წმინდა წერილი
2 ნეფი 30


თავი 30

მოქცეული წარმართები აღირიცხებიან აღთქმულ ხალხთან. მრავალი ლამანიელი და იუდეველი იწამებს სიტყვას და გახდებიან სასიამოვნო ხალხი. ისრაელი აღდგება და ბოროტნი განადგურდებიან. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე მინდა მოგმართოთ, რადგან მე, ნეფიმ, არ მინდა დავუშვა იფიქროთ, რომ იმაზე უფრო მართალნი ხართ, ვიდრე წარმართნი იქნებიან. რადგან, აჰა, თუ არ დაიცავთ ღვთის მცნებებს, თქვენ ყველანი იგივენაირად დაიღუპებით; და იმ სიტყვების გამო, რომლებიც ითქვა, არ უნდა იფიქროთ, რომ წარმართნი მთლიანად განადგურდებიან.

2 რადგან, აჰა, მე გეუბნებით, რომ წარმართთა შორის ყველა, ვინც მოინანიებს, უფლის აღთქმული ხალხი იქნება; და იუდეველთაგან ის, ვინც არ მოინანიებს, იქნება გაძევებული; რადგან უფალი არავისთან არ დებს აღთქმას, გარდა იმათთან, ვინც ინანიებს და სწამს მისი ძის, რომელიც არის ისრაელის წმინდა.

3 და ახლა, მე მინდა კიდევ ცოტა მეტი ვიწინასწარმეტყველო იუდეველთა და წარმართთა შესახებ. რადგან მას შემდეგ, რაც წიგნი, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, გამოვა და დაიწერება წარმართთათვის და კვლავ ჩაიბეჭდება უფლისთვის, მრავალნი იქნებიან, რომლებიც იწამებენ დაწერილ სიტყვებს; და ისინი მიიტანენ მათ ჩვენი შთამომავლობის ნარჩენთან.

4 და მაშინ, ჩვენი შთამომავლობის ნარჩენი გაიგებს ჩვენზე, თუ როგორ გამოვედით იერუსალიმიდან და რომ ისინი იუდეველთა შთამომავლები არიან.

5 და იესო ქრისტეს სახარება იქნება მათ შორის გამოცხადებული; ამიტომ, ისინი დაუბრუნდებიან ცოდნას თავიანთი მამების შესახებ, ასევე ცოდნას იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც არსებობდა მათ მამებს შორის.

6 და შემდეგ ისინი გაიხარებენ; რადგან გაიგებენ, რომ ეს კურთხევა მათზედ ღვთის ხელიდან არის და მათი თვალებიდან ბნელეთის ქერცლი დაიწყებს ცვენას; და არ ჩაივლის მრავალი თაობა და ისინი წმინდა და მიმზიდველი ხალხი გახდებიან.

7 და იქნება ასე, რომ იუდეველები, რომლებიც არიან გაფანტულნი, ასევე იწამებენ ქრისტეს; და დაიწყებენ შეკრებას მიწის პირზე; და ყველა, ვინც იწამებს ქრისტეს, ასევე გახდება მიმზიდველი ხალხი.

8 და იქნება ასე, რომ უფალი ღმერთი დაიწყებს თავის საქმეს ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს შორის, რათა აღასრულოს თავისი ხალხის აღდგენა დედამიწაზე.

9 და სამართლიანობით განიკითხავს უფალი ღმერთი ღარიბთ და გაკიცხავს მიუკერძოებლად დედამიწის თვინიერთ. და იგი დაამარცხებს დედამიწას თავისი პირის კვერთხით; და თავის ბაგეთა სუნთქვით მოკლავს ბოროტთ.

10 რადგან სწრაფად მოდის დრო, როდესაც უფალი ღმერთი მოახდენს ხალხს შორის დიდ გაყოფას და ბოროტთ ის გაანადგურებს; და თავის ხალხს ის დაიცავს, დიახ, ცეცხლითაც რომ მოუწიოს ბოროტთა განადგურება.

11 და სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა.

12 და მაშინ მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად და ავაზა ციკნის გვერდით წამოწვება; და ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან; და პატარა ბავშვი წაუძღვება მათ.

13 და ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ; და მათი შვილები ერთად წამოწვებიან; და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას.

14 და ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი, გველგესლის ბუნაგს შეეხება ხელით.

15 არ იბოროტებენ და არ გაანადგურებენ არაფერს მთელ ჩემს წმინდა მთაზე; რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც დაფარულია წყლებით ზღვა.

16 ამიტომ ყველა ერის საქმენი გახდება ცნობილი; დიახ, ყველა საქმე გახდება ცნობილი ადამიანთა შვილებისათვის.

17 არაფერია ისეთი საიდუმლო, რაც არ გახდება ცხადი; არ არის ბნელეთის საქმე, რაც არ გამოვლინდება სინათლეში; და არაფერი არ არის ჩაბეჭდილი დედამიწაზე, რაც არ იქნება გახსნილი.

18 ამიტომ, ყველაფერი, რაც ცხადი გახდა ადამიანთა შვილებისათვის, ცხადი გახდება იმ დღეს; და დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექნება სატანას ძალაუფლება ადამიანთა შვილების გულებზე. და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე ვამთავრებ ჩემს სიტყვებს.