2011
იდექით წმინდა ადგილებში
ნოემბერი 2011


იდექით წმინდა ადგილებში

იმისთვის, რომ თავი გავართვათ ცხოვრებისეულ სირთულეებს, აუცილებელია ვიქონიოთ კავშირი მამაზეციერთან. ამ კავშირში იგულისხმება ჩვენი მის მიმართ ლოცვები და მისი ჩვენს მიმართ შთაგონება.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენ ამ დილით მოვისმინეთ შესანიშნავი გამოსვლები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოვიდა სიტყვით. ჩვენ განსაკუთრებით გვსიამოვნებს ის, რომ ჩვენთან იმყოფება უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი. გვიხარია, რომ კარგად ხარ, ბობ. გვიყვარხარ.

მე ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მეთქვა თქვენთვის დღეს დილით. არჩევანი გავაკეთე იმ თემაზე, რომელიც ამ დროისთვის მიზანშეწონილად მიმაჩნია. მე ვლოცულობ მასზედ, რომ ჩემს გამოსვლას სული წმინდა უძღვებოდეს.

მე უკვე 84 წელია დავაბიჯებ დედამიწაზე. იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ ჩემს ასაკზე გეტყვით, რომ დავიბადე იმ წელს, როდესაც ჩარლზ ლინდბერგმა პირველად ისტორიაში მონოპლანით მოახდინა ფრენა ნიუ–იორკიდან პარიზამდე. ამ 84 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ადამიანი მთვარეზეც კი გაფრინდა. ფაქტიურად გუშინდელი ფანტასტიკა დღევანდელ რეალობად იქცა. ეს რეალობა კი ისე სწრაფად ვითარდება, რომ ხშირად ვერც კი ვასწრებთ გავეცნოთ სიახლეებს. მათ, ვისაც ახსოვთ დისკიანი ტელეფონები და საბეჭდი მანქანები, აოცებთ დღევანდელი ტექნოლოგიები.

იგივე ითქმის საზოგადოებრივ მორალზეც. საქციელი, რომელიც ოდესღაც ამორალურად ითვლებოდა, ახლა ბევრის მიერ მისაღებია.

მე ახლახანს წავიკითხე ვოლ სთრით ჯორნალში ბრიტანეთის მთავარი რაბინის, ჯონათან სექის სტატია. ის წერს: „სამოციან წლებში დასავლეთ ქვეყნებში მიმდინარეობდა მორალური რევოლუცია. როგორც „ბიტლზები” მღეროდნენ, სიყვარული–მეტი არაფერი არ გჭირდება. იუდეველ–ქრისტიანული მორალი იგნორირებულ იქნა. მის სანაცვლოდ დამკვიდრდა გამონათქვამი: „რაც გინდა ის აკეთე”. ათი მცნება გადააქციეს ათ წინადადებად”.

რაბინი სექი მწუხარებით აგრძელებს:

„ჩვენ მორალურ კაპიტალს ისეთივე დაუდევრობით ვხარჯავდით, როგორც ფინანსურს. …

„მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რელიგია წარსულს ჩაბარდა, დღევანდელი კულტურა კარნახობს: იყიდე, დახარჯე, ჩაიცვი, გამოიჩინე თავი, რადგან შენ ეს დაიმსახურე. მორალი აღარ არის მოდაში, ნამუსი მხოლოდ სუსტი ადამიანების დამახასიათებელი ატრიბუტია, და არსებობს ერთადერთი მთავარი მცნება: „ოსტატურად შეინიღბე”.1

ჩემო დებო და ძმებო, სამწუხაროდ ასეთია სამყარო ჩვენს ირგვლივ. ვწუხვართ ჩვენ იმაზედ, თუ როგორ ვახერხებთ ასეთ სამყაროში არსებობას? სამწუხაროდ, არა. ჭეშმარიტად, ჩვენ ცხოვრებაში იესო ქრისტეს სახარება გვაქვს, და ჩვენ ვიცით, რომ მორალი ძველმოდურობა არ არის, და რომ ნამუსი ჩვენი გზამკვლევია, და რომ ჩვენ ჩვენს ქმედებებზე პასუხს ვაგებთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ასე შეიცვალა, ღვთის კანონები უცვლელი დარჩა. ათი მცნება იგივე ათი მცნებაა, და არა წინადადება. ათ მცნებას დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც იმ დროს, როდესაც ღმერთმა ისინი ისრაელის შვილებს მისცა. ყურს თუ დავუგდებთ, გავიგონებთ ღმერთის ხმას, რომელიც აქ, ამ წუთას მოგვმართავს:

„არ იყოლიო სხვა ღმერთი ჩემს გარდა.

„არ გაიკეთო კერპი. …

„არ წარმოთქვა უფლის,შენი ღმერთის, სახელი ამაოდ. …

„დაიცავი შაბათის დღე, რათა წმინდაჰყო იგი. …

„პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს. …

„არა კლა.

„არ იმრუშო.

„არ იქურდო.

„არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. …

„არ ისურვო”.2

ჩვენი მორალური კოდექსი მყარია და არ ექვემდებარება ცვლილებებს. იგი ჩადებულია არა მარტო ათ მცნებაში, არამედ მთაზე ქადაგებაშიც, რომელიც დაგვიტოვა უფალმა, თავის დედამიწაზე ყოფნის დროს. ის მაცხოვრის ყოველ ქადაგებაშია და თანამედროვე გამოცხადებების სიტყვებშიც მოიპოვება.

მამა ჩვენი ზეციერი იგივეა გუშინაც, დღესაც და მარადის. წინასწარმეტყველი მორმონი გვასწავლის, რომ ღმერთი უკუნითი უკუნისამდე უცვლელია.3 ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი ასე სწრაფად იცვლება, მისი მარადიულობა არის ის ღუზა, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, რათა არ წაგვიღოს წყალქვეშა დინებამ.

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სხვები თქვენზე კარგად ატარებენ დროს. ზოგიერთ თქვენთაგანს მოეჩვენება, რომ ჩვენი ეკლესიის მორალური კოდექსი გზღუდავთ. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვაცხადებ, რომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომელიც მოიპოვება მაშიმ, როდესაც მივდევთ მაცხოვარს და ვიცავთ მის მცნებებს. ასეთ სიხარულს ვერ განიცდით მიწიერ გართობებში. მოციქული პავლე გვიცხადებს ჭეშმარიტებას, როცა ამბობს: „ მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი”.4 ტერმინი „მიწიერი ადამიანი” შეიძლება თითოეულმა ჩვენთაგანმა მოირგოს, თუკი საკუთარ თავს მივცემთ ნებას ვიყოთ ასეთნი.

ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ სამყაროში, რომელიც ასე დაშორდა სულიერებას. აუცილებელია არ მივიკაროთ არაფერი, რაც არ შეესაბამება ჩვენს სტანდარტებს, რამეთუ არ დავთმოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვწადია: მარადიული ცხოვრება ღვთის სასუფეველში. დროდადრო სირთულეები გვექნება ცხოვრებაში, მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მიწიერ ცხოვრებაში არსებობის გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მაშინ, როდესაც ვართ სახარებით გაჯერებულნი, მაცხოვრის მიმართ სიყვრალულით აღვსილნი, ჩვენ უკეთ ვუმკლავდებით მათ, და მეტსაც ვსწავლობთ. წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა: „სამართლიანობის საქმე იქნება მშვიდობა, სამართლიანობის შედეგი კი სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა.”5

იმისთვის, რომ ვიყოთ ამ ქვეყნად და ვიყოთ არა ამ ქვეყნიერი, აუცილებელია ლოცვაში ვესაუბროთ მამაზეციერს. ის ელის ამას, ის უპასუხებს ჩვენს ლოცვებს. მაცხოვარმა გვირჩია, როგორც ეს დაწერილია 3 ნეფი 18, „მუდამ იფხიზლეთ და ილოცეთ, რამეთუ არ ცდუნდეთ, ვინაიდან სატანას უნდა თქვენი შეპყრობა. …

ასე რომ, ყოველთვის მიმართეთ ლოცვით მამას ჩემი სახელით;

და რასაც მამაზეციერს რწმენით შესთხოვთ ჩემი სახელით, უსათუოდ მოგეცემათ, თუ სურვილი მართებულია.”6

მე ჩემი დამოწმება მივიღე 12 წლის ასაკში. ბევრს ვმუშაობდი, და ხუთი დოლარის გადადება მოვახერხე. ეს დეპრესიის წლებში ხდებოდა, როდესაც ხუთი დოლარი საკმაოდ სერიოზული თანხა იყო, განსაკუთრებით 12 წლის ბიჭისთვის. მე მამას ხუთი დოლარის ხურდა ჩავაბარე, მან კი ქაღალდის კუპიურა მომცა. კარგად მახსოვს, რომ ამ ხუთი დოლარით რაღაც განსაკუთრებული უნდა მეყიდა, თუმცა ახლა ვეღარ ვიხსენებ რა მინდოდა ასე ძალიან. მე მხოლოდ ეს განცდა მახსოვს.

იმ დროს ჩვენ არ გვქონდა სარეცხი მანქანა, ასე რომ ყოველ კვირას დედა სარეცხს სამრეცხაოში აგზავნიდა. რამოდენიმე დღის შემდეგ გაწურული სარეცხი ჩვენთან სახლში მოჰქონდათ და დედა მას ეზოში სარეცხის თოკებზე ფენდა გასაშრობად.

ჩემი ხუთ დოლარიანი კუპიურა ჯინსის ჯიბეში მედო. როგორც ხვდებით, ჯინსი სამრეცხაოში წაიღეს. როცა მივხვდი, რა მოხდა, ძალიან შევწუხდი. მე ვიცოდი, რომ როგორც წესი, გარეცხვამდე ჯიბეები სამრეცხაოში ისინჯებოდა. თუ ფული პირველ ეტაპზე არ ამოიღეს ჯიბიდან, მაშინ მას აუცილებლად მეორე ეტაპზე, გარეცხვის დროს აღმოაჩენდნენ, და სამრეცხაოს თანამშრომელს, კუპიურის დაბრუნების სურვილიც რომ ჰქონოდა, წარმოდგენა არ ექნებოდა, ვის ეკუთვნოდა ეს ფული. ჩემი ხუთი დოლარის დაბრუნების შანსი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ეს დედამაც დამიდასტურა, როდესაც ვუამბე მას ჩემი „უბედურება”.

ო, როგორ მჭირდებოდა ეს ფული! მე ხომ იმდენს ვშრომობდი მის საშოვნელად. მე ვიცოდი, რომ დამრჩენია მხოლოდ ერთი რამ: სასოწარკვეთილმა, მამაზეციერს მივმართე და ვევედრებოდი, შეენახა ჩემი ფული გარეცხილი ჯინსის ჯიბეში.

ორი გრძელი დღე გავიდა. დადგა სარეცხის მოტანის დრო. მე ფანჯარასთან დავჯექი მოლოდინში. როდესაც მანქანა გამოჩნდა, გული ამიჩქარდა. როგორც კი სველი სარეცხი სახლში შემოიტანეს, ჩემ ჯინსს ვტაცე ხელი და საძინებელში გავვარდი. აკანკალებული ხელი ჯიბეში ჩავყავი. თავიდან ვერაფერი ვერ ვნახე, და უკვე თითქმის იმედი გამიცრუვდა. უეცრად თითებმა სველი კუპიურა მოსინჯეს. ო რა შვება ვიგრძენი მაშინ, როდესაც ჯიბიდან სველი ხუთ დოლარიანი ამოვიღე! მე მამაზეციერს გულითადი მადლიერების ლოცვა აღვუვლინე, რამეთუ ვიცოდი, რომ მან ჩემს ლოცვას უპასუხა.

იმ დღიდან უამრავ ლოცვაზე მივიღე პასუხი. არ გასულა არც ერთი დღე, როდესაც მე მამაზეციერს ლოცვაში არ ვესაუბრე. ასეთი ურთიერთობის გარეშე მე ვერ ვიარსებებდი. თუ თქვენ ამჟამად არა გაქვთ ასეთი ურთიერთობა მამაზეციერთან, მე გირჩევთ დაუახლოვდეთ მას. ამ დაახლოების პროცესის შედეგად თქვენ ცხოვრებაში აუცილებელი შთაგონებისა და სული წმინდის ხელმძღვანელობის ღირსნი გახდებით. ეს ძღვენი ხომ უანგაროდ გვეძლევა, ოღონდაც მოვინდომოთ ამ განძის მიღება.

მე ყოველთვის დიდ მადლიერებასა და მორჩილებას განვიცდი, როდესაც მამაზაციერი შთამაგონებს. მე ვისწავლე ამ შთაგონების გამოცნობა, ნდობა, და შემდგომ მოქმედება. მე ასეთი შთაგონებები ხშირად მიმიღია. 1987წ. აგვისტოს თვეში გერმანიაში, ფრანქფურტის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პრეზიდენტი ეზრა ტაფთ ბენსონი რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენთან იმყოფებოდა, შემდეგ სახლში მოუწია წასვლა და დანარჩენი სხდომების ჩატარება მე მომიწია.

შაბათს ჩვენ ჩავატარეთ სხდომა ჩვენი ჰოლანდიელი მრევლისთვის, რომელიც ფრანქფურტის ტაძრის ოლქს ეკუთვნოდა. მე კარგად ვიცნობდი ერთ–ერთ ჰოლანდიელ ხელმძღვანელს, ძმა პიტერ მიურიქს. სხდომის დაწყებამდე მე მტკიცედ ვიცოდი, რომ ვთხოვდი ძმა მიურიქს ჰოლანდიელი მრევლის წინაშე სიტყვით გამოსვლას, და რომ ის იქნებოდა პირველი გამომსვლელი. იმ დილით, როდესაც ძმა მიურიქი ტაძარში ვერ შევნიშნე, მე მოკლე ბარათი მივწერე ჩვენს ზონალურ პრეზიდენტს, უხუცეს კარლოს ი. ესის, რომელშიც ვკითხე, სად იყო პიტერ მიურიქი. ზუსტად სხდომის დაწყებამდე მე პასუხად ბარათი მივიღე, სადაც ეწერა, რომ ძმა მიურიქი ტაძარში არ იმყოფებოდა. ის სხვა საქმით იყო დაკავებული და ტაძარში სამხედრო პირთა ჯგუფთან ერთად ხვალ მოვიდოდა.

როდესაც მე ხალხის მისასალმებლად ტრიბუნაზე ავედი, ისევ მივიღე შთაგონება, რომ პიტერ მიურიქის სახელი უნდა გამომეცხადა. მიუხედავად იმისა, რომ უხუცეს ესისგან ვიცოდი, რომ ის ტაძარში არ იმყოფებოდა, მე მაინც შთაგონებას მივენდე: გამოვაცხადე გუნდის გამოსვლა, ლოცვა, და შემდეგ დავასახელე პირველი გამომსვლელი–ძმა მიურიქი.

ადგილზე რომ ვბრუნდებოდი, უხუცეს ესის შევხედე; ის აღელვებული ჩანდა. მოგვიანებით მან მითხრა, რომ ყურებს არ დაუჯერა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ მე მისგან შეტყობინება მივიღე და ვიცოდი, რომ ძმა მიურიქი ტაძარში იმ დროს არ იყო.

იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, პიტერ მიურიქი პორტშტრასსში ზონალურ კრებაზე იმყოფებოდა. უეცრად შეხვედრის მსვლელობისას ის რაიონის წარმომადგენელთან, უხუცეს თომას ა. ჰოუქსისაკენ მობრუნდა და ჰკითხა: „ტაძარში რამდენ ხანში მიმიყვან?”

უხუცესი ჰოქსი, რომელიც კარგად იყო ცნობილი მანქანით სწრაფი სიარულის გამო, უპასუხა: „ათ წუთში, მაგრამ რა გინდა ეხლა ტაძარში?”

ძმა მიურიქმა უპასუხა, რომ თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ უნდა მისულიყო ტაძარში. ისინი სწრაფად გაემგზავრნენ ტაძრისკენ.

გუნდი არაჩვეულებრივად მღეროდა, მე აქეთ–იქით ვიყურებოდი იმედით, რომ სადმე ძმა მიურიქს დავინახავდი. ის არსად არ ჩანდა, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მე არ ვღელავდი. სასიამოვნო შინაგანი სიმშვიდის გრძნობა მქონდა და ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ძმა მიურიქი ტაძრის წინა კარებში შემოვიდა იმ დროს, როდესაც გახსნითი ლოცვა დასრულდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რისთვის მოვიდა. ის დერეფანში იყო, როდესაც მონიტორზე დამინახა და გაიგონა ჩემი სიტყვები: „ახლა სიტყვით გამოვა ძმა მიურიქი”.

უხუცესი ესის გასაკვირად პიტერ მიურიქი იმწუთასვე შემოვიდა ოთახში და ტრიბუნაზე ამოვიდა.

სხდომის შემდეგ მე და ძმა მიურიქი ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მოხდა. ჩვენ ორივემ გავიაზრეთ ჩვენი შთაგონებები. ამ მნიშვნელოვანმა მაგალითმა დაგვიმტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იყო ასეთი შთაგონების ღირსი, ენდო მას და შემდეგ იმოქმედო. მე ვიცი ყველანაირი ეჭვის გარეშე, რომ უფალს სურდა, რომ ფრანკფურტის ტაძარში მყოფ ყოველ ადამიანს, მოესმინა თავისი მსახურის, ძმა მიურიქის ძლიერი, გულითადი დამოწმება.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, იმისთვის, რომ თავი გავართვათ ცხოვრებისეულ სირთულეებს, აუცილებელია ვიქონიოთ მამაზეციერთან კავშირი. ამ კავშირში იგულისხმება ჩვენი მის მიმართ ლოცვები და მისი ჩვენს მიმართ შთაგონება. უფალი გვეძახის: „მომიახლოვდით და მოვალ თქვენთან; მეძიეთ და მიპოვით”.7 როდესაც ასე მოვიქცევით, მის წმინდა სულს ვიგრძნობთ ცხოვრებაში; იგი გაგვაძლიერებს და გაგვიჩენს სურვილს „ურყევად ვიდგეთ წმინდა ადგილებში”.8

როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფად იცვლება სამყარო ჩვენს ირგვლივ და როგორ თვალსა და ხელს შუა იკარგება მორალი, მოდით გავიხსენოთ უფლის ძვირფასი დაპირება მათ, ვინც მასში რწმენას არ დაკარგავს: „ნუ გეშინიათ, რამეთუ თქვენთან ვარ. ნუ შეშინდებით, რამეთუ ვარ თქვენი ღმერთი; მე გაგაძლიერებთ თქვენ, და მოგეხმარებით; მე ჩემი სამართლიანი მარჯვენით გაგაძლიერებთ.”9

დაე ყველას შეგვაწიოს უფალმა ეს დაპირება. მე გულწრფელად ვლოცულობ ამას ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა