წმინდა წერილი
მოსე 1


ამონარიდები
მოსეს წიგნიდან

ამონარიდი ბიბლიის თარგმანიდან, რომელიც გამოცხადებით ებოძა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, ივნისი, 1830 წ.–თებერვალი, 1831 წ.

თავი 1

(ივნისი, 1830 წ.)

ღმერთი თავად გამოეცხადება მოსეს – მოსე გარდაიქმნა – მას უპირისპირდება სატანა – მოსე იხილავს მრავალ დასახლებულ სამყაროს – ძის მიერ შექმნილი უთვალავი სამყარო – ღვთის საქმე და დიდებაა, აღასრულოს ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე.

1 ღვთის სიტყვები, რომლებიც მან მოსეს უთხრა იმ დროს, როდესაც მოსე ძალზედ მაღალ მთაზე იქნა აყვანილი,

2 და მან იხილა ღმერთი პირისპირ, ელაპარაკა მას და მოსეზე იყო ღვთის ბრწყინვალება, ამიტომაც მოსემ გაუძლო მის გარემოცვაში ყოფნას.

3 და ღმერთმა მიმართა მოსეს სიტყვებით: აჰა, მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლადძლიერი და უსასრულობა არის ჩემი სახელი; ვინაიდან, არ მაქვს დღეთა დასაწყისი, არც წლების დასასრული; და არ არის ეს უსასრულობა?

4 და აჰა, შენ ხარ ჩემი ძე, ამიტომ შეხედე და ჩემი ხელის ქმნილებას დაგანახებ; მაგრამ ყოველივეს არა, ვინაიდან ჩემს ქმნილებას არ აქვს დასასრული, არც ჩემს სიტყვებს, ვინაიდან ისინი არასდროს შეწყდება.

5 ვინაიდან, ვერცერთი ადამიანი ვერ იხილავს სრულად ჩემს ქმნილებას, თუ არ იხილა მთელი ჩემი ბრწყინვალება; და ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს, იხილოს მთელი ჩემი ბრწყინვალება და ამის შემდეგ ხორციელად დარჩეს დედამიწაზე.

6 და მაქვს საქმე შენთვის, მოსე, ჩემო შვილო; და შენ ხარ ჩემი მხოლოდშობილის მაგვარი; და ჩემი მხოლოდშობილი არის და იქნება მხსნელი, ვინაიდან იგი სავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით; მაგრამ არ არსებობს სხვა ღმერთი ჩემ გარდა და ყველაფერი არსებული ჩემ წინაშეა, ვინაიდან ვცნობ ყოველ მათგანს.

7 და ახლა, აჰა, ამ ერთ რამეს დაგანახებ, მოსე, ჩემო შვილო, ვინაიდან შენ ხარ ამ სამყაროში და ახლა დაგანახებ მას.

8 და იყო ასე, რომ მოსემ შეხედა და იხილა სამყარო, სადაც იგი იქნა შექმნილი; და მოსემ იხილა სამყარო და მისი კიდენი და ადამიანთა ყველა შვილი, რომლებიც არიან და რომლებიც იყვნენ შექმნილნი; ამაზე იგი ძალზედ გაოცდა და გაუკვირდა.

9 და მოსე ღვთის გარემოცვის მიღმა დარჩა, მისი ბრწყინვალება აღარ იყო მოსეზე და მოსე მარტოდ დარჩა. და როდესაც მარტოდ დარჩა, იგი მიწაზე დაეცა.

10 და იყო ასე, რომ მრავალი საათი გავიდა, სანამ მოსეს კვლავ დაუბრუნდა ბუნებრივი, ადამიანური ძალა; და მან საკუთარ თავს უთხრა: ახლა, ამის შედეგად ვიცი, რომ ადამიანი არის არარაობა, რაც არასდროს არ მივარაუდია.

11 მაგრამ ახლა საკუთარი თვალებით ვიხილე ღმერთი; თუმცა არა ჩემი ბუნებრივი თვალებით, არამედ სულიერი, ვინაიდან ჩემი ბუნებრივი თვალები ვერ დაინახავდა; ვინაიდან, გავხმებოდი ლერწამივით და მოვკვდებოდი მის გარემოცვაში; მაგრამ, მისი ბრწყინვალება იყო ჩემზედ; და ვიხილე მისი სახე, ვინაიდან მის წინაშე გარდავიქმენი.

12 და იყო ასე: როდესაც მოსემ წარმოთქვა ეს სიტყვები, აჰა, მის საცდუნებლად სატანა მოვიდა სიტყვებით: მოსე, ადამიანის შვილო, მეთაყვანე მე.

13 და იყო ასე, რომ მოსემ შეხედა სატანას და თქვა: შენ ვინ ხარ? ვინაიდან, აჰა, მე ვარ ღვთის შვილი მისი მხოლოდშობილის მაგვარი; და სად არის შენი ბრწყინვალება, რომ გეთაყვანო?

14 ვინაიდან, აჰა, ვერ შევხედავდი ღმერთს, რომ არ გადმოსულიყო ჩემზე მისი ბრწყინვალება და არ გარდავქმნილიყავი მის წინაშე. შენ კი, შემიძლია, გიყურო, როგორც ბუნებრივმა ადამიანმა. ნუთუ ეს ასე არ არის?

15 კურთხეულ იყოს ჩემი ღმერთის სახელი, რადგან მთლიანად არ დამშორდა მისი სული, თუ არადა სად არის შენი ბრწყინვალება, რადგან ბნელეთია ჩემ წინაშე? და შემიძლია, განვასხვავო შენსა და ღმერთს შორის; ვინაიდან, ღმერთმა მითხრა: ეთაყვანე ღმერთს, ემსახურე მხოლოდ მას.

16 გამშორდი, სატანა; ნუ მატყუებ, ვინაიდან ღმერთმა მითხრა: შენ ხარ ჩემი მხოლოდშობილის მაგვარი.

17 და მან ასევე მომცა მცნებები, როდესაც მომიწოდა ცეცხლწაკიდებული მაყვლის ბუჩქიდან სიტყვებით: შეჰღაღადე ღმერთს ჩემი მხოლოდშობილის სახელით და მე მეთაყვანე.

18 და კვლავ თქვა მოსემ: არ შევწყვეტ უფლისადმი ღაღადს, ვინაიდან უნდა ვკითხო სხვა საკითხების შესახებ: რადგან მისი ბრწყინვალება ჩემზედ იყო შემიძლია, განგასხვავოთ შენ და იგი. გაეცალე აქაურობას, სატანა.

19 და ახლა, როდესაც მოსემ წარმოთქვა ეს სიტყვები, სატანამ შეჰყვირა ხმამაღლა, დაიღრიალა დედამიწაზე და ბრძანა სიტყვებით: მე ვარ მხოლოდშობილი, მე მეთაყვანე.

20 და იყო ასე, რომ მოსეს ძალზედ შეეშინდა; და როდესაც შეეშინდა, იხილა ჯოჯოხეთის სიმწარე. ამისდა მიუხედავად, შეჰღაღადა რა ღმერთს, მან მიიღო ძალა და ბრძანა სიტყვებით: გამშორდი, სატანა, ვინაიდან მხოლოდ ამ ერთ ღმერთს ვეთაყვანები, რომელიც ბრწყინვალების ღმერთია.

21 და ახლა აცახცახდა სატანა და აზანზარდა დედამიწა; მოსე აღივსო ძალით და ღმერთს შეჰღაღადა სიტყვებით: მხოლოდშობილის სახელით, გაეცალე აქაურობას, სატანა.

22 და იყო ასე: სატანამ შეჰყვირა ხმამაღლა, ტირილით, კვნესითა და კბილების ღრჭიალით; და წავიდა იქიდან, მოსეს გარემოცვიდან და იგი მას ვეღარ ხედავდა.

23 და ახლა, მოსე მოწმობდა ამის შესახებ; მაგრამ ეს არ არის ადამიანთა შვილებს შორის ბოროტების გამო.

24 და იყო ასე, რომ როდესაც სატანა წავიდა მოსეს გარემოცვიდან, მოსემ აღაპყრო თვალები ზეცისკენ, იყო რა აღვსილი სულიწმინდით, რომელიც მოწმობს მამისა და ძის შესახებ.

25 და მოუხმობდა რა ღვთის სახელს, მან კვლავ იხილა მისი ბრწყინვალება, ვინაიდან ის მასზედ იყო; და მოესმა ხმა სიტყვებით: კურთხეული ხარ, მოსე, ვინაიდან მე, ყოვლადძლიერმა, შენ ამოგირჩიე და გახდები მრავალ წყალზე უფრო ძლიერი; ვინაიდან, ისინი დაემორჩილებიან შენს ბრძანებას, თითქოს შენ ყოფილიყავი ღმერთი.

26 და აჰა, მე შენთან ვარ შენი დღეების ბოლომდე; ვინაიდან, უნდა გამოიხსნა ჩემი ხალხი მონობიდან, დიახ, ისრაელი, ჩემი რჩეული.

27 და იყო ასე: როდესაც ხმა ჯერ კიდევ ისმოდა, მოსემ მიმოიხედა და იხილა დედამიწა, დიახ, მთლიანად; და არ იყო მისი რომელიმე ნაწილი, რომელიც მან ვერ იხილა, ამოიცნო რა ის ღვთის სულით.

28 და იხილა ასევე მისი მცხოვრებნი და არ იყო სული, რომელიც მან ვერ იხილა; და ამოიცნო ისინი ღვთის სულით; და დიდი იყო მათი რაოდენობა, უთვალავი, ვითარცა ქვიშა ზღვის პირას.

29 და იხილა მრავალი მამული; და ყოველ მამულს ეწოდებოდა მიწა და მასზე იმყოფებოდნენ მცხოვრებნი.

30 და იყო ასე, რომ მოსემ ღმერთს შეჰღაღადა სიტყვებით; მითხარი, შენსადმი ვლოცულობ, რატომ არის ყოველივე ეს ასე და რითი შექმენი ისინი?

31 და აჰა, მოსეზე იყო უფლის ბრწყინვალება, ამიტომ მოსე იდგა ღვთის გარემოცვაში და მას პირისპირ ელაპარაკებოდა. და უფალმა ღმერთმა უთხრა მოსეს: ჩემი საკუთარი მიზნისთვის შევქმენი ყოველივე ეს. ამაშია სიბრძნე და ეს რჩება ჩემში.

32 და შევქმენი ისინი ჩემი ძალის სიტყვით, რომელიც არის ჩემი მხოლოდშობილი ძე, რომელიც სავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით.

33 და შევქმენი უთვალავი სამყარო; და შევქმენი ისინი ჩემი საკუთარი მიზნისთვის; და შევქმენი ისინი ძის მეშვეობით, რომელიც არის ჩემი მხოლოდშობილი.

34 და პირველ ადამიანს კაცობრიობიდან ვუწოდე ადამი ანუ მრავალი.

35 მაგრამ მხოლოდ ამ დედამიწისა და მის მცხოვრებთა ამბავს გიბოძებ. ვინაიდან, აჰა, არის მრავალი სამყარო, რომელიც გარდაიცვალა ჩემი ძალის სიტყვით. და არიან მრავალნი, რომლებიც ახლაც დგანან და უთვალავია ადამიანისთვის ისინი; მაგრამ ჩემთვის ყველა დათვლილია, ვინაიდან ისინი ჩემია და მათ ვცნობ.

36 და იყო ასე, რომ მოსემ მიმართა უფალს სიტყვებით: მოწყალე იყავ შენი მსახურისადმი, ო, ღმერთო და მითხარი ამ დედამიწისა და მის მცხოვრებთა შესახებ, ასევე ზეცის შესახებ და მაშინ შენი მსახური იქნება კმაყოფილი.

37 და უფალმა ღმერთმა მიმართა მოსეს სიტყვებით: ზეცანი არიან მრავალნი და უთვალავია ადამიანისთვის ისინი, მაგრამ ჩემთვის ყველა დათვლილია, ვინაიდან ისინი ჩემია.

38 და როგორც გარდაიცვლება ერთი დედამიწა და მისი ზეცა, ზუსტად ასე გაჩნდება სხვა და არ აქვს დასასრული ჩემს ქმნილებებს – არც ჩემს სიტყვებს.

39 ვინაიდან, აჰა, ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება – აღვასრულო ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე.

40 და ახლა, მოსე, ჩემო შვილო, დაგელაპარაკები ამ დედამიწის შესახებ, რომელზეც დგახარ; და ჩაიწერე, რასაც გეტყვი.

41 და იმ დღეს, როდესაც ადამაიანთა შვილები არაფრად ჩათვლიან ჩემს სიტყვებს და ამოიღებენ მრავალ მათგანს წიგნიდან, რომელსაც შენ დაწერ, აჰა, მე სხვას ავამაღლებ, შენდაგვარს; და ისინი კვლავ ადამიანთა შვილებს შორის იქნებიან – იმდენთა შორის, რამდენიც იწამებს.

42 (ეს სიტყვები მოსესთვის იქნა ნათქვამი მთაზე, რომლის სახელი არ იქნება ცნობილი ადამიანთა შვილებს შორის. და ახლა ისინი შენთვის იქნა ნათქვამი. არავის არ დაანახო ისინი გარდა მათი, ვინც იწამებს. სწორედ ასე. ამინ.)