წმინდა წერილი
მორმონის სიტყვები 1


მორმონის სიტყვები

თავი 1

მორმონი ამოკლებს ნეფის დიდ ფირფიტებს. ის ალაგებს პატარა ფირფიტებს სხვა ფირფიტებთან ერთად. მეფე ბენიამინი მიწაზე მშვიდობას ამყარებს. დაახლოებით 385 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, მე, მორმონი, მზად ვარ გადავცე ჩანაწერები, რომლებსაც ვაწარმოებდი, ჩემი შვილის, მორონის ხელში; აჰა, მე ვიყავი მოწმე ჩემი ხალხის, ნეფიელების, თითქმის მთლიანად განადგურებისა.

2 და ქრისტეს მოსვლიდან მრავალი ასწლეულის შემდეგ, ამ ჩანაწერებს მე გადავცემ ჩემი შვილის ხელში; და ვფიქრობ, ის იხილავს ჩემი ხალხის მთლიანად განადგურებას. მაგრამ, დაე, ღმერთმა უბოძოს მას შესაძლებლობა იცოცხლოს მათზე დიდხანს, რათა შეძლოს დაწეროს ცოტაოდენი რამ მათ შესახებ და ცოტაოდენი ქრისტეზე, რომ ეგებ ოდესმე ამან მათ სარგებლობა მოუტანოს.

3 და ახლა, მე ვამბობ ცოტაოდენს იმის შესახებ, თუ რა დავწერე; რადგან, მას შემდეგ, რაც შევამოკლე ნეფის ფირფიტების ჩანაწერები მეფე ბენიამინის მეფობის აღწერამდე, რომელზეც ლაპარაკობდა ამალეკი, მე ვეძებდი ჩანაწერებს შორის, რომელნიც ხელში გადმომეცა და ვიპოვე ეს ფირფიტები, რომლებიც მოიცავს წინასწარმეტყველების მოკლე ჩანაწერებს, იაკობიდან მეფე ბენიამინის მმართველობამდე და ასევე მრავალს ნეფის სიტყვებიდან.

4 და ის, რაც ამ ფირფიტებზეა, მახარებს ქრისტეს მოსვლაზე წინასწარმეტყველებების გამო; და ჩემმა მამებმა იციან, რომ მრავალი მათგანი უკვე აღსრულდა; დიახ, მე ასევე ვიცი, რომ ყველაფერი, რაც ჩვენზე ნაწინასწარმეტყველები იყო, ამ დღემდეც კი, უკვე აღსრულდა; ასევე რაც ამ დღის მერე იქნება, აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

5 ამიტომ, მე ამოვირჩიე ესენი, რათა მათზე დამემთავრებინა ჩემი ჩანაწერები; და ჩემი ჩანაწერების დანარჩენ ნაწილს ნეფის ფირფიტებიდან ავიღებ; და ჩემს ხალხზე მეასედი ნაწილის დაწერაც კი არ შემიძლია.

6 მაგრამ, აჰა, ავიღებ ამ ფირფიტებს, რომელნიც მოიცავს ამ წინასწარმეტყველებებს და გამოცხადებებს და მათ ჩავდებ ჩემი ჩანაწერების დანარჩენ ნაწილში, ვინაიდან ისინი ძვირფასია ჩემთვის; და ვიცი, რომ ძვირფასნი იქნებიან ჩემი ძმებისათვის.

7 და მე ამას ვაკეთებ კეთილგონივრული მიზნით; რადგან ეს შთამეგონება უფლის სულის ზემოქმედების შესაბამისად, რომელიც არის ჩემში. და ახლა, მე არ ვიცი ყველაფერი; მაგრამ უფალმა იცის ყველაფერი, რაც მოხდება; ამიტომ, ის მიბიძგებს, ვიმოქმედო მისი ნების მიხედვით.

8 და ჩემი ლოცვა ღმერთისადმი ეხება ჩემს ძმებს, რათა ისინი, კიდევ ერთხელ, შეიცნობდნენ ღმერთს, დიახ, ქრისტეს გამოსყიდვას, რათა კვლავ გახდნენ მიმზიდველი ხალხი.

9 და ახლა, მე, მორმონი, ვაგრძელებ, რათა დავასრულო ჩემი ჩანაწერი, რომელიც ავიღე ნეფის ფირფიტებიდან; და ვაკეთებ ამას ჩემი ცოდნისა და გონიერების შესაბამისად, რომელიც ღმერთმა მარგუნა.

10 ამიტომ, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ამალეკმა მეფე ბენიამინს გადასცა ხელში ეს ფირფიტები, მან ისინი აიღო და ჩადო სხვა ფირფიტებთან ერთად, რომლებიც მოიცავდნენ ჩანაწერებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადმოეცემოდა, მეფეების მიერ, მეფე ბენიამინის დღეებამდე.

11 და ისინი მეფე ბენიამინისგან გადაეცემოდა თაობიდან თაობას, სანამ ისინი ჩემს ხელში არ ჩავარდა. და მე, მორმონი, ვლოცულობ ღმერთისადმი, რომ ისინი შენახულ იქნას ამიერიდან უკუნისამდე. და ვიცი, რომ ისინი შეინახება, რადგან მათზე დაწერილია დიადი სიტყვები, რომლებითაც ჩემს ხალხს და მათ ძმებს განიკითხავენ დიდსა და უკანასკნელ დღეს, ღვთის სიტყვის შესაბამისად, რაც დაწერილია.

12 და ახლა, რაც ეხება ამ მეფეს, ბენიამინს, მას საკუთარ ხალხში ჰქონდა გარკვეული განხეთქილება.

13 და იყო ასე, რომ ლამანიელთა ჯარები ასევე მოვიდნენ ნეფის მიწიდან, რათა ებრძოლათ მისი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ, აჰა, მეფე ბენიამინმა შეკრიბა თავისი ჯარები და წინ აღუდგა მათ და ის იბრძოდა თავისი მკლავის ძალით, ლაბანის მახვილით.

14 და უფლის ძალით, ისინი იბრძოდნენ თავიანთი მტრების წინააღმდეგ, სანამ არ დახოცეს მრავალი ათასი ლამანიელი. და იყო ასე, რომ ისინი ებრძოდნენ ლამანიელებს, სანამ არ განდევნეს ისინი თავიანთი მემკვიდრეობის ყველა მიწიდან.

15 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც იყვნენ ცრუ ქრისტენი და ბაგენი მათი იყო დახურული და იყვნენ დასჯილნი თავიანთი დანაშაულის შესაბამისად;

16 და მას შემდეგ, რაც იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მქადაგებელნი და მასწავლებელნი, ხალხთა შორის და ისინი ყველანი დასჯილნი იქნენ თავიანთი დანაშაულების შესაბამისად; და მას შემდეგ, რაც იყო მრავალი განხეთქილება და მრავალი ლამანიელთა მხარეზე გადასული, აჰა, იყო ასე, რომ მეფე ბენიამინმა, წმინდა წინასწარმეტყველების თანადგომით, რომლებიც იყვნენ მის ხალხში –

17 რადგან, აჰა, მეფე ბენიამინი იყო წმინდანი კაცი და ის სამართლიანად მეფობდა თავის ხალხზე; და იმ მიწაზე იყო მრავალი წმინდანი მამაკაცი და ისინი აცხადებდნენ ღვთის სიტყვას, ძალითა და უფლებამოსილებით; და მიმართავდნენ დიდ სიმკაცრეს ხალხის ქედფიცხელობის გამო.

18 ამიტომ, მათი დახმარებით, მეფე ბენიამინმა, რომელიც შრომობდა მთელი თავისი სხეულის ძალითა და სულის შესაძლებლობებით და ასევე წინასწარმეტყველებმა, კიდევ ერთხელ დაამყარეს მშვიდობა იმ მიწაზე.