თავი 16
ესაია ხედავს უფალს. ესაიას მიეტევა ცოდვები. მას მოუწოდეს წინასწარმეტყველობისკენ. იგი წინასწარმეტყველებს, როგორ უარყოფენ ქრისტეს სწავლებას იუდეველები. ნარჩენი დაბრუნდება. შეადარეთ ესაია 6. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 მეფე ყუზიაჰუს სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
2 მის ზემოთ სერაფიმები იდგნენ; ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულ მათგანს; ორით იფარავდა სახეს, ორით იფარავდა ფეხებს და ორით დაფრინავდა.
3 და გასძახოდა ერთი მეორეს და ამბობდა: წმინდაა! წმინდაა! წმინდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა მთელი დედამიწა.
4 და შეიძრა კარიბჭის სვეტები ამის დამძახებლის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
5 მაშინ ვთქვი: ვაი მე! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ; ჩემმა თვალებმა კი იხილეს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
6 შემდეგ მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმთაგანი, ხელში მუგუზალით, რომელიც მაშით აიღო საკურთხევლიდან.
7 და ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება და განწმენდილია შენი ცოდვა.
8 ასევე მომესმა ხმა უფლისა, რომელიც ამბობდა: ვინ მივავლინო და ვინ წავა ჩვენთვის? მაშინ ვთქვი: აჰა, აქ ვარ, მე მიმავლინე.
9 და მან თქვა: წადი და უთხარი ამ ხალხს: გულდასმით მოისმინეთ. მაგრამ მათ ვერ გაიგეს; გულდასმით შეხედეთ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
10 გაასუქე ამ ხალხის გული და დაუმძიმე ყურები და თვალებიც დაახუჭინე, რომ ვერ იხილონ საკუთარი თვალებით, თავისი ყურით ვერ მოისმინონ და გულით ვერ გაიგონ, რათა არ მოიქცნენ და არ განიკურნონ.
11 შემდეგ ვთქვი: როდემდე, უფალო? და მან მითხრა: მანამდე, სანამ არ დაცარიელდება მცხოვრებთაგან ქალაქები, ადამიანებისგან – სახლები; და სანამ მიწა მთლიანად არ გაუკაცრიელდება.
12 და მოიშორებს უფალი ადამიანებს, რადგან იქნება დიდი უგულვებელყოფა ამ მიწის გულზე.
13 მაგრამ მაინც იქნება მეათედი და ისინიც დაბრუნდებიან და შეჭმულ იქნებიან, როგორც ტერებინთო და მუხა, რომელთა არსი რჩება მათში, როდესაც სცვივათ ფოთლები; ასევე წმინდა თესლი იქნება მისი არსი.