წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 138


ნაწილი 138

პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითისთვის ბოძებული ხილვა სოლთ-ლეიქ სითიში, იუტა, 3 ოქტომბერი, 1918 წ. ეკლესიის 89-ე ყოველწლიური გენერალური კონფერენციის გახსნითი სიტყვის დროს, 4 ოქტომბერს, 1918 წ. პრეზიდენტმა სმითმა გამოაცხადა, რომ მიიღო რამდენიმე ღვთიური გამოცხადება გასული თვეების განმავლობაში. პრეზიდენტმა სმითმა მიიღო წინა დღეს ერთ-ერთი გამოცხადება, რომელიც ეხებოდა მხსნელის მისვლას გარდაცვლილთა სულებთან, როდესაც მისი სხეული იმყოფებოდა სამარხში. ეს ჩაწერილ იქნა დაუყოვნებლივ კონფერენციის დასრულების შემდეგ. 31 ოქტომბერს, 1918 წ. ჩანაწერი გადაეცა პირველი პრეზიდენტობის მრჩევლებს, თორმეტთა საბჭოს და პატრიარქს და მათ მიერ ერთსულოვნად იქნა მიღებული.

1–10, პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი მსჯელობს პეტრეს ჩანაწერებზე და ჩვენი უფლის სულთა სამყაროში ვიზიტის შესახებ; 11–24, პრეზიდენტი სმითი ხედავს სამოთხეში შეკრებილ გარდაცვლილ მართალთ და მათ შორის ქრისტეს მსახურებას; 25–37, იგი ხედავს, როგორ ხდება სახარების ქადაგება სულთა შორის; 38–52, ხედავს ადამს, ევასა და მრავალ წმინდა წინასწარმეტყველს სულთა სამყაროში, რომელნიც აღდგომამდე შებოჭილად თვლიდნენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას; 53–60, ამ საუკუნის გარდაცვლილი მართალნი სულთა სამყაროში აგრძელებენ შრომას.

1 ათას ცხრაას თვრამეტი წლის სამ ოქტომბერს ვიჯექი ჩემს ოთახში, ვმსჯელობდი რა წმინდა წერილებზე;

2 და ვფიქრობდი ღვთის ძის დიად გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვაზე ამაქვეყნის გამოსასყიდად;

3 და დიად და საოცარ სიყვარულზე, გამოვლენილს მამისა და ძის მიერ, ამაქვეყნისათვის გამომსყიდველის მოვლენით;

4 რათა მისი გამოსყიდვის მეშვეობითა და სახარების სწავლებებისადმი მორჩილებით კაცობრიობა გადარჩეს.

5 როდესაც ამით ვიყავი დაკავებული, ჩემი ყურადღება მიიქცია მოციქულ პეტრეს ჩანაწერებმა ძველი წმინდანებისათვის, გაფანტულთათვის პონტოს მიწაზე, გალატეაში, კაბადოკიასა და ასიის სხვა მხარეებში, სადაც სახარება უფლის ჯვარცმის შემდეგ იყო ნაქადაგები.

6 გადავშალე ბიბლია და წავიკითხე პეტრეს პირველი წერილის მესამე და მეოთხე თავი და კითხვისას, ჩემზე როგორც არასდროს ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა:

7 „რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით:

8 „რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც;

9 „ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელობა კიდევ იცდიდა ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს.“ (1 პეტრე 3:18-20)

10 „რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა ღვთის კვალზე სულში იცოცხლონ. (1 პეტრე 4:6)

11 როდესაც ვმსჯელობდი ყოველივე იმაზე, რაც დაწერილია, ამეხილა გონების თვალები და მომეფინა უფლის სული და ვიხილე მრავალი გარდაცვლილთაგან, მცირენი და დიადნი.

12 და ერთად შეკრებილი იყო მართალთა სულების უამრავი რაოდენობა, რომლებიც იესოს დამოწმების ერთგულნი იყვნენ მოკვდავი ცხოვრებისას;

13 რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს ღვთის ძის დიადი მსხვერპლშეწირვის მსგავსად და გაჭირვება გადაიტანეს თავიანთი გამომსყიდველის სახელით.

14 ყოველი მათგანი მამა ღმერთისა და მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მადლით, დიდებულ აღდგომაზე მტკიცედ დაიმედებული წავიდა მოკვდავი ცხოვრებიდან.

15 ვიხილე, რომ ისინი იყვნენ აღვსილნი სიხარულითა და ბედნიერებით და ერთად ხარობდნენ, ვინაიდან, ახლოს იყო მათი გამოხსნის დღე.

16 ისინი შეიკრიბნენ, მოელოდნენ რა ღვთის ძის მოსვლას სულთა სამყაროში, რათა გამოეცხადებინა მათი გამოსყიდვა სიკვდილის ბორკილებიდან.

17 მათი მძინარე მტვერი აღდგენილ იქნება სრულყოფილ სხეულში, ძვალი ძვალთან და მყესი და ხორცი მათზედ, გაერთიანდება სული და სხეული, რათა აღარასოდეს იქნეს განცალკევებული, რათა მათ შეძლონ სიხარულის სისავსის მიღება.

18 როდესაც ეს უამრავი ხალხი ელოდებოდა და ერთმანეთში საუბრობდა, ხარობდა რა თავისი გამოხსნის ჟამს სიკვდილის ბორკილებიდან, გამოეცხადათ ღვთის ძე, უცხადებდა რა თავისუფლებას დატყვევებულთ, რომლებიც იყვნენ ერთგულნი;

19 და იქ უქადაგა მათ მარადიული სახარება, აღდგომის მოძღვრება, კაცობრიობის გამოსყიდვა დაცემისა და პირადი ცოდვებისგან მონანიების შედეგად.

20 მაგრამ არ მივიდა ბოროტებთან და უღმერთოებსა და მოუნანიებლებთან, რომლებმაც გაიხრწნეს თავი ხორციელად ყოფნისას, არ აღიმაღლა მან ხმა;

21 ვერც აჯანყებულებმა, რომლებმაც უარყვეს უძველეს წინასწარმეტყველთა დამოწმებები და გაფრთხილებები, ვერ იხილეს მისი ბრწყინვალება, ვერც მისი სახე.

22 სადაც იყვნენ ისინი, ბნელეთი მეფობდა, მაგრამ მართალთა შორის იყო მშვიდობა.

23 და წმინდანებმა გაიხარეს თავიანთ გამოსყიდვაში, მოიყარეს მუხლი და სცნეს ღვთის ძე თავიანთ გამომსყიდველად და გამომხსნელად სიკვდილისგან და ჯოჯოხეთის ჯაჭვებისგან.

24 მათ სახეები უბრწყინავდათ და მათზე მოფენილი იყო უფლის გარემოცვის სხივები და გალობდნენ ისინი, ხოტბას ასხამდნენ მის წმინდა სახელს.

25 გავოცდი, ვინაიდან ვიცოდი, რომ მხსნელმა დაახლოებით სამი წელი გაატარა მსახურებაში იუდეველებთან და მათ შორის, ვინც იყო ისრაელის სახლიდან, ცდილობდა რა ესწავლებინა მათთვის მარადიული სახარება და მონანიებისკენ მოეწოდებინა.

26 მაგრამ, მისი ძლევამოსილი საქმეების, სასწაულებისა და დიადი ძალითა და უფლებამოსილებით ჭეშმარიტების გამოცხადებების მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე იყო, რომლებმაც მის ხმას ყური დაუგდეს, გაიხარეს მის გარემოცვაში და მიიღეს ხსნა მისი ხელიდან.

27 მაგრამ გარდაცვლილთა შორის მისი მსახურების დრო შეზღუდული იყო ჯვარცმასა და აღდგომას შორის ხანმოკლე დროით;

28 და ვმსჯელობდი პეტრეს სიტყვებზე, სადაც მან თქვა, რომ ღვთის ძემ უქადაგა სულებს საპყრობილეში, რომლებიც ოდესღაც ურჩნი იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელობა კიდევ იცდიდა ნოეს დღეებში – და როგორ იყო შესაძლებელი მისთვის, ექადაგა იმ სულთათვის და შეესრულებინა მათ შორის აუცილებელი სამუშაო ასე მცირე დროში.

29 და როდესაც ვმსჯელობდი, ამეხილა თვალები და გონება გამიმახვილდა და მივხვდი, რომ უფალი წავიდა არა პირადად ბოროტებთან და ურჩთა შორის, რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტება, რათა ესწავლებინა მათთვის;

30 არამედ, აჰა, სამართლიანთა შორის მან ჩამოაყალიბა ძალები და დანიშნა ძალითა და უფლებამოსილებით შემოსილი მაცნენი და დაავალა მათ, წასულიყვნენ და მიეტანათ სახარების სინათლე მათთვის, ვინც იყო ბნელეთში, ადამიანის ყოველი სულისთვის; და ამგვარად იქნა სახარება გარდაცვლილთათვის ნაქადაგები.

31 და ამორჩეული მაცნენი წავიდნენ, რათა გამოეცხადებინათ სასურველი დღე უფლისა და გამოეცხადებინათ თავისუფლება დატყვევებულთათვის, ვინც შებოჭილი იყო, ყველასთვის, ვინც მოინანიებდა ცოდვებს და მიიღებდა სახარებას.

32 ამგვარად იქნა ნაქადაგები სახარება მათთვის, ვინც გარდაიცვალა ცოდვებში, ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე ან შეცოდებაში, უარყვო რა წინასწარმეტყველნი.

33 ამათ ასწავლიდნენ ღმერთში რწმენას, ცოდვის მონანიებას, ცოდვების მისატევებლად გარდაცვლილთა ნათლობას, ხელდასხმით სულიწმინდის ძღვენს,

34 და სახარების ყველა სხვა სწავლებას, რაც მათ აუცილებლად უნდა სცოდნოდათ, რათა ღირსნი გამხდარიყვნენ, განკითხულიყვნენ კაცთა კვალზე ხორცში, მაგრამ ეცოცხლათ ღვთის კვალზე სულში.

35 და ამგვარად გარდაცვლილთა შორის გახდა ცნობილი, მცირესა და დიდსა, უსამართლოსა და ასევე მორწმუნეს შორის, რომ ღვთის ძის ჯვარზე მსხვერპლშეწირვით გამოსყიდვა აღსრულდა.

36 ამგვარად გახდა ცნობილი, რომ ჩვენი მხსნელი, სულთა სამყაროში ყოფნისას, ასწავლიდა და არიგებდა წინასწარმეტყველთა ერთგულ სულებს, რომლებმაც მასზე დაამოწმეს ხორციელად ყოფნისას;

37 რათა მიეტანათ გზავნილი გამოსყიდვისა ყოველი გარდაცვლილისთვის, ვისთანაც თვითონ ვერ მივიდა მათი ჯანყისა და შეცოდების გამო, რათა თავის მსახურთა მსახურების მეშვეობით მათ მოესმინათ მისი სიტყვები.

38 დიდსა და ძლევამოსილთა შორის, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ სამართლიანთა ამ დიდ შეკრებაზე, იყო მამა ადამი, დღეებით ძველი და ყოველთა მამა,

39 და ჩვენი დიდებული დედა ევა, თავისი მრავალი ერთგული ასულით, რომლებიც ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეთაყვანებოდნენ ჭეშმარიტსა და ცოცხალ ღმერთს.

40 იქ იყო აბელი, პირველი წამებული, და მისი ძმა შეთი, ძლევამოსილთაგან ერთ-ერთი, რომელიც გარეგნობით ზუსტად თავის მამას, ადამს ჰგავდა.

41 ნოე, რომელიც წარღვნის შესახებ აფრთხილებდა; შემი, დიადი მღვდელმთავარი; აბრაამი, ერთგულთა მამა; ისააკი, იაკობი და ისრაელის დიადი კანონმდებელი, მოსე;

42 და ესაია, რომელმაც წინასწარმეტყველობით გამოაცხადა, რომ ზეთცხებული იყო გამომსყიდველი, რათა განეკურნა გულმოდრეკილნი, რათა გამოეცხადებინა დატყვევებულთათვის თავისუფლება და გაეხსნა საპყრობილე მათთვის, ვინც შებოჭილი იყო; ისინიც ასევე იქ იმყოფებოდნენ.

43 ასევე ეზეკიელი, რომელსაც ხილვაში აჩვენეს დიდი ველი, დაფარული გამხმარი ძვლებით, რომლებიც შეიმოსება ხორცით, რათა კვლავ ცოცხალ სულებად გამოვიდნენ გარდაცვლილთა აღდგომისას.

44 დანიელი, რომელმაც განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა უკანასკნელ დღეებში ჩამოყალიბება ღვთის სასუფევლისა, რომელიც აღარასდროს არ განადგურდება და არ გადაეცემა სხვა ხალხს.

45 ელიასი, რომელიც იყო მოსესთან ერთად ფერისცვალების მთაზე:

46 და მალაქია, წინასწარმეტყველი, რომელმაც დაამოწმა ელიას მოსვლა, რომელზეც ასევე მორონი ელაპარაკა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, გამოუცხადა რა, რომ იგი მოვიდოდა უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე, ასევე იქ იმყოფებოდნენ.

47 წინასწარმეტყველ ელიას უნდა დაეთესა შვილთა გულებში მათი მამებისთვის მიცემული დაპირებები,

48 მოასწავებდა რა დიად საქმეს, რაც ჟამთა სისავსის წყობაში უფლის ტაძრებში უნდა გაკეთდეს გარდაცვლილთა გამოსასყიდად და შვილების მშობლებთან ჩასაბეჭდად, რათა დედამიწა არ შეიმუსროს წყევლით და არ გაპარტახდეს მისი მოსვლის ჟამს.

49 ყოველი მათგანი და სხვა მრავალნი, წინასწარმეტყველებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ნეფიელებს შორის და წინასწარმეტყველებდნენ ღვთის ძის მოსვლაზე – შერეულ იყვნენ უამრავ შეკრებილთა შორის და თავიანთ ხსნას ელოდებოდნენ.

50 ვინაიდან, გარდაცვლილნი ტყვეობად მიიჩნევდნენ თავიანთ სხეულებში სულის არყოფნას.

51 ამათ ასწავლიდა უფალი და უბოძა ძალა, გამოსულიყვნენ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, რათა შესულიყვნენ მისი მამის სასუფეველში, სადაც უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის გვირგვინი უნდა დაედგათ თავზე.

52 და გააგრძელონ შრომა, როგორც უფლისგან იყო დაპირებული და იყვნენ მოზიარენი ყოველი კურთხევისა, რომელიც შემონახული იყო მათთვის, ვისაც იგი უყვარს.

53 წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი და მამაჩემი, ჰაირამ სმითი, ბრიგამ იანგი, ჯონ ტეილორი, ვილფორდ ვუდროფი და სხვა გამორჩეული სულები, რომელნიც იყვნენ შემონახულნი, რათა მოსულიყვნენ ჟამთა სისრულის დროს, რათა მიეღოთ მონაწილეობა დიადი უკანასკნელი დღის საქმის საფუძვლის ჩაყრაში,

54 რაც მოიცავს ტაძრების შენებას და მათში წეს-ჩვეულებათა აღსრულებას გარდაცვლილთა გამოსასყიდად, ასევე იმყოფებოდნენ სულთა სამყაროში.

55 შევნიშნე, რომ ისინი იყვნენ ასევე კეთილშობილთა და დიდთა შორის, რომლებიც დასაბამიდან ამორჩეულნი იყვნენ ღვთის ეკლესიის მმართველებად.

56 სანამ დაიბადებოდნენ მათ, სხვა დანარჩენებთან ერთად, მიიღეს პირველი გაკვეთილები სულთა სამყაროში და მომზადებულ იყვნენ უფლისთვის შესაფერის ჟამს მოსასვლელად, რათა ეშრომათ მის ვენახში ადამიანთა სულების გამოსახსნელად.

57 ვიხილე, რომ ამ წყობის ერთგული უხუცესები, როდესაც მიდიან მოკვდავი ცხოვრებიდან, აგრძელებენ თავიანთ შრომას, ქადაგებენ რა მონანიების სახარებასა და გამოსყიდვას ღვთის მხოლოდშობილი ძის მსხვერპლშეწირვის მეშვეობით მათ შორის, რომლებიც იმყოფებიან ბნელეთში და ცოდვის ტყვეობაში, გარდაცვლილთა სულების დიად სამყაროში.

58 გარდაცვლილნი, რომელნიც მოინანიებენ, გამოსყიდულნი იქნებიან ღვთის სახლის წეს-ჩვეულებების მიმართ მორჩილებით.

59 და მას შემდეგ, რაც მოიხდიან თავიანთი შეცოდების სასჯელს და განიბანებიან, მიიღებენ ჯილდოს თავიანთი საქმეებისამებრ, ვინაიდან ისინი არიან ხსნის მემკვიდრენი.

60 ასეთი იყო ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ, რომელიც ჩემთვის განდობილ იქნა და ვმოწმობ, რომ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს კურთხევით, ეს ჩანაწერი არის ჭეშმარიტი. სწორედ ასე. ამინ.