წმინდა წერილი
2 ნეფი 1


ნეფის მეორე წიგნი

ამბავი ლეხის გარდაცვალების შესახებ. ძმები ჯანყდებიან ნეფის წინააღმდეგ. უფალი აფრთხილებს ნეფის, რომ უნდა წავიდეს უდაბნოში. მისი უდაბნოში მოგზაურობა და ასე შემდეგ.

თავი 1

ლეხი წინასწარმეტყველებს თავისუფლების მიწის შესახებ. მისი შთამომავლობა გაიფანტება და განადგურდება, თუ უარყოფს ისრაელის წმინდას. ის მოუწოდებს თავის შვილებს აისხან სამართლიანობის აბჯარი. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მე, ნეფიმ, დავასრულე ჩემი ძმების სწავლება, მამაჩვენი, ლეხი, ასევე ბევრი ელაპარაკა მათ და გაუმეორა, რაოდენ დიდი რამ გაუკეთა უფალმა იერუსალიმის მიწიდან გამოყვანით.

2 და ის ელაპარაკა მათ, წყლებზე მათი აჯანყებისა და ღმერთის მოწყალების შესახებ, რომელმაც შეიწყალა მათი სიცოცხლე, რომ არ ჩანთქმულიყვნენ ისინი ზღვაში.

3 და ის ასევე ელაპარაკებოდა მათ აღთქმული მიწის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს; და როგორი მოწყალე იყო უფალი, რომ გაგვაფრთხილა, გავქცეულიყავით იერუსალიმის მიწიდან.

4 რადგან, აჰა, მან თქვა: მე ვიხილე ხილვა, საიდანაც ვიცი, რომ იერუსალიმი განადგურებულია; და რომ დავრჩენილიყავით იერუსალიმში, ჩვენც ასევე დავიღუპებოდით.

5 მაგრამ, თქვა მან, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა, მივიღეთ აღთქმული მიწა, მიწა, ყველა სხვა მიწათა შორის რჩეული; მიწა, რომელიც აღმითქვა უფალმა ღმერთმა, როგორც ჩემი შთამომავლობის მემკვიდრეობის მიწა. დიახ, უფალმა აღმითქვა ეს მიწა მე და ჩემს შვილებს სამარადისოდ, ასევე ყველას, რომლებიც გამოყვანილნი იქნებიან უფლის ხელით სხვა ქვეყნებიდან.

6 ამიტომ, მე, ლეხი, ვწინასწარმეტყველებ სულის კარნახის მიხედვით, რომელიც არის ჩემში, რომ ვერავინ ვერ მოვა ამ მიწაზე, თუ უფლის ხელით არ იქნება მოყვანილი.

7 ამიტომ, ეს მიწა მიძღვნილია მათთვის, ვისაც ის მოიყვანს. და თუ იქნება ასე, რომ ისინი ემსახურებიან მას, მის მიერ მიცემული მცნებების შესაბამისად, ეს იქნება თავისუფლების მიწა მათთვის; ამიტომ, ვეღარასდროს დაატყვევებენ მათ; თუ ასე მოხდება, ეს მოხდება ურჯულოების გამო; რადგან თუ უხვად იქნება ურჯულოება, დაწყევლილი იქნება ეს მიწა მათ გამო, მაგრამ მართალთათვის კურთხეული იქნება მარადის.

8 და აჰა, ეს არის სიბრძნე, რომ ეს მიწა უნდა დარჩენილიყო უცნობი სხვა ერებისთვის, რადგან, აჰა, მრავალი ერი აავსებდა ამ მიწას ისე, რომ იქ აღარ იქნებოდა ადგილი მემკვიდრეობისათვის.

9 ამიტომ, მე, ლეხიმ, მივიღე დაპირება, რომ რამდენადაც დაიცავენ მცნებებს ისინი, რომლებსაც უფალი ღმერთი გამოიყვანს იერუსალიმის მიწიდან, იმდენად აყვავდებიან ამ მიწაზე და დაფარულნი იქნებიან ყველა სხვა ერისაგან, რათა მხოლოდ ისინი ფლობდნენ ამ მიწას; და თუ ასე იქნება, რომ დაიცავენ მის მცნებებს, კურთხეულნი იქნებიან ამ მიწაზე და ვერავინ ვერ დაჩაგრავს მათ, ვერც მათი მემკვიდრეობის მიწას ვერ წაართმევს; და სამარადისოდ მშვიდობიანად იცხოვრებენ.

10 მაგრამ, აჰა, როდესაც დადგება ასეთი დრო, როდესაც ისინი გადაშენდებიან ურწმუნოებაში მას შემდეგ, რაც უფლის ხელით მიიღებენ ასეთ დიად კურთხევებს, აქვთ რა ცოდნა დედამიწისა და ყოველი ადამიანის შექმნის შესახებ, აქვთ რა ცოდნა ამა ქვეყნის დასაბამიდან უფლის დიადი და საოცარი საქმეების შესახებ; მიღებული აქვთ რა ძალა, რომელიც მიეცათ იმისთვის, რომ აკეთონ ყველაფერი რწმენით; აქვთ რა ყველა მცნება დასაბამიდან და მოყვანილნი იყვნენ რა მისი უსაზღვრო მოწყალებით ამ ძვირფას აღთქმულ მიწაზე, აჰა, მე ვამბობ, თუ დადგება ისეთი დღე, როდესაც ისინი უარყოფენ ისრაელის წმინდას, ჭეშმარიტ მესიას, თავიანთ გამომსყიდველსა და ღმერთს, აჰა, იმის სასჯელი, ვინც არის სამართლიანი, მოვა მათზე.

11 დიახ, ის მოიყვანს მათთან სხვა ერებს და მისცემს მათ ძალას და ის მათ წაართმევს კუთვნილ მიწებს და მოახდენს ისე, რომ ისინი გაიფანტებიან და დაიხოცებიან.

12 დიახ, სანამ ერთი თაობა შეცვლის მეორეს, ერთმანეთში სისხლისღვრები და დიდი სასჯელი მოევლინებათ; ამიტომ, ჩემო შვილებო, მსურს, რომ თქვენ ეს გახსოვდეთ; დიახ, მინდა, რომ ყური დაუგდოთ ჩემს სიტყვებს.

13 თქვენ რომ გაგეღვიძათ! გაიღვიძეთ ღრმა ძილისგან, დიახ, ჯოჯოხეთის ძილისგან და ჩამოიბერტყეთ ეს საშინელი ჯაჭვები, რომლებითაც შებოჭილნი ხართ; ჯაჭვები, რომლითაც შებოჭილნი არიან ადამიანთა შვილები, რათა ტყვედ ჩაიყვანონ უბედურებისა და ვარამის მარადიულ უფსკრულში.

14 გაიღვიძეთ! და აღსდექით მტვრიდან და შეისმინეთ აკანკალებული მშობლის სიტყვები, რომლის სხეულის ჩაწვენა მალე მოგიწევთ ცივ და ჩუმ სამარეში, საიდანაც ვერც ერთი მოგზაური ვერ დაბრუნდება; კიდევ რამდენიმე დღე და მე წავალ ყოველი მიწიერის გზით.

15 მაგრამ, აჰა, უფალმა გამოისყიდა ჩემი სული ჯოჯოხეთიდან; მე ვიხილე მისი დიდება და მარადიულად მოქცეული ვარ მის სიყვარულით აღსავსე ხელებში.

16 და მე მსურს, რომ თქვენ გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ უფლის წესები და სამართალი; აჰა, ეს იყო ჩემი სულის წუხილი თავიდანვე.

17 გული ხანდახან დამძიმებული მქონდა დარდით, რადგან მეშინოდა, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, მოგევლინებოდათ მთელი თავისი რისხვით თქვენივე გულქვაობის გამო და რომ მოკვეთილნი და განადგურებულნი იქნებოდით სამუდამოდ.

18 ან, რომ დაგატყდებოდათ წყევლა თქვენ და თქვენს მრავალ თაობას; და გეწვეოდათ მახვილი და შიმშილი; და იქნებოდით შეძულებულნი და ივლიდით ეშმაკის სურვილისა და ტყვეობის მიხედვით.

19 ჩემო შვილებო, დაე, ნუ აგიხდებათ ეს ყველაფერი, არამედ შეძლოთ იყოთ უფლის მიერ მოწონებული და რჩეული ხალხი. მაგრამ, აჰა, დაე, იყოს ნება მისი; რადგან მისი გზები არის მარად სამართლიანი.

20 და მან თქვა ასე: რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით ამ მიწაზე; მაგრამ რამდენადაც არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად იქნებით ჩემი გარემოცვიდან მოკვეთილნი.

21 და ახლა, იმისთვის, რომ ჩემმა სულმა იხაროს თქვენში და ჩემმა გულმა დატოვოს ეს ქვეყანა თქვენ გამო სიხარულით, რომ არ ჩავიდე სამარეში დარდითა და მწუხარებით, აღსდექით მტვრიდან, ჩემო შვილებო, და იყავით მამაკაცები, ერთიანი გულით და გონებით, ერთსულოვანნი ყველაფერში, რათა არ ჩაცვივდეთ ტყვეობაში.

22 რომ არ იყოთ დაწყევლილნი მწარე წყევლით და ასევე არ იწვნიოთ საკუთარ თავზე სამართლიანი ღვთის წყენა განადგურებით, დიახ, სულისა და ხორცის მარადიული განადგურებით.

23 გამოიღვიძეთ, ჩემო შვილებო; აისხით სამართლიანობის აბჯარი. ჩამოიბერტყეთ ჯაჭვები, რომლებითაც ხართ შებოჭილნი, გამოდით წვყდიადიდან და აღსდექით მტვრიდან.

24 ნუღარ აუჯანყდებით თქვენს ძმას, რომლის ხილვები ყოფილა დიადი და რომელიც იცავს მცნებებს მას შემდეგ, რაც გამოვედით იერუსალიმიდან; და ის იყო იარაღი ღვთის ხელში, აღთქმულ მიწაზე ჩვენი მოყვანისას; რადგან ის რომ არა, უდაბნოში დავიღუპებოდით შიმშილით; მიუხედავად ამისა, თქვენ ცდილობდით მისი სიცოცხლის მოსწრაფებას; დიახ, თქვენ გამო, მან მრავალი დარდი გადაიტანა.

25 და ძალზედ მეშინია და ვკანკალებ თქვენ გამო, რომ კიდევ არ დაიტანჯოს იგი, რადგან, აჰა, თქვენ მას ბრალი დასდეთ, რომ ისწრაფოდა თქვენზედ ხელისუფლებასა და მართველობისკენ; მაგრამ მე ვიცი, რომ იგი არ ისწრაფოდა არც ხელისუფლებისკენ და არც მმართველობისკენ, არამედ ისწრაფოდა ღმერთის სიდიადისა და პირადად თქვენი მარადიული კეთილდღეობისკენ.

26 და თქვენ ბუზღუნებდით იმის გამო, რომ ის პირდაპირი იყო თქვენ მიმართ. ამბობდით, რომ იყენებდა სიმკაცრეს; თქვენ ამბობდით, რომ განრისხებული იყო თქვენზე, მაგრამ, აჰა, მისი სიმკაცრე იყო ღვთის სიტყვის ძალის სიმკაცრე, რომელიც არის მასში; და რასაც თქვენ უწოდებთ რისხვას, იყო ჭეშმარიტება შესაბამისად იმისა, რაც არის ღმერთში, რაზედაც თავს ვერ იკავებდა და ხმამაღლა აცხადებდა თქვენი ურჯულოების გამო.

27 და საჭიროა, რომ მასთან იყოს ღვთის ძალა, რათა მან გიბრძანოთ, თქვენ კი დაემორჩილოთ. მაგრამ, აჰა, ეს იგი კი არა, არამედ უფლის სული იყო, რომელიც იყო მასში და აღებდა პირს სალაპარაკოდ ისე, რომ ვეღარ ჩუმდებოდა.

28 და ახლა, ჩემო შვილო, ლამან, და ასევე ლემუელ და სემ; და ასევე ჩემო შვილებო, რომლებიც ხართ ისმაელის შვილები, აჰა, თუ თქვენ ყურს დაუგდებთ ნეფის ხმას – არ დაიღუპებით; და თუ მას დაუგდებთ ყურს, მე დაგიტოვებთ კურთხევას, დიახ, ჩემს პირველ კურთხევას.

29 მაგრამ თქვენ თუ მას არ დაუგდებთ ყურს, მე წაგართმევთ ჩემს პირველ კურთხევას, დიახ, ჩემს კურთხევას, და ის იქნება მასზედ.

30 და ახლა, ზორამ, მე გეუბნები: აჰა, შენ ხარ ლაბანის მსახური; მიუხედავად ამისა, შენ გამოყვანილ იქენ იერუსალიმის მიწიდან და მე ვიცი, რომ შენ ხარ ჩემი შვილის, ნეფის, ჭეშმარიტი მეგობარი სამარადისოდ.

31 ამიტომაც, იმისათვის, რომ შენ იყავი ერთგული, შენი შთამომავლობა იქნება კურთხეული მის შთამომავლობასთან ერთად, ამიტომ ის დიდხანს იცხოვრებს კეთილდღეობაში ამ მიწის პირზე; და ვერაფერი, თუ არ იქნება მათ შორის ურჯულოება, ვერასოდეს ვერ ავნებს და ვერ დაარღვევს მათ კეთილდღეობას ამ მიწის პირზე სამარადისოდ.

32 ამიტომ, თუ თქვენ დაიცავთ უფლის მცნებებს, უფალს მიძღვნილი აქვს ეს მიწა შენი შთამომავლობის უსაფრთხოებისათვის, ჩემი შვილის შთამომავლობასთან ერთად.