გამოსხივება ხდება ჩვენი ბუნების განუყრელი ნაწილი.
თქვენ ხართ ღირსნი გადარჩენისა
ძვირფასო დებო და ძმებო, ძვირდასო მეგობრებო, მე ვმოწმობ, რომ ღმერთი გვხედავს ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ხედავს იმას, სად ვიმყოფებით და როგორნი ვართ სინამდვილეში, და მის თვალში ჩვენ ღირსნი ვართ გადარჩენისა.
შესაძლოა იფიქროთ, რომ თქვენი ცხოვრება ნანგრევებშია მოქცეული. იქნებ ცოდავდით კიდეც. შეიძლება გეშინიათ, ბრაზობთ, გლოვობთ ან ეჭვით იტანჯებით. მაგრამ ზუსტად ისე, როგორც მწყემსი კეთილი პოულობს თავის დაკარგულ ცხვარს, სამყაროს მხსნელი გიპოვით, თუკი უბრალოდ მისკენ აიმაღლებთ გულს.
იგი გადაგარჩენთ.
იგი აგიყვანთ და მხრებზე შეგისვამთ.
იგი სახლში წაგიყვანთ.
თუ მიწიერ ხელებს შეუძლია, მშვენიერ სამლოცველოდ აქციონ ნანგრევები და ნამსხვრევები, მაშინ ჩვენ უნდა დარწმუნებულნი ვიყოთ და გვწამდეს, რომ ჩვენი საყვარელი ღმერთი შეძლებს ჩვენს აღდგენას. მაგრამ ეს უბრალო რესტავრაციაზე მეტია. მისი გეგმაა იმაზე მეტად დიად არსებად გვაქციოს, რაც მანამდე ვიყავით, იმაზე დიადად, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. მოწაფეობის გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯთან ერთად ჩვენ გარდავიქცევით მარადიული დიდებისა და უსაზღვრო სიხარულის არსებებად, რაც თავდაპირველად იყო ჩვენთვის ჩაფიქრებული.
ეს არის არა მხოლოდ ჩემი მოწმობა, დალოცვა და ასევე ჩემი მორჩილი და რწმენით აღსავსე ლოცვა ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.