2014
მზად ვართ?
სექტემბერი 2014


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, სექტემბერი 2014

მზად ვართ?

იმ შემოგარენში, სადაც ერთხელ ვცხოვრობდი და ვმსახურობდი, ეკლესიას ჰქონდა შინაურ ფრინველებთან დაკავშირებული პროექტი, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი მეურვეობის მოხალისეები იყვნენ დასაქმებულები. უმეტეს შემთხვევაში ეს იყო კარგად ორგანიზებული პროექტი, რომლის შედეგადაც ეპისკოპოსის საწყობი ივსებოდა ათასობით ახალი კვერცხითა და ასობით კილოგრამი დაკლული ქათმით. თუმცა ზოგჯერ ქალაქური მოხალისეობა ფერმაში არა მხოლოდ ხელებზე ბურცებს, არამედ გულისა და გონების გაცრუებას ნიშნავდა.

მაგალითად, მე ყოველთვის მეხსომება დრო, როცა ჩვენ აარონის სამღვდელოების ახალგაზრდა მამაკაცები შევიკრიბეთ საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოს ჩასატარებლად. ჩვენმა ენთუზიასტურმა და ენერგიულმა გუნდმა სწრაფად ამოაძრო, შეაგროვა და დაწვა დიდი რაოდენობის სარეველა და ნარჩენები. კოცონის მოციმციმე შუქზე ჩვენ ჰოთდოგებს ვჭამდით და ერთმანეთს კარგად შესრულებულ სამუშაოს ვულოცავდით.

მიუხედავად ამისა, იყო ერთი კატასტროფული პრობლემა: ცეცხლი და ხმაური იმდენად აწუხებდა 5000 ფაქიზ კვერცხისმდებელ ქათამს, რომ მათმა უმეტესობამ შეწყვიტა კვერცხის დება. ამის შემდეგ ჩვენ დავთმეთ სარეველა, რათა მეტი კვერცხი გვქონოდა.

ეკლესიის არც ერთი წევრი, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულებს, არასოდეს არ დაივიწყებს და არ ინანებს ამ გამოცდილებას. სიბეჯითე, მომჭირნეობა, დამოუკიდებლობა და გაცემა ჩვენთვის უცხო ხილი არ არის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო სასაწყობო სისტემაა – ყოველმა ოჯახმა ეკლესიაში იქონიოს საკვების, ტანსაცმლისა და სადაც შესაძლებელია, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთების მარაგი. უფლის საწყობი მოიცავს ეკლესიის ერთგული წევრების დროს, ნიჭს, უნარ-ჩვევებს, თანაგრძნობას, შემოწირულ მასალებსა და მატერიალურ საშუალებებს. ეს საშუალებები ეხმარება ეპისკოპოსებს გაჭირვებულთა დახმარებაში.

ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ ყველა უკანასკნელ დღეთა წმინდანს, წინდახედულად დაგეგმონ ცხოვრება, იყვნენ თავშეკავებულნი და თავი აარიდონ დიდ ან არა აუცილებელ ვალს. მრავალი ადამიანი შეძლებდა ეკონომიკური ცხოვრების აღელვებული ტალღებიდან თავის დაღწევას, თუკი მათ ექნებოდათ საკვებისა და ტანსაცმლის მარაგი და იქნებოდნენ ვალისგან თავისუფალნი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალმა ეს რჩევა უკუღმა მიიღო: მათ ვალების მარაგი დააგროვეს, საკვები კი არ გააჩნიათ.

მე გავიმეორებ იმას, რაც რამოდენიმე წლის წინ გამოაცხადა პირველმა პრეზიდენტობამ:

„უკანასკნელ დღეთა წმინდანებს მრავალი წლის განმავლობაში აძლევდნენ რჩევას – გადადონ გარკვეული რაოდენობის თანხა, რათა მზად იყვნენ არასასურველი გარემოების შექმნის შემთხვევისთვის. ასეთი მიდგომა ძალიან ეხმარება უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ყოველ ოჯახს აკისრია ვალდებულება – მაქსიმალურად უზრუნველყოს საკუთარი საჭიროებანი.

“ჩვენ გვინდა წაგაქეზოთ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, მოემზადოთ არასასურველი პირობებისთვის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ დაჟინებით გთხოვთ, მოკრძალებულად დახარჯოთ ფული; შეიკავეთ თავი, რათა საყიდლების გამო არ ჩავარდეთ ვალში. რაც შეიძლება მალე დააბრუნეთ ვალი და განთავისუფლდით ამ მონობისგან. სისტემატიურად გადადეთ ცოტაოდენი ფული, რათა თანდათან დააგროვოთ თქვენი ფინანსური მარაგი“.1

ვართ მზად ცხოვრებაში გაუთვალისწინებული მდგომარეობის შესახვედრად? დავხვეწეთ ჩვენი უნარ-ჩვევები? ვცხოვრობთ ეკონომიურად? ხელთ გვაქვს ხელუხლებელი მარაგი? მორჩილნი ვართ ღვთის მცნებების დაცვაში? ვართ მგრძნობიარენი წინასწარმეტყველების სწავლებების მიმართ? მზად ვართ გავცეთ ღარიბებისა და ღატაკთათვის? პატიოსანნი ვართ უფალთან?

ჩვენ ვცხოვრობთ მშფოთვარე გაჭირვების ჟამს. მომავალი ხშირად უცნობია, ამიტომ გვაიძულებს, მომზადებულნი ვიყოთ გაურკვევლობისთვის. როცა მოვა გადაწყვეტილებების მიღების დრო, მომზადების დრო უკვე წარსულში იქნება დარჩენილი.

შენიშვნა

  1. The First Presidency, All Is Safely Gathered In: Family Finances (pamphlet, 2007).

ამ მოწოდების სწავლება

მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ვისთანაც სტუმრობთ, მოიფიქრეთ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ იყვნენ უფრო დამოუკიდებელნი დასაქმების, ფინანსების, კვების მარაგის ან გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის მომზადების საკითხებში. იფიქრეთ იმაზე, რომელი უნარის გაზიარება შეგიძლიათ მათთან (მაგალითად: ბაღის მოვლა, ფინანსების მართვა) რაც ძალას მისცემთ მათ, მიჰყვნენ პრეზიდენტ მონსონის რჩევას.

ამობეჭდვა