2017
მოწაფის ცხოვრება
August 2017


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, აგვისტო, 2017 წ.

მოწაფის ცხოვრება

ოცდაათი წლის წინ განაში კოლეჯის ახალგაზრდა სტუდენტი, დოუ, პირველად შევიდა უდწ სამლოცველოში. დოუ დაქალმა მოიპატიჟა და მას ძალიან აინტერესებდა, რას წარმოადგენდა ეკლესია.

იქ მყოფი ადამიანები ძალიან კეთილნი და მეგობრულნი იყვნენ, ასე რომ გოგონას არ ასვენებდა აზრი, რა ეკლესია იყო ეს.

დოუზე ეკლესიამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან გადაწყიტა, მეტი შეეტყო ეკლესიისა და მისი წევრების შესახებ, რომლებიც სიხარულით აღვსილი ადამიანები იყვნენ. მაგრამ, როგორც კი იგი ამ საქმეს შეუდგა, მას ოჯახი და მეგობრები დაუპირისპირდნენ. ისინი ეკლესიაზე საშინელებებს ყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გადაეფიქრებინა.

მაგრამ დოუმ დამოწმება მიიღო,

მას ჰქონდა რწმენა და უყვარდა სახარება, რომელიც მას ცხოვრებას სიხარულით უვსებდა. ასე რომ, იგი ნათლობის წყალში შევიდა.

რის შემდეგადაც იგი ლოცვაში და სწავლაში ჩაეფლო. იგი მარხულობდა და სულიწმინდის გავლენას ეძებდა ცხოვრებაში. ამის შედეგად, დოუს დამოწმება და რწმენა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ღრმავდებოდა. საბოლოო ჯამში მან უფლისთვის სრული დროის მისიაში მსახურება გადაწყვიტა.

მისიიდან დაბრუნების შემდეგ მან გაიცნო და ცოლად გაჰყვა დაბრუნებულ მისიონერს, იმას, რომელმაც წლების წინ მონათლა იგი და მოგვიანებით ისინი სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის ტაძარში ჩაიბეჭდნენ.

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დოუ კაკუმ პირველად იგრძნო იესო ქრისტეს სახარების სიხარული. ამ დროის განმავლობაში ცხოვრება ყოველთვის არ სწყალობდა მას. მას გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილების ულუფა ერგო, ორი შვილის გარდაცვალების ჩათვლით და ეს გლოვა ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად ადევს მას გულზე.

მაგრამ ის და მისი მეუღლე, ანტონი, ცდილობდნენ ერთმანეთთან და საყვარელ მამაზეციერთან დაახლოვებას, რომელიც მათ მთელი გულით უყვართ.

ამჟამად, ნათლობიდან 30 წლის შემდეგ, და კაკუმ ეს-ეს არის დაასრულა მეორე სრული დროის მისია, ამჯერად მეუღლის გვერდში, რომელიც ნიგერიაში მისიის პრეზიდენტად მსახურობდა.

ისინი, ვინც იცნობენ და კაკუს, ამბობენ, რომ განსაკუთრებული ადამიანია. იგი ანათებს. შეუძლებელია, მასთან დრო გაატარო და უფრო ბედნიერად არ იგრძნო თავი.

მისი დამოწმება ურყევია: „მე ვიცი, რომ მხსნელი მიყურებს, როგორც საკუთარ შვილს და მეგობარს (იხ. მოსია 5:7; ეთერი 3:14)“, – ამბობს იგი. „და მეც ვსწავლობ და ძალიან ვცდილობ, ვიყო მისი მეგობარი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებებითაც“.

ჩვენ მისი მოწაფენი ვართ

და კაკუს ისტორია მრავალ სხვა ისტორიას ჰგავს. მას ჰქონდა სურვილი, შეეტყო ჭეშმარიტება. მან სულიერი სინათლის მისაღებად საფასური გადაიხადა. მან გამოამჟღავნა სიყვარული ღმერთისა და მოყვასის მიმართ და ამავდროულად იგი სირთულეებსა და მწუხარებას ებრძოდა.

წინააღმდეგობისა და მწუხარების მიუხედავად, იგი მაინც წინ მიიწევდა რწმენით. და რაც მთავარია, სიხარულს ინარჩუნებდა. მან მოძებნა ხერხი, რომლითაც არა მხოლოდ ცხოვრების სირთულეებს უძლებდა, არამედ მიუხედავად ამისა წარმატებას აღწევდა!

მისი ამბავი თქვენსა და ჩემს ამბავს ჰგავს.

იშვიათად არის ჩვენი მოგზაურობა ადვილი და გამოცდების გარეშე.

ყველას გვაქვს გულის ტკივილი, გულგატეხილობა და მწუხარება.

ზოგჯერ შეიძლება გადაღლიალობა და გულგატეხილობა ვიგრძნოთ.

მაგრამ ისინი, ვინც მოწაფის ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც ერთგულნი რჩებიან და რწმენით წინ მიიწევენ, ვისაც სწამთ ღმერთი და იცავენ მის მცნებებს,1 ვინც ყოველ საათსა და დღეს სახარებით ცხოვრობენ, ვინც მათ ირგვლივ მყოფთათვის ქრისტესმაგვარ მსახურებას უწევენ, თითო კეთილი საქმით, ესენი არიან, ვისი მცირე ქმედებები დიდ ცვლილებებს ახდენენ.

ისინი, ვინც ცოტა მეტად კეთილნი არიან, ცოტათი მეტად მიმტევებელნი და უფრო მოწყალენი, არიან ისინი, ვინც მოწყალებას მიიღებენ.2 ისინი, ვინც თითო კეთილი საქმით სამყაროს აუმჯობესებენ და რომლებიც ცდილობენ, იცხოვრონ იესო ქრისტეს მოწაფის დალოცვილი, კმაყოფილების მომტანი, მშვიდობიანი ცხოვრებით, არინი ისინი, ვინც საბოლოო ჯამში იპოვიან სიხარულს.

მათ ეცოდინებათ, რომ „ღმერთის სიყვარული, რომელიც კაცთა ძეთა გულებზე გადმოდის … ყველაზე სანატრელი რამ არის … და სულისთვის ყველაზე სასიხარულო“.3

ამობეჭდვა