2011
შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ
ნოემბერი 2011


შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ

უფლის სულის საზომი ძალიან განსხვავდება მიწიერი საზომისაგან.

მოსე, ერთ–ერთი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც როდესღაც დაბადებულა დედამიწაზე, ფარაონის ქალიშვილმა გაზარდა. მან ცხოვრების 40 წელი ეგვიპტეში, სამეფო სასახლეში გაატარა. მასზე კარგად განა იცოდა ვინმემ ამ უძველესი სამეფოს დიდება?

მრავალი წლის შემდეგ, ძლიერი ეგვიპტესა და მისი დიდებისაგან შორს, მთის მწვერვალზე, იდგა მოსე ღვთის წინაშე და ესაუბრებოდა მას, როგორც თავის მეგობარს.1 ამ გამოცხადების დროს აჩვენა ღმერთმა მოსეს ის, რაც მან შექმნა, და დაანახა მას თავისი შრომა და დიდება. ხილვის შემდეგ დაეცა მოსე მიწაზე და დიდხანს ვერ ადგა ფეხზე. როდესაც მას ძალა დაუბრუნდა, მიხვდა იმას, რაც წლების მანძილზე ფარაონის კარზე ცხოვრებისას აზრად არ მოსვლია.

„მე ვიცი, რომ ადამიანი არაფერია.”2

ჩვენ იმაზე გაცილებით უფრო უმნიშვნელონი ვართ, ვიდრე გვგონია

რაც უფრო მეტს შევიცნობთ სამყაროს, მით უფრო კარგად გვესმის, ნაწილობრივ მაინც, ის, რაც მოსემ იცოდა. სამყარო ხომ ისეთი დიდი, საოცარი და ამოუწურავია. „შევქმენი უამრავი სამყარო”, უთხრა ღმერთმა მოსეს.3 ღამის ცის საიდუმლოებანი ამ ჭეშმარიტების ულამაზესი დამოწმებაა.

როდესაც ღამით ოკეანებსა და კონტინენტებზე გადაფრენა მიწევდა და პილოტის კაბინიდან ფანჯარაში ვიყურებოდი, მილიონობით ვარსკვლავების უსაზღვრო დიდება აღფრთოვანებით მავსებდა.

ასტრონომებმა სცადეს ვარსკვლავების დათვლა. მეცნიერების ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ვარსკვლავების რაოდენობა, რომლებსაც ტელესკოპში ვხედავთ, 10 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს პლიაჟებზე და უდაბნოებში არსებული ქვიშა.4

ეს დასკვნა ჰგავს უძველესი დროის წინასწარმეტყველის, ენოქის ნათქვამს: „ადამიანს რომ შეეძლოს დედამიწის ნაწილაკების დათვლა, და შემდეგ მილიონ ასეთ დედამიწაზე გადამრავლება, ეს ციფრი ახლოც არ გამოხატავს შენი ქმნილებების რაოდენობას.5

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მეფე ბენიამენი არიგებს თავის ხალხს: „მუდამ გახსოვდეთ ღმერთის დიდება და არ დაივიწყოთ საკუთარი არარაობა.”6

ჩვენ იმაზე მეტი ვართ, რაც გვგონია

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არაფერია, მე მაინც მაოცებს ფიქრი იმაზე, რომ „დიდია ღმერთის თვალში ადამიანის სულის ფასი”.7

და მაშინ, როცა ვხედავთ სამყაროს უსასრულობას და ვამბობთ: „რა არის ადამიანი სამყაროს დიდებულებასთან შედარებით?” თვითონ ღმერთი გვპასუხობს: ჩვენ ვართ თვით სამყაროს შექმნის მიზეზი! მისი სამუშაო და დიდება, ამ საოცარი სამყაროს შექმნის მიზეზი არის კაცობრიობის გადარჩენა და ამაღლება.8 სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარადიულობა, დროისა და სივრცის უსასრულობის დიდება და საიდუმლოება შეიქმნა უბრალო მოკვდავებისთვის, თქვენთვის და ჩემთვის. მამაზეციერმა შექმნა სამყარო, რამეთუ ჩვენ, მისმა შვილებმა, განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები.

ეს არის ადამიანის პარადოქსი: ღმერთთან შედარებით ადამიანი არაფერია; მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვართ ღმერთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უსასრულობის ფონზე ჩვენ არაფერი ვართ, ჩვენ მარადიული ცეცხლის ნაპერწკალი გვინთია გულში. ჩვენ გვაქვს ამაღლების დაპირება, რომლის თანახმადაც უსასრულო სამყაროები ჩვენი იქნება, და ღმერთს ეს სწადია ჩვენთვის.

ამპარტავნების სიბრიყვე

ეშმაკმა იცის, რომ ღვთის შვილების შეცდომაში შეყვანის საუკეთესო ხერხია ადამინის პარადოქსებზე მათი ყურადღების გამახვილება. ზოგიერთ შემთხვევაში ის აჯერებს ადამიანს, რომ იგი მნიშვნელოვანი და ძლიერია, რომ ის თავისი შესაძლებლობებით, ჭკუითა და საზოგადო მდგომარეობით სხვებზე მეტია, და რადგან ეს ასეა, ის არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და არავის პრობლემებით არ უნდა იწუხებდეს თავს.

ამბობენ, რომ აბრაამ ლინკოლნს უყვარდა ასეთი ლექსი:

რატომ უნდა იყოს მოკვდავი ადამიანი ამპარტავანი?

ის ხომ სწრაფ მეტეორს, ან ცაში მოცურავ ღრუბელს ჰგავს,

ის როგორც ელვა, როგორც ტალღა გაირბენს,

და დაასრულებს ცხოვრებას სამარეში.9

იესო ქრისტეს მიმდევრებს ესმით, რომ უსასრულობასთან შედარებით ჩვენი მიწიერი ცხოვრება კონკრეტულ დროსა და ადგილში მხოლოდ წამია.10 მათ იციან, რომ ადამიანის ფასეულობები განსხვავდება იმისგან, რაც სამყაროს მიაჩნია მნიშვნელოვნად. მათ იციან, რომ მთელი მსოფლიოს ვალიუტა ცის სასუფეველში შეიძლება ერთი პურის ფასიც არ იყოს.

ის, ვინც ცის სასუფეველს დაიმკვიდრებს,11 არის ბავშვივით მორჩილი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღვსილი.”12 „ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.”13 ასეთ მოწაფეებს ესმით, რომ „როდესაც მოყვასს ემსახურები,–ღვთის მსახურებაში ხარ.”14

ჩვენ არ დაგვივიწყეს

სატანის კიდევ ერთი ხერხი–იმედგაცრუებაა. ის ცდილობს დაგვარწმუნოს საკუთარ უმნიშვნელობაში, სანამ არ დავიჯერებთ, რომ რაღაცის ღირსნი ვართ. ის შთაგვაგონებს, რომ ჩვენ იმდენად უმნიშნელო პიროვნება ვართ, რომ არავის არ ვაინტერესებთ, განსაკუთრებით ღმერთს.

ნება მომეცით გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, რომელიც იმედია დაეხმარება მათ, ვინც თავს გრძნობს უმნიშვნელოდ, მივიწყებულად ან მარტოდ.

ბევრი წლის წინ მე ვესწრებოდი შ.შ. საჰაერო ძალების პილოტების ტრენინგს. მე ვიყავი ახალგაზრდა ჯარისკაცი დასავლეთ გერმანიიდან, რომელიც დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში, გაიზარდა აღმოსავლეთ გერმანიაში და ძლივს ახერხებდა ინგლისურად საუბარს. მე კარგად მახსოვს ჩემი მოგზაურობა ტეხასში, ბაზაზე, სადაც უნდა ჩატარებულიყო ტრენინგი. თვითმფრინავში ჩემს გვერდით იჯდა ადამიანი, რომელსაც მძიმე სამხრეთის აქცენტი ჰქონდა. მისი ნათქვამიდან ერთ–ორ სიტყვას ძლივს ვგებულობდი. საბოლოოდ გავიფიქრე: ნეტავ ინგლისური მასწავლეს თუ რომელიმე სხვა ენა? ის აზრი, რომ მე ინგლისურენოვან სტუდენტებთან მომიწევდა შეჯიბრი, მაშინებდა.

როდესაც ტეხასის პატარა ქალაქში, ბიგ სპრინგში, სამხედრო ბაზაზე ჩამოვედი, მე მოვძებნე უკანასკნელი დღეების წმინდანთა სამრევლო, რომლის რამოდენიმე წევრი იქვე, ბაზაზე ნაქირავებ ფართობზე იკრიბებოდა. მრევლი სამლოცველოს აშენების პროცესში იმყოფებოდა. იმ დროს თვითონ მრევლი იყო აქტიურად ჩართული მშენებლობაში.

ყოველ დღე მე ტრენინგს ვესწრებოდი, შემდეგ ვმეცადინეობდი, თავისუფალ დროს კი სამლოცველოს აშენებაში ვეხმარებოდი. ზუსტად იქ ვისწავლე, რომ ორი ოთხზე იყო არა საცეკვაო რითმი, არამედ ლაგის ზომა. მე ასევე ავითვისე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარი–როგორ ვიხმარო ჩაქუჩი ისე, რომ თითში არ ჩავირტყა.

მე იმდენ დროს ვუთმობდი სამლოცველოს აშენებას, რომ სამრევლოს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი ინსტრუქტორი იყო, სერიოზულად შეწუხდა იმის გამო, რომ საკმარის დროს არ ვუთმობდი სწავლას.

ჩემი მეგობრები და ჯგუფელები თავისუფალ დროს უთმობდნენ გართობებს, რომლებიც არ შეესაბამებიან ეკლესიის ამჟამინდელ ახალგაზრდა ადამიანებისათვის არსებულ სტანდარტებს. მე პირადად ძალაიან მსიამოვნებდა ამ პატარა ტეხასის სამრევლოში ყოფნა, სადურგლო ხელობის ათვისება და საკვირაო სკოლაში და უხუცესთა ქვორუმის გაკვეთილების ჩატარების დროს ინგლისური ენის დახვეწა.

მართალია ბიგ სფრინგი შთამბეჭდავად ჟღერდა, მაგრამ სახელის მიუხედავად ის პატარა, უცნობი ადგილი იყო. ზუსტად ასე მე საკუთარ თავზეც ვფიქრობდი–მეგონა, რომ ვიყავი უმნიშვნელო, უცნობი, მარტოდ–მარტო. მიუხედავად ამისა ხშირად ვფიქრობდი იმაზე, ვახსოვდი თუ არა ღმერთს, და შეძლებდა თუ არა ის ჩემს აქ პოვნას. მე ვიცოდი, რომ მას ის კი არ აინტერესებდა, სად ვიყავი, რა შეფასებას ვიღებდი ტრეინინგზე ან რა საეკლესიო მოწოდებაში ვმსახურობდი, არამედ ის, თუ როგორ ვასრულებდი ჩემს საქმეს, ვიყავი თუ არა მისი ერთგული, მსურდა თუ არა დავხმარებოდი სხვებს. მე ვიცოდი, რომ თუ მთელი ძალისხმევით ვიმსახურებდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

და იყო კიდევაც კარგად.15

და ბოლო გახდება პირველი

უფალს სულაც არ აინტერესებს, ვმუშაობთ ჩვენ მარმარილოთ მოპირკეთებულ სასახლეში თუ ახორში. მან იცის, სად ვართ, და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რამდენად მოკრძალებულ ცხოვრებით ვცხოვრობთ. ის თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს თავის ერთგულ ხალხს მისი წმინდა საქმისთვის.

ღმერთმა იცის, რომ უდიდესი სულების უმეტესობა იშვიათად შედის ისტორიაში. ეს არიან ის დალოცვილი, მორჩილი სულები, რომლებიც მისდევენ მაცხოვრის მაგალითს და ცხოვრების ყოველ დღეს სიკეთის კეთებაში ატარებენ.16

მე მყავს მეგობარი, რომლის მშობლებიც ამ მაგალითის განსახიერებას წარმოადგენენ. ქმარი იუტაში, მეტალოქარხანაში მუშაობდა. შესვენების დროს ის ან საეკლესიო ჟურნალს და ან წმინდა წერილებს კითხულობდა. როდესაც ამას სხვები ხედავდნენ, დასცინოდნენ. მიუხედავად ამისა ის ყოველთვის კეთილად და დაჯერებით პასუხობდა მათ. ის არ აძლევდა საკუთარ თავს იმის ნებას, რომ მათ უპატივცემლობას მასში სიბრაზე ან წყენა გაეღვიძა.

წლები გავიდა მას შემდეგ, რაც მათ შორის ყველაზე ურწმუნო ადამიანი ავად გახდა. სიკვდილის წინ მან სთხოვა ამ მორჩილ ადამიანს, რომ ის მის გასვენებაში გამოსულიყო სიტყვით. მორწმუნე ასეც მოიქცა.

ამ ერთგულ ეკლესიის წევრს არც სიმდიდრე და არც საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი სტატუსი გააჩნდა, მაგრამ ის ყველაზე, ვინც მას იცნობდა, ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, როდესაც სხვა მუშას ეხმარებოდა.

ერთი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სიარული ვეღარ შეძლო. ხალხს ძალიან უყვარს მასთან მოსვლა, რადგან ის კარგი მსმენელია, ის კარგად იმახსოვრებს, მას თქვენი ტკივილი აწუხებს. მას წერა არ შეუძლია, მაგრამ ის თავის შვილიშვილების და შვილების ტელეფონის ნომრებს იმახსოვრებს. მას ყველას დაბადების დღე და იუბილე ახსოვს.

მასთან საუბრის შემდეგ ადამიანები უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან, მათ ცხოვრების ხალისი ემატებათ, ისინი მის სიყვარულს გრძნობენ, იციან, რომ მას მათი გულისტკივილი აწუხებს. ის არასდროს არ წუწუნებს და ყოველ დღეს სხვების დალოცვაში ატარებს. ერთ–ერთმა მისმა მეგობარმა თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად, იესო ქრისტეს სიყვარულის განსახიერებაა.

ამ წყვილსაც შეეძლო ეთქვა, რომ ისინი უმნიშვნელო არიან, მაგრამ უფლის საზომი, რომლითაც ის სულის ღირებულებას ზომავს, მიწიერი საზომისგან განსხვავდება. ის იცნობს ამ თავდადებულ წყვილს და უყვარს ისინი. მათი ცხოვრება უფლის მიმართ ძლიერი რწმენის ცოცხალი დამოწმებაა.

თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, შეიძლება ადამიანი სამყაროსთან შედარებითმართლაც არაფერია. ზოგჯერ ჩვენ თავს უმნიშვნელოდ, მიტოვებულად, მარტოდ ვგრძნობთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ. თუ ამაში ოდესმე ეჭვი შეგეპარათ, განიხილეთ ეს ოთხი ღვთაებრივი პრინციპი:

პირველი: ღმერთს მორჩილნი და თავმდაბალნი უყვარს, რადგან ისინი დიდებულნი არიან „ცათა სასუფეველში.”17

მეორე: უფალს სურს თავისი სახარების სისრულე იქადაგონ არა ძლიერთა ამა სოფლისან, არამედ უბრალო ადამიანებმა სამყაროს დასასრულამდე.18 „სოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.”19 და ყველაფერი,რაც ძლიერია”.20

მესამე: არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ ან როგორ, რა გასამსჯელოსთვის მუშაობთ, რამდენად შეზღუდულია თქვენი შესაძლებლობები, როგორ გამოიყურებით, ან რაოდენ უმნიშვნელოა თქვენი აზრით თქვენი მოწოდება ეკლესიაში, თქვენ არ ხართ უხილული მამაზეციერისთვის, მას თქვენ უყვარხართ. მან იცის თქვენი მორჩილი გული და თქვენი კეთილი და სიყვარულით სავსე საქმეები. ეს ყველაფერი ერთად წარმოადგენს თქვენი ერთგულებისა და რწმენის დამოწმებას.

მეოთხე, და ბოლო: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის, რასაც ეხლა განიცდით ან ხედავთ, არ იქნება მუდამ ასე. თქვენ მუდამ როდი იგრძნობთ სევდას, ტკივილს, იმედგაცრუებას, ან მარტოობას. ჩვენ გვაქვს ღმერთის დაპირება მასზედ, რომ ის არ დაივიწყებს და არ მიატოვებს მათ, ვინც მას საკუთარ გულს მიანდობს.21 იქონიეთ რწმენა ამ დაპირებაში. ისწავლეთ მის მიმართ სიყვარული და გახდით მისი მოწაფენი როგორც სიტყვით, ასევე საქმით.

გჯეროდეთ, რომ თუ შეინარჩუნებთ რწმენას, დარჩებით მისი ერთგული და დაიცავთ მცნებებს, დადგება დღე, როდესაც პავლე მოციქულის დაპირება თქვენი გახდება; „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.”22

დებო და ძმებო, სამყაროში ყველაზე ძლიერი არსება თქვენი სულის მამაა. ის გიცნობთ თქვენ. თქვენ მას სრულყოფილი სიყვარულით უყვარხართ.

ღმერთი გიყურებთ თქვენ არა როგორც პატარა პლანეტაზე მცხოვრებ მოკვდავს, არამედ როგორც თავის ძეს. ის გიყურებთ როგორც არსებას, რომელსაც შეუძლია გახდეს ისეთი, როგორც მან ჩაიფიქრა. მას უნდა, რომ თქვენ იცოდეთ: თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ.

დაე მუდამ გვწამდეს, გვჯეროდეს, და მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება იმას, რომ გავიაზროთ ჩვენი მარადიული ღირსება და პოტენციალი. მოდით ვიყოთ მამაზეციერის ძვირფასი დალოცვების ღირსნი. მე ვლოცულობ ამას მისი ძის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა