2013
სხვათა გადასარჩენად ჩვენი პასუხისმგებლობა
ოქტომბერი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება

სხვათა გადასარჩენად ჩვენი პასუხისმგებლობა

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

უკანასკნელი დღეების წნინდანებისთვის ამა თუ იმ მიზეზის გამო, ეკლესიაში აქტიურობის გზიდან გადასული ძმებისა და დების გადარჩენა, მარადიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. ვიცნობთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც სახარება გულში ჩაიკრეს? თუ პასუხი დადებითია, რა გვევალება ჩვენ მათ გადასარჩენად?

გაითვალისწინეთ ასაკოვანნი, დაქვრივებულნი და ავადმყოფები. ძალზედ ხშირად ისინი იმყოფებიან იზოლირებულნი გამომშრალ, მიტოვებულ უდაბნოში სახელად მარტოობა. როცა ახალგაზრდობამ ჩაიარა, ჯანმრთელობა გაუარესდა, ძალამ იკლო, იმედის სინათლე ოდნავ ბჟუტავს, მათ მხარს დაუჭერს და დაეხმარება გული, რომელმაც თანაგრძნობა იცის და ხელი, რომელიც დასახმარებლად არის გაწვდილი.

რა თქმა უნდა, არიან სხვებიც, რომელნიც დახმარებას მოელიან. ზოგი ცოდვას ებრძვის, ზოგი კი შიშით, აპათიითა და უცოდინარობით არის შეპყრობილი. ისინი რაღაც მიზეზის გამო ჩამოშორდნენ ეკლესიურ აქტიურობას. და ისინი, ალბათ ასეთ დაკარგულ მდგომარეობაში დარჩებიან, თუკი ჩვენში —ეკლესიის აქტიური წევრებში—) არ გამოიღვიძებს გადარჩენისა და ხსნის სურვილი.

ის, ვინც გზას გვიჩვენებს

ცოტა ხნის წინ მე მივიღე წერილი ადამიანისგან, რომელიც ეკლესიის გზას ჩამოშორდა. მისი მაგალითი ჩვენი უამრავი წევრისთვის ტიპიურია. მას შემდეგ, რაც აღწერა, თუ როგორ გახდა არააქტიური, მან დაწერა:

„მე იმდენი რამ მქონდა და ახლა ასე ცოტა რამ გამაჩნია. უბედურად ვგრძნობ თავს; ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველაფერში მარცხს განვიცდი. სახარებას არასოდეს არ მიუტოვებია ჩემი გული, თუმცა ჩემი ცხოვრებიდან იგი ამოვარდა. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის.

„გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ თქვენს შორის მათ, ვინც დაკარგული უკანასკნელი დღეების წმინდანები არიან. მე ვიცი, სად არის ეკლესია, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მჭირდება ვიღაც, ვინც გზას მიჩვენებს, შემაგულიანებს, მომაცილებს შიშს და გამიზიარებს მოწმობას.“

როცა ამ წერილს ვკითხულობდი, გამახსენდა ჩემი სტუმრობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო გალერეის, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში ინგლისში, ლონდონში. იქ, დახვეწილ ჩარჩოში, 1831 წ. ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერის მიერ შექმნილი შედევრი ჰკიდია. სურათზე გამოსახულია პირქუში შავი ღრუბლები და აბობოქრებული ზღვის რისხვა, რომელიც ხიფათსა და სიკვდილს მოასწავებს. შორს მოსჩანს მეჩეჩზე შემჯდარი გემის შუქი. წინა პლანზე, აქაფებული ტალღებით ატაცებული დიდი მაშველი კანჯო. ადამიანები მთელი ძალით უსვამენ ნიჩბებს იმ დროს, როცა მაშველი კანჯო ყურყუმელაობს ტალღებში. სანაპიროზე დგანან ცოლი და ორი შვილი, წვიმისგან დასველებულნი და ქარისგან ნაგვემნი. ისინი აღელვებულნი არიან და ზღვისკენ აქვთ თვალები მიპყრობილნი. მე გონებაში შევამოკლე ამ სურათის სათაური. ჩემთვის მე მას ვუწოდე გადარჩენისთვის.1

ცხოვრების ქარიშხლებში საფრთხე იმალება. მამაკაცები და ქალები, ბიჭები და გოგოები მეჩეჩზე ჯდებიან და განადგურების წინაშე დგებიან. ვინ წაუძღვება წინ მათკენ მაშველ კანჯოს? ვინ დატოვებს უკან სახლისა და ოჯახის სიმყუდროვეს და წავა მათ გადასარჩენად?

ჩვენი დავალება დაუძლეველი როდია. ჩვენ უფლის დავალებას ვასრულებთ; ჩვენ გვაქვს უფლება მივიღოთ მისი დახმარება.

უფალმა, თავისი მსახურების დროს, მოუწოდა მეთევზეებს გალილეაში მიეტოვებინათ ბადეები და მიჰყოლოდნენ მას. მან განაცხადა: „ადამიანთა მებადურებად გაგხდით“.2 დაე შევუერთდეთ ადამიანთა მებადურეთა რიგს, რათა დავეხმაროთ მათ, რითიც შევძლებთ.

ჩვენი მოვალეობაა – მივწვდეთ მათ, ვინც არააქტიურობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რათა მოვიყვანოთ ისინი უფლის სუფრასთან მისი სიტყვის სანადიმოდ, რათა დატკბნენ მისი სულის მეგზურობით და აღარ იყვნენ „უცხოები და მდგმურები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი“.3

სიყვარულის პრინციპი

მე დავადგინე, რომ გააქტიურებასა და განწყობის, ჩვევებისა და მოქმედებების შეცვლას ორი ძირითადი მიზეზი უდევს საფუძვლად. პირველი: ადამიანი ბრუნდება, როცა ვინმე აჩვენებს მას მარადიულ შესაძლებლობებს და დაეხმარება მათ მიღწევაში. ნაკლებად აქტიურები დიდ ხანს ვერ დაკმაყოფილდებიან საშუალო დონით, თუკი ერთხელ მაინც დაინახავენ, რომ შეუძლიათ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.

მეორე: ადამიანები ბრუნდებიან, რადგან მათი საყვარელი ადამიანები ანუ „წმინდათა თანამოქალაქენი“ მიჰყვნენ მხსნელის რჩევა-დარიგებას— მათ შეიყვარეს მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი და4 დაეხმარნენ სხვებს, მათი ოცნებების ახდენაში და ამბიციების განხორციელებაში.

ამ პროცესში კატალიზატორი ყოველთვის იყო და იქნება— სიყვარულის პრინციპი.

რეალობაში, ტერნერის ტილოზე გამოსახული მეჩეჩზე მყოფი ადამიანები გვანან მრავალ ჩვენს ნაკლებად აქტიურ წევრებს, რომლებიც ელიან დახმარებას მათგან, ვინც მეშველ კანჯოს წინ წაუძღვება. მათი გულები მოუთმენლად დახმარებას ელიან. დედები და მამები შვილებისთვის ლოცულობენ. ცოლები ზეცას ევედრებიან თავიანთი ქმრების შველას. ზოგჯერ შვილები მშობლებისთვის ლოცულობენ.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ვიქონიოთ სურვილი – გადავარჩინოთ ნაკლებად აქტიური წევრები და დავაბრუნოთ ისინი იესო ქრისტეს სახარების სიხარულის წიაღში, რათა იგემონ ჩვენთან ერთად ის, რასაც მათ ნამდვილი ძმობა სთავაზობთ.

დაე მივწვდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ დაკარგულებს: ასაკოვნებს, დაქვრივებულთ, ავადმყოფთ, ინვალიდებს, ნაკლებად აქტიურებს და მათ, ვინც არ იცავენ მცნებებს. მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი და თანაგრძნობის გული. ასე რომ მოვიქცევით, ჩვენ მათ გულებს სიხარულს მოვგვრით და დიდ კმაყოფილების გრძნობას განვიცდით, რომელიც მოდის ჩვენთან მაშინ, როცა ჩვენ სხვებს ვეხმარებით მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.

შენიშვნები

  1. სურათის სრული დასახელებაა მაშველი კანჯო და მენბაის ჟილეტი მეჩეჩზე შემჯდარი გემისკენ მიმავალი, რომელიც უბედურების ნიშანს აძლევს (ლურჯი შუქი)

  2. მათე 4:19.

  3. ეფესელთა2:19.

  4. იხილეთ მათე 22:39.

ამ მოწოდების სწავლება

ჰკითხეთ მათ, ვისთანაც სტუმრობთ, იცნობენ თუ არა ისინი ვინმეს, ვინც რეგულარულად არ დადის ეკლესიაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ადამიანი და განიხილოთ მასთან სიყვარულის გამოხატვის ხერხები, ვთქვათ საოჯახო საღამოზე მონაწილეობის მიღება ან სადილზე დაპატიჟება.

ამობეჭდვა