თავი 3
ეგვიპტეში იოსებმა ხილვაში ნახა ნეფიელები. მან იწინასწარმეტყველა ჯოზეფ სმითზე, უკანასკნელ დღეთა წინასწარმჭვრეტელზე; მოსეზე, რომელიც გაანთავისუფლებდა ისრაელს და მორმონის წიგნის გამოქვეყნებაზე. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა მე გეუბნები შენ, იოსებ, ჩემო ნაბოლარავ. შენ დაიბადე უდაბნოში ჩემი გაჭირვებისას; დიახ, ჩემი ყველაზე ღრმა დარდის დღეებში შენ გაგაჩინა დედაშენმა.
2 და ეს მიწა, რომელიც არის ძალზედ ძვირფასი მიწა, დაე, ასევე აკურთხოს უფალმა შენთვის, შენი მემკვიდრეობისათვის და შენი შთამომავლობის მემკვიდრეობისათვის შენს ძმებთან ერთად, თქვენი უსაფრთხოებისათვის მარადის, თუ კი თქვენ დაიცავთ ისრაელის წმინდის მცნებებს.
3 და ახლა, იოსებ, ჩემო ნაბოლარავ, უდაბნოში გაჭირვების ჟამს დაბადებულო, დაე, გაკურთხოს უფალმა სამარადისოდ, რადგან სრულიად არ განადგურდება შენი შთამომავლობა.
4 ვინაიდან, აჰა, შენ ხარ ჩემი საზარდულის ნაყოფი; და მე ვარ იოსების შთამომავალი, რომელიც ტყვედ წაიყვანეს ეგვიპტეში. და დიადი იყო უფლის აღთქმები, რომელიც მან დადო იოსებთან.
5 ამიტომაც, იოსებმა ნამდვილად იხილა ჩვენი დღე. და მან მიიღო უფლის დაპირება, რომ მისი საზარდულის ნაყოფისაგან უფალი ღმერთი აღუზრდიდა ისრაელის სახლს მართალ ყლორტს; არა მესიას, არამედ ყლორტს, რომელიც ჩამოტყდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხსენიებული იქნებოდა უფლის აღთქმებში, რომ მესია გამოეცხადებოდა მათ უკანასკნელ დღეებში ძალის სულით, რათა ამოიყვანოს ისინი ბნელეთიდან სინათლეში. დიახ, მალული ბნელეთიდან და ტყვეობიდან, თავისუფლებაზე.
6 რადგან იოსები ჭეშმარიტად მოწმობდა სიტყვებით: წინასწარმჭვრეტელს აღზრდის უფალი, ჩემი ღმერთი, რომელიც იქნება რჩეული წინასწარმჭვრეტელი, ჩემი საზარდულის ნაყოფისათვის.
7 დიახ, იოსებმა ჭეშმარიტად თქვა: ასე მეუბნება უფალი: მე აღვზრდი რჩეულ წინასწარმჭვრეტელს შენი საზარდულის ნაყოფისაგან; და ის იქნება დიდად დაფასებული შენი საზარდულის ნაყოფთა შორის. და მე მივცემ მას მცნებას, რომ გააკეთოს საქმე შენი საზარდულის ნაყოფისათვის, მისი ძმებისათვის, საქმე, რომელიც მათთვის იქნება ძვირფასი იმდენად, რომ მიიყვანს მათ იმ აღთქმების ცოდნისკენ რომლებიც მე დავდე შენს მამებთან.
8 და მე მივცემ მას მცნებას, რომ არ გააკეთოს სხვა საქმე, გარდა იმისა, რასაც მე ვუბრძანებ და მას ჩემს თვალში განვადიდებ, რადგან გააკეთებს ჩემს საქმეს.
9 და ის გახდება დიადი, როგორც მოსე, რომელსაც, როგორც მე ვბრძანე, აღვზრდი თქვენთვის, რათა გაანთავისუფლოს ჩემი ხალხი, ისრაელის სახლო.
10 და მოსეს აღვზრდი, რათა გამოიხსნას შენი ხალხი ეგვიპტეს მიწიდან.
11 მაგრამ წინასწარმჭვრეტელს აღვზრდი შენი საზარდულის ნაყოფისაგან; და მე მას მივცემ ძალას – გამოუცხადოს ჩემი სიტყვა შენი საზარდულის შთამომავლობას და არა მარტო გამოუცხადოს ჩემი სიტყვა, – ამბობს უფალი, ასევე დაარწმუნოს ისინი ჩემს სიტყვაში, რომელიც უკვე მათ შორის გავრცელდა.
12 ამიტომაც, შენი საზარდულის ნაყოფი დაწერს; და იუდას საზარდულის ნაყოფიც დაწერს; და ის, რაც იქნება დაწერილი შენი საზარდულის ნაყოფის მიერ და ასევე იუდას საზარდულის ნაყოფის დაწერილი გაერთიანდება, რათა დაამარცხოს ცრუ მოძღვრებები, შეწყვიტოს განხეთქილება და დაამყაროს მშვიდობა შენი საზარდულის ნაყოფთა შორის და უკანასკნელ დღეებში ის მათ მიიყვანს მათივე მამების ცოდნასა და ჩემი აღთქმების ცოდნისკენ, – ბრძანებს უფალი.
13 და სუსტისაგან ის იქცევა ძლიერად იმ დღეს, როდესაც დაიწყება ჩემი სამუშაო ყველა ჩემს ხალხს შორის, რათა აღდგე შენ, ისრაელის სახლო, – ბრძანებს უფალი.
14 და ასე წინასწარმეტყველებდა იოსები სიტყვებით: აჰა, იმ წინასწარმჭვრეტელს უფალი აკურთხებს; და ისინი, ვინც შეეცდებიან მის განადგურებას, იქნებიან შემუსრულნი, რადგან დაპირება, რომელიც მივიღე უფლისაგან ჩემი საზარდულის ნაყოფის შესახებ, აღსრულებული იქნება. აჰა, მე ვარ დარწმუნებული ამ დაპირების აღსრულებაში.
15 და მას დაერქმევა ჩემი სახელი; და ეს იქნება მისი მამის სახელი და ის იქნება ჩემი მსგავსი; რადგან იმას, რასაც უფალი მოავლენს თავისი ხელით, უფლის ძალით, მიიყვანს ჩემს ხალხს ხსნამდე.
16 დიახ, ასე წინასწარმეტყველებდა იოსები: მე ამაში დარწმუნებული ვარ ისე, როგორც დარწმუნებული ვარ მოსეს დაპირებაში; რადგან უფალმა მითხრა: მე დავიცავ შენს შთამომავლობას სამუდამოდ.
17 და თქვა უფალმა: მე აღვზრდი მოსეს; და მივცემ მას ძალას კვერთხში; და მივცემ მას სიბრძნეს წერაში. მაგრამ მე არ გავუხსნი მას ენას, რომ ბევრი ილაპარაკოს, რადგან მე არ გავხდი მას ძლევამოსილს სიტყვით. მაგრამ მე დავუწერ მას ჩემს კანონს ჩემი თითით; და დავუნიშნავ მას მჭერმეტყველს.
18 და უფალმა ასევე მითხრა: მე აღვზრდი ერთს შენი საზარდულის ნაყოფისათვის; და მე დავუნიშნავ მას მჭერმეტყველს. და მე, აჰა მე, ვუბოძებ, დაწეროს წერილი შენი საზარდულის ნაყოფისა, შენი საზარდულის ნაყოფისათვის; და მჭერმეტყველი შენი საზარდულისა აუწყებს მას.
19 და სიტყვებს, რომლებსაც ის დაწერს, იქნება სიტყვები, რომლებმაც ჩემი სიბრძნით უნდა მიაღწიონ შენი საზარდულის ნაყოფამდე და ეს იქნება ისე, როგორც შენი საზარდულის ნაყოფი შეჰღაღადებდეს მათ მტვრიდან; რადგან მე ვიცი მათი რწმენა.
20 და ისინი მტვრიდან შეჰღაღადებენ; დიახ, საკუთარ ძმებს მოუწოდებენ მონანიებისკენ, მრავალი თაობის გასვლის შემდეგაც. და ისე იქნება, რომ მათი ღაღადი გავრცელდება, დიახ, მათი სიტყვების უბრალოების თანახმად.
21 მათი რწმენის გამო მათი სიტყვები ამოვა ჩემი პირიდან მათი ძმებისათვის, რომლებიც არიან შენი საზარდულის ნაყოფი; და მათ რწმენაში მათ სუსტ სიტყვებს მივცემ ძალას, რათა ახსოვდეთ ჩემი აღთქმა, რომელიც მე დავდე შენს მამებთან.
22 და ახლა, აჰა, ჩემო შვილო, იოსებ, აი ასე წინასწარმეტყველებდა მამაჩემი ძველად.
23 ამიტომ, ამ აღთქმის გამო, შენ ხარ კურთხეული; რადგან შენი შთამომავლობა არ იქნება განადგურებული, რამეთუ ისინი შეისმენენ ამ წიგნის სიტყვებს.
24 და მათ შორის აღიზრდება ერთი ძლიერი, რომელიც გააკეთებს მრავალ სიკეთეს, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, იქნება რა ღვთის ხელში ღრმა რწმენის მქონე იარაღი, რომ მოახდინოს ძლიერი საოცრებები და აკეთოს ის, რაც დიდია ღვთის თვალში ისრაელის სახლისა და შენი ძმების შთამომავლობის მნიშვნელოვნად აღდგენისათვის.
25 და ახლა, კურთხეული ხარ შენ, იოსებ. აჰა, შენ ხარ პატარა; ამიტომაც შეისმინე შენი ძმის, ნეფის, სიტყვები და მოგეზღვება შენ იმ სიტყვების თანახმად, რომლებიც მე ვთქვი. გახსოვდეს შენი მომაკვდავი მამის სიტყვები. ამინ.