წმინდა წერილი
2 ნეფი 5


თავი 5

ნეფიელები ემიჯნებიან ლამანიელებს, იცავენ მოსეს რჯულს და აშენებენ ტაძარს. ლამანიელები თავიანთი ურწმუნობის გამო არიან მოკვეთილნი უფლის გარემოცვიდან, დაწყევლილნი და მათრახად გადაიქცევიან ნეფიელებისთვის. დაახლოებით 588–559 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, მრავალჯერ შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ძმების რისხვის გამო.

2 მაგრამ, აჰა, მათი რისხვა ჩემს წინააღმდეგ უფრო გაიზარდა, იმდენად, რომ ისინი ცდილობდნენ ჩემი სიცოცხლის მოსწრაფებას.

3 დიახ, ისინი ბუზღუნებდნენ ჩემზე სიტყვებით: ჩვენი უმცროსი ძმა ფიქრობს ჩვენზედ მმართველობაზე; და მის გამო, მოგვიწია მრავალი გაჭირვების ნახვა, ამიტომ, ახლა, მოდით ის მოვკლათ, რათა მეტი აღარ მოგვიწიოს მისი სიტყვების გამო გაჭირვების ატანა. რადგან, აჰა, არ გვსურს, რომ ის იყოს ჩვენი მმართველი; რადგან ჩვენ, რომლებიც ვართ უფროსი ძმები, გვეკუთვნის ვიყოთ მმართველები ამ ხალხზედ.

4 ახლა, მე არ ვწერ ამ ფირფიტებზე ყველა იმ სიტყვას, რომლებითაც ისინი ბუზღუნებდნენ ჩემზე. მაგრამ საკმარისია ვთქვა, რომ ისინი ცდილობდნენ ჩემი სიცოცხლის მოსწრაფებას.

5 და იყო ასე, რომ უფალმა გამაფრთხილა, რომ მე, ნეფი, უნდა წავსულიყავი მათგან და გავქცეულიყავი უდაბნოში და ასევე ყველა, ვინც მოისურვებდა ჩემთან ერთად წამოსვლას.

6 ამიტომ, ეს იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, წავიყვანე ჩემი ოჯახი და ასევე ზორამი და მისი ოჯახი და სემი, ჩემი უფროსი ძმა და მისი ოჯახი და იაკობი და იოსები, ჩემი უმცროსი ძმები, ასევე ჩემი ძმები და ყველა, ვინც ჩემთან ერთად მოისურვა წამოსვლა. და ყველანი, ვინც ჩემთან ერთად მოისურვა წამოსვლა, იყვნენ ისინი, რომლებსაც სწამდათ ღვთის გაფრთხილებებისა და გამოცხადებებისა. ამიტომაც, მათ დაუგდეს ყური ჩემს სიტყვებს.

7 და ავიღეთ კარვები და ყველაფერი, რისი აღებაც შეიძლებოდა ჩვენთვის და ვიმოგზაურეთ უდაბნოში მრავალი დღის განმავლობაში. და მას შემდეგ, რაც ვიმოგზაურეთ მრავალი დღის განმავლობაში, გავშალეთ კარვები.

8 და ჩემმა ხალხმა მოისურვა ამ ადგილისთვის სახელად გვეწოდა ნეფი; ამიტომაც ადგილს ნეფი ვუწოდეთ.

9 და ყველანი, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, გადაწყვიტეს თავიანთი თავისთვის ეწოდებინათ ნეფის ხალხი.

10 და გულმოდგინედ ვიცავდით უფლის სამართალს, წესებსა და მცნებებს ყველაფერში, მოსეს რჯულის შესაბამისად.

11 და უფალი იყო ჩვენთან; და განსაკუთრებით წარმატებულნი გავხდით; რადგან ვთესავდით თესლს და კვლავ უხვად ვიმკიდით; და დავიწყეთ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის და სხვა ყველანაირი ცხოველის მოშენება.

12 და მე, ნეფიმ, ასევე მოვიტანე ჩანაწერები, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე; ასევე ბირთვი ანუ კომპასი, რომელიც უფლის ხელით იყო დამზადებული მამაჩემისთვის, იმის შესაბამისად, რაც დაწერილია.

13 და იყო ასე, რომ დავიწყეთ ამ მიწაზე განსაკუთრებულად აყვავება და გამრავლება.

14 და მე, ნეფიმ, ავიღე ლაბანის მახვილი და იმის მიხედვით დავამზადე მრავალი ხმალი, იმ შემთხვევისთვის, რომ ხალხი, რომელიც ლამანიელებად იწოდებოდა, როგორმე არ დაგვსხმოდა თავს და არ გავენადგურებინეთ; რადგან მე ვიცოდი მათი სიძულვილის შესახებ ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ და მათ მიმართ, ვინც ჩემს ხალხად იწოდებოდა.

15 და მე ვასწავლე ჩემს ხალხს შენობების აშენება და ყველანაირი ხის დამუშავება და რკინის, სპილენძისა და თითბრის და ფოლადისა და ოქროს და ვერცხლის და ძვირფასი მადნის, რომელიც ძალზედ უხვად მოიპოვებოდა, დამუშავება.

16 და მე, ნეფიმ, ავაშენე ტაძარი; და ავაგე ის სოლომონის ტაძრის მსგავსად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის არ იყო იმდენი ძვირფასი მასალით აშენებული; რადგან ამ მიწაზე ისინი არ მოიპოვებოდა, ამიტომაც შეუძლებელი იყო მისი აშენება სოლომონის ტაძრის მსგავსად. მაგრამ ეს ნაგებობა იყო სოლომონის ტაძრის მსგავსი და მოპირკეთებული იყო ძალზედ ლამაზად.

17 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, მოვუწოდებდი ჩემს ხალხს, ყოფილიყვნენ შრომისმოყვარენი და თავიანთი ხელით ეშრომათ.

18 და იყო ასე, რომ მათ მოისურვეს მათი მეფე გავმხდარიყავი, მაგრამ მე, ნეფის, მსურდა, რომ მათ არ ჰყოლოდათ არანაირი მეფე; მიუხედავად ამისა, ვაკეთებდი მათთვის იმას, რისი ძალაც შემწევდა.

19 და აჰა, ჩემს ძმებს აუხდათ უფლის სიტყვა, ის, რაც მან მათ შესახებ თქვა, რომ მე ვიქნებოდი მათი მმართველი და მასწავლებელი. ამიტომ, ვიყავი მათი მმართველი და მასწავლებელი, უფლის ბრძანების შესაბამისად, იქამდე, სანამ მათ არ მოისურვეს ჩემი სიცოცხლის მოსწრაფება.

20 ამიტომ, აღსრულდა უფლის სიტყვა, რომელიც მან მითხრა, ამბობდა რა: რამდენადაც არ დაუგდებენ ისინი ყურს შენს სიტყვებს, იმდენად მოკვეთილნი იქნებიან ისინი უფლის გარემოცვიდან. და აჰა, ისინი მოკვეთილნი იქნენ მისი გარემოცვიდან.

21 და მან მოავლინა მათზე წყევლა, დიახ, სასტიკი წყევლა, მათი ურჯულოების გამო. რადგან, აჰა, მათ გაიქვავეს გული მის წინააღმდეგ იმდენად, რომ გახდნენ კაჟის ქვის მსგავსნი; ამიტომ, იყვნენ რა თეთრნი და განსაკუთრებულად ლამაზნი და სასურველნი, რათა არ ყოფილიყვნენ მიმზიდველნი ჩემი ხალხისათვის, უფალმა ღმერთმა მოახდინა ისე, რომ ისინი შავი კანით დაიფარნენ.

22 და ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე ვიზამ ისე, რომ ისინი იქნებიან საზიზღარნი შენი ხალხისთვის, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ ურჯულოებას.

23 და წყეული იქნება იმის შთამომავლობა, ვინც აირევა მათ შთამომავლობასთან; რადგან დაწყევლილნი იქნებიან ისინი იგივე წყევლით. და ეს უფალმა თქვა და ასეც ახდა.

24 და წყევლის გამო, რომლითაც იყვნენ დაწყევლილნი, ისინი იქცნენ ზარმაც ხალხად, სიავით და ვერაგობით აღვსილნი; და ნადირობდნენ ისინი უდაბნოში გარეულ მხეცებზე.

25 და უფალმა ღმერთმა მითხრა: ისინი შენი შთამომავლობისათვის იქნებიან, როგორც ჩემს მოსაგონებლად გონს მოსაგები მათრახი; და რამდენადაც აღარ ვეხსომები მათ და აღარ დაუგდებენ ჩემს სიტყვას ყურს, იმდენად გაამათრახებენ ისინი მათ, ბოლომდე განადგურებამდეც კი.

26 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვაკურთხე იაკობი და იოსები, ყოფილიყვნენ მღვდლები და მასწავლებლები ჩემი ხალხის მიწაზე.

27 და იყო ასე, რომ ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდით.

28 და გავიდა ოცდაათი წელი, რაც იერუსალიმიდან წამოვედით.

29 და მე, ნეფი, იმ დრომდე ვაკეთებდი ჩანაწერებს ჩემი ხალხის შესახებ ფირფიტებზე, რომლებიც დავამზადე.

30 და იყო ასე, რომ უფალმა ღმერთმა მითხრა: დაამზადე სხვა ფირფიტები; და შენ მათზე ამოტვიფრავ ბევრს, რაც მართალია ჩემს თვალში, შენი ხალხის სასარგებლოდ.

31 ამიტომ, მე, ნეფი, უფლის ბრძანებებისადმი მორჩილი რომ ვყოფილიყავი, წავედი და დავამზადე ეს ფირფიტები, რომლებზეც ეს ამბები ამოვტვიფრე.

32 და მე ამოვტვიფრე ის, რაც ღვთისათვის არის სასურველი. და თუ ჩემი ხალხისათვის სასურველია ღვთის საქმენი, მაშინ სასურველი იქნება ამ ფირფიტებზე ჩემ მიერ ამონატვიფრიც.

33 და თუ ჩემს ხალხს სურს დაწვრილებით შეიცნოს ჩემი ხალხის ისტორიის გარკვეული ნაწილი, უნდა შეისწავლოს ჩემი სხვა ფირფიტები.

34 და საკმარისია ვთქვა, რომ გავიდა ორმოცი წელი და უკვე გვქონდა ომები და განხეთქილებები ჩვენს ძმებთან.