წმინდა წერილი
2 ნეფი 11


თავი 11

იაკობმა იხილა თავისი გამომსყიდველი. მოსეს რჯული განასახიერებს ქრისტეს და ადასტურებს, რომ იგი მოვა. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იაკობმა მრავალი რამ უთხრა ჩემს ხალხს იმ დროს; მიუხედავად ამისა, მე მხოლოდ ეს ჩავაწერინე, რადგან ჩემთვის საკმარისია ის, რაც ჩავიწერე.

2 და ახლა, მე, ნეფი, ვწერ ესაიას უფრო მეტ სიტყვას, რადგან ჩემი სული ტკბება მისი სიტყვებით. რადგან მის სიტყვებს მივუსადაგებ ჩემს ხალხს და გავუგზავნი მათ ჩემს ყველა შვილს, რადგან ჭეშმარიტად იხილა მან ჩემი გამომსყიდველი ისე, როგორც მე ვიხილე იგი.

3 და ჩემმა ძმამ, იაკობმა, ასევე იხილა იგი ისე, როგორც მე ვიხილე; ამიტომ მათ სიტყვებს მე გავუგზავნი ჩემს შვილებს, რათა დავუმტკიცო მათ, რომ ჩემი სიტყვები ჭეშმარიტია. ამიტომ, სამივეს სიტყვებით, – თქვა ღმერთმა, – მე დავამტკიცებ ჩემს სიტყვას. მიუხედავად ამისა, ღმერთი გვიგზავნის მეტ მოწმეს და ამტკიცებს თავის ყოველ სიტყვას.

4 აჰა, ჩემი სული ხარობს, ვუმტკიცებ რა ჩემს ხალხს ჭეშმარიტებას ქრისტეს მოსვლაზე; რადგან ამ მიზნით იყო მოცემული მოსეს რჯული; და ყველაფერი, რაც ადამიანს ებოძა ღმერთის შესახებ ქვეყნის დასაბამიდან, განასახიერებს მას.

5 და ასევე ჩემი სული ხარობს უფლის აღთქმებში, რომლებიც მან დადო ჩვენს მამებთან; დიახ, სული ჩემი ხარობს მის მადლში, მის სამართალში, ძალასა და წყალობაში, სიკვდილისაგან გამოხსნის დიდსა და მარადიულ გეგმაში.

6 და სული ჩემი ხარობს, როდესაც ვუმტკიცებ ჩემს ხალხს, რომ თუ არა ქრისტეს მოსვლა, ყოველი ადამიანი უნდა დაიღუპოს.

7 ვინაიდან, რომ არ იყოს ქრისტე, არ იქნებოდა ღმერთი; და რომ არ იყოს ღმერთი, არ ვიქნებოდით ჩვენ, რადგან არ იქნებოდა შექმნა. მაგრამ ღმერთი არსებობს; და ის არის ქრისტე და ის მოდის თავის ჟამთა სისრულის დროს.

8 და ახლა მე ვწერ ესაიას ზოგიერთ სიტყვას, რომ ჩემი ხალხისგან ყველა, ვინც იხილავს ამ სიტყვებს, გულით გამხნევდეს და იხაროს ყოველი ადამიანისთვის. აი ეს არის სიტყვები და თქვენ შეგიძლიათ მიუსადაგოთ ისინი საკუთარ თავს და ყოველ ადამიანს.