წმინდა წერილი
2 ნეფი 27


თავი 27

სიბნელე და განდგომა მოიცავს დედამიწას უკანასკნელ დღეებში. გამოვა მორმონის წიგნი. სამი მოწმე დაამოწმებს ამ წიგნის შესახებ. სწავლული ადამიანი იტყვის, რომ ვერ კითხულობს ჩაბეჭდილ წიგნს. უფალი მოავლენს საოცარ საქმესა და სასწაულს. შეადარეთ ესაია 29. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მაგრამ, აჰა, უკანასკნელ დღეებში ანუ წარმართთა დღეებში, დიახ, აჰა, წარმართთა ყველა ერი და ასევე იუდეველები, როგორც ისინი, რომლებიც ამ მიწაზე მოვლენ, ასევე ისინი, რომლებიც სხვა მიწებზე იქნებიან, დიახ, დედამიწის ყოველ მიწაზე, აჰა, ისინი დათვრებიან ურჯულოებითა და ყველანაირი სისაძაგლით.

2 და როდესაც მოვა ის დღე, მათ ეწვევათ ცაბაოთ უფალი, ჭექა-ქუხილითა და მიწისძვრით და დიდი ხმაურით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანთქმელი ცეცხლის ალით.

3 და ყველა ერი, რომელიც იბრძვის სიონის წინააღმდეგ და ავიწროებს მას, იქნება, როგორც ღამის სიზმარი; დიახ, მათთვის იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამს, გაეღვიძება და, აჰა, მისი სული არის ცარიელი; ან როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამს, გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. დიახ, ასე იქნება ერების სიმრავლე, რომელიც იბრძვის სიონის მთის წინააღმდეგ.

4 რადგან, აჰა, თქვენ ყველა, ვინც ურჯულოებას სჩადიხართ, შეჩერდით და გაოცდით, რადგან შესტირებთ და შეჰღაღადებთ; დიახ, მთვრალნი იქნებით, მაგრამ არა ღვინისგან, იბარბაცებთ, მაგრამ არა მათრობელი სასმელისგან.

5 რადგან, აჰა, გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული. რადგან, აჰა, დახუჭეთ თვალები და უარყავით წინასწარმეტყველები; და თქვენი მმართველნი და წინასწარმჭვრეტელნი მან დაფარა თქვენი ურჯულოების გამო.

6 და იქნება ასე, რომ უფალი ღმერთი მოავლენს თქვენზედ წიგნის სიტყვებს და ეს იქნება მძინარეთა სიტყვები.

7 და აჰა, ეს წიგნი იქნება ჩაბეჭდილი; და ამ წიგნში იქნება ღმერთის გამოცხადება ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე.

8 ამიტომ, იმის გამო, რაც არის ჩაბეჭდილი, არ იქნება გადაცემული ის, რაც ჩაბეჭდილია ხალხის სიბოროტისა და სისაძაგლის დღეს. ამიტომ, ეს წიგნი დაფარული იქნება მათგან.

9 მაგრამ ეს წიგნი გადაეცემა ადამიანს და ის გადასცემს ამ წიგნის სიტყვებს, რომლებიც არის მათი სიტყვები, ვინც მიძინებულნი იყვნენ მტვერში და ის ამ სიტყვებს სხვას გადასცემს;

10 მაგრამ, ის არ გადასცემს არც სიტყვებს, რომლებიც ჩაბეჭდილია, და არც წიგნს. რადგან წიგნი ჩაბეჭდილი იქნება ღვთის ძალით და გამოცხადება, რომელიც იყო ჩაბეჭდილი, იქნება შენახული წიგნში უფლისათვის შესაფერის დრომდე, რათა მათ შეძლონ გამოსვლა; რადგან, აჰა, ისინი ცხადს ხდიან ყველაფერს ამაქვეყნის დასაბამიდან მის დასასრულამდე.

11 და მოვა დღე, როდესაც იმ წიგნის სიტყვებს, რომლებიც იყო ჩაბეჭდილი, წაიკითხავენ სახლთა ერდოებზე და წაიკითხავენ ქრისტეს ძალით; და ადამიანთა შვილებისთვის ყველაფერი გახდება ცხადი, რაც ოდესმე ყოფილა ადამიანთა შვილებს შორის და რაც ოდესმე იქნება დედამიწის დასასრულამდე.

12 ამიტომ, იმ დღეს, როდესაც წიგნი გადაეცემა ადამიანს, რომელზეც მე ვილაპარაკე, ეს წიგნი დაფარული იქნება ამა ქვეყნის თვალისაგან, რათა არავის თვალებმა არ იხილონ იგი, გარდა სამი მოწმისა, რომლებიც იხილავენ მას ღმერთის ძალით, გარდა იმისა, ვისაც ეს წიგნი გადაეცემა; და ისინი დაამოწმებენ ამ წიგნის ჭეშმარიტებას და იმას, რაც მასშია.

13 და არ არის არავინ, ვინც მას იხილავს, რამდენიმეს გარდა, ღვთის ნების შესაბამისად, რომლებიც დაუმოწმებენ ადამიანთა შვილებს მის სიტყვას, რადგან უფალმა ღმერთმა თქვა, რომ ერთგულთა სიტყვები ილაპარაკებს ისე, როგორც გარდაცვლილთაგან.

14 ამიტომ, უფალი ღმერთი მოავლენს ამ წიგნის სიტყვებს; და იმდენი მოწმეთა პირით, რამდენიც მისთვის იქნება სასარგებლო, იგი დაამტკიცებს თავის სიტყვას; და ვარამი მას, ვინც უარყოფს ღვთის სიტყვას!

15 მაგრამ, აჰა, იქნება ასე, რომ უფალი ღმერთი ეტყვის მას, ვისაც გადასცემს წიგნს: აიღე ეს სიტყვები, რომლებიც არ არის ჩაბეჭდილი და გადაეცი სხვას, რათა მან შეძლოს მათი სწავლულისათვის ჩვენება, სიტყვებით: ეს წაიკითხე, გევედრები. და სწავლული იტყვის: მოიტანე წიგნი და წავიკითხავ იმ სიტყვებს.

16 და ახლა, ამა ქვეყნის დიდებისა და სარგებელის მიღების გამო იტყვიან ისინი ამას და არა ღმერთის დიდებისთვის.

17 და ის ადამიანი იტყვის: მე ვერ მოგიტან ამ წიგნს, რადგან ის ჩაბეჭდილია.

18 მაშინ სწავლული ეტყვის: მე არ შემიძლია ამის წაკითხვა.

19 ამიტომ, იქნება ასე, რომ უფალი ღმერთი კვლავ გადასცემს ამ წიგნს და მის სიტყვებს მას, ვინც არის უსწავლელი; და ადამიანი, რომელიც არის უსწავლელი, იტყვის: მე უსწავლელი ვარ.

20 მაშინ უფალი ღმერთი მას ეტყვის: სწავლულები მათ ვერ წაიკითხავენ, რადგან მათ უარყვეს ისინი და მე მძალუძს ჩემი საკუთარი საქმის კეთება; ამიტომ, შენ წაიკითხავ სიტყვებს, რომლებსაც მე მოგცემ.

21 ნუ შეეხები იმას, რაც ჩაბეჭდილია, რადგან მათ მოვავლენ ჩემთვის შესაფერის დროს; რადგან მე დავანახებ ადამიანთა შვილებს, რომ მე მძალმიძს ჩემი საკუთარი საქმის კეთება.

22 ამიტომ, როდესაც წაიკითხავ სიტყვებს, რომლებიც მე გიბრძანე და მიიღებ მოწმეებს, რომლებსაც დაგპირდი, მაშინ შენ კვლავ ჩაბეჭდავ ამ წიგნს და დამალავ ჩემთვის, რომ შევძლო შევინახო სიტყვები, რომლებიც შენ არ წაგიკითხავს, იქამდე, სანამ არ ჩავთვლი საჭიროდ ყველაფრის გამოცხადებას, ჩემი სიბრძნის თანახმად, ადამიანთა შვილებისათვის.

23 რადგან, აჰა, მე ვარ ღმერთი; და მე ვარ სასწაულების ღმერთი; და მე დავანახებ ქვეყანას, რომ ვარ უცვლელი, გუშინ, დღეს და უკუნისამდე; და არ ვმოქმედებ ადამიანთა შვილებს შორის, თუ არა მათივე რწმენის შესაბამისად.

24 და კვლავ, იქნება ასე, რომ უფალი ეტყვის მას, ვინც წაიკითხავს სიტყვებს, რომლებიც მას გადაეცემა:

25 რადგან, მიახლოვდება ეს ხალხი, პირითა და ბაგით პატივს მცემს, ხოლო გულით კი ჩემგან შორს არის; და ჩემ მიმართ მათი შიში ისწავლება ადამიანთა სწავლებების მიხედვით.

26 ამიტომ, მე მოვახდენ საოცარ საქმეს ამ ხალხში; დიახ, საოცარ საქმესა და სასწაულს, რადგან მათი ბრძენთა და სწავლულთა სიბრძნე დაიღუპება და მათ გონიერთა გონიერება დაიფარება.

27 და ვარამი მათ, რომლებიც ცდილობენ, ღრმად დამალონ უფლისგან თავიანთი ზრახვა! და მათი საქმენი არის ბნელში; და ამბობენ ისინი: ვინ გვხედავს და ვინ გვცნობს? და ისინი ასევე ამბობენ: ჭეშმარიტად, შენი უკუღმართობა ჩაითვლება, როგორც მექოთნის თიხა. მაგრამ, აჰა, მე მათ დავანახებ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მე ვიცი ყველა მათი საქმენი. რადგან, ნუთუ იტყვის ნაკეთობა თავის გამკეთებელზე – არ გავუკეთებივარო? ან ნუთუ იტყვის ქმნილება თავის შემქმნელზე – არა ჰქონია გონიერებაო?

28 მაგრამ, აჰა, ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავანახებ ადამიანთა შვილებს, რომ კიდევ ცოტაც და ლიბანი გადაიქცევა ნაყოფიერ მინდვრად და ნაყოფიერი მინდორი ტყედ ჩაითვლება.

29 და იმ დღეს მოისმენენ ყრუნი ამ წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები დაინახავენ წყვდიადიდან და ბნელეთიდან.

30 და თვინიერნიც განდიდდებიან და მათი სიხარული იქნება უფალში და ღარიბნი ადამიანთა შორის ისრაელის წმინდაში გაიხარებენ.

31 რადგან ჭეშმარიტად, ისე, როგორც ცოცხალია უფალი, დაინახავენ, რომ არარაობად იქცა საშინელი და შთაინთქა მგმობელი და მოკვეთილია ურჯულოების ყველა მაძიებელი.

32 და ისინი, რომლებიც ადამიანს დამნაშავედ ხდიან სიტყვისათვის და მახეს უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და მართალს აძევებენ, როგორც არარაობას.

33 ამიტომ, ასე ამბობს უფალი, რომელმაც გამოისყიდა აბრაამი, იაკობის სახლის შესახებ: ამიერიდან იაკობი აღარ იქნება შერცხვენილი, არც მისი სახე არ გაფითრდება.

34 მაგრამ როდესაც იხილავს თავის შვილებს, ჩემს ხელთა ქმნილებას მათ წიაღში, ისინი წმინდანყოფენ ჩემს სახელს და წმინდანყოფენ იაკობის წმინდას და ისრაელის ღმერთის შიში ექნებათ.

35 ისინიც, რომლებიც სულით ცდებოდნენ, გონს მოვლენ და ისინი, რომლებიც ბუზღუნებდნენ – მოძღვრებას ისწავლიან.