წმინდა წერილი
2 ნეფი 17


თავი 17

ეფრემი და სირია ეომებიან იუდას. ქრისტეს გააჩენს ქალწული. შეადარეთ ესაია 7. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, იუდას მეფის, ახაზის, დღეებისას, იოთამის ძისა, ყუზიაჰუს ძის, რომ რეცინი, სირიის მეფე და ისრაელის მეფე ფეკახ რემალიაჰუს ძე, იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რათა მის წინააღმდეგ ეომათ, მაგრამ ვერ დაიპყრეს.

2 და ემცნო ეს დავითის სახლს სიტყვებით: სირია მოკავშირეა ეფრემთან. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.

3 მაშინ უთხრა უფალმა ესაიას: გადით ახაზის შესახვედრად შენ და შენი შვილი, შეარ-იაშუბი, ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე;

4 და უთხარი: ყურადღებით და მშვიდად იყავი; ნუ შეგეშინდება და ნუ იქნები სულმოკლე ამ აკვამლებული მუგუზლების ორი კუდის გამო, რეცინის, სირიისა და რემალიაჰუს ძის ანთებული რისხვის გამო.

5 რადგან სირიამ, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ ბოროტი ჩაიფიქრეს შენ წინააღმდეგ, ამბობენ რა:

6 მოდი წავიდეთ იუდას წინააღმდეგ, ავაღელვოთ და გავტეხოთ ის ჩვენთვის; და გავამეფოთ მასში მეფედ, დიახ, ტაბეალის ძე.

7 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ შესრულდება, ეს არ მოხდება!

8 რადგან სირიას თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და ეფრემი დაილეწება და აღარ იარსებებს როგორც ხალხი.

9 და ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიას ძე. თუ არ დაიჯერებთ ჭეშმარიტად თქვენ ვერ იქნებით განმტკიცებულნი.

10 ამის გარდა, კვლავ მიმართა უფალმა ახაზს, სიტყვებით:

11 მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი; მოსთხოვე ის დაბლა ქვესკნელში ან მაღლა ცაში.

12 მაგრამ ახაზმა თქვა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.

13 და მან თქვა: ახლა ისმინე, დავითის სახლო; ცოტაა თქვენთვის, რომ ადამიანებს აწუხებთ, ჩემი ღმერთიც გინდათ შეაწუხოთ?

14 ამიტომ, უფალი თავად მოგცემს ნიშანს. აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.

15 ერბოსა და თაფლს შეჭამს, რათა ისწავლოს ბოროტების უარყოფა და სიკეთის არჩევა.

16 რადგან სანამ ბავშვი ისწავლიდეს ბოროტის უარყოფას და სიკეთის არჩევას, ის მიწა, რომელიც შენ გძულს, მიტოვებულ იქნება მისი ორივე მეფის მიერ.

17 უფალი მოგივლენს დღეებს შენ და შენს ხალხს და შენი მამის სახლს, როგორიც არ მოუვლენია ეფრემის, აშურის მეფის, იუდასი, განდგომის დღიდან

18 და იქნება ასე, რომ იმ დღეს, სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, ეგვიპტის უკიდურეს ნაწილში რომ არის და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.

19 და მოვლენ და დაიბუდებენ დაცარიელებულ ველებზე, კლდეთა ნაპრალებში, ყოველ ეკალსა და ყოველ ბუჩქებზედ.

20 იმავე დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით – აშურის მეფით, თავს და ფეხის ბალანს; და წვერსაც მოაცილებს.

21 და იქნება ასე, იმ დღეს გამოკვებავს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს.

22 და იქნება ასე, რძის სიჭარბისგან, რომელსაც მოიწველიან, შეჭამს ერბოს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ყოველი, ვინც ამ მიწაზე დარჩა.

23 და იქნება ასე, იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ვაზი იყო, ჯაგნარად და ეკლიან ბუჩქებად გადაიქცევა.

24 ისრებით და მშვილდებით მოვლენ იქ კაცნი, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად იქნება გადაქცეული.

25 და ყოველ მთას, რომელიც თოხით ითოხნებოდა, არ შეეშინდება ჯაგნარისა და ნარ-ეკლის; მაგრამ ის იქნება ხარების საძოვარი და წვრილფეხა საქონლის გასათელი გახდება იგი.