თავი 8
(თებერვალი, 1831 წ.)
მეთუშალახი წინასწარმეტყველებს – ნოე და მისი ძენი ქადაგებენ სახარებას – ვრცელდება დიდი ბოროტება – მონანიებისკენ მოწოდება უგულებელყოფილია – ღმერთი ბრძანებს ყოველი ხორციელის წყალდიდობით განადგურებას.
1 და ყოველნი დღენი ენოქისა იყო ოთხას ოცდაათი წელი.
2 და იყო ასე: მეთუშალახი, ძე ენოქისა, არ იქნა აყვანილი, რათა აღსრულებულიყო უფლის აღთქმები, რომელნიც მან ენოქთან დადო; ვინაიდან, მან ჭეშმარიტად აღუთქვა ენოქს, რომ ნოე იქნებოდა მისი საზარდულის ნაყოფი.
3 და იყო ასე: მეთუშალახი წინასწარმეტყველებდა, რომ მისი საზარდულიდან წარმოიშობოდა ყოველი სამეფო დედამიწაზე (ნოეს მეშვეობით) და მან განადიდა საკუთარი თავი.
4 და მოვიდა მიწაზე დიდი შიმშილი და უფალმა დაწყევლა დედამიწა მწარე წყევლით და მრავალი მისი მცხოვრები დაიღუპა.
5 და იყო ასე, რომ მეთუშალახმა იცოცხლა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შვა ლამექი.
6 და მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ იცოცხლა შვიდას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟები და ასულები.
7 და ყოველი დღენი, რაც მეთუშალახმა იცოცხლა, იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი და იგი მოკვდა.
8 და ლამექმა იცოცხლა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი,
9 და სახელად დაარქვა ნოე, სიტყვებით: ეს ვაჟი გვანუგეშებს ჩვენს საქმეში და ჩვენი ხელით შრომაში იმ მიწის გამო, რომელიც უფალმა დაწყევლა.
10 და ლამექმა იცოცხლა ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ვაჟები და ასულები;
11 და ყოველი დღენი, რაც ლამექმა იცოცხლა, იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი და იგი მოკვდა.
12 და ნოე იყო ოთხას ორმოცდაათი წლის და შვა იაფეთი; და ორმოცდაორი წლის შემდეგ შვა შემი იმ ქალისგან, რომელიც იყო იაფეთის დედა; და როდესაც იყო ხუთასი წლის, მან შვა ქამი.
13 და ნოემ და მისმა ვაჟებმა ყური უგდეს უფალს და შეიგნეს; და მათ ეწოდათ ღვთის ძენი.
14 და როდესაც ამ ადამიანებმა დაიწყეს გამრავლება დედამიწის პირზე და მათ ეყოლათ ასულები, ადამიანთა ვაჟებმა იხილეს, რომ ეს ასულები იყვნენ ლამაზნი და ცოლად შეირთეს ისე, როგორც თავად აირჩიეს.
15 და უფალმა უთხრა ნოეს: შენი ვაჟების ასულებმა გაყიდეს საკუთარი თავი; ვინაიდან, აჰა, ანთებულია ჩემი რისხვა ადამიანთა შვილთა წინააღმდეგ, ვინაიდან ჩემს ხმას ყურს არ უგდებენ.
16 და იყო ასე, რომ ნოე წინასწარმეტყველებდა და ასწავლიდა ღვთის საქმეებს, ისე როგროც იყო დასაბამისას.
17 და უფალმა ნოეს უთხრა: ჩემი სული ყოველთვის არ მიისწრაფვის ადამიანისკენ, ვინაიდან მას ეცოდინება, რომ მოკვდება ყოველი ხორციელი; თუმცა მისი დღეები იქნება ას ოცი წელი; და ადამიანები თუ არ მოინანიებენ, მათზე წყალდიდობებს მოვავლენ.
18 და იმ დღეებში დედამიწაზე იყვნენ ბუმბერაზები და ისინი ცდილობდნენ ნოეს სიცოცხლის მოსწრაფებას; მაგრამ უფალი იყო ნოესთან და მასზე იყო უფლის ძალა.
19 და უფალმა თავისი წესისამებრ აკურთხა ნოე და უბრძანა მას, წასულიყო და გამოეცხადებინა სახარება ადამიანთა შვილებისთვის ისე, როგორც ის იქნა ენოქისთვის ნაბოძები.
20 და იყო ასე, რომ ნოემ მოუწოდა ადამიანთა შვილებს, მოენანიებინათ; მაგრამ მათ მის სიტყვებს არ დაუგდეს ყური;
21 და ასევე მას შემდეგ, რაც მას მოუსმინეს, ისინი მოვიდნენ მის წინაშე სიტყვებით: აჰა, ჩვენ ვართ ღვთის ვაჟები; ნუთუ არ სევირთეთ ჩვენთვის ადამიანთა ასულები? და ნუთუ არ ვჭამთ, არ ვსვამთ, არ ვქორწინდებით და არ ვაქორწინებთ? და ცოლები გვიჩენენ შვილებს და ისინი არიან ძლიერი მამაკაცები, როგორც მამაკაცები ძველად, დიდებული ადამიანები. და ისინი არ უგდებდნენ ყურს ნოეს სიტყვებს.
22 და ღმერთმა იხილა, რომ ადამიანთა ბოროტება დედამიწაზე გაღრმავდა; და ყოველი ადამიანი აღზევდა საკუთარი გულის საწადელის ფიქრებში, იყო რა მხოლოდ ბოროტი გამუდმებით.
23 და იყო ასე, რომ ნოემ გააგრძელა თავისი ქადაგება ხალხისთვის სიტყვებით: ყური დამიგდეთ და შეიგნეთ ჩემი სიტყვები;
24 იწამეთ და მოინანიეთ ცოდვები და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, ღვთის ძისა, როგორც ჩვენი მამები და მიიღებთ სულიწმინდას, რათა ყოველივე გამოგეცხადოთ; და თუ ასე არ იზამთ, წყალდიდობა დაგატყდებათ თავს; ამისდა მიუხედავად, მათ ყური არ დაუგდეს.
25 და ინანა ნოემ და სტკიოდა გული, რომ უფალმა შექმნა ადამიანი დედამიწაზე და ამან დააღონა იგი გულში.
26 და უფალმა თქვა: მე გავანადგურებ დედამიწის პირიდან ადამიანს, რომელიც შევქმენი, როგორც ადამიანს, ასევე მხეცს, ქვეწარმავალებსა და ცის ფრინველებს; ვინაიდან, ნანობს ნოე, რომ შევქმენი ისინი და გავაჩინე; და მან შემომღაღადა; ვინაიდან, შეეცადნენ მისი სიცოცხლის მოსწრაფებას.
27 და ამგვარად, ნოემ მოიპოვა მადლი უფლის თვალში; ვინაიდან, ნოე იყო მართალი კაცი და უბიწო თავის თაობაში; და იგი დადიოდა ღმერთთან, ისევე როგორც მისი სამი ძე – შემი, ქამი და იაფეთი.
28 დედამიწა ღვთის წინაშე გაიხრწნა და ის სავსე იყო ძალადობით.
29 და ღმერთმა გადმოხედა დედამიწას და აჰა, ის იყო გახრწნილი, ვინაიდან დედამიწაზე ყოველმა ხორციელმა გახრწნა საკუთარი გზა.
30 და ღმერთმა ნოეს უთხრა: მოვიდა ყოველი ხორციელის დასასრული ჩემ წინაშე, ვინაიდან დედამიწა სავსეა ძალადობით და აჰა, მე გავანადგურებ ყოველ ხორციელს დედამიწაზე.