წმინდა წერილი
მოსე 3


თავი 3

(ივნისი–ოქტომბერი, 1830 წ.)

ღმერთმა ყოველივე შექმნა ჯერ სულიერად, სანამ დედამიწაზე ბუნებრივად იქნებოდა – მან შექმნა მამაკაცი, პირველი ხორციელი დედამიწაზე – დედაკაცი შესაფერისი შემწეა მამაკაცისთვის.

1 ამგვარად დასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.

2 და მეშვიდე დღეს მე, ღმერთმა, დავასრულე ჩემი საქმე და ყოველივე, რაც შევქმენი; და მეშვიდე დღეს დავისვენე ყოველი ჩემი საქმისგან და ყოველივე, რაც გავაკეთე, დასრულებულ იქნა და მე, ღმერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე ის კარგი იყო.

3 და მე, ღმერთმა, ვაკურთხე მეშვიდე დღე და განვწმინდე იგი, ვინაიდან დავისვენე ამ დღეს ყოველი ჩემი საქმისგან, რომელიც მე, ღმერთმა, შევქმენი და გავაკეთე.

4 და ახლა, აჰა, გეუბნები, რომ ასეთი იყო ცისა და მიწის წარმოშობა მათი შექმნისას იმ დღეს, როდესაც მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი ცა და მიწა,

5 და მინდვრის ყოველი მცენარე მის გაჩენამდე დედამიწაზე და მინდვრის ყოველი მცენარე, რომელიც ჯერ არ გაზრდილა. მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი ყოველივე, რაზეც ვილაპარაკე, სულიერად, სანამ ბუნებრივად გაჩნდებოდა დედამიწის პირზე. ვინაიდან მე, უფალ ღმერთს, არ დამიშვია წვიმა დედამიწის პირზე. და მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი ადამიანის ყოველი შვილი; და ჯერ არ იყო ადამიანი, მიწა რომ დაემუშავებინა; ვინაიდან ზეცაში შევქმენი ისინი და ჯერ არ იყო დედამიწაზე ხორციელი, არც წყალში, არც ცაში.

6 მაგრამ, მე, უფალმა ღმერთმა, ვთქვი და ამოვიდა ნისლი მიწიდან და მორწყა მთელი ხმელეთის ზედაპირი.

7 და მე, უფალმა ღმერთმა, კაცი გამოვძერწე მიწის მტვრისგან და ჩავბერე მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა; და ადამიანი იქცა ცოცხალ სულად, პირველ ხორციელად დედამიწაზე და ასევე, პირველ მამაკაცად; ამისდა მიუხედავად, ყოველივე შექმნილი იყო მანამდე; მაგრამ სულიერად იყო შექმნილი და ჩემი სიტყვის შესაბამისად შესრულებული.

8 და მე, უფალმა ღმერთმა, ბაღი გავაშენე ედემში აღმოსავლეთით და იქ მოვათავსე კაცი, რომელიც გამოვძერწე.

9 და მიწიდან მე, უფალმა ღმერთმა, აღმოვაცენე ბუნებრივად ყოველი ხე, ადამიანის თვალისთვის წარმტაცი და ადამიანს შეეძლო ამის ხილვა. ის ასევე იქცა ცოცხალ სულად, ვინაიდან ის იყო სულიერი იმ დღეს, როდესაც შევქმენი; იმყოფებოდა რა იმ სფეროში, რომელშიც მე, ღმერთმა, ის შევქმენი, ყოველივეც კი, რაც მოვამზადე ადამიანისთვის გამოსაყენებლად; და ადამიანმა იხილა, რომ ის კარგი იყო საკვებად. და მე, უფალმა ღმერთმა, ასევე დავრგე სიცოცხლის ხე ბაღის შუაგულში, ასევე ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.

10 და მე, უფალმა ღმერთმა, დავუშვი მდინარე ედემიდან გამოდინებულიყო ბაღის მოსარწყავად; და იქიდან იტოტებოდა და იქმნებოდა ოთხი ნაკადი.

11 და მე, უფალმა ღმერთმა, დავარქვი პირველს სახელად ფიშონი და ის გარს უვლის ხავილას მთელ მიწას, სადაც მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი ბევრი ოქრო;

12 და იმ ქვეყნის ოქრო კარგი იყო. და იქ იყო ბროლი და ზურმუხტის ქვა.

13 და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი; იგი გარს უვლის მთელი ეთიოპიის მიწას.

14 და მესამე მდინარის სახელი იყო ჰიდეკელი; იგი აღმოსავლეთით ჩაუდის აშურს. და მეოთხე მდინარე იყო ევფრატი.

15 და მე, უფალმა ღმერთმა, ავიყვანე კაცი და დავსვი იგი ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

16 და მე, უფალმა ღმერთმა, ვუბრძანე კაცს სიტყვებით: ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო,

17 მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, მიუხედავად ამისა, შეგიძლია თავად აირჩიო შენთვის, ვინაიდან ეს შენ გებოძა, მაგრამ გახსოვდეს, რომ მე ეს აგიკრძალე, რადგან რა ჟამსაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, აუცილებლად მოკვდები.

18 და მე, უფალმა ღმერთმა, ვუთხარი ჩემს მხოლოდშობილს, რომ არაა კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, ამიტომ შევუქმნი მას შესაფერის შემწეს.

19 და მიწისაგან, მე, უფალმა ღმერთმა, გამოვსახე ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და ვუბრძანე, მისულიყვნენ ადამთან, რათა მენახა, რას დაარქმევდა მათ; და ისინი ასევე იყვნენ ცოცხალი სულები; ვინაიდან მე, ღმერთმა, შთავბერე მათ სიცოცხლის სუნთქვა და ვუბრძანე, რომელ სულდგმულს რას უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, მისი სახელი ის იქნებოდა.

20 და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს და ცის ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ ადამისთვის არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე.

21 და მე, უფალმა ღმერთმა, მოვგვარე ღრმა ძილი ადამს. და მას დაეძინა და ამოვუღე ერთი ნეკნთაგანი და დავფარე ხორცით ის ადგილი;

22 და ნეკნისგან, რომელიც მე, უფალმა ღმერთმა, ამოვიღე მამაკაცისგან, შევქმენი დედაკაცი და მივუყვანე იგი მამაკაცს.

23 და თქვა ადამმა: ახლა მე ვიცი, ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია; ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.

24 ამიტომ, მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის მეუღლეს და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.

25 და იყვნენ ორივენი შიშველნი, ადამი და მისი მეუღლე და არ რცხვენოდათ.