თავი 12
ესაია ხედავს უკანასკნელი დღეების ტაძარს, ისრაელის შეკრებას და ათასწლეულის სამსჯავროსა და მშვიდობას. ამპარტავანნი და ბოროტნი იქნებიან დამდაბლებულნი მეორედ მოსვლისას. შეადარეთ ესაია 2. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდასა და იერუსალიმის შესახებ:
2 და იქნება ასე უკანასკნელ დღეებში, როდესაც უფლის სახლის მთა მთებს ზემოთ მოექცევა და ამაღლდება გორაკებზე და მისკენ დაიძრება ყოველი ერი.
3 მივა მრავალი ხალხი და იტყვის: მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; და გვასწავლის ის თავის გზებს და ჩვენ ვივლით მისი ბილიკებით; რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა.
4 და ის განიკითხავს ერებს შორის და განკიცხავს მრავალ ადამიანს: და გადააკეთებენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან მეტად ომს.
5 იაკობის სახლო, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში, დიახ, მოდით, რადგან თქვენ ყველამ გზიდან გადაუხვიეთ, თითოეულმა თქვენს ბოროტ გზებზე.
6 ამიტომ, უფალო, შენ მიატოვე შენი ხალხი, იაკობის სახლი, რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და ყურს უგდებენ ფილისტიმელთა მსგავსს გრძნეულებს; და უცხოტომელთა შვილებით ტკბებიან.
7 მათი მიწა ასევე ვერცხლითა და ოქროთია სავსე და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; მიწა მათი ასევე სავსეა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
8 მათი მიწა ასევე სავსეა კერპებით; ეთაყვანებიან თავიანთი ხელით შექმნილს, იმას, რაც მათ თითებმა გააკეთეს.
9 და უბრალო კაცი არ იხრის ქედს; და არ იმდაბლებს თავს წარჩინებული, ამიტომ არ აპატიო მას.
10 თქვენ, ბოროტნო, შედით კლდეში და დაიმალეთ მტვერში, რადგან უფლის შიში და მისი დიდებულების სიდიადე განგგმირავთ თქვენ.
11 და იქნება ასე, რომ ადამიანის ქედმაღალი მზერა დამდაბლდება და ქედს მოიხრის კაცთა ამპარტავნობა და მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
12 რადგან მალე მოვა ყოველ ერში ცაბაოთ უფლის დღე, დიახ, ყოველ მათგანზე; ამპარტავანზე და მედიდურზე და ყოველ მათგანზე, რომელიც აღზევებულია და იქნებიან ისინი დამდაბლებულნი.
13 დიახ, და ლიბანის ყოველ კედარისთვის დადგება უფლის დღე, რადგან ისინი არიან აღზევებულნი და ზეაზიდულნი; და ბაშანის ყოველ მუხაზე;
14 და ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ გორაკზე და ყოველ აღზევებულ ერზე და ყველა ხალხზე;
15 და ყოველ მაღალ კოშკზე; და ყოველ გამაგრებულ გალავანზე;
16 და ზღვის ყველა გემზე და ყველა თარშიშის ხომალდზე; და ყველა სასიამოვნო ხედზე.
17 და ადამიანის ქედმაღლობა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნობა დამდაბლდება და მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
18 და ის საბოლოოდ მოსპობს კერპებს.
19 და შევლენ ისინი კლდეების ხვრელებში და მიწის გამოქვაბულებში, რადგან უფლისადმი შიში მოვა მათზედ და მისი დიდებულების სიდიადე განგმირავს მათ, როდესაც იგი აღდგება, რათა სასტიკად შეაზანზაროს დედამიწა.
20 იმ დღეს ადამიანი გადაუყრის თხუნელებსა და ღამურებს თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, რომლებიც მან სათაყვანოდ შექმნა.
21 რათა შევიდნენ კლდეთა მღვიმეებში და უსწორმასწორო კლდეთა მწვერვალებზე, რადგან მათ მოეფინებათ უფლისადმი შიში და მისი დიდებულების დიდება განგმირავს მათ, როდესაც აღდგება იგი, რათა სასტიკად შეაზანზაროს დედამიწა.
22 ნუღარ მიენდობით ადამიანს, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია; რამეთუ რად ღირს იგი?