წმინდა წერილი
2 ნეფი 20


თავი 20

აშურის განადგურება მეორე მოსვლისას ბოროტთა განადგურების სიმბოლოა. ცოტანი გადარჩებიან უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ. იაკობის ნარჩენი დაბრუნდება იმ დღეს. შეადარეთ ესაია 10. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ვარამი მათ, ვისაც გამოაქვთ უსამართლო ბრძანებები და წერენ შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს;

2 რათა სამართლისგან განარიდონ ღატაკნი, უფლება წაართვან ჩემი ხალხის ღარიბთ, რათა ქვრივები მათი ნადავლი გახდეს და ძარცვონ ობლები!

3 და რას იზამთ მოვლინების დღეს და აოხრებისას, რომელიც შორიდან მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარებისათვის? და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?

4 უჩემოდ მუხლს მოიყრიან ტყვეთა შორის და დაეცემიან დახოცილთა შორის. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

5 ვაი აშურო, კვერთხო ჩემი რისხვისა, კეტი მათ ხელში არის მათი გულისწყრომა.

6 გავაგზავნი მას თვალთმაქცი ერის წინააღმდეგ და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რათა აიღოს ნაძარცვი და ნადავლი და ფეხქვეშ გათელოს ქუჩის ტალახივით.

7 მაგრამ ის ასე არ ფიქრობს და არც მისი გული ასე არ განიზრახავს; მაგრამ არა ერთი ერის განადგურება და მოსპობა აქვს გულში.

8 რადგან ამბობს: განა ჩემი უფლისწულები ყველანი მეფენი არ არიან?

9 განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია?

10 ვინაიდან ჩემმა ხელმა დააარსა კერპთა სამეფოები, რომელთა ქანდაკებებმა გადააჭარბეს იერუსალიმის და სამარიას ქანდაკებებს.

11 როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის კერპებს?

12 ამიტომ, იქნება ასე: როდესაც უფალი სრულად აღასრულებს თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ იტყვის: მე დავსჯი აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის დიდებას.

13 რადგან ის ამბობს: ჩემი ხელის ძალით და ჩემი სიბრძნით ვქმენი ეს ყველაფერი, რადგან გონიერი ვარ; მე გადავწიე ხალხთა საზღვრები და გავძარცვე მათი საგანძურები და ბუმბერაზივით დავამხე მცხოვრებნი.

14 და მოძებნა ჩემმა ხელმა, ბუდესავით, ხალხთა სიმდიდრენი; და როგორც მიტოვებულ კვერცხებს კრეფენ, ისე ამოვკრიფე მთელი მიწა; და არავინ არ შეარხია ფრთა, არ ამოიღო ხმა და არ დაიწივლა.

15 იტრაბახებს ცული მისით მჩეხელზე? ან ხერხი განდიდდება მის გამწევზე? ვითომ შეირხევა კვერთხი მის აღმმართველზე ან აღიმართება თავისით კეტი, თითქოს ხის არ იყოს!

16 ამიტომ, უფალი, ცაბაოთ უფალი, მოუვლენს მის მსუქნებს სიმჭლევეს; და მისი დიდების ქვეშ ცეცხლს დაანთებს, როგორც აალებული ხანძარი.

17 და ისრაელის ნათელი ცეცხლად გადაიქცევა და მისი წმინდა – ალად და დაწვავს და გადაბუგავს მის ნარ-ეკალსა და ჯაგნარს ერთ დღეში;

18 და დაწვავს მისი ტყის დიდებას, მის ნაყოფიერ მინდორს, სულსა და სხეულს; და იქნებიან ისინი ისე, თითქოს ძირს დაეცა მათი მედროშე უსულოდ.

19 და მისი ტყეების ნარჩენი იმდენად ცოტა იქნება, რომ ბავშვიც კი აღნუსხავს მათ.

20 და იმ დღეს იქნება ასე, რომ ისრაელის ნარჩენი და იაკობის სახლის გადარჩენილნი აღარ დაეყრდნობიან თავიანთ დამმარცხებელს, არამედ ჭეშმარიტად დაეყრდნობიან უფალს, ისრაელის წმინდას.

21 ნარჩენი, დიახ, ნარჩენი იაკობისა, დაუბრუნდება ძლევამოსილ ღმერთს.

22 შენი ხალხი, ისრაელ, ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, მხოლოდ მისი ნარჩენი დაბრუნდება; ნაბრძანები განადგურება გადმოიღვრება სამართლიანობით.

23 რადგან ცაბაოთ უფალი ღმერთი აღასრულებს განადგურებას, რომელიც დადგენილია მთელ მიწაზე.

24 ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი ღმერთი: ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებნო, ნუ გეშინიათ აშურისა; ის კვერთხით გცემთ და თავის კეტს აღმართავს შენზედ, ეგვიპტესავით.

25 რადგან, კიდევ ცოტაც და შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა შეწყდება მათი დაქცევით.

26 და მათრახს აღმართავს მასზედ ცაბაოთ უფალი, როგორც მიდიანის დახოცვისას ყორების კლდესთან; და როგორც ზღვაზე იყო მისი კვერთხი, ისევე აღმართავს იგი მას, როგორც ეგვიპტეზე.

27 და იქნება იმ დღეს – ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი კისრიდან და ზეთისცხების გამო დაიმსხვრევა უღელი.

28 ის მიდის ყაიათზე, ჩაიარა მიგრონი; მიქმაში აყენებს თავის აღალს.

29 მათ გაიარეს გასასვლელი, გებაყში გაჩერდნენ ღამის გასათევად; რამათი შეშინდა; საულის გიბყა გაიქცა.

30 ხმა აღიმაღლე, გალიმის ასულო, დაე, ისმოდეს ის ლაიშაში, საბრალო ყანათოთო!

31 მადმენა წავიდა, გებიმის მცხოვრებნიც იკრიბებიან გასაქცევად.

32 იმ დღეს ის ნობშიც დაყოვნდება; ხელს მოუქნევს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს.

33 აჰა, უფალი, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი მოიჭრებიან და მედიდურები დამდაბლდებიან.

34 და რკინით გაკაფავს იგი ტყის უღრანებს და დაეცემა ლიბანი ძლევამოსილისგან.