თავი 13
იუდა და იერუსალიმი დაისჯებიან თავიანთი ურჩობისათვის. უფალი შუამდგომლობს და განსჯის თავის ხალხს. სიონის ასულნი იქნებიან დაწყევლილნი და ნაწამებნი თავიანთი მიწიერი ამაოების გამო. შეადარეთ ესაია 3. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 რადგან, აჰა, უფალი, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმსა და იუდას მხარდაჭერას და არსებობას, პურის სრულ ყოფნას და წყლის სრულ არსებობას –
2 ღონიერ ადამიანსა და მეომარს, მსაჯულსა და წინასწარმეტყველს, გონიერსა და უხუცესს;
3 ორმოცდაათის სარდალსა და პატივსაცემ ადამიანს, მრჩეველსა და დახელოვნებულ ოსტატს; და მჭერმეტყველს.
4 და დავუყენებ მათ უფლისწულებად ყმაწვილთ და ჩვილნი იმეფებენ მათზე.
5 და ხალხში ერთი დაჩაგრავს მეორეს და ყოველს დაჩაგრავს თავისი მოყვასი; გაუთავხედდება ბავშვი მოხუცს და მდაბალი – პატივცემულს.
6 როდესაც კაცი ჩაეჭიდება ძმას თავისი მამის სახლში და ეტყვის: სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი მთავარი და არ დაუშვა, რომ შენს ხელში მოხდეს ეს ნგრევა –
7 დაიფიცებს იმ დღეს და იტყვის: არ ვიქნები მკურნალი; არ მაქვს სახლში არც პური და არც სამოსელი; ნუ დამაყენებთ ამ ხალხის მთავრად.
8 რადგან დაინგრა იერუსალიმი და დაეცა იუდა იმის გამო, რომ ენები მათი და საქმენი უფლის საწინააღმდეგო იყო, შეურაცხმყოფელი მისი დიდების თვალისთვის.
9 მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათსავე წინააღმდეგ; და აცხადებს მათ ცოდვას სოდომისებრს და ისინი ვერ მალავენ მას. ვარამი მათ სულებს, რადგან ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
10 უთხარით მართალთ, რომ ეს სიკეთეა მათთვის, რადგან ისინი შეჭამენ საკუთარი ნამოქმედარის ნაყოფს.
11 ვარამი ბოროტთ, რადგან დაიღუპებიან; რადგან მიეზღვება მათ თავიანთი ხელის ნამოქმედარი!
12 და ხალხი ჩემი – ბავშვები არიან მათი მჩაგვრელნი და ქალები ბატონობენ მათზე. ჩემო ხალხო, თქვენს წინამძღვრებს შეცდომაში შეჰყავხართ და სავალ გზას გინადგურებენ.
13 წარსდგება უფალი საშუამდგომლოდ და დგას ხალხთა განსასჯელად.
14 უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და უფლისწულებს, რადგან თქვენ გააჩანაგეთ ვენახი და ღარიბთაგან წართმეული თქვენს სახლებშია.
15 რას გულისხმობთ? თქვენ კუწავთ ჩემს ხალხს და უჩეჩქავთ სახეს და ჩაგრავთ ღარიბს, – ამბობს ცაბაოთ უფალი ღმერთი.
16 გარდა ამისა, უფალი ამბობს: რადგან გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დაურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოცუნცულებენ ფეხის მოსართავთა ჟღარუნით –
17 ამიტომ, უფალი გაუქაჩლებს თხემს სიონის ასულთ და უფალი გამოაჩენს მათ სარცხვინელს.
18 იმ დღეს აართმევს მათ უფალი ჟღარუნა სამკაულების ბრწყინვალებას და თავსაკრავებს და მთვარისებულ სამკაულებს;
19 ძეწკვებს, სამაჯურებსა და საბურველებს;
20 თავსაბურავებს, ფეხსამკაულებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებსა და საყურეებს;
21 ბეჭდებსა და ნესტოს რგოლებს;
22 ნაირნაირ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, მოსასხამებს და მანდილებსა და ავგაროზებს;
23 სარკეებს, ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და პირბადეებს.
24 და იქნება ასე, სურნელების ნაცვლად იქნება სიმყრალე; სარტყელის ნაცვლად – ნაგლეჯი; და კოხტა ვარცხნილობის ნაცვლად – სიქაჩლე; და მოსასხამის ნაცვლად ძაძის სარტყელი; სილამაზის ნაცვლად – ცეცხლის დაღი.
25 შენი კაცნი მახვილით დაეცემიან და შენი ძლევამოსილნი – ომში.
26 მისი ბჭენი იქვითინებენ და იგლოვებენ; და თავად გამოცარიელდება და იჯდება მიწაზე.