2012
სულიერად მდიდარი ცხოვრება
იანვარი 2012


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, იანვარი 2012

სულიერად მდიდარი ცხოვრება

ამ ახალი წლის პირველ დღეებში, მე მინდა ყოველ უკანასკნელი დღეების წმინდანს მივცე მნიშვნელოვანი დავალება ჰკითხოს საკუთარ თავს: ცხოვრობს ის „სულიერად მდიდარი ცხოვრებით“ — ანუ ცხოვრებით, რომელიც სავსეა წარმატებით, სიკეთითა და დალოცვებით? მე თითოეულ თქვენთაგანს ვთავაზობ ჩემ საკუთარ სულიერად მდიდარ ცხოვრების ანბანს (ABC), სადაც A ნიშნავს განწყობას ან დამოკიდებულებას, B-რწმენას საკუთარ თავში, C-გამბედაობას.

იქონიეთ დადებითი დამოკიდებულება

A ჩემს ანბანში ნიშნავს დამოკიდებულებას. უილიამ ჯეიმსი, ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, წერდა: „იმის აღმოჩენა, რომ ადამიანს თავისი შინაგანი დამოკიდებულების შეცვლით, ძალუძს შეცვალოს გარეგანი ცხოვრების ასპექტები გახლავთ ჩვენი თაობის უდიდესი აღმოჩენა“1

ცხოვრებაში იმდენი რამ არის დამოკიდებული ჩვენს განწყობაზე, იმაზე, თუ რა კუთხით შევხედავთ მოვლენას და რა რეაგირებას მოვახდენთ მასზე. გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და ჩვენი ცხოვრების პირობების მიუხედავად შევინარჩუნოთ ბედნიერი განწყობა, — აი როგორი დამოკიდებულება მოგვიტანს სიმშვიდესა და კმაყოფილებას.

ჩარლზ სვინდოლმა, — მწერალმა, განმანათლებელმა და პასტორმა, ბრძანა: „ჩემი აზრით, დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნების წარსული, ფული, გარემოება, წარუმატებლობა და წარმატება, ან ის, რასაც სხვები ფიქრობენ, ამბობენ ან აკეთებენ. ის გარეგნობაზე, ნიჭიერებასა და ჩვენს უნარებზეც უფრო მნიშვნელოვანია. დამოკიდებულებას შეუძლია, როგორც შექმნას ასევე გაანადგუროს კომპანია, ეკლესია, ოჯახი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განწყობა გვქონდა გადაწყვეტილების მიღების დროს”.2

ჩვენ ვერ შევუცვლით ქარს მიმართულებას, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია აფრის გამოყენებით იგი დავიმორჩილოთ და გემი ვმართოთ. მოდით ჩვენი სრულყოფილი ბედნიერების,სიმშვიდისა და კმაყოფილებისთვის ავირჩიოთ დადებითი დამოკიდებულება.

გწამდეთ საკუთარი თავის

B ჩემს ანბანში ნიშნავს, რწმენას — საკუთარ თავში, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში და ერთგულებას მარადიული კანონის მიმართ.

იყავით გულწრფელნი საკუთარ თავთან, თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და ღმერთთან. შექსპირის ნაწარმოების გმირი, კარდინალი ვულსი, არ იყო გულწრფელი ღმერთის წინაშე. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა სამ ბატონს და ტკბებოდა სიმდიდრითა და ძალაუფლებით. დადგა დრო, როცა მეფემ მას ყველაფერი წაართვა, და მაშინ კარდინალმა ვოლსმა სასოწარკვეთილმა წამოიძახა:

ამის ნახევარი თავდადებით ღმერთისთვის, რომ მემსახურა!

მე ვემსახურე ჩემს მეფეს, მან კი გამრიყა!

დამტოვა უძლური მტრების წინაშე.3

მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი სასულიერო პირი და ისტორიკოსი, თომას ფულერი, წერდა: „ვინც თავის რწმენის შესაბამისობაში არ ცხოვრობს, მას რწმენა არ გააჩნია“.4

არ შეზღუდოთ საკუთარი თავი და სხვებსაც არ მისცეთ უფლება დაგაჯერონ, რომ თქვენ შესაძლებლობებს აქვთ ზღვარი. გწამდეთ საკუთარი თავის და იცხოვრეთ ისე, რომ შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების გამოყენება.

თუ გწამს, რომ შეგიძლია, შეძლებ. ენდეთ საკუთარ თავს და იქონიეთ რწმენა.

გაბედულად შეხვდით სირთულეებს ცხოვრებაში

როდესაც, ადამიანი გადაწყვეტს არა ღირსეულ სიკვდილს, არამედ ღირსეულ ცხოვრებას, მაშინ ეძლევა გამბედაობას აზრი და ფასი.

ამერიკელმა პოეტმა და ესეისტმა, რალფ ვალდო ემერსონმა, თქვა: „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, სჭირდება გამბედაობა. როდესაც რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტთ, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც გეტყვით, რომ ცდებით. ყოველთვის გაგიჩნდებათ სირთულეები, რათა დაგარწმუნონ, რომ თქვენი კრიტიკოსები არ ცდებიან. როგორც ჯარისკაცს ბრძოლის ველზე ესაჭიროება გამბედაობა, ასევე ჩვენც გვჭირდება გამბედაობა ჩვენი დასახული გეგმების ბოლომდე მისაყვანად. მშვიდობის დასამყარებლად გვჭირდება გამარჯვება, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად მამაცი ქალები და მამაკაცებია საჭირო.“5

დადგება დრო, როდესაც შიში და იმედგაცრუება შეგიპყრობთ. შესაძლოა იფიქროთ, რომ დამარცხდით. შეიძლება აზრად მოგივიდეთ, რომ გამარჯვების შანსი არ გაქვთ. ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ გოლიათს უნდა შეეჭიდოთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ დავითმა ის დაამარცხა!

სანუკვარი მიზნის მისაღწევად საჭიროა გამბედაობა, მაგრამ რამდენად მეტი გამბედაობაა საჭირო, მაშინ, როდესაც დაეცემი და ისევ ფეხზე უნდა დადგე.

იქონიეთ მცდელობის სურვილის უნარი, არ დაიშუროთ ძალ-ღონე სანუკვარი მიზნის მისაღწევად და იქონიეთ გამბედაობა არა მხოლოდ წინ აღუდგეთ სირთულეებს, რომლებიც აუცილებლად გექნებათ, არამედ იქონიოთ ძალისხმევა დადგეთ ფეხზე მას შემდეგ, რაც დაეცემით. „ზოგჯერ გამბედაობა არის ის ჩუმი ხმა, რომელიც დღის ბოლოს ჩაგიჩურჩულებს: ‘ხვალ ისევ ვეცდები’“.6

ამ ახალი წლის დასაწყისში მოდით დავიმახსოვროთ ეს ანბანი (ABC), შევიქმნათ დადებითი დამოკიდებულება, ვიქონიოთ რწმენა, რომ შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას, და გვეყოს გამბედაობა გადავლახოთ ყველა ის სიძნელე, რომელიც წინ დაგვხდება, და თუ ასე ვიმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება სულიერად მდიდარი იქნება.

შენიშვნები

  1. უილიამ ჯეიმსი, ლოიდ ალბერტ ჯონსონის კრებულში A Toolbox for Humanity: More Than 9000 Years of Thought (2003), 127.

  2. ჩარლზ სვინდოლი, დანიელ ჰ. ჯონსტონის Lessons for Living (2001), 29.

  3. უილიამ შექსპირი, მეფე ჰენრი მერვე, მოქმედება 3, სცენა 2, სტრიქონი 456–58.

  4. თომას ფულერი, ჰ. ლ.მენჰენის გამოცემა A New Dictionary of Quotations (1942), 96.

  5. რალფ ვალდო ემერსონი, როი ბ. ზაქის The Speaker’s Quote Book (2009), 113.

  6. Mary Anne Radmacher, Courage Doesn’t Always Roar (2009).

ამ მოწოდების სწავლება.

სთხოვეთ ოჯახის წევრებს გაგიზიარონ პირადი გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ დადებითი განწყობა, საკუთარი თავის რწმენა ან გამბედაობა; შეგიძლიათ მიმართოთ მათ თხოვნით იპოვონ წმინდა წერილებში ამ სამი პრინციპის მაგალითი. შეიძლება წინასწარ მოიფიქროთ საკუთარი მაგალითი ან ლოცვაში მიიღოთ შთაგონება იმ წმინდა წერილების ნაწყვეტებზე, რომლებიც უნდა გაუზიაროთ სხვებს სწავლების დროს.

ამობეჭდვა