თავი 4
(ივნისი–ოქტომბერი 1830 წ.)
როგორ იქცა სატანა ეშმაკად – იგი აცდუნებს ევას – ადამისა და ევას დაცემა და ამქვეყნად სიკვდილის მოსვლა.
1 და მე, უფალმა ღმერთმა, მივმართე მოსეს სიტყვებით: სატანა, რომელსაც შენ უბრძანე ჩემი მხოლოდშობილის სახელით, არის იგივე, რომელიც იყო დასაბამიდანვე და იგი მოვიდა ჩემ წინაშე სიტყვებით: აჰა, აქ ვარ, მე გამაგზავნე, მე ვიქნები შენი ძე და მე გამოვისყიდი მთელ კაცობრიობას, რათა არცერთი სული არ დაიკარგოს და მე უეჭველად ვიზამ ამას; ამიტომ მიბოძე შენი ღირსება.
2 მაგრამ, აჰა, ჩემმა საყვარელმა ძემ, რომელიც იყო დასაბამიდანვე საყვარელი და ამორჩეული – მითხრა: მამაო, იყოს ნება შენი და დიდება შენი მარად.
3 ამიტომ, ვინაიდან სატანა აჯანყდა ჩემ წინააღმდეგ და ცდილობდა, გაენადგურებინა ადამიანის თავისუფალი ნება, რომელიც მე, უფალმა ღმერთმა, მას ვუბოძე, ასევე, რადგან მოისურვა, მებოძა მისთვის ჩემი საკუთარი ძალა; ჩემი მხოლოდშობილის ძალით ვბრძანე, რომ იგი გაძევებულ ყოფილიყო;
4 და იგი იქცა სატანად, დიახ, თვით ეშმაკად, ყოველი ტყუილის მამად, რათა შეაცდინოს და დააბრმავოს ადამიანები, დატყვევებულებს გაუძღვეს თავისი ნებისამებრ, ყველას, რომლებიც არ დაუგდებენ ყურს ჩემს ხმას.
5 და ახლა, გველი უფრო ცბიერი იყო, ვიდრე რომელიმე სხვა მინდვრის ცხოველი, რომელიც მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი.
6 და სატანამ შთააგონა გველს გულში (ვინაიდან მან მრავალი თან გაიყოლია) და ასევე შეეცადა ევას ცდუნებას, ვინაიდან მან არ იცოდა ღვთის ჩანაფიქრი, ამიტომ ცდილობდა ამაქვეყნის განადგურებას.
7 და უთხრა დედაკაცს: დიახ, ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო? (და იგი ლაპარაკობდა გველის პირით.)
8 და დედაკაცმა გველს უპასუხა: ბაღის ხის ნაყოფი ჩვენ გვეჭმევა;
9 ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელსაც შუა ბაღში ხედავ, გვითხრა ღმერთმა: არ ჭამოთ მისგან, არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.
10 და გველმა უთხრა დედაკაცს: არ მოკვდებით;
11 ვინაიდან იცის ღმერთმა, რომელ დღესაც კი შეჭამთ, აგეხილებათ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
12 და როდესაც იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად, მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის ქმარს და მანაც შეჭამა.
13 და აეხილათ თვალები ორივეს და შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემო სარტყლები.
14 და მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, როდესაც საღამოხანს დადიოდნენ ბაღში; და ადამი და მისი ცოლი წავიდნენ დასამალად უფალი ღმერთის გარემოცვიდან, ბაღის ხეთა შორის.
15 და მე, უფალმა ღმერთმა, დავუძახე ადამს და ვუთხარი მას: სად მიდიხარ?
16 და თქვა ადამმა: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან ვიხილე, რომ შიშველი ვარ და დავიმალე.
17 და მე, უფალმა ღმერთმა, ადამს ვუთხარი: ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან შეჭამე, რომელზეც გიბრძანე, არ გეჭამა, თორემ მოკვდებოდი?
18 და კაცმა მიუგო: დედაკაცმა, რომელიც მომეცი და მიბრძანე, ჩემთან ყოფილიყო, მომცა ხიდან ნაყოფი და შევჭამე.
19 და მე, უფალმა ღმერთმა, ვუთხარი ქალს: ეს რა ჩაიდინე? და დედაკაცმა თქვა: გველმა მაცდუნა და შევჭამე.
20 და მე, უფალმა ღმერთმა, გველს ვუთხარი: რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი იქნები შენ მხეცთა და მინდვრის ყველა ცხოველთა შორის. მუცელზე იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლის დღეები;
21 და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.
22 ქალს, მე, უფალმა ღმერთმა, ვუთხარი: გავამრავლებ შენს მწუხარებას ფეხმძიმობის ჟამს და მწუხარებაში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.
23 და ადამს მე, უფალმა ღმერთმა, ვუთხარი: რადგან ყურად იღე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გიბრძანე სიტყვებით – არ შეჭამო, წყეულიმც იყოს მიწა შენ გამო, მწუხარებით შეჭამ მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლის დღეები.
24 ასევე ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ და შეჭამ მინდვრის ბალახს.
25 შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, ვინაიდან უსათუოდ მოკვდები, ვინაიდან მაქედან ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრად იქცევი.
26 და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის იყო დედა ყოველი ცოცხალისა, ვინაიდან ასე ვუწოდე მე, უფალმა ღმერთმა, პირველ დედაკაცს, რომელნიც არიან მრავალნი.
27 ადამსა და მის ცოლს მე, უფალმა ღმერთმა, გავუმზადე ტყავის სამოსელი და შევმოსე ისინი.
28 და მე, უფალმა ღმერთმა, ჩემს მხოლოდშობილს ვუთხარი: აჰა, ადამიანი გახდა, როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შემცნობი, და ახლა, არ გაიწოდოს ხელი და ასევე არ იგემოს სიცოცხლის ხისგან, არ შეჭამოს და მარად არ იცოცხლოს.
29 ამიტომ მე, უფალი ღმერთი, გავაგზავნი მას ედემის ბაღიდან, მიწაზე სამუშაოდ, რომლისგანაც იყო იგი აღებული.
30 ვინაიდან, როგორც მე, უფალი ღმერთი, ვცოცხლობ, ვერ იქნება ჩემი სიტყვები ფუჭი, ვინაიდან ისე უნდა აღსრულდნენ ისინი, როგორიც ისინი ჩემი პირიდან ამოდის.
31 ამიტომ, გავაძევე ადამიანი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დავაყენე ქერუბიმები და ცეცხლოვანი, ყოველი მიმართულებით მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად.
32 (და ეს არის სიტყვები, რომლებსაც ვეუბნებოდი ჩემს მსახურ მოსეს და ისინი ჭეშმარიტია, ისე როგორც მე მსურს; და ისინი გითხარი შენ. გაუფრთხილდი, არ დაანახო ისინი არავის, სანამ არ გიბრძანებ, გარდა მათი, ვისაც სწამს. ამინ).