წმინდა წერილი
ენოსი 1


ენოსის წიგნი

თავი 1

ენოსი მხურვალედ ლოცულობს და აღწევს ცოდვების მიტევებას. უფლის ხმა ჩაესმა გონებაში, ჰპირდება რა მომავალ დღეს ლამანიელთა ხსნას. ნეფიელები ცდილობდნენ ლამანიელთა დაბრუნებას თავიანთ დროს. ენოსი ხარობს თავის გამომსყიდველში. დაახლოებით 420 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, იყო ასე, რომ მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ მამაჩემი მართალი ადამიანი იყო, რადგან მასწავლიდა თავის ენას და ასევე უფლის სწავლებებსა და დარიგებებს. და ამისათვის, კურთხეული იყოს ჩემი ღმერთის სახელი.

2 და მე გიამბობთ იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც მქონდა ღვთის წინაშე, სანამ არ მივიღე ცოდვების მიტევება.

3 აჰა, მე ტყეში წავედი მხეცებზე სანადიროდ და სიტყვები, რომლებიც ხშირად მესმოდა მამაჩემისგან მარადიული სიცოცხლისა და წმინდანთა სიხარულის შესახებ, ღრმად ჩამებეჭდა გულში.

4 და ჩემი სული შიმშილობდა; მე მუხლი მოვიყარე ჩემი შემქმნელის წინაშე, და შევღაღადე ძლიერი ლოცვითა და ვედრებით ჩემი სულის გამო. და მთელი დღის განმავლობაში მე მას შევღაღადებდი. დიახ, და როდესაც დაღამდა, მე კვლავ ხმამაღლა ვღაღადებდი, ისე რომ ჩემმა ხმამ ზეცას მიაღწია.

5 და ხმამ მომმართა, ამბობდა რა: ენოს, შენი ცოდვები მიპატიებია და იქნები კურთხეული.

6 და მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ ღმერთი ვერ იცრუებდა, ამიტომ, ჩემი დანაშაული ჩამოირეცხა.

7 და მე ვთქვი: უფალო, ეს როგორ მოხდა?

8 და მან მითხრა: ქრისტეში შენი რწმენის გამო, რომლისთვისაც შენ ადრე არასდროს არ მოგისმენია და არ გინახავს. და მრავალი წელი გავა, სანამ ის ხორციელად გამოცხადდება; ამიტომ, წადი, შენმა რწმენამ განგკურნა.

9 ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მოვისმინე ეს სიტყვები, მე დამებადა სურვილი ჩემი ძმების, ნეფიელების, კეთილდღეობისთვის; ამიტომ, მთელი ჩემი სული ღმერთის წინაშე მათთვის გადმოვღვარე.

10 და როდესაც მე ასე ვიბრძოდი სულში, აჰა, უფლის ხმა კვლავ ჩამესმა გონებაში, ამბობდა რა: მე მოვევლინები შენს ძმებს მათ მიერ ჩემი მცნებების დაცვის სიბეჯითის შესაბამისად. მე მათ ეს მიწა მივეცი და ეს არის წმინდა მიწა; და მე მას არ ვწყევლი, გარდა ურჯულოების გამო; ამიტომ, მოვევლინები შენს ძმებს იმის მიხედვით, რაც ვთქვი; და მათ შეცოდებებს დარდით დავანთხევ მათსავე თავზე.

11 და მას შემდეგ, რაც მე, ენოსმა, მოვისმინე ეს სიტყვები, ჩემი რწმენა უფალში გახდა ურყევი; და მის მიმართ ვლოცულობდი, ჩემი ძმების, ლამანიელთათვის, მრავალ ხანგრძლივ ჭიდილში.

12 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ვლოცულობდი და ვშრომობდი მთელი სიბეჯითით, უფალმა მითხრა: მე დაგაჯილდოვებ შენი სურვილების შესაბამისად, შენი რწმენის გამო.

13 და ახლა, აჰა, ეს იყო სურვილი, რომელიც მსურდა მისგან – რომ თუ იქნება ასე, თუ ჩემი ხალხი, ნეფიელები, შეცოდებაში ჩაცვივდებიან ან თუ როგორმე განადგურდებიან და ლამანიელები არ განადგურდებიან, რათა უფალმა ღმერთმა შეინახოს ჩემი ხალხის, ნეფიელთა, ჩანაწერები; თუნდაც მისი წმინდა ხელის ძალით იქნება ისე, რომ რომელიმე მომავალ დღეს, ის წარსდგენილ იქნას ლამანიელების წინაშე, რომ იქნებ, ხსნასთან იყვნენ მიყვანილნი –

14 რადგან, ამჟამად ამაო იყო ჩვენი ძალისხმევა, რათა ისინი ჭეშმარიტ რწმენაში აღგვედგინა. მათ დაიფიცეს თავიანთ მრისხანებაში, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი, ისინი ჩვენც და ჩვენს ჩანაწერებსაც გაანადგურებდნენ და ასევე ჩვენი მამების ყველა ჩვეულებას.

15 ამიტომ, ვიცოდი რა, რომ უფალ ღმერთს შეუძლია შეინახოს ჩვენი ჩანაწერები, მე მის მიმართ განუწყვეტლივ ვღაღადებდი, რადგან მან მითხრა: რაც არ უნდა მთხოვო რწმენით და გწამდეს რა, რომ ქრისტეს სახელით მიიღებ, შენ მიიღებ ამას.

16 და მე მქონდა რწმენა და შევღაღადებდი ღმერთს, რომ შეენახა ეს ჩანაწერები; და მან აღმითქვა, რომ ის ლამანიელებს წარუდგენდა მათ, მისთვის შესაფერის დროს.

17 და მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ ეს იქნება იმ აღთქმის შესაბამისად, რომელიც მან დადო და ამიტომ ჩემი სული დამშვიდდა.

18 და უფალმა მითხრა: შენი მამებიც მთხოვდნენ ამას; და ეს მოხდება მათთვის, მათივე რწმენის შესაბამისად; რადგან მათი რწმენა იყო შენი რწმენის მსგავსი.

19 და ახლა, იყო ასე, რომ მე, ენოსი, დავდიოდი ნეფის ხალხთა შორის, ვწინასწარმეტყველებდი იმაზე, რაც მოხდებოდა და ვმოწმობდი იმაზე, რაც მოვისმინე და ვიხილე.

20 და მე ვმოწმობ, რომ ნეფის ხალხი ბეჯითად ცდილობდა ლამანიელთა აღდგენას ღმერთის ჭეშმარიტ რწმენაში. მაგრამ ჩვენი შრომა იყო ამაო, მათი სიძულვილი იყო მტკიცე და მათ წინ მიუძღვოდა თავიანთი ბოროტი ბუნება იმდენად, რომ ისინი გახდნენ ველური, სასტიკი და სისხლმოწყურებული ხალხი, კერპთაყვანისმცემლობითა და სიბინძურით სავსე; იკვებებოდნენ გარეული მხეცებით; ცხოვრობდნენ კარვებში და დახეტიალობდნენ უდაბნოში, წელზე შემოხვეული ტყავით და გადაპარსული თავებით; და მათი სიმარჯვე იყო მშვილდისა და მახვილის და ნაჯახის ხმარებაში და მრავალი მათგანი არ ჭამდა არაფერს, უმი ხორცის გარდა; და ისინი გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას.

21 და იყო ასე, რომ ნეფის ხალხი ამუშავებდა მიწას და მოჰყავდა ყველანაირი მარცვლეული და ნაყოფი, ამრავლებდა წვრილფეხა საქონლის ფარებს და ყველანაირ მსხვილფეხა საქონლის ნახირს და თხებსა და ნიამორს და ასევე მრავალ ცხენს.

22 და ჩვენ შორის იყო ძალზედ ბევრი წინასწარმეტყველი. და ხალხი იყო ქედფიცხელი, ძნელად გამგები.

23 და არ იყო არაფერი, გარდა მეტისმეტი სისასტიკისა, ქადაგებებისა და წინასწარმეტყველებებისა ომებზე და განხეთქილებებსა და განადგურებებზე; და მათთვის მუდმივი შეხსენება სიკვდილისა და მარადიულობის ხანგრძლივობის შესახებ, ღვთის სასჯელსა და ძალაზე და ყველა იმ საქმეზე, რომელიც განუწყვეტლივ აღვივებდა მათში უფლისადმი შიშს. მე ვამბობ, რომ არ იყო არაფერი ამის გარდა და სიტყვის განსაკუთრებული სინათლისა, რათა შეეკავებინათ ისინი სწრაფი დაცემისგან. და ამგვარად ვწერ მათზე.

24 და მე ვიხილე ომები ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის ჩემი დღეების ჟამს.

25 და იყო ასე, რომ მე ვიგრძენი ჩემი სიბერე და ას სამოცდაცხრამეტი წელი გავიდა, რაც ჩვენმა მამამ, ლეხიმ, დატოვა იერუსალიმი.

26 და ვიხილე, რომ მალე უნდა ჩავიდე სამარეში; მოქმედებდა რა ღვთის ძალა ჩემზე, რომ უნდა მექადაგა და მეწინასწარმეტყველებინა ამ ხალხისათვის; და მეუწყებინა სიტყვა, ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც არის ქრისტეში. და მე მას ვაცხადებდი მთელი ჩემი დღენი და ამით უფრო მეტად ვხარობდი, ვიდრე ქვეყნიერისაგან.

27 და მალე წავალ ჩემი დასვენების ადგილზე, რომელიც არის ჩემს გამომსყიდველთან, რადგან ვიცი, რომ მასში დავისვენებ. და მე ვხარობ იმ დღით, როდესაც ჩემი მოკვდავი შეიმოსება უკვდავებით და წარსდგება მის წინაშე; მაშინ ვიხილავ მის სახეს სიხარულით და ის მეტყვის: მოდი ჩემთან, კურთხეულო, მამაჩემის სავანეებში შენთვის ადგილი არის მომზადებული. ამინ.