გენერალური კონფერენცია
იმედის სრულყოფილი ნათელი
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იმედის სრულყოფილი ნათელი

აღდგენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი ჭეშმარიტება, რომ ღმერთი მოქმედებს ამ სამყაროში, ამიტომ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, უნდა ვიქონიოთ იმედი, მაშინაც კი, როცა რაღაც დაუძლეველის წინაშე აღმოვჩნდებით.

გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიპატიჟა, 2020 წ. აპრილის კონფერენციის მოლოდინში ყველას მოგვეხედა უკან , რათა იესო ქრისტეს სახარების აღდგენაში დაგვენახა ღვთის ხელის დიდებულება. მე და და ჰოლანდი სერიოზულად მოვეკიდეთ ამ წინასწარმეტყველურ მოპატიჟებას. ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ვცხოვრობდით 1800-იანი წლების დასაწყისში და განვიხილავდით იმდროინდელ რელიგიურ მრწამსს. იმ წარმოდგენილ ვითარებაში ვკითხეთ საკუთარ თავს: „რა აკლია? რას ვინატრებდით? რას ვისურვებდით ღმერთისგან ჩვენი სულიერი ლტოლვის საპასუხოდ“?

ჩვენ მივხვდით, რომ ერთი რამ, რასაც ორი საუკუნის წინ ძალიან ვინატრებდით, იქნებოდა იმ დღეებში არსებულთან შედარებით ღმერთის უფრო ჭეშმარიტი კონცეფციის აღდგენა, რადგან შეცდომებისა და არასწორი აღქმის გამო ღმერთს საუკუნეების მანძილზე უმალავდნენ ხალხს. დავესესხები ფრაზას იმ დროის ცნობილ რელიგიურ მოღვაწეს, უილიამ ელერ ჩენინგს და ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით „ღმერთის მშობლიური ბუნების თვისების“ პოვნას, რასაც ჩენინგი განიხილავდა როგორც „ქრისტიანობის პირველ უდიდეს დოქტრინას.1 ასეთი დოქტრინა აღიქვამდა ღვთაებას როგორც ზეცაში არსებულ მზრუნველ მამას და არა ხისტ მოსამართლეს, რომელსაც გამოაქვს მკაცრი განაჩენი ან ადგილზე არ მყოფ პატრონს, რომელიც ოდესღაც მონაწილეობას იღებდა მიწიერ საქმეებში, ახლა კი სადღაც სხვაგან იმყოფება ამ სამყაროში.

დიახ, 1820 წ. ჩვენ ვისურვებდით, გვეპოვა ღმერთი, რომელიც ღიად, როგორც წარსულში, გვეასაუბრება და გვაძლევს მითითებებს, ჭეშმარიტი მამა, ამ სიტყვის ყველაზე მოსიყვარულე მნიშვნელობის გაგებით. იგი არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ცივი, თვითნებური ავტოკრატი, რომელიც წინასწარ განსაზღვრით აირჩევდა მცირედს გადასარჩენად, დანარჩენებს კი, კაცობრიობის ოჯახიდან, გაწირავდა დასაღუპად. იგი იქნებოდა ის, რომლის ყოველი მოქმედება, ღვთიური განცხადებით, იქნებოდა „ამა ქვეყნისთვის სასარგებლო, რადგან მას ისე უყვარს ქვეყანა “2 და ყოველი არსებისთვის ამ სამყაროში. ეს სიყვარული იქნებოდა მისი საბოლოო მიზეზი, რის გამოც მან გამოაგზავნა დედამიწაზე იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე.3

ჩვენ რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში გვეცხოვრა, დიდი განგაშით გავიაზრებდით, რომ ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვნად მოიკიდა ფეხი მხსნელის ცხოვრების რეალობასა და აღდგომასთან დაკავშირებულმა ეჭვმა. ამიტომ, ვისურვებდით, მთელს სამყაროს მიეღო დასტური , რომელიც დაამტკიცებდა ბიბლიურ მოწმობას იმაზედ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, ამ სიტყვის სრული გაგებით, ალფა და ომეგა, სამყაროს ერთადერთი მხსნელი, რომელიც ცნობილია კაცობრიობისთვის. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებდით, რომ მოევლინებოდა სხვა წმინდა წერილზე დაყრდნობილი მოწმობა, რაიმე, რაც გახდებოდა კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რაც გააფართოვებდა და გააღრმავებდა ჩვენს ცოდნას მისი სასწაული დაბადების, საოცარი მსახურების, გამომსყიდველი მსხვერპლისა და დიდებული აღდგომის შესახებ. ჭეშმარიტად, ასეთი საბუთი იქნებოდა „ზეციდან [გამოგზავნილი] … პატიოსნება; და დედამიწიდან [გაგზავნილი] … ჭეშმარიტება“.4

იმდროინდელი ქრისტიანული სამყაროსთვის რომ გადაგვევლო თვალი, ჩვენ ვისურვებდით, გამოჩენილიყო ღვთისგან უფლებამოსილი, ჭეშმარიტი მღვდლობის მქონე პირი, რომელიც მოგვნათლავდა, გადმოგვცემდა სულიწმინდის ძღვენს და შეასრულებდა ამაღლებისთვის საჭირო სახარების ყველა წეს-ჩვეულებას. 1820 წ. ჩვენ ვისურვებდით, აღსრულებულიყო უფლის სახლის დიდებულ დაბრუნებასთან დაკავშირებული ესაიას, მიქასა და სხვა ძველი დროის წინსაწარმეტყველების მჭერმეტყველური წინასწარმეტყველებანი.5 დიდი სიხარულით ვიხილავდით წმინდა ტაძრების კვლავ დაარსების დიდებას, სულიწმინდით, წეს-ჩვეულებებით, მარადიული ჭეშმარიტების სწავლების, პირადი ჭრილობების განკურნებისა და ოჯახების სამარადისოდ შეკვრის ძალითა და უფლებამოსილებით. მე ყველგან დავიწყებდი იმ პიროვნების ძებნას, რომელსაც ექნებოდა უფლებამოსილება, ეთქვა ჩემთვისა და ჩემი საყვარელი პატრიციასთვის, რომ ჩვენი ქორწინება ჩაიბეჭდა ამ წუთისოფლისთვისა და მარადისობისთვის და სულაც არ მექნებოდა იმის სურვილი, ოდესმე მომესმინა აკვიატებული, წყევლისმაგვარი, გონებიდან ძნელად ამოსაშლელი სიტყვები „სანამ სიკვდილი დაგაშორებთ“. მე ვიცი, რომ „ჩვენი მამის სახლში ბევრი სავანეა“,6 მაგრამ გეტყვით: რომ მქონოდა ასეთი პატივი, მიმეღო ერთ-ერთი მათგანი, პეტისა და ჩვენი შვილების გარეშე ეს ჩემთვის უბრალო დაფხავებული ქოხი იქნებოდა. ჩვენი წინაპრებისთვის კი, რომელნიც საუკუნეების წინ დაიხოცნენ ისე, რომ არც კი სმენიათ იესო ქრისტეს სახელი, ჩვენ ვისურვებდით ყველაზე მოწყალე და სამართლიანი ბიბლიური კონცეფციის აღდგენას - ცოცხალთა მიერ გარდაცვლილთათვის ხსნის შემცვლელი წეს-ჩვეულებების ჩატარებას.7 არც ერთი სხვა პრაქტიკა არ იძლევა ამაზე ჩინებულ მოსიყვარულე მამის ზრუნვას თავის ყოველ მიწიერ შვილზე, იმისგან დამოუკიდებლად, სად და როდის ცხოვრობდნენ ისინი.

ჩვენი 1820 წლის სურვილებთან დაკავშირებული სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ალბათ ის არის, რომ მსგავსი სურვილები ამაო არ იქნებოდა. დაწყებული წმინდა ტყეში გაგრძელებული ამ დღემდე, ამ სურვილებმა ხორცი შეისხა და გახდა, როგორც პავლე მოციქული და სხვები გვასწავლიდნენ, სულისთვის ღუზა, უტყუარი და მყარი.8 ის, რასაც ოდესღაც ნატრობდნენ, ახლა ისტორიად იქცა.

ასეთი იყო ჩვენი 200 წლიანი ისტორიის მიმოხილვა ღვთის სიკეთისა სამყაროსადმი. მარგამ მომავალზე რა ვთქვათ? ჩვენ კვლავაც გვაქვს სურვილები, რომლებიც ჯერ არ აღგვსრულებია ახლაც კი, ჩვენ ყველანი COVID-19 -თან ხელჩართულ ბრძოლაში ვიმყოფებით. ამით შეგვახსენეს, რომ ვირუსს,9 რომელიც ქვიშის ნაწილაკზე10 1 000 ჯერ უფრო პატარაა, შეუძლია, დააჩოქოს ერები და საერთაშორისო ეკონომიკა. ჩვენ ვლოცულობთ მათზე, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები ამ თანამედროვე დაავადების გამო, ასევე დაინფიცირებულებზე და რისკის კატეგორიაში მყოფებზე. რა თქმა უნდა, ვლოცულობთ მათთვის, ვინც ასე არაჩვეულებრივად ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე. და როცა ამას დავძლევთ - ეს კი აუცილებლად ასე იქნება - დაე, შევთანხმდეთ და თანაბრად ავიღოთ ვალდებულება, გავანთავისუფლოთ მსოფლიო შიმშილის ვირუსისგან, ასევე გავანთავისუფლოთ ჩვენი თემები და ერები სიღარიბის ვირუსისგან. მოდით, ვიქონიოთ იმედი, რომ სკოლებში მოსწავლეები ისწავლიან და მათ ეს სიცოცხლის ფასად არ დაუჯდებათ და ღვთის არცერთ შვილს პირადი ღირსება არ შეელახება, რასობრივი, ეთნიკური თუ რომელიმე სხვა ცრურწმენის გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მუდმივი იმედია - მეტი ერთგულება ყველა მცნებათა შორის ორი დიდი მცნებისადმი: გიყვარდეს ღმერთი და გამოხატო ეს მისი რჩევის მიღებით და გიყვარდეს მოყვასი შენი და გამოხატო ეს სიკეთის, თანაგრძნობისა და მიტევების მეშვეობით.11 ეს ორი დიდი ღვთიური მითითება კვლავაც და სამარადისოდ იქნება ერთადერთი რეალური იმედი იმისა, რომ დავუტოვებთ შვილებს იმაზე უკეთეს სამყაროს, რომელსაც ისინი იცნობენ.12

მრავალს ამ აუდიტორიაში დღეს, ამ გლობალურ სურვილების გარდა, აქვთ ძალიან პირადული სურვილები: ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესება ან უბრალოდ ოჯახის შექმნა, მავნე ჩვევის დაძლევა, უძღები შვილის დაბრუნება, ათასნაირი ფიზიკური და ემოციური ტკივილის გაყუჩება. აღდგენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი ჭეშმარიტება, რომ ღმერთი მოქმედებს ამ სამყაროში, ამიტომ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, უნდა ვიქონიოთ იმედი, მაშინაც კი, როცა რაღაც დაუძლეველის წინაშე აღმოვჩნდებით. ამას გულისხმობს წმინდა წერილი, როცა აბრამს უიმედობაშიც კი იმედი ჰქონდა13ანუ მას სწამდა მაშინაც კი, როცა ყოველი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ არ ეწამა - რომ მას და სარას ეყოლებოდათ შვილი, როცა ეს ყველანაირად შეუძლებელი იყო. ასე რომ, გეკითხებით: „თუკი ამდენი 1820 წლის სურვილი აგვიხდა და ეს მოხდა ნიუ-იორკში, როცა უბრალო ბიჭი პატარა ტყეში მუხლმოდრეკილი იდგა და მას ღვთიური ნათელი მოეფინა, რატომ არ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მართალი სურვილები და ქრისტესმიერი მისწრაფება ჯადოსნურად, საოცრად ჰპოვებს პასუხს ყველა იმედის ღმერთისგან“? ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ მართალი სურვილები ოდესღაც, რამენაირად აგვიხდება.

დებო და ძმებო, ჩვენ ვიცით მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებული რელიგიური ნაკლოვანებების შესახებ. ამაზე მეტიც, ჩვენ ვიცით დღევანდელი რელიგიური ნაკლოვანებების შესახებ, რაც კვლავ იწვევს შიმშლს და იმედს შეუსრულებობის გამო . ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი უკმაყოფილებების გამო იზრდება მათი რიცხვი, ვინც ტოვებს ტრადიციულ ეკლეზიასურ დაწესებულებებს. ჩვენ ასევე ვიცით, როგორც დაწერა ერთმა გულგატეხილმა მწერალმა, რომ „მრავალ [დღევანდელ] რელიგიურ ხელმძღვანელს წარმოდგენა არ აქვს, როგორ გაუმკლავდეს ამ საკითხს და პასუხად სთავაზობს „თერაპევტულად გაზავებულ დეიზმს, იაფფასიან სიმბოლურ აქტიურობას, სათუთად დალაგებულ ერესს, [ზოგჯერ კი უბრალოდ] მოსაწყენ სისულელეს“14და ყოველივე ეს მაშინ, როცა სამყაროს იმდენად მეტი რამ ესაჭიროება, როცა ახალი თაობა ბევრად უფრო მეტს იმსახურებს და როცა იესოს დღეებში იგი ბევრად უფრო მეტს სთავაზობდა. ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, შეგვიძლია ჩვენს დროში ავმაღლდეთ ამ ძველი დროის ისრაელიანებზე, რომელნიც კვნესოდნენ: „გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი “.15 მართლაც, თუ საბოლოოდ იმედს დავკარგავთ, ჩვენ ბოლო ძალის მომცემ საკუთრებას დავკარგავთ. დანტემ დაუწერა გაფრთხილება ყველა მგზავრს, ვინც მის Divina Commedia- ში ჯოჯოხეთის კარს მიადგა: „თქვენ, ვინც აქ შემოდიხართ“, „დატოვეთ ყოველი იმედი“.16 მართლაც, როცა იმედი დაკარგულია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, არის ორივე მხარეს ბზვინვარე ქვესკნელის ცეცხლი.

ასე რომ, როცა ზურგით კედელთან აღმოვჩნდებით, როგორც ჰიმნში ვმღერით, „ვერავინ ვერ გვეხმარება და ნუგეშიც გვტოვებს“,17 ყველა გარდაუვალ სათნოებათა შორის იქნება იმედის ეს ძვირფასი ძღვენი, რომელიც განუყოფლად უკავშირდება ჩვენს რწმენას ღმერთში და ჩვენს მოწყალებას სხვებისადმი.

ამ ორასი წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე, როცა უკან ვიყურებით და ვხედავთ ყველაფერს, რაც მოგვეცა და ვხარობთ იმის გააზრებით, რომ ამდენი იმედი გამართლდა, მე ვიხსენებ ლამაზი, ახალგაზრდა, დაბრუნებული მისიონერი გოგონას გრძნობას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იოჰანესბურგში თქვა ასეთი სიტყვები: „[ჩვენ] არ მოვსულვართ აქამდე იმისთვის, რომ უბრალოდ აქამდე მოვსულიყავით“.18

მინდა მოვახდინო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი გამოსამშვიდობებელი სიტყვის პარაფრაზი, რომელიც ოდესმე ჩაწერილა წმინდა წერილში და ვთქვა ნეფისა და იმ ახალგაზრდა დის სახელით:

„ჩემო საყვარელო ძმებო [და დებო] მას შემდეგ, რაც თქვენ [აღდგენის ეს პირველი ნაყოფი მიიღეთ] მე მინდა გკითხოთ: ნუთუ ყველაფერი გაკეთდა? აჰა, მე გეუბნებით: არა. …

ამიტომ, თქვენ წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით, და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით. … და თუ ასე მოიქცევით … ამბობს მამა: გექნებათ მარადიული სიცოცხლე“.19

მე მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, ჩემო დებო და ძმებო, რაც მოგვეცა ამ ბოლო, ყველაზე დიდებულ ჟამთა წყობაში, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების წყობაში. ყოველი ძღვენი და კურთხევა, რომელიც ამ სახარებას მოაქვს, ჩემთვის ყველაფერია - ყველაფერი; ამიტომ, მამაზეციერისთვის მადლობის მოსახდელად მე „ვალდებულებები უნდა შევასრულო და სანამ დავიძინებ, ბევრი რამ გავაკეთო, დიახ, ბევრი რამ“.20 დაე, მივისწრაფოდეთ წინ, სიყვარულით გულში, ვიაროთ „იმედის ნათელში“21 რომელიც გაგვინათებს წმინდა მოლოდინების ბილიკს, რომელსაც უკვე 200 წლის განმავლობაში მივყვებით. მე ვმოწმობ, რომ მომავალი იქნება ისეთივე საოცრებებით სავსე და უხვად დალოცვილი, როგორც წარსული. ჩვენ გვაქვს ყოველი მიზეზი იმისთვის, რომ ველოდოთ იმაზე დიდ კურთხევებს, რაც უკვე მივიღეთ, რადგან ეს ყოვლადშემძლე ღმერთის საქმეა, ეს უწყვეტი გამოცხადებების ეკლესიაა და ეს გახლავთ უსაზღვრო მადლისა და კეთილგანწყობის სახარება. მე ვმოწმობ ყოველივე ამ ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა