მისიის მოწოდებები
თავი 3: გაკვეთილი 2— ზეციური მამის ხსნის გეგმა


„თავი 3: გაკვეთილი 2— ზეციური მამის ხსნის გეგმა“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 3: გაკვეთილი 2“ იქადაგე ჩემი სახარება

თავი 3: გაკვეთილი 2

ზეციური მამის ხსნის გეგმა

გამოსახულება
ქრისტეს ქანდაკება

შეიძლება ადამიანმა იკითხოს

  • რა არის ცხოვრების მიზანი?

  • საიდან მოვედი?

  • არსებობს ღმერთი, რომელიც ჩემზე ზრუნავს? როგორ ვიგრძნო მისი ზრუნვა?

  • როგორ მწამდეს ღმერთი, როცა ამდენი ცუდი რამ ხდება?

  • რატომ არის ზოგჯერ ცხოვრება ასეთი რთული? როგორ ვიპოვო ძალა ასეთ დროს?

  • როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი?

  • რა მომივა სიკვდილის შემდეგ?

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება გვეხმარება სულის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემაში. სახარების მეშვეობით ჩვენ ვეცნობით ჩვენს ღვთაებრივ იდენტობასა და მარადიულ პოტენციალს, როგორც ღვთის შვილები. სახარება გვაძლევს იმედს და გვეხმარება მშვიდობის, ბედნიერებისა და არსის პოვნაში. სახარების მიხედვით ცხოვრება გვეხმარება გავიზარდოთ და ვიპოვოთ ძალა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს.

ღმერთს საუკეთესო სურს თავისი შვილებისთვის, მას სურს ჩვენთვის თავისი ყველაზე დიდი დალოცვების - უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის ბოძება (იხ. მოსე 1:39; მოძღვრება და აღთქმები 14:7). ჩვენდამი სიყვარულის გამო, მან შეადგინა ჩვენთვის ამ დალოცვების მიღების გეგმა. წმინდა წერილში ამ გეგმას ეწოდება ხსნის გეგმა, ბედნიერების დიადი გეგმა და გამოსყიდვის გეგმა (იხ. ალმა 42:5, 8, 11, 13, 15, 16, 31).

ღმერთის გეგმის თანახმად, თითოეული ჩვენგანი მოგზაურობს წინამიწიერ ცხოვრებაში, იბადება, ცხოვრობს მოკვდავი ცხოვრებით, კვდება და ცხოვრობს სიკვდილის შემდეგ. ღმერთმა უზრუნველყო ჩვენთვის ის, რაც გვჭირდება ამ მოგზაურობისას, რათა სიკვდილის შემდეგ საბოლოოდ დავუბრუნდეთ მის გარემოცვას და მივიღოთ სიხარულის სისრულე.

იესო ქრისტე ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია. იესომ, თავისი გამოსყიდვისა და აღდგომის მეშვეობით, თითოეულ ჩვენგანს უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის საშუალება მისცა.

მიწიერი ცხოვრების მანძილზე ჩვენ წინამიწიერი ცხოვრება არ გვახსოვს. და არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გვესმის ბოლომდე. თუმცა, ღმერთმა მრავალი ჭეშმარიტება გამოავლინა ჩვენი მარადიული მოგზაურობის ამ მონაკვეთების შესახებ. ეს ჭეშმარიტებანი გვაძლევს საკმარის ცოდნას, რათა ჩავწვდეთ ცხოვრების მიზანს, განვიცადოთ სიხარული და გვქონდეს კარგი მომავლის იმედი. ეს ცოდნა არის წმინდა საგანძური, რომელიც წინ გაგვიძღვება დედამიწაზე ყოფნის დროს.

იდეები სწავლების პროცესისთვის

წინამდებარე ნაწილი მოიცავს ნიმუშს, რომელიც დაგეხმარება სწავლებაში. აქ ასევე მოცემულია შეკითხვები და მოწვევის მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო.

სწავლებისთვის მომზადებისას, ლოცვის თანხლებით იფიქრე თითოეული პიროვნების მდგომარეობასა და სულიერ საჭიროებებზე. გადაწყვიტე, რისი სწავლება დაეხმარება მათ ყველაზე მეტად. უნდა შეგეძლოს იმ ტერმინების განმარტება, რომლებიც შესაძლოა გაუგებარი იყოს ადამიანებისთვის. დაგეგმე შენი არსებული დროის მიხედვით; გაითვალისწინე - გაკვეთლები უნდა იყოს მოკლე.

სწავლებისთვის შეარჩიე წმინდა წერილები. გაკვეთილის განყოფილება — „მოძღვრების საფუძველი” — უამრავ აუცილებლად გამოსაყენებელ წმინდა წერილს შეიცავს.

მოამზადე სწავლების დროს დასასმელი შეკითხვები. დაგეგმე ისეთი მოხმობა, რომელიც თითოეულ პიროვნებას ქმედებისკენ წაახალისებს.

ხაზგასმით აღნიშნე ღვთის დაპირებული კურთხევები და გაუზიარე შენი მოწმობა იმის შესახებ, რასაც ასწავლი.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ოჯახს

რისი სწავლება შეიძლება 15-25 წუთში

ხსნის გეგმის შემდეგი პრინციპებიდან, სწავლებისათვის აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე. ამ მონახაზის შემდეგ მოცემულია მოძღვრების საფუძველი თითოეული პრინციპისათვის.

წინამიწიერი ცხოვრება: ღმერთის მიზანი და გეგმა ჩვენთვის

  • ჩვენ ყველანი ღვთის სულიერი შვილები ვართ. მან საკუთარ ხატად შეგვქმნა.

  • სანამ დედამიწაზე დავიბადებოდით, ღმერთთან ერთად ვცხოვრობდით. ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვართ. ის თითოეულს გვიცნობს და ვუყვარვართ.

  • ღმერთმა შემოგვთავაზა ჩვენი ბედნიერებისა და წინსვლის გეგმა ამ ცხოვრებასა და მარადისობაში.

  • წინამიწიერ ცხოვრებაში ჩვენ ღვთის გეგმის მიხედვით ცხოვრება ავირჩიეთ. ეს გულისხმობს დედამიწაზე დაბადებას, რათა მარადიული ცხოვრებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა.

  • ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია იესო ქრისტე. ის უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის საშუალებას გვაძლევს.

შექმნა

  • ღვთის ხელმძღვანელობით იესო ქრისტემ შექმნა დედამიწა.

ადამის და ევას დაცემა

  • ადამი და ევა ღვთის პირველი სულიერი შვილები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ. ღმერთმა შექმნა მათი სხეულები და დაამკვიდრა ედემის ბაღში.

  • ადამმა და ევამ დაარღვიეს მცნება, ბაღიდან გაძევებულ იქნენ და ღმერთის გარემოცვას დაშორდნენ. ამ მოვლენას „დაცემა“ ეწოდება.

  • დაცემის შემდეგ, ადამი და ევა მოკვდავები გახდნენ. როგორც მოკვდავებს, შეეძლოთ სწავლა, განვითარება და შვილების ყოლა. მათ ასევე გამოსცადეს წუხილი, ცოდვა და სიკვდილი.

  • დაცემა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი კაცობრიობისთვის. დაცემამ შესაძლებელი გახადა, დავბადებულიყავით დედამიწაზე და გაგვეგრძელებინა ზეციური მამის გეგმა.

ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე

  • ღვთის გეგმის მიხედვით, დედამიწაზე ჩვენი მოსვლა აუცილებელი იყო ფიზიკური სხეულის მისაღებად, სწავლისა და განვითარებისთვის.

  • დედამიწაზე ჩვენ რწმენით ცხოვრებას ვსწავლობთ. თუმცა, ზეციურ მამას არ მივუტოვებივართ. მან უამრავი ძღვენი და სწავლება გვიბოძა, რაც მის გარემოცვაში დასაბრუნებლად გვეხმარება.

იესო ქრისტეს გამოსყიდვა

  • ყველანი ვცოდავთ და ყველანი დავიღუპებით. ღმერთს თითოეული ჩვენგანი უყვარს, სწორედ ამიტომ, მან საკუთარი ძე — იესო ქრისტე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ცოდვებისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ.

  • იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ჩვენ მოგვეტევება ცოდვები და განვიწმინდებით. მონანიებით ჩვენი გულიც უკეთესისკენ შეიცვლება. ეს კი, საშუალებას მოგვცემს, ღმერთის გარემოცვაში დავბრუნდეთ და სიხარულის სისრულე მივიღოთ.

  • იესოს აღდგომა შესაძლებელს ხდის სიკვდილის შემდეგ ჩვენს აღდგომას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და ყოველი ჩვენგანი უკუნისამდე იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში.

  • იესო ქრისტე გვაძლევს ნუგეშს, იმედსა და კურნებას. მისი გამომსყიდველი მსხვერპლი სიყვარულის უკიდურესი გამოვლინებაა. ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

სულების სამყარო

  • როდესაც ფიზიკურად გარდავიცვლებით, ჩვენი სული გააგრძელებს ცხოვრებას სულების სამყაროში. ეს იქნება აღდგომისთვის სწავლისა და მომზადების დროებითი მდგომარეობა.

  • იესო ქრისტეს სახარება ისწავლება სულების სამყაროში და ჩვენ შევძლებთ ზრდისა და წინსვლის გაგრძელებას.

აღდგომა, ხსნა და ამაღლება

  • სულების სამყაროში გატარებული დროის შემდეგ, აღდგომა არის ჩვენი მარადიული მოგზაურობის შემდეგი ნაბიჯი.

  • აღდგომა ნიშნავს სულისა და სხეულის გაერთიანებას. ყველანი აღვდგებით და გვექნება სრულყოფილი ფიზიკური სხეული. ჩვენ მარად ვიცხოვრებთ. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი მხსნელის გამოსყიდვისა და აღდგომის გამო.

სამსჯავრო და ბრწყინვალების სასუფევლები

  • აღდგომის შემდეგ, ჩვენი მსაჯული იესო ქრისტე იქნება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ღვთის ყოველი შვილი დაიმკვიდრებს ადგილს ბრწყინვალების სასუფეველში.

  • ყველანი აღვდგებით, თუმცა ყველა იგივე მარადიულ დიდებას არ მიიღებს. იესო განგვსჯის ჩვენი რწმენის, საქმეებისა და მონანიების მიხედვით მოკვდავ და სულების სამყაროში. ერთგულები თუ ვიქნებით, შევძლებთ ღმერთის გარემოცვაში დაბრუნებასა და ცხოვრებას.

შეკითხვები, რომლებიც შეგიძლია დაუსვა ადამიანებს

წინამდებარედ მოცემულია იმ შეკითხვების მაგალითები, რომლებიც შეგიძლია დაუსვა ადამიანებს. ეს შეკითხვები დაგეხმარება აზრიანი საუბრის წარმართვაში და პიროვნების საჭიროებებისა და თვალთახედვის გაგებაში.

  • თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს ცხოვრებას?

  • რა გაბედნიერებთ?

  • რა გამოწვევებში გსურთ ღმერთის დახმარება?

  • რა ისწავლეთ გამოწვევებისგან, რომლების წინაშეც აღმოჩნდით?

  • რა იცით იესო ქრისტეზე? რა გავლენა მოახდინა მისმა ცხოვრებამ და მისიამ თქვენს ცხოვრებაზე?

მოწვევის იდეები

  • ილოცებთ და სთხოვთ ღმერთს დაგეხმაროთ გაიგოთ, ჭეშმარიტია თუ არა ჩვენი სიტყვები ? (იხ. „სწავლების შთაგონება: ლოცვა“, გაკვეთილი 1 -ს ბოლო ნაწილი.)

  • მოხვალთ ეკლესიაში კვირას, რათა მეტი შეიტყოთ იმაზე, რაც გასწავლეთ?

  • წაიკითხავთ მორმონის წიგნს და ილოცებთ, რათა გაიგოთ, ღვთის სიტყვაა თუ არა? (შეგიძლია შესთავაზო კონკრეტული თავები ან მუხლები).

  • იესოს მაგალითს მიბაძავთ და მოინათლებით? (იხ. „ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა“, უშუალოდ წინ უძღვის გაკვეთილ 1-ს.)

  • შემდეგი შეხვედრის დრო დავგეგმოთ?

გამოსახულება
ხსნის გეგმის გრაფიკული გამოსახულება

მოძღვრების საფუძველი

ეს ნაწილი უზრუნველყოფს მოძღვრებასა და წმინდა წერილებს, რომლებიც უნდა შეისწავლოთ, რათა გაიღრმავოთ სახარების ცოდნა და მოწმობა, რაც სწავლების პროცესში დაგეხმარებათ.

გამოსახულება
გალაქტიკები

წინამიწიერი ცხოვრება: ღმერთის მიზანი და გეგმა ჩვენთვის

ჩვენ ღვთის შვილები ვართ და დაბადებამდე მასთან ვცხოვრობდით

ღმერთი ჩვენი სულების მამაა. ჩვენ მისი შვილები ვართ, პირდაპირი მნიშვნელობით, მის ხატად შექმნილი. თითოეულ ჩვენგანს, როგორც ღვთის შვილს, ღვთიური ბუნება გააჩნია. ეს ცოდნა დაგვეხმარება რთულ დროში და შთაგვაგონებს, გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

დედამიწაზე დაბადებამდე ჩვენ ღმერთთან ვცხოვრობდით — მისი სულიერი შვილები ვიყავით. ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვართ.

გამოსახულება
პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი

„არსებობს ერთი მნიშვნელოვანი იდენტობა, რომელსაც ჩვენ ყველანი აწ და მარადის ვიზიარებთ, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან და რომლისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. ეს არის ის, რომ თქვენ ხართ და ყოველთვის იყავით ღვთის ძე ან ასული, მარადისობაში გადგმული სულიერი ფესვებით.

„… ამ ჭეშმარიტების გაგება — ნამდვილი გააზრება და მიღება — ცხოვრებას ცვლის. ის არაჩვეულებრივ იდენტობას განიჭებთ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაგართმევთ. მაგრამ უფრო მეტიც, მან უნდა მოგანიჭოთ ღირებულების უდიდესი განცდა და თქვენი უსაზღვრო დანიშნულების შეგრძნება. და ბოლოს, მას მოაქვს ღვთაებრივი, კეთილშობილი და ღირსეული დანიშნულება ცხოვრებაში“ (მ. რასელ ბალარდი, „ზეციური მამის შვილები“ [Brigham Young University devotional, 3 მარ., 2020 წ], 2, speeches.byu.edu).

ჩვენ დედამიწაზე მოსვლა ავირჩიეთ

ზეციურ მამას ვუყვარვართ და სურს, მას დავემსგავსოთ. ის არის ამაღლებული არსება განდიდებული ფიზიკური სხეულით.

წინამიწიერ ცხოვრებაში ჩვენ შევიტყვეთ, რომ ღმერთს აქვს გეგმა — მას დავემსგავსოთ. მისი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, დაგვეტოვებინა ზეციური სახლი და დედამიწაზე მოვსულიყავით ფიზიკური სხეულის მისაღებად. ასევე, ღვთის გარემოცვიდან წამოსვლის შემდეგ საჭირო იყო გამოცდილების მიღება და რწმენის განვითარება. ჩვენ ღმერთთან ცხოვრება არ გვეხსომებოდა. თუმცა, ის გვიბოძებდა ყველაფერი, რაც მასთან დასაბრუნებლად საჭირო იყო.

თავისუფალი არჩევანი ანუ არჩევნის გაკეთების თავისუფლება და შესაძლებლობა — ღვთის გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წინამიწიერ ცხოვრებაში თითოეულმა ჩვენგანმა აირჩია, მიჰყოლოდა ღვთის გეგმას და მოსულიყო დედამიწაზე, რათა მარადიული წინსვლისთვის შემდეგი ნაბიჯი გადაგვედგა. ჩვენ გვესმოდა, რომ სანამ აქ ვიქნებოდით, ზრდისა და სიხარულის განსაცდელად ბევრი ახალი შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩვენ ასევე გვესმოდა, რომ წინააღმდეგობის წინაშეც აღმოვჩნდებოდით. გამოვცდიდით ცდუნებას, გასაჭირს, სევდასა და სიკვდილს.

დედამიწაზე მოსვლის არჩევით ჩვენ მივენდეთ ღმერთის სიყვარულსა და დახმარებას. ჩვენ მის ხსნის გეგმას ვენდეთ.

ზეციურმა მამამ ჩვენი გამოსყიდვისთვის იესო ქრისტე აირჩია

იესო ქრისტე ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია. დედამიწაზე მოსვლამდე ვიცოდით, რომ დამოუკიდებლად ვერ დავბრუნდებოდით ღმერთის გარემოცვაში. ზეციურმა მამამ აირჩია იესო ქრისტე, თავისი პირმშო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მასთან დაბრუნება და მარადიული სიცოცხლის მიღება.

იესო საკუთარი ნებით მიიღო ეს. იგი დათანხმდა, მოსულიყო დედამიწაზე და გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით გამოვესყიდეთ. მისი გამოსყიდვა და აღდგომა ღვთის გეგმის განხორციელების საშუალებას მოგვცემდა.

წმინდა წერილების შესწავლა

ღვთის შვილები

ღვთის მიზანი

წინამიწიერი ცხოვრება

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო:„წინამიწიერი ცხოვრება”, „გამოსყიდვის გეგმა

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 1.1: „ღვთის გეგმა ბედნიერებისთვის

  • სახარების საკითხები: „წინამიწიერი ცხოვრება”, „ხსნის გეგმა

გამოსახულება
მზის ჩასვლა ოკეანეზე

შექმნა

ზეციური მამის გეგმა უზრუნველყოფდა დედამიწის შექმნას, სადაც მისი სულიერი შვილები მიიღებდნენ ფიზიკურ სხეულსა და გამოცდილებას. დედამიწაზე არსებობა აუცილებელია ჩვენი წინსვლისთის და იმისთვის, რომ დავემსგავსოთ ღმერთს.

იესო ქრისტემ, ზეციური მამის მითითებით, შექმნა დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება. შემდეგ კი, ზეციურმა მამამ კაცი და ქალი შექმნა თავის ხატად. შექმნა არის გამოხატულება ღმერთის სიყვარულისა და სურვილისა — მოგვცეს განვითარების საშუალება .

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „შექმნა

  • სახარების საკითხები: „შექმნა

გამოსახულება
ედემის ბაღის დატოვება, ავტორი: ჯოზეფ ბრიკი

ადამის და ევას დაცემა

დაცემამდე

ადამი და ევა ზეციური მამის პირველი სულიერი შვილები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ. ღმერთმა შექმნა მათი ფიზიკური სხეულები თავის ხატად და ედემის ბაღში დაამკვიდრა ისინი. ბაღში ისინი უცოდველად ცხოვრობდნენ, ღმერთი კი მათ საჭიროებებს უზრუნველყოფდა.

სანამ ადამი და ევა ბაღში იყვნენ, ღმერთმა უბრძანა, არ ეჭამათ ნაყოფი სიკეთისა და ბოროტების ცოდნის ხიდან. ედემის ბაღში ცხოვრებისთვის მათ მხოლოდ ამ მცნების დაცვა მოეთხოვებოდათ. თუმცა, ისინი ვერ შეძლებდნენ წინსვლას — სწავლას წინააღმდეგობისა და მოკვდავი ცხოვრების გამოწვევებისგან. არ ეცოდინებოდათ სიხარული, რადგან არ ექნებოდათ სევდისა და ტკივილის გამოცდილება.

ადამი და ევა სატანამ აცდუნა და მათ აირჩიეს აკრძალული ხილის გასინჯვა. ამ არჩევნის გამო, ბაღიდან გამოძევებულ იქნენ და დაშორდნენ ღმერთის გარემოცვას. ამ მოვლენას „დაცემა“ ჰქვია.

დაცემის შემდეგ

დაცემის შემდეგ, ადამი და ევა მოკვდავები გახდნენ. აღარ იყვნენ უცოდველები, მათ გაიაზრეს და გამოსცადეს კეთილიც და ბოროტიც. ჰქონდათ არჩევნის თავისუფლება კეთილსა და ბოროტს შორის. რადგან ადამი და ევა წინააღმდეგობისა და სხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ, მათ უკვე შეეძლოთ სწავლა და წინსვლა. სევდის შეგრძნების გამოცდილების მიღების შემდეგ მათ სიხარულის შეგრძნებაც შეეძლოთ. (იხ. 2 ნეფი 2:22–25.)

მიუხედავად გაჭირვებისა, ადამი და ევა გრძნობდნენ, რომ მოკვდაობა დიდი დალოცვა იყო. ამ დალოცვათაგან ერთ-ერთი — შვილების ყოლის შესაძლებლობა იყო. ამით ხდებოდა შესაძლებელი, რომ ღმერთის სხვა სულიერი შვილები მოსულიყვნენ დედამიწაზე და ფიზიკური სხეულები მიეღოთ.

დაცემის დალოცვებით ადამმა და ევამ გაიხარეს. ევამ თქვა: „რომ არ შეგვეცოდა, ვერასდროს ვერ გვეყოლებოდა შთამომავლობა, ვერასდროს შევიცნობდით კეთილსა და ბოროტს, ჩვენი გამოსყიდვის სიხარულსა და მარადიულ სიცოცხლეს, რომელსაც ღმერთი უბოძებს ყოველ მორჩილს“ (მოსე 5:11; იხ. ასევე მუხლი 10).

წმინდა წერილის შესწავლა

ბაღში

დაცემა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე

უამრავი ადამიანი ფიქრობს: „რატომ ვარ დედამიწაზე?“ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე არის ჩვენი მარადიული წინსვლისთვის ღმერთის გეგმის არსებითი ნაწილი. ჩვენი საბოლოო მიზანია ღმერთთან დაბრუნება და სიხარულის სისრულის მიღება. ქვემოთ შეჯამებულია რამდენიმე გზა, რომლითაც დედამიწაზე ყოფნა ამისთვის გვამზადებს.

გამოსახულება
ბიჭი იღიმის

ფიზიკური სხეულის მიღება

დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზანი არის ფიზიკური სხეულის მიღება, რომელშიც ჩვენი სული იცხოვრებს. ჩვენი სხეული ღმერთის წმინდა, სასწაულებრივი ქმნილებაა. ფიზიკური სხეულებით შეგვიძლია გავაკეთოთ, ვისწავლოთ და განვიცადოთ ბევრი რამ, რაც ჩვენს სულებს არ შეეძლო. ისეთი წინსვლის მიღწევა შეგვიძლია, როგორსაც სული ვერ შეძლებდა.

ჩვენი სხეული მოკვდავია, ამიტომ შეგვიძლია გამოვცადოთ ტკივილი, ავადმყოფობა და სხვა გასაჭირი. ეს გამოცდილება დაგვეხმარება ვისწავლოთ მოთმინება, სიბრალული და სხვა ღვთაებრივი თვისებები. ეს ყველაფერი იქნება სიხარულისკენ მიმავალი გზა. სწორი არჩევნის გაკეთება გვაყალიბებს პიროვნებად, რწმენა, იმედი და გულმოწყალება კი ჩვენი პიროვნების ნაწილი ხდება.

არჩევნის თავისუფლების გონივრულად გამოყენება

მოკვდავი ცხოვრების კიდევ ერთი დანიშნულებაა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ სწორად არჩევნის თავისუფლება. იმისათვის, რომ ღმერთს დავემსგავსოთ უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ არჩევნის თავისუფლება სწორად.

ზეციურმა მამამ და იესო ქრისტემ გვასწავლეს, რა არის სწორი და ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე მცნებები მოგვცეს. სატანა ცდილობს გვაცდუნოს, ბოროტი საქმე გაგვაკეთებინოს და მის მსგავსად უბედურები გაგვხადოს. ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობას სიკეთესა და ბოროტებას შორის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ვისწავლოთ არჩევნის თავისუფლების გამოყენება (იხ. 2 ნეფი 2:11).

როცა ღმერთს ვემორჩილებით, ვვითარდებით და ვიღებთ მის დაპირებულ კურთხევებს. ხოლო, როდესაც არ ვემორჩილებით, მას ვშორდებით და ცოდვის შედეგზე პასუხს ვაგებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სხვაგვარად ჩანს, ცოდვა საბოლოოდ იწვევს უბედურებას. ხშირად მორჩილების დალოცვები — და ცოდვის შედეგები — მაშინვე არ ჩანს ან ზედაპირულად ჩანს. მაგრამ ისინი თავს იჩენს, რადგან ღმერთი სამართლიანია.

მაშინაც კი, როცა უზომოდ ვცდილობთ, მაინც ყველანი ვცოდავთ და „მოკლებულნი ვართ ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). იცოდა ეს რა, ზეციურმა მამამ მოგვცა საშუალება მოვინანიოთ, რათა შევძლოთ მასთან დაბრუნება.

მონანიება გვასაჩუქრებს ჩვენი გამომსყიდველის — იესო ქრისტეს ძალით (იხ. ჰელამანი 5:11). მონანიებისას ჩვენ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისა და სულიწმინდის ძღვენის მეშვეობით ცოდვისაგან ვიწმინდებით (იხ. 3 ნეფი 27:16–20). მონანიებით სიხარული მოგვეცემა. ზეციურ მამასთან დასაბრუნებელი გზა გახსნილია, რადგან ის მოწყალეა. (იხ. „მონანიება”, მე-3 გაკვეთილი.)

ისწავლე რწმენით სიარული

ამ ცხოვრების კიდევ ერთი მიზანი არის გამოცდილების მიღება, რომელიც მხოლოდ ზეციურ მამასთან განშორებით მიიღება. რადგან მას ვერ ვხედავთ, უნდა ვისწავლოთ რწმენით სიარული (იხ. 2 კორინთელთა 5:6–7).

ღმერთმა ამ მოგზაურობაში მარტო არ დაგვტოვა. მან მოგვივლინა სულიწმინდა, რომელიც გვიჩვენებს გზას, გვაძლიერებს და განწმენდაში გვეხმარება. მან ასევე მოგვცა წმინდა წერილები, წინასწარმეტყველები, ლოცვის ძალა და იესო ქრისტეს სახარება.

ჩვენი მოკვდავი გამოცდილების ყოველი ნაწილი — სიხარული და მწუხარება, წარმატებები და წარუმატებლობები — დაგვეხმარება ზრდაში, ღმერთთან დაბრუნების გზაზე.

წმინდა წერილების შესწავლა

ზრდისა და წინსვლის დრო

არჩევანი

კეთილი და ბოროტი

ცოდვა

ღმერთთან ყოფნისთვის უნდა განვიწმინდოთ

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

იესო ქრისტეს გამოსყიდვა

ადამის და ევას დაცემის გამო, ჩვენ ყველანი ცოდვილები და მოკვდავები ვართ. ცოდვისა და სიკვდილის შედეგებს მარტონი ვერ გადავლახავთ. ზეციურმა მამამ ხსნის გეგმაში მოგვცა გზა დაცემის შედეგების გადასალახად, რათა ჩვენ შევძლოთ მასთან დაბრუნება. სამყაროს შექმნამდე, მან ჩვენს მხსნელად და გამომსყიდველად იესო ქრისტე აირჩია.

ცოდვისა და სიკვდილისგან ჩვენი გამოსყიდვა მხოლოდ იესოს შეუძლია. იგი არის ძე ღვთისა. მან უცოდველი და მორჩილი ცხოვრებით იცხოვრა. ის მოემზადა და სურდა ზეციური მამის ნების აღსრულება.

მხსნელის გამოსყიდვა მოიცავდა მის ტანჯვას გეთსიმანიაში, მის ტანჯვასა და სიკვდილს ჯვარზე და მის აღდგომას. მან ისეთი ტანჯვა გადაიტანა, რომელსაც ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით. სისხლი თითოეული ფორიდან სდიოდა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:18).

იესო ქრისტეს გამოსყიდვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი მოვლენაა. თავისი გამომსყიდველი თავგანწირვის მეშვეობით, იესომ ზეციური მამის გეგმა აამოქმედა. იესო ქრისტეს გამოსყიდვის გარეშე უმწეოები ვიქნებოდით, რადგან ვერ ვიხსნით თავს ცოდვისა და სიკვდილისგან (იხ. ალმა 22:12–15).

ჩვენი მხსნელის თავგანწირვა ჩვენი და ზეციური მამისადმი სიყვარულის უკიდურესი გამოვლინებაა. იესო ქრისტეს სიყვარულის „განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე“ ჩვენი გააზრების მიღმაა (ეფესელთა 3:18; იხ. ასევე მუხლი 19).

გამოსახულება
ჯვარცმა, ჰარი ანდერსენი

იესო ქრისტემ ყველასთვის დაამარცხა სიკვდილი

როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გაკრული აღესრულა, მისი სული სხეულისგან განცალკევდა. ხოლო, მესამე დღეს, მისი სული და სხეული კვლავ გაერთიანდა და აღარასოდეს გაყრილა. ის ბევრ ადამიანს გამოეცხადა და აჩვენა, რომ ჰქონდა უკვდავი სხეული ხორცითა და ძვლებით. სულისა და სხეულის ამ გაერთიანებას აღდგომა ეწოდა.

ჩვენ, როგორც მოკვდავები, ყველანი დავიღუპებით. თუმცა, რადგან იესომ სიკვდილზე გაიმარჯვა, თითოეული ადამიანი აღდგება სიკვდილის შემდეგ. აღდგომა არის ღვთაებრივი საჩუქარი ყველასთვის, რომელიც მოცემულია მხსნელის წყალობისა და გამომსყიდველი მადლის მეშვეობით. თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და თითოეული ჩვენგანი მარადიულად იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში. რომ არა იესო ქრისტე, სიკვდილი დაასრულებდა ზეციურ მამასთან მომავალი არსებობის ყველა იმედს (იხ. 2 ნეფი 9:8–12).

იესომ შეგვაძლებინა ცოდვებისგან განწმენდა

იმისათვის, რომ გავიგოთ იმედი, რომელსაც ქრისტეს მეშვეობით მივიღებთ, უნდა გვესმოდეს სამართლიანობის რჯული. ეს არის უცვლელი რჯული, რომელსაც მოაქვს შედეგები ჩვენს ქმედებებზე. ღვთის მორჩილება დადებით შედეგებს გვაძლებს, ხოლო მისი დაუმორჩილებლობა — უარყოფითს. (იხ. ალმა 42:14–18.) როდესაც ვცოდავთ, სულიერად უწმინდურნი ვხდებით, ღმერთის გარემოცვაში კი, ვერაფერი უწმინდური ვერ იარსებებს (იხ. 3 ნეფი 27:19).

გამოსახულება
იესო გეთსიმანიაში ლოცვისას, ავტორი: ჰარი ანდერსონი

იესო ქრისტეს გამომსყიდველი თავგანწირვის დროს, ის იდგა ჩვენს ადგილზე, იტანჯებოდა და გადაიხადა სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის (იხ. 3 ნეფი 27:16–20). ღვთის გეგმა აძლევს იესო ქრისტეს ძალას, რომ შუამავლობა იკისროს ჩვენთვის — დადგეს ჩვენსა და სამართლიანობას შორის (იხ. მოსია 15:9). იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო, მას შეუძლია მოითხოვოს ჩვენთვის მოწყალების უფლება, თუკი ჩვენ სინანულის რწმენას გამოვავლენთ (იხ. მორონი 7:27; მოძღვრება და აღთქმები 45:3–5). „და ასე, წყალობა დააკმაყოფილებს სამართლის მოთხოვნებს და მოაქცევს მათ უსაფრთხო ხელში“ (ალმა 34:16).

მხოლოდ მხსნელის გამოსყიდვის ძღვენითა და ჩვენი მონანიებით შეგვიძლია დავბრუნდეთ ღმერთთან საცხოვრებლად. მონანიებისას, ცოდვები მოგვეტევება და სულიერად განვიწმინდებით. ასევე, ვთავისუფლდებით ჩვენი ცოდვების დანაშაულის ტვირთსგან. ჩვენი დაჭრილი სული კი, იკურნება. ჩვენ სიხარულით აღვივსებით (იხ. ალმა 36:24).

მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ და შეიძლება ისევ შევცდეთ, იესო ქრისტეში უფრო მეტი მადლი, სიყვარული და წყალობაა, ვიდრე ჩვენში მარცხი, ნაკლი ან ცოდვა. ღმერთი ყოველთვის მზადაა მოსატევებლად, როცა მოვინანიებთ (იხ. ლუკა 15:11–32). ვერავინ და ვერაფერი „ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:39).

იესომ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ტკივილი, ტანჯვა და უძლურება

იესო ქრისტემ თავის გამომსყიდველური თავგანწირვის დროს ჩვენი ტკივილი, ტანჯვა და უძლურება საკუთარ თავზე აიღო. ამის გამო მან იცის „ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“ (ალმა 7:12; იხ. ასევე მუხლი 11). ის გვეუბნება: „მოდით ჩემთან“ და ის გვაძლევს მოსვენებას, იმედს, ძალას, ხედვასა და კურნებას (მათე 11:28; იხ. ასევე მუხლები 29–30).

თუ იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას დავეყრდნობით, მას შეუძლია დაგვეხმაროს ავიტანოთ ჩვენი განსაცდელი, ავადმყოფობა და ტკივილი. ჩვენ შეგვიძლია აღვივსოთ სიხარულით, სიმშვიდითა და ნუგეშით. ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

წმინდა წერილის შესწავლა

მხსნელის გამოსყიდვა

აღდგომა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „იესო ქრისტე”, „გამოსყიდვა”, „მადლი

  • სახარების საკითხები: „იესო ქრისტე”, „გამოსყიდვა იესო ქრისტეს მიერ”, „მადლი

გამოსახულება
სასაფლაოზე მისული ოჯახი

სულების სამყარო

უამრავ ადამიანს ებადება კითხვა: „რა მელოდება სიკვდილის შემდეგ?“ ხსნის გეგმა ამ კითხვაზე მნიშვნელოვან პასუხებს გვთავაზობს.

სიკვდილი არის ღმერთის „გულმოწყალე გეგმის“ ნაწილი ჩვენთვის (2 ნეფი 9:6). სიკვდილი ჩვენი არსებობის დასასრული კი არა უფრო ჩვენი მარადიული მოგზაურობისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. იმისათვის, რომ ღმერთს დავემსგავსოთ, უნდა გამოვცადოთ სიკვდილი და მივიღოთ სრულყოფილი, აღდგენილი სხეული.

როდესაც ფიზიკურად გარდავიცვლებით, ჩვენი სული გააგრძელებს ცხოვრებას სულების სამყაროში. ეს არის დროებითი მდგომარეობა, რათა ვისწავლოთ და მოვემზადოთ აღდგომისა და სამსჯავროსთვის. მოკვდავი ცხოვრებისას შეძენილი ცოდნა ჩვენთან რჩება.

სულების სამყაროში მათ, ვინც იესო ქრისტეს სახარება მიიღეს და ცხოვრებაში გამოიყენეს, „მიიღებენ ბედნიერების მდგომარეობაში, რასაც უწოდებენ სამოთხეს“ (ალმა 40:12). ბავშვებიც, გარდაცვალებისას, სამოთხეში ხვდებიან.

სამოთხეში სულები მშვიდად იქნებიან, თავიანთი უბედურებისა და მწუხარებისგან მოშორებულნი. ისინი აგრძელებენ სულიერ ზრდას, ღვთის საქმის კეთებასა და სხვებზე ზრუნვას. ისინი უქადაგებენ სახარებას მათ, ვინც მოკვდავ ცხოვრებაში არ მიიღო ის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 138:32–37, 57–59).

სულების სამყაროში ადამიანებს, რომლებმაც ვერ მიიღეს სახარება დედამიწაზე, ან რომლებმაც აირჩიეს არ დაეცვათ მცნებები, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 138:6–37; ალმა 40:6–14). თუმცა, რადგან ღმერთი სამართლიანი და გულმოწყალეა, ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ იესო ქრისტეს სახარება. თუ ამას მიიღებენ და მოინანიებენ, ცოდვები მიეტევებათ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 138:58; იხ. ასევე 138:31–35; 128:22). და ისინიც სამოთხის სიმშვიდეს მიიღებენ. ისინი საბოლოოდ მიიღებენ ადგილს ბრწყინვალების სასუფეველში იმ არჩევნის საფუძველზე, რომელიც მათ გააკეთეს მოკვდავ ცხოვრებასა და სულიერ სამყაროში ყოფნის დროს.

ჩვენ სულიერ სამყაროში აღდგომამდე დავრჩებით.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „სამოთხე

აღდგომა, ხსნა და ამაღლება

აღდგომა

ღმერთის გეგმა შესაძლებელს ხდის, განვვითარდეთ და მარადიული სიცოცხლე მივიღოთ. სულების სამყაროში გატარებული დროის შემდეგ, აღდგომა არის ამ მოგზაურობის შემდეგი ნაბიჯი.

აღდგომა ჩვენი სხეულისა და სულის გაერთიანებას ნიშნავს. თითოეული ჩვენგანი აღდგება. ეს შესაძლებელი გახადა ჩვენი მხსნელის გამოსყიდვამა და აღდგომამ. (იხ. ალმა 11:42–44.)

აღდგომისას, მოგვენიჭება სრულყოფილი ფიზიკური სხეული, რომელსაც არ ეცოდინება ტკივილი და ავადმყოფობა. ვიქნებით უკვდავნი და სამუდამოდ ვიცხოვრებთ.

ხსნა

რადგან ყველანი აღვდგებით, ყველანი გადავრჩებით — ანუ მივიღებთ ხსნას — ფიზიკური სიკვდილისგან. ეს ძღვენი იესო ქრისტეს მადლით მოგვეცემა.

ასევე, შეგვიძლია გადავრჩეთ — ანუ მივიღოთ ხსნა — იმ შედეგებისგან, რასაც სამართლიანობის რჯული მოითხოვს ჩვენი ცოდვებისთვის. აღნიშნული ძღვენიც იესო ქრისტეს წყალობაა და მონანიებისას მოგვეცემა. (იხ. ალმა 42:13–15, 21–25.)

ამაღლება

ამაღლება ანუ მარადიული სიცოცხლე არის ბედნიერების უმაღლესი მდგომარეობა და დიდება ცელესტიალურ სასუფეველში. ამაღლება არის პირობითი ძღვენი. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლის: „ეს პირობები მოიცავს უფლის რწმენას, მონანიებას, ნათლობას, სულიწმინდის მიღებას და სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების ერთგულებას“ („ხსნა და ამაღლება”, ლიახონა, მაისი, 2008 წ, 9).

ამაღლება ნიშნავს ღმერთთან ერთად, მარადიულ ოჯახში, უკუნისამდე ცხოვრებას. ეს ნიშნავს შეიცნო ღმერთი და იესო ქრისტე, დაემსგავსო მათ და გამოვცადო მათი ცხოვრება, რომლითაც ისინი ტკბებიან.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „აღდგომა

  • სახარების საკითხები: „აღდგომა”, „ხსნა

გამოსახულება
მზის სხივები ღრუბლებიდან ანათებს

სამსჯავრო და ბრწყინვალების სასუფეველი

შენიშვნა: როდესაც პირველად ასწავლი ბრწყინვალების სასუფევლებზე, ასწავლე საწყის დონეზე, ადამიანის საჭიროებებისა და გააზრების შესაბამისად.

აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე იქნება ჩვენი სამართლიანი და გულმოწყალე მსაჯული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბრწყინვალების სასუფეველში ყველანი დავიმკვიდრებთ ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი აღვდგებით, ყველა მაინც ვერ მივიღებთ ერთსა და იმავე მარადიულ ბრწყინვალებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:22–24, 29–34; 130:20–21; 132:5).

ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად გაეგოთ და დამორჩილებოდნენ ღვთის კანონებს თავიანთი მოკვდავი ცხოვრების მანძილზე, მიეცემათ ეს შესაძლებლობა სულების სამყაროში. იესო განსჯის თითოეულ ადამიანს რწმენის, საქმეების, სურვილებისა და მონანიების მიხედვით მოკვდავ და სულიერ სამყაროში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 138:32–34, 57–59).

წმინდა წერილის მიხედვით, არსებობს ცელესტიალური, ტერესტრიალური და ტელესტიალური ბრწყინვალების სასუფევლები. თითოეული მათგანი ღვთის სიყვარულის, სამართლისა და წყალობის გამოვლენაა.

ისინი, ვინც ავლენენ რწმენას ქრისტეში, მოინანიებენ ცოდვებს, იღებენ სახარების წეს-ჩვეულებებს, იცავენ მცნებებს, იღებენ სულიწმიდას და ბოლომდე გაძლებენ, გადარჩებიან ცელესტიალურ სასუფეველში. ამ სასუფეველში ასევე იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ სახარების მიღების შესაძლებლობა მოკვდავი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ „მთელი გულით მიიღებდნენ მას“ და მათ ის სულების სამყაროში მიიღეს (მოძღვრება და აღთქმები 137:8; იხ. ასევე მუხლი 7). ცელესტიალურ სასუფეველში გადარჩებიან ბავშვებიც, რომლებიც პასუხისმგებლობის ასაკამდე (რვა წლამდე) დაიღუპნენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 137:10).

წმინდა წერილებში ცელესტიალური სასუფეველი შედარებულია მზის დიდებასთან ან სიკაშკაშესთან. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:50–70.)

ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ღირსეული ცხოვრებით, მაგრამ „რომლებმაც ვერ მიიღეს იესოს დამოწმება მოკვდავობისას, თუმცა მოგვიანებით მიიღეს ის“, ებოძებათ ადგილი ტერესტრიალურ სასუფეველში (მოძღვრება და აღთქმები 76:74). იგივე ეხებათ მათ, ვინც არ იყვნენ მამაცნი იესოს დამოწმებაში. ეს სასუფეველი შედარებულია მთვარის ბრწყინვალებასთან. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:71–80.)

რომლებმაც განაგრძეს ცოდვებში ცხოვრება და არ მოინანიეს ამ ცხოვრებაში ან არ მიიღეს იესო ქრისტეს სახარება სულების სამყაროში, მიიღებენ ჯილდოს ტელესტიალურ სასუფეველში. ეს სასუფეველი ჰგავს ვარსკვლავების ბრწინვალებას. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:81–86.)

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

მოკლე და საშუალო გაკვეთილის მონახაზი

ქვემოთ მოცემული მოკლე შეჯამება არის მაგალითი იმისა, თუ რა შეგიძლია ასწავლო ადამიანს მცირე დროში. ამ მოკლე შეჯამების გამოყენებისას, აირჩიე ერთი ან მეტი სასწავლო პრინციპი. თითოეული პრინციპის მოძღვრების საფუძველი გაკვეთილის დასაწყისშია მოცემული.

სწავლებისას დასვი შეკითხვები და მოუსმინე. განახორციელე ისეთი მოწვევა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ღმერთთან მიახლოებაში. ერთი მნიშვნელოვანი მოწვევა არის ის, რომ ადამიანი კვლავ შეგხვდეს. გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენ მიერ დასმულ შეკითხვებსა და მოსმენის უნარზე.

რა შეიძლება ასწავლო ადამიანს 3-10 წუთში

  • ჩვენ ყველა ღვთის სულიერი შვილები ვართ. ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვართ. ის თითოეულს გვიცნობს და ვუყვარვართ.

  • ღმერთმა შემოგვთავაზა ჩვენი ბედნიერებისა და წინსვლის გეგმა ამ ცხოვრებასა და მარადისობაში.

  • ღვთის გეგმის მიხედვით, დედამიწაზე მოსვლა აუცილებელი იყო ფიზიკური სხეულის მისაღებად, სწავლისა და განვითარებისთვის.

  • ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია იესო ქრისტე. იგი საშუალებას გვჩუქნის, მივიღოთ მარადიული სიცოცხლე.

  • ღვთის მითითებით იესომ შექმნა დედამიწა.

  • ჩვენი გამოცდილება დედამიწაზე მიზნად ისახავს, დაგვეხმაროს ღმერთთან დასაბრუნებელ გზაზე.

  • ყველანი ვცოდავთ და ყველანი დავიღუპებით. ღმერთს თითოეული ჩვენგანი უყვარს, სწორედ ამიტომ, მან საკუთარი ძე — იესო ქრისტე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და სიკვდილი.

  • ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

  • ჩვენი ფიზიკური სხეულის გარდაცვალების შემდეგ, სული კვლავ ცოცხალია. საბოლოოდ, ყოველი ჩვენგანი აღდგება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და ყოველი ჩვენგანი უკუნისამდე იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში.

  • აღდგომის შემდეგ, ჩვენი განკითხვა იესო ქრისტეს მიერ მოხდება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ღვთის შვილი დაიმკვიდრებს ადგილს ბრწყინვალების სასუფეველში. ერთგულები თუ ვიქნებით, ღმერთის გარემოცვას დავუბრუნდებით.