წმინდა წერილი
2 ნეფი 15


თავი 15

უფლის ვენახი (ისრაელი) გაპარტახდება და მისი ხალხი გაიფანტება. ვარამი ეწევა მათ განდგომილ და გაფანტულ მდგომარეობაში. უფალი აღმართავს დროშას და შეკრიბავს ისრაელს. შეადარეთ ესაია 5. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და მაშინ მე ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიმღერას ჩემს შეყვარებულზე, მისი ვენახის შესახებ. ჩემს შეყვარებულს აქვს ვენახი ნაყოფიერ გორაკზე.

2 და მან შემოღობა ის და გაასუფთავა ქვებისგან და დარგო ნარჩევი ვაზი; და ააგო კოშკი მის შუაგულში, ასევე გააკეთა საწნახელი მასში. და იგი მოელოდა, რომ ყურძენს მოისხამდა და მან ველური ყურძენი მოისხა.

3 და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცნო, გევედრებით: განსაჯეთ ჩემსა და ჩემს ვენახს შორის.

4 მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? ამიტომ, როდესაც მოველოდი, რომ ყურძენს მოისხამდა, მან ველური ყურძენი მოისხა.

5 და ახლა, აჰა; მე გეტყვით, რას ვუზამ ჩემს ვენახს: მე მოვხსნი მის ღობეს და მუსრს გაავლებენ მას და მოვანგრევ ზღუდეს და გაითელება;

6 და გავაპარტახებ მას; არც გაისხლება და არც დაიბარება იგი; მაგრამ გაიზრდება იქ ჯაგნარი და ნარ-ეკალი; მე ასევე ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზედ წვიმა.

7 რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი არის ისრაელის სახლი და იუდას კაცნი არიან მისი სასიამოვნო ნერგები; და იგი ეძებდა სამართალს და აჰა – ჩაგვრა; სიმართლეს და აჰა – ღაღადი.

8 ვარამი მათ, ვინც სახლს სახლზე ამატებს, სანამ არ იქნება ადგილი, რომ მარტოდ დარჩნენ დედამიწაზე!

9 მითხრა ყურში ცაბაოთ უფალმა: ჭეშმარიტად, მრავალი სახლი დაცარიელდება; დიდი და მშვენიერი ქალაქები იქნება მცხოვრებთა გარეშე.

10 დიახ, ათი უღელი ვენახი ერთ ბათს გამოიღებს და ხომერის თესლი გამოიღებს ეფას.

11 ვარამი მათ, ვინც დილით ადრე დგებიან, რათა სდიონ მათრობელ სასმელს, ვინც დაღამებამდე აგრძელებს და ღვინო აალებს მათ!

12 და ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინო არის მათ ნადიმებზე; მაგრამ ისინი არ ხედავენ უფლის საქმეს, არც მის ხელთა ნამოქმედარს აფასებენ.

13 ამიტომ, ჩემი ხალხი ტყვედ წაიყვანეს, რადგან არა აქვთ ცოდნა; და მათი საპატივცემულო ადამიანები არიან დამშეულნი; და მრავალი მათგანნი დაშრნენ წყურვილით.

14 ამიტომ, ჯოჯოხეთმა გააფართოვა თავისი თავი და გახსნა უზარმაზარი ხახა; და მასში ჩავა მათი დიდება, მათი უმრავლესობა და მათი სიუხვე და მათი ზარ-ზეიმიც და მოზეიმეც.

15 და დამცირდება უბრალო კაცი და ძლევამოსილი დამდაბლდება; და ქედმაღლის თვალები დამდაბლდება.

16 მაგრამ ცაბაოთ უფალი ამაღლდება სამართალით; და წმინდა ღმერთი განიწმინდება სიმართლით.

17 და კრავები დაიმწყემსებიან თავიანთი წესით; და უცხონი შეჭამენ ნასუქალის ნარჩენებს გაპარტახებულ ადგილებზე.

18 ვარამი მათ, ვინც მოიზიდავენ ურჯულოებას ამაოების ღვედებით და ცოდვას, როგორც ურმის თოკით.

19 რომლებიც ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ იგი; და მოახლოვდეს და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმინდისა, რომ შევიტყოთ იგი.

20 ვარამი მათ, რომელნიც ბოროტს კარგს უწოდებენ და კარგს – ბოროტს, ბნელს ნათლად თვლიან და ნათელს – ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ თვლიან და სიტკბოს – სიმწარედ!

21 ვარამი მათ, ვინც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და გონიერნი თავიანთ შეხედულებისამებრ.

22 ვარამი ძლიერებს ღვინის სმაში და ვაჟკაცთ მათრობელი სასმელის ჩამოსხმაში;

23 რომელნიც ბოროტს გაამართლებენ ქრთამის გულისთვის და მართალს მის სამართალს წაართმევენ!

24 ამიტომ, როგორც ცეცხლი ჭამს ნამჯასა და ალი შთანთქავს ბზეს, ასე ჩალპება მათი ფესვი და მტვერივით გაიფანტება მათი ყვავილი; რადგან უკუაგდეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმინდის სიტყვა არად ჩააგდეს.

25 ამიტომ, აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ; და ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა; შედრკნენ გორაკნი და მათი გვამები დაგლეჯილი ეყარა ქუჩებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

26 და იგი აღუმართავს დროშას შორეულებს, სტვენით მოუხმობს მათ დედამიწის კიდიდან და აჰა, მოვლენ ისინი სწრაფად და მარდად; არ იქნება მათ შორის არც დაღლილი და არც მობარბაცე.

27 არცერთი არც ჩათვლემს და არც დაიძინებს; არც წელზე შემოსარტყმელი არ შეეხსნებათ და არც ფეხსაცმლის თასმა არ გაუწყდებათ;

28 მათი ისრები იქნება ალესილი და ყველა მშვილდი მოზიდული; კაჟად ჩათვლიან მათი ცხენის ფლოქვებს და მათ ბორბლებს – როგორც გრიგალს, მათი ღრიალი ლომის ღრიალივითაა.

29 ახალგაზრდა ლომებივით იღრიალებენ; დიახ, დაიღრიალებენ და მსხვერპლს სტაცებენ და გაიტაცებენ სამუდამოდ და ვერავინ იხსნის.

30 და იმ დღეს ისინი დაუღრიალებენ მათ, როგორც ღრიალებს ზღვა; თუ დახედავენ მიწას, იხილავენ ბნელეთსა და წუხილს და სინათლე დაბინდდება ზეცაში მათზე.