წმინდა წერილი
2 ნეფი 29


თავი 29

მრავალი წარმართი უარყოფს მორმონის წიგნს. ისინი იტყვიან: არ გვჭირდება სხვა ბიბლია. უფალი მიმართავს მრავალ ერს. ის განიკითხავს ქვეყანას იმ წიგნებით, რომლებიც დაიწერება. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მაგრამ, აჰა, ბევრნი იქნებიან იმ დღეს, როდესაც მათ შორის მოვახდენ საოცარ საქმეს, რათა გავიხსენო ჩემი აღთქმები, რომლებიც დავდე ადამიანთა შვილებთან, რომ მეორეჯერ მოვუღერო ხელი, რათა დავაბრუნო ჩემი ხალხი, რომელიც მიეკუთვნება ისრაელის სახლს.

2 და ასევე იმისთვის, რომ გავიხსენო დაპირებები, რომლებიც მოგეცი შენ, ნეფი, ასევე შენს მამას, რომ გავიხსენებ შენს შთამომავლობას; და რომ შენი შთამომავლების სიტყვები ჩემი პირიდან გამოვა შენს შთამომავლობაზე; და ჩემი სიტყვები სისინით გავრცელდება დედამიწის კიდით კიდემდე, როგორც დროშა ჩემი ხალხისთვის, რომელიც ისრაელის სახლს ეკუთვნის;

3 და რადგან გავრცელდება ჩემი სიტყვები, მრავალი წარმართი იტყვის: ბიბლია! ბიბლია! ჩვენ გვაქვს ბიბლია და შეუძლებელია იყოს სხვა ბიბლია.

4 მაგრამ ასე ამბობს უფალი ღმერთი: უგუნურები, მათ ექნებათ ბიბლია; და იგი გამოვა იუდეველებისგან, ჩემი უძველესი და აღთქმული ხალხისგან. და როგორ უხდიან მადლობას იუდეველებს ბიბლიისათვის, რომელსაც მათგან იღებენ? და რას გულისხმობენ წარმართნი? ნუთუ ახსოვთ იუდეველთა ტანჯვა, შრომა და ტკივილი და მათი სიბეჯითე ჩემ მიმართ, რათა ხსნა მოუტანონ წარმართთ?

5 თქვენ, წარმართნო, გახსოვდათ იუდეველები, ჩემი უძველესი და აღთქმული ხალხი? არა; თქვენ წყევლიდით მათ და გძულდათ ისინი და არ ცდილობდით მათ დაბრუნებას. მაგრამ ამ ყველაფერს მე დავაბრუნებ თქვენს საკუთარ თავებზედ, რადგან მე, უფალმა, არ დავივიწყე ჩემი ხალხი.

6 შენ, უგუნურო, რომ ამბობ: ბიბლია, ჩვენ გვაქვს ბიბლია და სხვა ბიბლია არ გვჭირდება. განა მიიღებდით ბიბლიას, რომ არა იუდეველები?

7 ნუთუ არ იცით, რომ არსებობს ერთზე მეტი ერი? ნუთუ არ იცით, რომ მე, უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შევქმენი ყოველი ადამიანი და მახსოვს ისინი, რომლებიც არიან ზღვის კუნძულებზე; და რომ მე ვბატონობ მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე; და მე ვაუწყებ ჩემს სიტყვას ადამიანთა შვილებს, დიახ, დედამიწის ყოველ ერს?

8 რის გამო ბუზღუნებთ, ნუთუ იმიტომ, რომ უფრო მეტს მიიღებთ ჩემი სიტყვიდან? ნუთუ არ იცით, რომ ორი ერის დამოწმება არის მოწმობა თქვენთვის, რომ მე ვარ ღმერთი, რადგან მე მახსოვს ერთი ერი ისევე, როგორც მეორე? ამიტომ მე მივმართავ იგივე სიტყვებით როგორც ერთ ერს, ასევე მეორეს. და როდესაც ეს ორი ერი გაერთიანდება, ამ ორი ერის დამოწმებაც ასევე ერთიანი გახდება.

9 და მე ვაკეთებ ამას, რათა ბევრს დავუმტკიცო, რომ ვარ უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე; და მივმართავ ჩემს სიტყვებს საკუთარი ნების შესაბამისად. და იმის გამო, რომ ვთქვი ერთი სიტყვა, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ არ შემიძლია ვთქვა მეორე, რადგან ჩემი საქმე ჯერ არ დამთავრებულა, არც დამთავრდება ადამიანის ბოლომდე, არც მას შემდეგ, ამიერიდან უკუნისამდე.

10 ამიტომ, იმის გამო, რომ გაქვთ ბიბლია, არ უნდა იფიქროთ, რომ ის მოიცავს ჩემს ყოველ სიტყვას; არც ის უნდა იფიქროთ, რომ მე ისე არ მოვიმოქმედე, რომ მეტი არ დაწერილიყო.

11 რადგან მე ვუბრძანებ ყოველ ადამიანს, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით და ზღვის კუნძულებზე, რომ ჩაიწერონ სიტყვები, რომლებითაც მათ მივმართავ; რადგან იმ წიგნებით, რომლებიც დაიწერება, მე განვიკითხავ ქვეყანას, ყოველ ადამიანს, თავისი საქმეების შესაბამისად, იმის შესაბამისად, რაც არის დაწერილი.

12 რადგან, აჰა, მე მივმართავ იუდეველებს და ისინი ჩაიწერენ ამას; და მე ასევე მივმართავ ნეფიელებს და ისინიც ჩაიწერენ ამას; და მე მივმართავ ასევე ისრაელის სახლის სხვა ტომებს, რომლებიც გამოვიყვანე და ისინი ჩაიწერენ ამას; და მე ასევე მივმართავ დედამიწის ყოველ ერს და ისინი ჩაიწერენ ამას.

13 და იქნება ასე, რომ იუდეველებს ექნებათ ნეფიელთა სიტყვები და ნეფიელებს ექნებათ იუდეველთა სიტყვები; და ნეფიელებს და იუდეველებს ექნებათ ისრაელის დაკარგულ ტომთა სიტყვები; და ისრაელის დაკარგულ ტომებს ექნებათ ნეფიელებისა და იუდეველების სიტყვები.

14 და იქნება ასე, რომ ჩემი ხალხი, რომელიც მიეკუთვნება ისრაელის სახლს, შეიკრიბება სახლში, თავიანთი მემკვიდრეობის მიწებზე; და ჩემი სიტყვაც გამთელდება ერთში. და მე დავანახებ მათ, რომლებიც იბრძვიან ჩემი სიტყვის წინააღმდეგ და ჩემი ხალხის წინააღმდეგ, რომელნიც მიეკუთვნებიან ისრაელის სახლს, რომ მე ვარ ღმერთი; და რომ მე დავდე აღთქმა აბრაამთან, რომ მემახსოვრება მისი შთამომავლობა სამარადისოდ.