წმინდა წერილი
2 ნეფი 28


თავი 28

მრავალი ცრუ ეკლესია შეიქმნება უკანასკნელ დღეებში. ისინი ასწავლიან ცრუ, ამაო და უგუნურ მოძღვრებებს. ცრუ მასწავლებლების გამო გავრცელდება განდგომა. ეშმაკი გამძვინვარდება ადამიანთა გულში. ის ასწავლის ყველანაირ ცრუ მოძღვრებას. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, მე მოგმართეთ ისე, როგორც სული მაიძულებდა; და ამიტომ მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება.

2 და ის, რაც იქნება ამოწერილი ამ წიგნიდან, ადამიანთა შვილებისთვის ძალიან ძვირფასი იქნება და განსაკუთრებით ჩვენი შთამომავლებისთვის, რომელნიც არიან ისრაელის სახლის ნარჩენი.

3 რადგან იმ დღეს იქნება ასე, რომ ეკლესიები, რომლებიც არიან შექმნილნი, თუმცა არა უფლისთვის, როდესაც ერთი მეორეს ეტყვის: აჰა, მე, მე ვარ უფლისა; და სხვები ეტყვიან: მე, მე ვარ უფლისა; და ასე იტყვის ყოველი, რომელმაც შექმნა ეკლესიები, თუმცა არა უფლისთვის.

4 და ისინი იკამათებენ ერთმანეთში და მათი მღვდლები იკამათებენ ერთმანეთში და ასწავლიან თავიანთი ცოდნით და უარყოფენ სულიწმინდას, რომელიც ამეტყველებს.

5 და ისინი უარყოფენ ღვთის, ისრაელის წმინდის, ძალას და ხალხს ეუბნებიან: ყური დაგვიგდეთ და მოისმინეთ ჩვენი სწავლება, რადგან, აჰა, არ არის ღმერთი დღეს, რადგან უფალმა და გამომსყიდველმა გააკეთა თავისი საქმე და ადამიანებს მისცა თავისი ძალა;

6 აჰა, ყური დაუგდეთ ჩემს სწავლებას; და თუ ისინი იტყვიან, რომ სასწაული უფლის ხელით მოხდა – არ დაიჯეროთ; რადგან დღეს ის არ არის სასწაულების ღმერთი; მან შეასრულა თავისი საქმე.

7 დიახ, და ბევრნი იქნებიან, რომლებიც იტყვიან: ჭამეთ, სვით და იმხიარულეთ, რადგან ხვალ მოვკვდებით; და ჩვენ კარგად ვიქნებით.

8 და იქნებიან ასევე ბევრნი, რომლებიც იტყვიან: ჭამეთ, სვით და იმხიარულეთ; მიუხედავად ამისა გეშინოდეთ ღმერთის – ის გაამართლებს პატარა ცოდვის ჩამდენს; დიახ, ცოტა იცრუეთ, გამოიყენეთ ადამიანი მისივე სიტყვებისთვის, ამოუთხარეთ ორმო მოყვასს – ამაში ცუდი არაფერია; და გააკეთეთ ყოველივე ეს, რადგან ხვალ ჩვენ მოვკვდებით და თუ ისე იქნება, რომ ჩვენ ვიქნებით დამნაშავენი, ღმერთი რამდენჯერმე გაგვამათრახებს და საბოლოოდ გადავრჩებით ღვთის სასუფეველში.

9 დიახ, და იქნებიან ბევრნი, რომელნიც ამგვარად ასწავლიან ცრუ, ამაო და უგუნურ მოძღვრებებს და გაყოყოჩდებიან გულში და ეცდებიან ღრმად დამალონ თავიანთი ზრახვები უფლისგან; და მათი საქმენი სიბნელეში იქნება.

10 და წმინდანთა სისხლი მიწიდან შესტირებს მათ წინააღმდეგ.

11 დიახ, ყველანი გზას ასცდნენ, ისინი გაიხრწნენ.

12 ამპარტავნობის, ცრუ მასწავლებლებისა და ცრუ მოძღვრებების გამო მათი ეკლესიები გაიხრწნა და არის აღზევებული; ამპარტავნობის გამო ყოყოჩობენ.

13 ისინი ძარცვავენ ღარიბს თავიანთი მოკაზმული სამლოცველოების გამო; ისინი ძარცვავენ ღარიბს მოკაზმული ტანსაცმლის გამო; და დევნიან თვინიერს და ღარიბს გულში, რადგან თავიანთ ამპარტავნობაში არიან გაყოყოჩებულნი.

14 ისინი არიან ქედფიცხელნი და არიან ყოყოჩნი; დიახ, ამპარტავნობის და სიბოროტისა და სისაძაგლეთა და მრუშობის გამო მათ ყველამ გზას გადაუხვიეს, გარდა რამდენიმესი, რომლებიც ქრისტეს თავმდაბალი მიმდევრები არიან; მიუხედავად ამისა, მათ წინ მიუძღვიან, ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ცდებიან, რადგან მათ ასწავლიან ადამიანთა სწავლებებს.

15 ბრძენნი და სწავლულნი და მდიდარნი, რომელნიც გაყოყოჩებულნი არიან თავიანთ გულთა ამპარტავნობით; და ყველა ის, ვინც ცრუ მოძღვრებებს ქადაგებს და ყოველი ის, რომელიც მრუშობს და ამრუდებს უფლის სწორ გზას – ვარამი, ვარამი, ვარამი მათზედ, – ამბობს უფალი ღმერთი ყოვლადძლიერი, რადგან ისინი ჩაგდებულნი იქნებიან ჯოჯოხეთში!

16 ვარამი მათ, რომელნიც მართალს აძევებენ, როგორც არარაობას და ლანძღავენ იმას, რაც კარგია და ამბობენ, რომ ამას არა აქვს ფასეულობა! რადგან მოვა დღე, როდესაც უფალი ღმერთი სწრაფად მოევლინება დედამიწის მცხოვრებთ; და იმ დღეს, როდესაც ბოლომდე მომწიფდებიან ურჯულოებაში, ისინი დაიღუპებიან.

17 მაგრამ, აჰა, თუ დედამიწის მცხოვრებნი მოინანიებენ თავიანთ სიბოროტესა და სისაძაგლეს, ისინი არ იქნებიან განადგურებულნი, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

18 მაგრამ, აჰა, ის დიდი და ბილწი ეკლესია, მთელი დედამიწის როსკიპი, უნდა დაეცეს მიწაზე და დიდი იქნება მისი დაცემა.

19 რადგან ეშმაკის სამეფო უნდა შეძრწუნდეს და საჭიროა, რომ ისინი, ვინც მას მიეკუთვნებიან, მოუწოდონ მონანიებისკენ, თორემ ეშმაკი შეიპყრობს მათ თავისი მარადიული ჯაჭვებით და გააღვივებს მათ გულებში წყრომას და დაიღუპებიან ისინი;

20 რადგან, აჰა, იმ დღეს ის გამძვინვარდება ადამიანთა შვილების გულში და მათში წყრომას გააღვივებს, საწინააღმდეგოდ იმისა, რაც კარგია.

21 და სხვებს ის დააწყნარებს და დაამშვიდებს ხორციელი სიმშვიდით, ისე, რომ ისინი იტყვიან: ყველაფერი კარგადაა სიონში; დიახ, სიონი ყვავის, ყველაფერი კარგად არის! ამგვარად ეშმაკი ატყუებს მათ სულებს და ფრთხილად ჩაჰყავს ისინი ჯოჯოხეთში.

22 და აჰა, იგი სხვებს პირფერობით აცდენს გზას და ეუბნება, რომ არ არსებობს ჯოჯოხეთი; და ეუბნება: მე არ ვარ ეშმაკი, რადგან ასეთი არ არსებობს; და ასე ჩასჩურჩულებს მათ ყურებში, სანამ არ შეიპყრობს თავისი საშინელი ჯაჭვებით, საიდანაც არ არის ხსნა.

23 დიახ, ისინი შეპყრობილნი არიან სიკვდილითა და ჯოჯოხეთით; და სიკვდილი, ჯოჯოხეთი და ეშმაკი და ყველანი, ვინც იქნენ მათ მიერ დაჭერილნი, უნდა წარსდგნენ ღვთის ტახტის წინაშე და უნდა განიკითხონ თავიანთი საქმეების შესაბამისად, საიდანაც უნდა წავიდნენ მათთვის მომზადებულ ადგილზე ანუ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, რომელიც არის უსასრულო წამება.

24 ამიტომ, ვარამი მას, რომელიც გულმშვიდად არის სიონში!

25 ვარამი მას, რომელიც ღაღადებს: ყველაფერი კარგადაა!

26 დიახ, ვარამი მას, რომელიც ყურს უგდებს ადამიანთა სწავლებებს და უარყოფს ღვთის ძალასა და სულიწმინდის ძღვენს!

27 დიახ, ვარამი მას, რომელიც ამბობს: ჩვენ მივიღეთ და მეტი აღარ გვჭირდება!

28 და ბოლოს, ვარამი ყველას, რომლებიც კანკალებენ და ბრაზობენ ღვთის ჭეშმარიტების გამო! რადგან, აჰა, ის, რომელიც კლდეზეა აგებული, იღებს მას სიხარულით და ის, რომელიც აგებულია ქვიშის საძირკველზე – კანკალებს, რათა არ წაიქცეს.

29 ვარამი მას, რომელიც იტყვის: ჩვენ მივიღეთ ღვთის სიტყვა და მეტი აღარ გვჭირდება ღვთის სიტყვები, რადგან ჩვენ საკმარისად გვაქვს.

30 რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე მივცემ ადამიანთა შვილებს სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე, ცოტას აქ და ცოტას იქ; და კურთხეულ არიან ისინი, რომლებიც ისმენენ ჩემს სწავლებებს და ყურს უგდებენ ჩემს რჩევას, რადგან ჩაწვდებიან სიბრძნეს; ვინაიდან მას, ვინც მიიღებს – მივცემ უფრო მეტს; და რომლებიც იტყვიან: ჩვენ საკმარისი გვაქვს, მათ წაერთმევათ ისიც, რაც აქვთ.

31 წყეულია ის, ვინც საკუთარ სასოებას ანდობს ადამიანს ან ხორციელს გაიხდის თავის ძალად ან ყურს დაუგდებს ადამიანთა სწავლებებს, თუკი მათი სწავლებანი არ იქნება მოცემული სულიწმინდის ძალით.

32 ვარამი წარმართებს – ამბობს ცაბაოთ უფალი ღმერთი! რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დღიდან დღემდე მე მათ გავუწვდი ხელს, ისინი უარმყოფენ; მიუხედავად ამისა, მე მოწყალე ვიქნები მათ მიმართ, – ამბობს უფალი ღმერთი, თუ ისინი მოინანიებენ და მოვლენ ჩემთან, რადგან ჩემი ხელი მთელი დღე არის გაწვდილი, – ამბობს ცაბაოთ უფალი ღმერთი.