წმინდა წერილი
2 ნეფი 21


თავი 21

იესეს ღერო (ქრისტე) განსჯის სამართლიანად. ათასწლეულის ჟამს ცოდნა ღმერთის შესახებ მოეფინება დედამიწას. უფალი აღმართავს დროშას და შეკრებს ისრაელს. შეადარეთ ესაია 11. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო გაიზრდება მისი ფესვებიდან.

2 და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერების, სული რჩევისა და ძლიერების, სული ცოდნისა და უფლისადმი შიშის;

3 და აქცევს მას გამგებიანად უფლისადმი შიშის წინაშე; და თავისი თვალთახედვით არ განკიცხავს და თავისი ყურთასმენით არ ამხელს.

4 სამართალით განსჯის ღარიბთ, სისწორით გაკიცხავს მიწის თვინიერთა გულისათვის; და დაკრავს მიწას თავისი პირის კვერთხით; და თავის ბაგეთა სუნთქვით დახოცავს ბოროტთ.

5 და სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა.

6 მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად და ავაზა ციკნის გვერდით წამოწვება; და ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან; და პატარა ბავშვი წაუძღვება მათ.

7 ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი შვილები ერთად წამოწვებიან; და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას.

8 ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი, გველგესლის ბუნაგს შეეხება ხელით.

9 არ იბოროტებენ ისინი და არ გაანადგურებენ არაფერს მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც წყლებით დაფარულია ზღვა.

10 და იმ დღეს იქნება იესეს ფესვი, რომელიც წარსდგება ხალხის დროშად; მისკენ გაემართებიან წარმართნი; და დიადი იქნება მისი სასვენებელი.

11 და იქნება ასე, იმ დღეს, კვლავ, მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ დააბრუნოს თავისი ხალხის ნარჩენი, რომელიც დარჩება აშურიდან და ეგვიპტიდან, ფათროსიდან და ქუშიდან, ყელამიიდან და შინყარიდან, ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.

12 და ის დროშას აღუმართავს ერებს და შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დედამიწის ოთხივე კიდიდან ერთად შეაგროვებს იუდიდან გაფანტულთ.

13 გაქრება ასევე ეფრემის შური და იუდას მტრები მოკვეთილნი იქნებიან; ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ შეაჭირვებს ეფრემს.

14 მაგრამ დააფრინდებიან ფილისტიმელთა მხრებს დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ მათ, ვინც არის აღმოსავლეთით, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს და ყამონის შვილები დაემორჩილებიან მათ.

15 და უფალი მთლიანად გაანადგურებს ეგვიპტის ზღვის ენას; და ხელს მოიქნევს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ნაკადად განწვალავს მას, რომ ადამიანმა ფეხშემოსილმა მშრალზე გადაიაროს.

16 და ექნება დიდი გზა-სავალი მისი ხალხის ნარჩენს, რომელიც დარჩება აშურიდან, როგორც ჰქონდა ისრაელს იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის მიწიდან გამოვიდა.