წმინდა წერილი
2 ნეფი 18


თავი 18

ქრისტე იქნება დაბრკოლების ლოდი ან წინაღობის კლდე. ეძიეთ უფალი და არა მოწრიპინე ჯადოქრები. მიუბრუნდით რჯულს და მოწმობას რჩევისათვის. შეადარეთ ესაია 8. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 იმის გარდა, უფლის სიტყვამ მითხრა: აიღე შენთვის დიდი გრაგნილი და ზედ ადამიანის კალმით დაწერე მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზის შესახებ.

2 და ავიყვანე ერთგული მოწმეები, რათა ჩაიწერონ ურია მღვდელი და ზაქარია იბერექიაჰუს ძე.

3 და დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს; და დაორსულდა და შვა ძე. შემდეგ უფალმა მითხრა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ.

4 რადგან, აჰა, ბავშვი ვერ შეძლებს დაძახებას: მამა და დედა, სანამ დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფის წინაშე არ წაართმევენ.

5 უფალმა კვლავ მომმართა სიტყვებით:

6 იმის გამო, რომ შეიძულა ამ ხალხმა წყნარად მომდინარე შილოახის წყალი და შეჰხარის რეცინისა და რემალიაჰუს ძეს;

7 ამიტომაც, აჰა, უფალი გადმოაქცევს მათზე მდინარის წყალს, ძლიერს და უზღვავს – აშურის მეფესაც კი და მთელ მის დიდებას და ამოვა მისი ყველა კალაპოტიდან და გადმოვა მისი ყველა ნაპირიდან.

8 და გაივლის ის იუდაში; წალეკავს და ანიაღვრდება, კისრამდეც ასწვდება; და მისი გაშლილი ფრთები დაფარავს შენი ქვეყნის სიგანეს, ემანუელ!

9 გაერთიანდით ხალხებო და იქნებით ნაწილებად დამსხვრეულნი; ყური უგდეთ შორეულ ქვეყნებში; შემოისარტყლეთ და იქნებით ნაწილებად დამსხვრეულნი; შემოისარტყლეთ და იქნებით ნაწილებად დამსხვრეულნი.

10 ერთმანეთში ითათბირეთ, თუმცა არაფერს მოიტანს, თქვით სიტყვა და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი.

11 რადგან ასე მითხრა უფალმა ძლიერი ხელით და გამაფრთხილა – არ მევლო ამ ხალხის გზით; მითხრა:

12 ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას ეძახის; და ნუ შეგაშინებთ მისი შიში, ნურც დაფრთხებით.

13 ეკრძალვეთ თვით ცაბაოთ უფალს, დაე, იყოს ის თქვენი შიში და დაე, იყოს იგი თქვენი შემკრთობი.

14 ის იქნება, როგორც სიწმინდე; მაგრამ ისრაელის ორივე სახლისთვის დაბრკოლების ლოდი და წინაღობის კლდე, მახე დაბადე იერუსალიმის მკვიდრთათვის.

15 და ბევრი მათ შორის წაბორძიკდება მასზე, დაეცემა და დაილეწება, გაებმება, გაიხლართება და იქნება აყვანილი.

16 შეკარი მოწმობა, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებს შორის.

17 და მე დაველოდები უფალს, რომელიც სახეს იფარავს იაკობის სახლისგან და ვესავ მას.

18 აჰა, მე და ბავშვები, რომლებიც უფალმა მომცა ნიშნებად და საოცრებებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.

19 და როდესაც გეტყვიან: გამოჰკითხეთ მესულთანეებსა და ჯადოქრებს, რომლებიც წრიპინებენ და ბუტბუტებენ, განა თავის ღმერთს არ უნდა ეკითხებოდეს ხალხი, რათა ცოცხლებს ესმოდეთ მკვდრების?

20 ეძიეთ რჯული და მოწმობა და თუ არ ლაპარაკობენ ამ სიტყვის მიხედვით, ეს იმიტომ, რომ მათში არ არის სინათლე.

21 და ისინი გაივლიან ამას, მწარედ გატანჯულნი და მშიერნი; და იქნება ასე, რომ როდესაც იქნებიან მშიერნი, გაღიზიანდებიან, დაწყევლიან თავიანთ მეფეს და ღმერთს და აიხედავენ ზემოთ.

22 და დახედავენ მიწას და აჰა – უბედურება და სიბნელე, ტანჯვის ბურუსი და განიდევნებიან ბნელეთში.