წმინდა წერილი
2 ნეფი 2


თავი 2

გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიის მეშვეობით. არჩევანის თავისუფლება აუცილებელია არსებობისა და განვითარებისათვის. ადამი დაეცა, რათა ადამიანები ყოფილიყვნენ. ადამიანები არიან თავისუფალნი თავისუფლებისა და მარადიული სიცოცხლის არჩევანში. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, მე მოგმართავ შენ, იაკობ: შენ ხარ ჩემი განსაცდელის ჟამს უდაბნოში გაჩენილი პირმშო და აჰა, ბავშვობისას იგემე გაჭირვება და საკმაო დარდი შენი ძმების უხეშობის გამო.

2 მიუხედავად ამისა, იაკობ, ჩემო უდაბნოში გაჩენილო პირმშო, შენ იცი ღვთის სიდიადე და ის აკურთხებს შენს გაჭირვებას შენსავე სასარგებლოდ.

3 ამიტომაც, შენი სული იქნება კურთხეული; და იცხოვრებ მშვიდობით შენს ძმასთან, ნეფისთან და გაატარებ დღეებს შენი ღმერთის მსახურებაში. ვინაიდან ვიცი, გამომსყიდველის სამართლიანობის გამო ხარ გამოსყიდული, ვინაიდან ჩაწვდი, რომ ჟამთა სისრულის დროს ის მოვა, რათა მოუტანოს ხსნა კაცობრიობას.

4 და შენ იხილე ყმაწვილობისას მისი დიდება, ამიტომაც ხარ კურთხეული, ვითარცა ისინი, ვისთვისაც იქნება მსახური ხორცით, რადგან სული უცვლელია, გუშინ, დღეს და უკუნისამდე. და ადამიანის დაცემიდან გზა მომზადებულია და ხსნა არის უსასყიდლო.

5 და ადამიანებმა საკმარისი დარიგებანი მიიღეს, რომ განასხვაონ კეთილი ბოროტისაგან. კანონი მიეცათ ადამიანებს. და ამ კანონით, არცერთი ხორციელი არ არის გამართლებული; ანუ კანონით ადამიანები არიან მოკვეთილნი. დიახ, მიწიერი კანონით იყვნენ ისინი მოკვეთილნი; და ასევე სულიერების კანონით იღუპებიან, შორდებიან კეთილს და ხდებიან უბედურნი მარადის.

6 ამიტომაც, გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიაში და მისი მეშვეობით, რადგან ის აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით.

7 აჰა, იგი თავს წირავს მსხვერპლად ცოდვებისთვის, რათა აღასრულოს კანონის მიზანი ყოველი მათგანისათვის, ვისაც აქვს მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული; და ამ კანონის მიზანი სხვა არავისათვის არ აღსრულდება.

8 ამიტომაც, რა დიდია ამ ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა დედამიწის მაცხოვრებლებისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ არ არსებობს ხორციელი, რომელიც შეძლებს იცხოვროს ღვთის გარემოცვაში, თუ არა წმინდა მესიის დამსახურებით, წყალობითა და მადლით, რომელიც სიცოცხლეს შესწირავს ხორციელისამებრ და კვლავ მიიღებს მას სულის ძალით, რათა განახორციელოს მკვდრეთით აღდგომა, იქნება რა პირველი, რომელიც აღდგება.

9 ამიტომაც, ის არის პირველნაყოფი ღვთისათვის, რადგან ის გაუწევს შუამდგომლობას ადამიანთა ყოველ შვილს; და ისინი, ვინც მას ირწმუნებენ, მასში გადარჩებიან.

10 და ყველასათვის გაწეული შუამდგომლობის გამო, ყოველი ადამიანი მოვა ღმერთთან; ამიტომაც, ისინი წარსდგებიან მის წინაშე, რომ განკითხულ იქნენ მისგან ჭეშმარიტებისა და სიწმინდის მიხედვით, რომელიც არის მასში. ამიტომაც, იმ კანონის მიზანი, რომელიც მოგვცა წმინდამ, რათა აღსრულდეს დანიშნული სასჯელი; სასჯელი კი, რომელიც არის დანიშნული, საპირისპიროა იმ ბედნიერების, რომელიც დანიშნულია, რათა აღსრულდეს გამოსყიდვის მიზანი.

11 ვინაიდან საჭიროა, რომ ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემო უდაბნოში გაჩენილო პირმშო, არ აღსრულდებოდა სამართალი, არც სიბოროტე, არც სიწმინდე და არც უბედურება, არც კარგი და არც ცუდი. ამიტომაც, ყველაფერი უნდა იყოს თანწყობილი ერთში; ამგვარად, რომ ყოფილიყო ერთი სხეული, აუცილებლად დარჩებოდა, როგორც მკვდარი, არ ექნებოდა არც სიცოცხლე და არც სიკვდილი, არც ხრწნა და არც უხრწნელობა, არც ბედნიერება და არც უბედურება, არც გონება და არც უგონობა.

12 ამიტომაც, ის აუცილებლად იქნებოდა არარაობად შექმნილი; ამიტომაც არ იქნებოდა არანაირი მიზანი მის შექმნაში; ამიტომაც ეს აუცილებლად გაანადგურებდა ღვთის სიბრძნესა და მის მარადიულ მიზნებს, ასევე ღვთის ძალას, წყალობასა და სამართალს.

13 და თუ იტყვით, რომ არ არის კანონი, მაშინ ასევე იტყვით, რომ არ არის ცოდვა. თუ იტყვით, რომ არ არის ცოდვა, ასევე იტყვით, რომ არ არის სამართალი, და თუ არ იქნებოდა სამართალი, მაშინ არ იქნებოდა ბედნიერება. და თუ არ იქნებოდა არც სამართალი და არც ბედნიერება, არ იქნებოდა არც სასჯელი და არც უბედურება. და თუ ეს ყველაფერი არ იქნება, მაშინ არ იქნება ღმერთიც, და თუ არ იქნებოდა ღმერთი, ჩვენც არ ვიარსებებდით, არც დედამიწა, რადგან არ იქნებოდა რაიმე არსებულის შექმნა, არც იმისა, რაც მოქმედებს, არც იმისა, რაზედაც მოქმედებენ, ამიტომაც ყველაფერი უნდა გამქრალიყო.

14 და ახლა, ჩემო შვილებო, ამას გეუბნებით თქვენ სასარგებლოდ და რომ ისწავლოთ; ვინაიდან ღმერთი არსებობს და მან შექმნა ყველაფერი – ზეცაც და დედამიწაც, ასევე ყველაფერი, რაც მათში არსებობს, როგორც ის, რაც მოქმედებს, ასევე ის, რაზედაც მოქმედებენ.

15 და ადამიანის მიმართ მისი მარადიული მიზნების აღსასრულებლად, მას შემდეგ, რაც მან შექმნა ჩვენი პირველი მშობლები, ასევე ველის მხეცები, ცის ფრინველები და საერთოდ ყველაფერი, რაც შექმნილია, საჭირო იყო საპირისპირო, აკრძალული ნაყოფიც კი სიცოცხლის ხის საპირისპირო; ერთი ტკბილი, მეორე კი მწარე.

16 ამიტომ, უფალმა ღმერთმა უბოძა ადამიანს, ემოქმედა საკუთარი ნების მიხედვით. ამიტომაც, ადამიანი ვერ მოიქცეოდა თავისი ნებით, რომ არ ყოფილიყო ცდუნებული ერთით ან მეორეთი.

17 და მე, ლეხიმ, იმის მიხედვით, რაც წავიკითხე, უნდა ვივარაუდო, რომ ღვთის ანგელოზი, იმისდა მიხედვით, რაც წერია, დაეცა ზეციდან; ამიტომაც, იგი გახდა ეშმაკი, რადგან ეძებდა იმას, რაც იყო ბოროტება ღვთის წინაშე.

18 და რადგან ის დაემხო ზეციდან და გახდა სამუდამოდ უბედური, მას მიზნად ჰქონდა მთელი კაცობრიობის გაუბედურება. ამიტომაც, მან უთხრა ევას, დიახ, იმ ძველმა გველმა, რომელიც არის ეშმაკი, რომელიც არის ყოველი ტყუილის მამა, ამიტომაც მან თქვა: იგემეთ აკრძალული ხილი და არ მოკვდებით, არამედ იქნებით ღმერთივით, კეთილისა და ბოროტის შემცნობნი.

19 და მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ იგემეს აკრძალული ხილი, ისინი განდევნილნი იქნენ ედემის ბაღიდან მიწის დასამუშავებლად.

20 და გააჩინეს მათ შვილები, დიახ, მთელი დედამიწის ოჯახი.

21 და გაუგრძელდათ დღეები ადამიანთა შვილებს ღვთის ნების თანახმად, რათა შეძლონ მონანიება ხორცში ყოფნისას; ამიტომაც, მათი ვითარება გადაიქცა გამოცდის მდგომარეობად და გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე იმ მცნებების თანახმად, რომელნიც მისცა უფალმა ღმერთმა ადამიანთა შვილებს. ვინაიდან მან მისცა მცნება, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს; ვინაიდან მან დაანახა ყოველ ადამიანს, რომ ის დაკარგული იყო თავისი მშობლების შეცოდების გამო.

22 და ახლა, აჰა, ადამს რომ არ ჩაედინა დანაშაული, ის არ დაეცემოდა, არამედ დარჩებოდა ედემის ბაღში. და ყველაფერი, რაც იყო შექმნილი, უნდა დარჩენილიყო იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო შექმნის შემდეგ; და ასე უნდა ყოფილიყო მარადის და არ ექნებოდა ამას დასასრული.

23 და არ ეყოლებოდათ მათ შვილები; ამიტომაც, დარჩებოდნენ ისინი უმანკოების მდგომარეობაში, ვერ განიცდიდნენ სიხარულს, რადგან არ ეცოდინებოდათ უბედურება; ვერ გააკეთებდნენ სიკეთეს, რადგან არ ეცოდინებოდათ ცოდვა.

24 მაგრამ, აჰა, ყველაფერი გაკეთდა იმის სიბრძნით, ვინც იცის ყველაფრის არსი.

25 ადამი დაეცა, რათა ადამიანები ყოფილიყვნენ და ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული.

26 და მესია მოვა ჟამთა სისრულის დროს, რათა გამოისყიდოს ადამიანთა შვილები დაცემისგან. და რადგან ისინი არიან გამოსყიდულნი დაცემისაგან, ისინი გახდნენ სამარადისოდ თავისუფალნი, კეთილის და ბოროტის ცოდნით; რომ იმოქმედონ თავიანთი ნებით და არა რომ მათზე სხვებმა იმოქმედონ, გარდა კანონის სასჯელისა იმ დიდ და უკანასკნელ დღეს, ღვთის მიერ მიცემული მცნებების თანახმად.

27 ამიტომაც, ადამიანები თავისუფალნი არიან ხორცში; და ყველაფერი მიეცათ მათ, რაც არის ადამიანისთვის აუცილებელი. და ისინი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე, ყოველი ადამიანის დიდი ქომაგის მეშვეობით, ან აირჩიონ ტყვეობა და სიკვდილი, ეშმაკის დამატყვევებელი ძალის მიხედვით; რადგან ის ცდილობს, გახადოს უბედური ყოველი ადამიანი, ისეთივე, როგორიც თვითონ არის.

28 და ახლა, ჩემო შვილებო, მე მსურს, რომ თქვენ მიმართოთ დიდ ქომაგს და შეისმინოთ მისი დიადი მცნებები; და იყოთ ერთგულნი მისი სიტყვებისადმი და აირჩიოთ მარადიული სიცოცხლე, მისი სულიწმინდის ნების თანახმად;

29 და არ აირჩიოთ მარადიული სიკვდილი, ხორციელის ნებისა და მასში ბოროტების არსებობით, რაც აძლევს ეშმაკის სულს ძალას, დაგატყვევოთ და ჩაგითრიოთ ჯოჯოხეთში, რათა იმეფოს თქვენზე თავის საკუთარ სამეფოში.

30 ეს რამდენიმე სიტყვა ყველას გითხარით, ჩემო შვილებო, ჩემი გამოცდის ბოლო დღეებში; და მე ამოვირჩიე უკეთესი ხვედრი, წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად. და არ მაქვს სხვა მიზანი, გარდა თქვენი სულების მარადიული კეთილდღეობისა. ამინ.