თავი 10
იაკობი განმარტავს, რომ იუდეველები ჯვარს აცვამენ თავიანთ ღმერთს. ისინი იქნებიან გაფანტულნი, სანამ მას არ იწამებენ. ამერიკა გახდება თავისუფლების მიწა, სადაც მეფე არ იმეფებს. შეურიგდით ღმერთს და მიიღეთ ხსნა მისი მადლით. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა მე, იაკობი, კვლავ გეუბნებით, ჩემო საყვარელო ძმებო, ამ სამართლიანი რტოს შესახებ, რომელზეც მე ვსაუბრობდი.
2 რადგან, აჰა, დაპირებები, რომლებიც მივიღეთ, არის ხორციელის შესაბამისი დაპირებები, ამიტომ, როგორც მე დამანახეს, მრავალი ჩვენი შვილი დაიღუპება ხორციელად ურწმუნოების გამო, მიუხედავად ამისა, ღმერთი მოწყალე იქნება მრავალი მათგანის მიმართ; და ჩვენი შვილები აღდგებიან, რათა მიაღწიონ იმას, რაც მისცემს მათ ჭეშმარიტ ცოდნას თავიანთ გამომსყიდველზე.
3 ამიტომ, როგორც გითხარით, აუცილებლად საჭიროა, რომ ქრისტე – რამეთუ გასულ ღამეს ანგელოზმა მითხრა, რომ ეს იქნებოდა მისი სახელი – მოვა იუდეველთა შორის, მათ შორის, რომელნიც არიან ამა ქვეყნის ყველაზე ბოროტი ნაწილი; და ისინი ჯვარს აცვამენ მას, რადგან ღმერთისათვის ეს აუცილებელია; და არ არსებობს სხვა ერი დედამიწაზე, რომელიც ჯვარს აცვამდა თავის ღმერთს.
4 რადგან ასეთი დიდი სასწაულები რომ მომხდარიყო სხვა ერებში, ისინი მოინანიებდნენ და ეცოდინებოდათ, რომ იგი მათი ღმერთია.
5 მაგრამ სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობისა და ურჯულოების გამო, ისინი, ვინც იერუსალიმთან არიან, ისე გაიფიცხებენ ქედს მის წინააღმდეგ, რომ ჯვარს აცვამენ მას.
6 ამიტომ, თავიანთი ურჯულოების გამო, მათ თავს დაატყდებათ განადგურება, შიმშილი, ჭირი და სისხლისღვრა; და ისინი, ვინც არ განადგურდებიან – გაიფანტებიან ყველა ერში.
7 მაგრამ, აჰა, ასე ამბობს უფალი ღმერთი: როდესაც დადგება დღე, რომ ისინი მე მიწამებენ, ირწმუნებენ, რომ მე ვარ ქრისტე, მაშინ, როგორც აღვუთქვი მათ მამებს, ისინი დაბრუნდებიან ხორციელად დედამიწაზე, მათი მემკვიდრეობის მიწაზე.
8 და იქნება ასე, რომ ისინი დიდი ხნით გაფანტვის შემდეგ, შეიკრიბებიან ზღვის კუნძულებიდან და დედამიწის ოთხივე კუთხიდან; და დიადნი იქნებიან წარმართთა ერები ჩემს თვალში, – ამბობს ღმერთი, რადგან მოიყვანენ მათ თავიანთი მემკვიდრეობის მიწაზე.
9 დიახ, წარმართთა მეფენი იქნებიან მათი გამზრდელნი და მათი დედოფლები გახდებიან მათი ძიძები; ამიტომ, დიადია უფლის დანაპირები წარმართთათვის, რადგან ეს თქვა მან და ვინ შეეკამათება?
10 მაგრამ, აჰა, ეს მიწა, – თქვა ღმერთმა, – იქნება შენი მემკვიდრეობის მიწა და წარმართნი კურთხეულნი იქნებიან ამ მიწაზე.
11 და ეს მიწა იქნება წარმართთათვის თავისუფლების მიწა; და ამ მიწაზე არ იქნებიან მეფენი, რომელნიც აღიმართებიან წარმართებზე.
12 და მე გავაძლიერებ ამ მიწას ყველა სხვა ერის წინააღმდეგ.
13 და ის, ვინც იბრძვის სიონის წინააღმდეგ, დაიღუპება, – ამბობს ღმერთი.
14 ვინაიდან ის, ვინც აღმართავს მეფეს ჩემს წინააღმდეგ, დაიღუპება, რადგან მე, უფალი, მეფე ზეცისა, ვიქნები მათი მეფე და მარად ვიქნები სინათლე მათთვის, ვისაც ესმით ჩემი სიტყვები.
15 ამიტომ, იმისთვის, რომ აღსრულდეს ჩემი აღთქმები, რომლებიც დავდე ადამიანთა შვილებთან და რომლებსაც აღვასრულებ, სანამ ისინი ხორციელნი იქნებიან, მე აუცილებლად უნდა გავანადგურო ბნელეთის, მკვლელობებისა და სისაძაგლეთა საიდუმლო საქმენი.
16 ამიტომ, ის, ვინც იბრძვის სიონის წინააღმდეგ, – იუდეველიც და წარმართიც, მონა თუ თავისუფალი, მამრი თუ მდედრი – დაიღუპება, რადგან ისინი არიან როსკიპნი მთელი დედამიწისა; რადგან ისინი, ვინც ჩემთან არ არიან, არიან ჩემ წინააღმდეგ, – ამბობს ჩვენი ღმერთი.
17 ვინაიდან მე აღვასრულებ ჩემს დანაპირებებს, რომლებსაც დავპირდი ადამიანთა შვილებს, რომლებსაც შევუსრულებ მათ, სანამ ისინი არიან ხორციელნი –
18 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ასე ამბობს ჩვენი ღმერთი: მე წარმართთა ხელით დავჩაგრავ შენს შთამომავლობას; მიუხედავად ამისა, მოვულბობ გულს წარმართთ, რათა ისინი მათთვის იყვნენ, როგორც მამები; ამიტომ, კურთხეულ იქნებიან წარმართნი და ჩაითვლებიან ისრაელის სახლში.
19 ამიტომ, ამ მიწას სამუდამოდ მივუძღვნი შენს შთამომავლებს და მათ, ვინც ჩაითვლება შენს შთამომავლობაში, მათი მემკვიდრეობის მიწად, რადგან ეს არის რჩეული მიწა, – მეუბნება ღმერთი, – ყველა სხვა მიწაზე უფრო მეტად და ამიტომ მოვახდენ ისე, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც იქ იმყოფება, თაყვანს მცემს მე, – ამბობს ღმერთი.
20 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, ვხედავთ რა, რომ ჩვენმა მოწყალე ღმერთმა მოგვცა ასეთი დიდი ცოდნა ყოველივე ამის შესახებ, დაე, გვახსოვდეს იგი და გვერდზე გადავდოთ ცოდვები და ნუ ჩავქინდრავთ თავს, რადგან არ ვართ გაძევებულნი; მიუხედავად ამისა, გამოგვდევნეს ჩვენი მემკვიდრეობის მიწიდან; მაგრამ მოგვიყვანეს უკეთეს მიწაზე, რადგან უფალმა ზღვა აქცია ჩვენს ბილიკად და ზღვის კუნძულზე ვიმყოფებით.
21 მაგრამ დიდია უფლის დაპირებანი მათთვის, ვინც იმყოფება ზღვის კუნძულებზე; ამიტომ, როგორც ნათქვამია კუნძულები, საჭიროა იყოს ამაზე მეტი და ისინიც ასევე დასახლებულია ჩვენი ძმებით.
22 რადგან, აჰა, უფალ ღმერთს ხანდახან თავისი სურვილისა და ნების თანახმად, მიჰყავდა ისრაელის სახლიდან. და აჰა, ახლა, უფალს ახსოვს ყველა, ვინც იქნა მომტვრეული, ამიტომ მას ჩვენც ვახსოვართ.
23 ამიტომ, გაიმხნევეთ გული და გახსოვდეთ, რომ ხართ თავისუფალნი იმოქმედოთ საკუთარი ნებით – აირჩიოთ ან მარადიული სიკვდილის ან მარადიული სიცოცხლის გზა.
24 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, შეურიგდით ღვთის ნებას და არა ეშმაკისა და ხორცის ნებას; და გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთს შეურიგდებით, მხოლოდ ღმერთის მადლში და მადლით გადარჩებით.
25 ამიტომ, დაე, ღმერთმა აგამაღლოთ სიკვდილიდან აღდგომის ძალით, ასევე მარადიული სიკვდილიდან გამოსყიდვის ძალით, რათა მიღებულ იყოთ ღვთის მარადიულ სასუფეველში, რათა ადიდოთ იგი ღვთაებრივი მადლით. ამინ.