ნაწილი 107
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება მღვდლობის შესახებ, კირტლანდი, ოჰაიო, აპრილი, 1835 წ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ჩაწერილ იქნა 1835 წ, ისტორიული ჩანაწერები ადასტურებს, რომ მუხლები 60-დან 100-ის ჩათვლით მეტწილად მოიცავს ჯოზეფ სმითის მიერ 1831 წ. 11 ნოემბერს მიღებულ გამოცხადებას. ეს ნაწილი დაკავშირებულია თორმეტთა ქვორუმის ჩამოყალიბებასთან 1835 წ. თებერვალსა და მარტში. წინასწარმეტყველმა, შესაძლოა, გამოაცხადა ეს მათ წინაშე, რომლებიც ემზადებოდნენ ქვორუმის პირველ მისიაში გასამგზავრებლად 1835 წ. 3 მაისს.
1–6, არსებობს ორი მღვდლობა: მელქიცედეკისა და აარონის; 7–12, მათ, ვინც მელქიცედეკის მღვდლობას ატარებენ, აქვთ უფლება, იმსახურონ ეკლესიის ნებისმიერ მოწოდებაში; 13–17, ეპისკოპოსობა თავმჯდომარეობს აარონის მღვდლობას, რომელიც აღასრულებს საჯარო ადათ-წესებს; 18–20, მელქიცედეკის მღვდლობა ფლობს ყოველი სულიერი კურთხევის გასაღებს; აარონის მღვდლობა ფლობს ანგელოზთა მსახურების გასაღებებს; 21–38, პირველი პრეზიდენტობა, თორმეტნი და სამოცდაათიანელნი წარმოადგენენ თავჯდომარე ქვორუმებს, რომელთა გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს ერთსულოვნად და სამართლიანად; 39–52, პატრიარქის სასულიერო წოდება დაწესებულია ადამიდან ნოემდე; 53–57, ძველთაძველი წმინდანები შეიკრიბნენ ადამ-ონდი-აჰმანზე და მათ უფალი გამოეცხადა; 58–67, თორმეტმა უნდა უხელმძღვანელონ ეკლესიაში თანამდებობებზე დანიშვნის წესს; 68–76, ეპისკოპოსები მსახურობენ ისრაელის საერთო მოსამართლეებად; 77–84, პირველი პრეზიდენტობა და თორმეტნი წარმოადგენენ ეკლესიის უმაღლეს სასამართლოს; 85–100, მღვდლობის პრეზიდენტები ხელმძღვანელობენ შესაბამის ქვორუმებს.
1 ეკლესიაში არის ორი მღვდლობა, სახელდობრ: მელქიცედეკის და აარონის, ლევიანელური მღვდლობის ჩათვლით.
2 პირველს ეწოდა მელქიცედეკის მღვდლობა იმიტომ, რომ მელქიცედეკი იყო დიადი მღვდელმთავარი.
3 მანამდე, მას ეწოდებოდა ღვთის ძის წესის შესაბამისი წმინდა მღვდლობა.
4 მაგრამ, უზენაესი არსების სახელის პატივსაცემად ან მოწიწების გამო, რათა მეტისმეტად ხშირად არ იყოს ნახსენები მისი სახელი, ძველ დროში ამ მღვდლობას ეკლესიამ მელქიცედეკის სახელი უწოდა ანუ მელქიცედეკის მღვდლობა.
5 ყოველი სხვა უფლებამოსილებანი ან მმართველობა ეკლესიაში არის ამ მღვდლობის დანართი.
6 მაგრამ, არის ორი დანაყოფი ან ორი დიადი ნაწილი: ერთი – მელქიცედეკის მღვდლობა და მეორე – აარონის ან ლევიანელთა მღვდლობა.
7 უხუცესის წოდება მელქიცედეკის მღვდლობას მიეკუთვნება.
8 მელქიცედეკის მღვდლობა მოიცავს პრეზიდენტობის უფლებას და აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება ეკლესიაში ყოველ მოწოდებაზე ამაქვეყნის ყველა საუკუნეში, მართოს სულიერი საკითხები.
9 მელქიცედეკის წესისამებრ, მღვდელმთავართა პრეზიდენტობას აქვს უფლება, იმსახუროს ეკლესიის ყველა მოწოდებაში.
10 მელქიცედეკის წესისამებრ, მღვდელმთავრებს აქვთ უფლება, იმსახურონ თავიანთ მოწოდებაში პრეზიდენტობის ხელმძღვანელობის ქვეშ სულიერი საკითხების მმართველობისას, ასევე უხუცესის, მღვდლის (ლევიანელთა წესისამებრ) მასწავლებლის, დიაკვანის და წევრის მოწოდებაზე.
11 მღვდელმთავრის არყოფნის შემთხვევაში უხუცესს აქვს უფლება, იმსახუროს მის მაგივრად.
12 მღვდელმთავარმა და უხუცესმა უნდა მართონ სულიერი საკითხები ეკლესიის აღთქმებისა და მცნებების შესაბამისად; და მათ აქვთ უფლება, იმსახურონ ეკლესიის ყოველ ამ მოწოდებაზე, უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე მმართველის არ ყოფნის დროს.
13 მეორე მღვდლობას ეწოდება აარონის მღვდლობა, ვინაიდან ის გადაეცა ხელდასხმით აარონს და მის შთამომავლობას, მთელ მათ თაობებს.
14 მას ეწოდება მცირე მღვდლობა, ვინაიდან არის დანართი უფრო დიადის ანუ მელქიცედეკის მღვდლობისა და აქვს უფლება, აღასრულოს საჯარო ადათ-წესები.
15 ეპისკოპოსობა არის ამ მღვდლობის პრეზიდენტობა და ფლობს მის გასაღებებს ანუ უფლებამოსილებას.
16 არავის აქვს კანონიერი უფლება ამ მოწოდებაზე – ფლობდეს ამ მღვდლობის გასაღებებს, გარდა აარონის პირდაპირი შთამომავლისა.
17 მაგრამ, ვინაიდან მელქიცედეკის მღვდლობის მღვდელმთავარს აქვს უფლებამოსილება, იმსახუროს ყველა დაბალ მოწოდებაზე, მას შეუძლია, იმსახუროს ეპისკოპოსად, როდესაც აარონის პირდაპირი შთამომავლის მოძებნა არ არის შესაძლებელი, იმ პირობით, რომ იგი მოწოდებულია, ხელდასხმულია და დანიშნულია ამ თანამდებობაზე მელქიცედეკის მღვდლობის პირველი პრეზიდენტობის ხელით.
18 უმაღლესი ანუ მელქიცედეკის მღვდლობის ძალა და უფლებამოსილება არის ეკლესიის ყოველი სულიერი კურთხევის გასაღების ფლობა –
19 რათა ჰქონდეს უპირატესობა, მიიღოს ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, რომ გაეხსნას ზეცა, ეზიაროს მთავარ შეკრებასა და პირმშოს ეკლესიას და დატკბეს ურთიერთობითა და გარემოცვით, მამა ღმერთისა და იესოსი, ახალი აღთქმის შუამავლის.
20 ძალა და უფლებამოსილება მომცრო ანუ აარონის მღვდლობისა, არის ანგელოზთა მსახურების გასაღებების ფლობა და ეკლესიის გარეგანი წეს-ჩვეულებების, სახარების სიტყვის, ნათლობის, ცოდვების მისატევებელი მცნებების აღსასრულებლად, აღთქმებისა და მცნებების შესაბამისად.
21 აუცილებლად უნდა იყვნენ პრეზიდენტები ან მმართველი თანამდებობის პირნი, ამორჩეულნი ან დანიშნულნი მათთაგან, რომლებიც ხელდასხმულნი არიან ამ ორი მღვდლობის რამდენიმე მოწოდებაზე.
22 მელქიცედეკის მღვდლობიდან სამი თავჯდომარე მღვდელმთავარი, შეკრების მიერ არჩეული, დანიშნული, ხელდასხმული და მხარდაჭერილი ამ თანამდებობაზე ეკლესიის ნდობით, რწმენითა და ლოცვით, წარმოადგენს ეკლესიის პრეზიდენტთა ქვორუმს.
23 საბჭოს თორმეტი მოგზაური წევრი მოწოდებულია, როგორც თორმეტი მოციქული ანუ ქრისტეს სახელის განსაკუთრებული მოწმე მთელ მსოფლიოში და ეს განასხვავებს მათ ეკლესიის სხვა მსახურებისგან თავიანთი მოწოდების პასუხისმგებლობებით.
24 და ისინი, უფლებამოსილებითა და ძალით, წარმოადგენენ ზემოთ ხსენებულ, სამი პრეზიდენტის თანასწორ, ქვორუმს.
25 სამოცდაათნი ასევე მოწოდებულნი არიან, იქადაგონ სახარება და იყვნენ განსაკუთრებული მოწმენი წარმართებისადმი მთელს მსოფლიოში და ეს განასხვავებს მათ ეკლესიის სხვა მსახურებისგან, თავიანთი მოწოდების მოვალეობებით.
26 და ისინი უფლებამოსილებით წარმოადგენენ ზემოთ ხსენებული თორმეტი განსაკუთრებული მოწმის ანუ მოციქულის თანასწორ ქვორუმს.
27 და ნებისმიერი ამ ქვორუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათ მიერ ერთსულოვნად ანუ ქვორუმის ყოველი წევრი უნდა ეთანხმებოდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა ერთმანეთის მიმართ ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს თანაბარი ძალა ანუ კანონიერება –
28 უმრავლესობას შეუძლია, წარმოადგინოს ქვორუმი, როდესაც ვითარება არ იძლევა საკითხის სხვაგვარად გადაჭრის საშუალებას –
29 თუ ასე არ გაკეთდა, მათი გადაწყვეტილებები არ იქნება იგივე კურთხევების ღირსი, როგორც იყო ძველად სამი პრეზიდენტის ქვორუმის გადაწყვეტილებები, რომლებიც იყვნენ მელქიცედეკის წესის მიხედვით ხელდასხმულნი და იყვნენ სამართლიანი წმინდა ადამიანები.
30 ამ ქვორუმების გადაწყვეტილებები ან ნებისმიერი მათგანის, მიღებულ უნდა იქნეს მთელი სამართლიანობით, სიწმინდით და მორჩილი გულით, თვინიერებითა და სულგრძელობით, რწმენითა და სათნოებით, ცოდნით, თავშეკავებულობით, მოთმინებით, ღვთისმოსაობით, ძმური გულკეთილობითა და გულმოწყალებით;
31 ვინაიდან, დაპირებულია: თუ ყოველივე ეს მათშია და მრავლდება, ისინი არ დარჩებიან უნაყოფოდ უფლის ცოდნაში.
32 და იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვორუმის მიერ რომელიმე გადაწყვეტილება მიღებულია უკეთურობით, ის შეიძლება განხილულ იქნეს რამდენიმე ქვორუმის მთავარ შეკრებაზე, რომლებიც წარმოადგენენ ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელობას; სხვაგვარად, შეუძლებელია მათი გადაწყვეტილების გასაჩივრება.
33 თორმეტნი წარმოადგენენ მოგზაურ თავჯდომარე უმაღლეს საბჭოს, რათა აღასრულონ მსახურება უფლის სახელით, ეკლესიის პრეზიდენტობის ხელმძღვანელობითა და ზეცაში დაარსებული წესის შესაბამისად; ეკლესიის აღსაშენებლად და მისი საქმის წარმოებისთვის ყოველ ერში, უპირველესყოვლისა წარმართებში და შემდეგ იუდეველებში.
34 სამოცდაათიანელებმა უნდა იმოქმედონ უფლის სახელით, თორმეტთა ანუ მოგზაური უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ქვეშ, ეკლესიის აღშენებაში და მისი ყველა საქმის მოწესრიგებაში ყოველ ერში, პირველად წარმართებში და შემდეგ იუდეველებში –
35 თორმეტნი, ფლობენ რა გასაღებებს, იგზავნებიან, რათა იესო ქრისტეს სახარების გამოცხადებით გაუღონ კარი პირველად წარმართებს და შემდეგ იუდეველებს.
36 მუდმივი უმაღლესი საბჭოები სიონის პალოებში, ყოველი თავიანთი გადაწყვეტილებით ეკლესიის საქმიანობაში, წარმოადგენენ თანასწორი უფლებამოსილების ქვორუმს, პრეზიდენტთა ქვორუმთან ანუ მოგზაურ უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში.
37 სიონში უმაღლესი საბჭო, ყოველი თავისი გადაწყვეტილებით, წარმოადგენს თანასწორი უფლებამოსილების ქვორუმს სიონის პალოების თორმეტთა ქვორუმთან მიმართებაში.
38 მოგზაური უმაღლესი საბჭოს მოვალეობაა, მიმართოს სამოცდაათიანელებს და არა ვინმე სხვას, როდესაც მას სჭირდება დახმარება, შეავსოს სხავდასხვა მოწოდებები სახარების საქადაგებლად და გასავრცელებლად.
39 თორმეტთა მოვალეობაა, ყოველ დიდ მეურვეობაში აკურთხონ მახარობელი მსახურნი, როგორც ეს მათ გამოცხადებით მიეთითებათ –
40 ამ მღვდლობის წესი დამტკიცდა, რათა გადადიოდეს მამისგან ძეზე და სამართლიანად ეკუთვნის რჩეული შთამომავლობის პირდაპირ შთამომავლებს, რომლებსაც მიეცა დაპირება.
41 ეს წესი ადამის დღეებისას დაწესდა და გვარტომობით მოაღწია შემდეგნაირად:
42 ადამიდან შეთს, რომელიც სამოცდაცხრა წლის იყო, როდესაც იქნა ხელდასხმული ადამის მიერ; და კურთხეულ იქნა მის მიერ თავის (ადამის) გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე და მიიღო ღვთის დაპირება თავისი მამისგან, რომ მისი შთამომავლობა იქნება უფლის მიერ ამორჩეული და დაცული იქნება დედამიწის დასასრულამდე;
43 ვინაიდან იგი (შეთი) იყო სრულყოფილი ადამიანი და გარეგნობით იმდენად ჰგავდა თავის მამას, რომ მისი მსგავსი იყო ყოველივეში და მხოლოდ ასაკით შეიძლებოდა მათი გარჩევა.
44 ენოსი ხელდასხმულ იქნა, როდესაც იყო ასორმოცდათოთხმეტი წლისა და ოთხი თვის, ადამის ხელით.
45 ღმერთმა მოუწოდა უდაბნოში კაინანს, რომელიც წლოვანებით იყო ორმოცი წლის; და იგი, მიემართებოდა რა „შედოლამაკ“ ადგილისკენ, შეხვდა ადამს. იგი იყო ოთხმოცდაშვიდი წლის, როდესაც მიიღო ხელდასხმა.
46 მაჰალალეელი იყო ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი წლისა და შვიდი დღის, როდესაც ხელდასხმულ იქნა ადამის ხელით, რომელმაც იგი ასევე აკურთხა.
47 იარედი იყო ორასი წლის, როდესაც ხელდასხმულ იქნა ადამის ხელით, რომელმაც იგი ასევე აკურთხა.
48 ენოქი იყო ოცდახუთი წლის, როდესაც ხელდასხმულ იქნა ადამის ხელით და სამოცდახუთი წლის, როდესაც ადამმა აკურთხა.
49 და მან იხილა უფალი და მასთან ერთად დადიოდა და მის წინაშე იყო მუდამ; და დადიოდა ღმერთთან ერთად სამასსამოცდახუთი წელი, გახდა რა ოთხასოცდაათი წლის, როდესაც ზეცაში იქნა აყვანილი.
50 მეთუშალახი იყო ასი წლის, როდესაც ხელდასხმულ იქნა ადამის ხელით.
51 ლამექი იყო ოცდათორმეტი წლის, როდესაც ხელდასხმულ იქნა შეთის ხელით.
52 ნოე იყო ათი წლის, როდესაც ხელდასხმულ იქნა მეთუშალახის ხელით.
53 გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ადამმა, ადამ-ონდაი-აჰმანის ველზე, მოუხმო შეთს, ენოსს, კაინანს, მაჰალალეელს, იარედს, ენოქსა და მეთუშალახს, რომლებიც ყველანი იყვნენ მღვდელმთავარნი და დანარჩენ შთამომავლებს, რომლებიც იყვნენ სამართლიანნი და აკურთხა ისინი თავისი ბოლო კურთხევით.
54 და მათ გამოეცხადათ უფალი და ისინი წამოდგნენ და დალოცეს ადამი და უწოდეს მას მიქაელი, უფლისწული, მთავარანგელოზი.
55 უფალმა ანუგეშა ადამი და მას უთხრა: დაგნიშნე მრავალი ერის წინამძღვრად; მრავალი ერი წარმოიშობა შენგან და შენ მათზე უფლისწული ხარ მარად.
56 და ადამი დადგა შეკრებილთა შუაში და მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, იყო რა სულიწმინდით აღვსილი, იწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც თავს გადახდებოდა მის შთამომავლობას ბოლო თაობამდე.
57 ყოველივე ეს დაიწერა ენოქის წიგნში და შესაფერის დროს იქნება დამოწმებული.
58 თორმეტთა მოვალეობაა, აკურთხონ და ორგანიზება გაუწიონ ეკლესიის ყველა სხვა მოწოდებას, შესაბამისად გამოცხადებისა, სადაც ნათქვამია:
59 ქრისტეს ეკლესია სიონის მიწაზე, საეკლესიო კანონებზე დამატება, საეკლესიო საქმეებთან მიმართებაში.
60 ჭეშმარიტად გეუბნებით, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – საჭიროა, იყვნენ თავჯდომარე უხუცესები, რომლებმაც უნდა უხელმძღვანელონ მათ, რომლებსაც აქვთ უხუცესის წოდება;
61 და ასევე მღვდლები, რომლებმაც უნდა უხელმძღვანელონ მათ, ვინც მღვდლობის წოდებას ატარებს;
62 და ასევე მასწავლებლებმა უნდა უხელმძღვანელონ მათ, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის წოდება და ამდაგვარად დიაკვნებმაც –
63 ამიტომ, დიაკვნიდან მასწავლებლამდე, მასწავლებლიდან მღვდლამდე და მღვდლიდან უხუცესამდე, ცალ-ცალკე, როგორც არიან დანიშნულნი, ეკლესიის აღთქმებისა და მცნებების შესაბამისად.
64 შემდეგ მოჰყვება მღვდელმთავრობა, რომელიც არის ყველაზე დიადი.
65 ამიტომ, საჭიროა, დაინიშნოს მღვდელმთავრობიდან ერთ-ერთი, რათა უხელმძღვანელოს სამღვდელოებას და მას ეწოდება ეკლესიის მღვდელმთავართა პრეზიდენტი.
66 ანუ, სხვა სიტყვებით, ეკლესიის მღვდელმთავრობის თავჯდომარე მღვდელმთავარი.
67 მისგან მოდის წეს-ჩვეულებების აღსრულება და ეკლესიის კურთხევები ხელდასხმით.
68 ამიტომ, ეპისკოპოსის თანამდებობა არ არის ამის თანასწორი, ვინაიდან ეპისკოპოსის თანამდებობა მოიცავს ამქვეყნიურ ყოველ საქმეთა მართვას;
69 ამისდა მიუხედავად, ეპისკოპოსი არჩეულ უნდა იქნეს მღვდელმთავრებიდან, გარდა აარონის პირდაპირი შთამომავლისა;
70 და თუ იგი არ არის აარონის პირდაპირი შთამომავალი, ამ მღვდლობის გასაღებების ფლობა არ შეუძლია.
71 ამისდა მიუხედავად, მღვდელმთავარი, მელქიცედეკის წესისამებრ, შეიძლება კურთხეულ იქნეს ამქვეყნიური საქმეების მსახურებისთვის, აქვს რა მიღებული მათზე ცოდნა ჭეშმარიტების სულით.
72 ასევე იყოს მოსამართლე ისრაელში, აღასრულოს ეკლესიის საქმე, განსაჯოს ცოდვილები დამოწმებაზე დაყრდნობით, რაც მის წინაშე კანონის შესაბამისად იქნება მოცემული, თავის მრჩეველთა დახმარებით, რომლებიც აირჩია ან აირჩევს ეკლესიის უხუცესთა შორის.
73 ეს არის ეპისკოპოსის მოვალეობა, რომელიც არ არის აარონის პირდაპირი შთამომავალი, მაგრამ მღვდელმთავრად იქნა ხელდასხმული, მელქიცედეკის წესის შესაბამისად.
74 ამგვარად, იგი იქნება მოსამართლე, საერთო მოსამართლეც კი, სიონის მცხოვრებთა შორის. ან სიონის პალოში, ან ეკლესიის ნებისმიერ მეურვეობაში, რომელშიც იგი ხელდასხმულ იქნება ამ მსახურებისთვის, სანამ არ გაფართოვდება სიონის საზღვრები და არ გახდება საჭირო, სხვა ეპისკოპოსები და მოსამართლეები სიონში ან სხვა ადგილებში.
75 სხვა ეპისკოპოსების დანიშვნისას ისინი იმსახურებენ იგივე მოწოდებაში.
76 მაგრამ, აარონის პირდაპირ შთამომავალს აქვს კანონიერი უფლება ამ მღვდლობის პრეზიდენტობაზე და ამ მსახურების გასაღებებზე, რათა იმსახუროს ეპისკოპოსის მოწოდებაზე დამოუკიდებლად, მრჩევლების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მღვდელმთავრობის პრეზიდენტი, მელქიცედეკის წესისამებრ, მოწოდენულია მოსამართლედ ისრაელში.
77 და რომელიმე ამ საბჭოს გადაწყვეტილება თანხმობაშია ბრძანებასთან, რომელიც იუწყება:
78 კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: იმდენად, რამდენადაც ეკლესიის უმნიშვნელოვანეს საქმეებზე და ეკლესიის ურთულეს საკითხებზე ეპისკოპოსისა და მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დამაკმაყოფილებელი, ის განსახილველად უნდა გადაეცეს ეკლესიის საბჭოს, მღვდელმთავართა პრეზიდენტობას.
79 და მღვდელმთავრობის საბჭოს პრეზიდენტობას ექნება უფლებამოსილება, მოუწოდოს სხვა მღვდელმთავრებს, თორმეტსაც კი, როგორც დამხმარე მრჩევლებს; და ამგვარად, მღვდელმთავრობის პრეზიდენტობას და მათ მრჩევლებს ექნებათ უფლებამოსილება, გადაწყვიტონ დამოწმებაზე დაყრდნობით, ეკლესიის კანონების შესაბამისად.
80 და ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ის აღარ იქნება მოხსენიებული ღვთის წინაშე, ვინაიდან ეს არის ღვთის ეკლესიის უმაღლესი საბჭო და საბოლოო გადაწყვეტილება სულიერ საკითხებზე დავებისას.
81 ვინც მიეკუთვნება ეკლესიას, არავინ არ არის განთავისუფლებული ეკლესიის ამ საბჭოს დაქვემდებარებისგან.
82 და მღვდელმთავრობის პრეზიდენტი თუ შესცოდებს, იგი მოხსენიებული იქნება ეკლესიის საერთო საბჭოზე, რომელსაც დახმარებას გაუწევს მღვდელმთავრობის თორმეტი მრჩეველი.
83 და მის შესახებ მათი გადაწყვეტილება იქნება მის მიმართ დავის დასასრული.
84 ამგვარად, არავინ არ იქნება განთავისუფლებული სამართლისა და ღვთის კანონებისგან, რათა ყოველივე მის წინაშე კეთდებოდეს სიდინჯით და წესისამებრ, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის შესაბამისად.
85 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: პრეზიდენტის მოვალეობაა, დიაკვნის მოწოდებასთან მიმართებაში – უხელმძღვანელოს თორმეტ დიაკვანს, დაესწროს მათ საბჭოს და ასწავლოს მათ თავიანთი მოვალეობა ერთმანეთის დარიგებით, როგორც ეს აღთქმებშია მოცემული.
86 და ასევე პრეზიდენტის მოვალეობაა, მასწავლებლის მოწოდებასთან მიმართებაში – უხელმძღვანელოს ოცდაოთხ მასწავლებელს, დაესწროს მათ საბჭოს და ასწავლოს მათ თავიანთი მოწოდების მოვალეობანი, როგორც ეს აღთქმებშია მოცემული.
87 ასევე აარონის მღვდლებად მოწოდებულებზე პრეზიდენტის მოვალეობაა, უხელმძღვანელოს ორმოცდარვა მღვდელს და დაესწროს მათ საბჭოს, რათა ასწავლოს თავიანთი მოწოდების მოვალეობანი, როგორც ეს აღთქმებშია მოცემული.
88 ეს პრეზიდენტი უნდა იყოს ეპისკოპოსი, ვინაიდან ეს არის ამ მღვდლობის ერთ-ერთი მოვალეობა.
89 კვლავ, უხუცესებად მოწოდებულთა პრეზიდენტის მოვალეობაა, უხელმძღვანელოს ოთხმოცდაექვს უხუცესს და დაესწროს მათ საბჭოს და ასწავლოს მათ აღთქმების შესაბამისად.
90 ეს პრეზიდენტობა განსხვავდება სამოცდაათთა პრეზიდენტობისგან და დანიშნულია მათთვის, ვინც არ მოგზაურობს მთელს მსოფლიოში.
91 და კვლავ, მღვდელმთავრებად მოწოდებულებზე პრეზიდენტის მოვალეობაა, უხელმძღვანელოს მთელ ეკლესიას და იყოს, როგორც მოსე –
92 აჰა, ამაშია სიბრძნე; დიახ, იყოს წინასმჭვრეტი, განმცხადებელი, თარჯიმანი და წინასწარმეტყველი, ფლობს რა ღვთის ყოველ ძღვენს, რომელსაც იგი უბოძებს ეკლესიის ხელმძღვანელს.
93 და ხილვის შესაბამისად, სადაც ნაჩვენებია სამოცდაათთა წესი, რომ მათ ხელმძღვანელად უნდა ჰყავდეთ შვიდი პრეზიდენტი, სამოცდაათთა შორის არჩეული;
94 და ამ პრეზიდენტებიდან მეშვიდე პრეზიდენტმა დანარჩენ ექვსს უნდა უხელმძღვანელოს.
95 და ამ შვიდმა პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს დანარჩენი სამოცდაათი, გარდა პირველი სამოცდაათისა, რომლებსაც თავად მიეკუთვნებიან და მათ უნდა უხელმძღვანელონ;
96 და ასევე სხვა სამოცდაათი, სამოცდაათგზის შვიდჯერ, თუ ეს ვენახში შრომისთვის იქნება საჭირო.
97 და ეს სამოცდაათი უნდა იყოს მოგზაური მსახური, უპირველესყოვლისა წარმართებში და ასევე იუდეველებში.
98 ამ დროს, ეკლესიის სხვა წოდების მატარებელნი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც თორმეტს და არც სამოცდაათს, არ არიან ვალდებულნი, იმოგზაურონ ყველა ერს შორის, მაგრამ უნდა იმოგზაურონ თავიანთი ვითარების შესაბამისად; მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ისეთივე მაღალი პასუხისმგებლობის წოდებები ეკლესიაში.
99 ამიტომ, დაე, ახლა ყოველმა ადამიანმა შეისწავლოს თავისი მოვალეობა და იმოქმედოს წოდებით, რომელზეც იგი დაინიშნა, მთელი სიბეჯითით.
100 ზარმაცი არ ჩაითვლება ღირსეულად – მედგრად გაუძლოს და რომელიც არ შეისწავლის თავის მოვალეობას და დამსახურებულად არ გამოიჩენს თავს – არ ჩაითვლება ღირსეულად მედგრად გაუძლოს. სწორედ ასე. ამინ.