წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 123


ნაწილი 123

წმინდანთა მოვალეობა მათ მდევნელთა მიმართ, რომელიც დაიწერა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ, როდესაც იგი მისურის შტატის ლიბერთის ციხეში იყო დაპატიმრებული. ეს ნაწილი არის ნაწყვეტი ეკლესიისთვის დაწერილი წერილიდან, თარიღით 20 მარტი, 1839 წ. (იხ. 121-ე ნაწილის სათაური).

1–6, წმინდანებმა უნდა შეკრიბონ და გამოაქვეყნონ ჩანაწერები მათი ტანჯვისა და დევნის შესახებ; 7–10, იგივე სული, რომელმაც შობა ცრუ მრწამსი, წინ მიუძღვება წმინდანთა დევნას; 11–17, მრავალნი ყველა სექტაში მაინც მიიღებენ ჭეშმარიტებას.

1 და კვლავ, გვსურს, განსახილველად შემოგთავაზოთ, რომ ყველა წმინდანმა შეაგროვოს მონაცემები ამ შტატის ხალხის მიერ წმინდანებისთვის მიყენებული ტანჯვისა და შეურაცხყოფის ყოველი ფაქტის შესახებ;

2 და ასევე ყოველი ქონებრივი ზარალის ოდენობაზე და მიყენებულ ზიანზე, რაც მათ გადაიტანეს, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფით, ასევე უძრავი ქონების ზიანით;

3 ასევე ყოველი პიროვნების სახელი, რომლის ხელიც ურევია მათ დევნაში, რამდენადაც შესაძლებელი იქნება მათი მოძებნა და მოკვლევა.

4 და იქნებ შესაძლებელი იყოს კომიტეტის დანიშვნა, რათა გამოძიებულ იქნეს ყოველივე ეს და მიღებულ იქნეს ჩვენებები და წერილობითი განცხადებები; ასევე შეიკრიბოს ცილისმწამებელი გამოცემები, რომლებიც გავრცელებულია;

5 და ყველაფერი, რაც დაბეჭდილია ჟურნალებში და ენციკლოპედიებში, ყოველი ცილისწამებლური ამბავი, რაც გამოიცა და იწერება და ისიც, ვის მიერ იწერება – წარდგენილ იქნეს ეშმაკისეული გაიძვერობისა და საზიზღარი და სასიკვდილო დევნის სრული თანმიმდევრობა, რაც ამ ხალხზე განხორციელდა –

6 რათა შევძლოთ არა მარტო მთელი ქვეყნისთვის გამოქვეყნება, არამედ წარმოვაჩინოთ ისინი, მთელი თავისი ბნელი და ჯოჯოხეთური არსით, მთავრობის ხელმძღვანელების წინაშე უკანასკნელი მცდელობის სახით, რაც ნაბრძანებია ჩვენი მამაზეციერის მიერ, სანამ შევძლებთ, მთლიანად და სრულიად მოვითხოვოთ ის დაპირება, რომელიც გამოიძახებს მას თავისი საიდუმლო ადგილიდან; რათა მთელი ერი დარჩეს გამართლების გარეშე მანამ, სანამ იგი მოავლენს ძალას თავისი ძლევამოსილი ხელით.

7 ეს არის უმთავრესი მოვალეობა, რაც ღმერთისა და ანგელოზების წინაშე გვევალება, რომლებთანაც მოგვიწევს წარდგენა, ასევე ჩვენი საკუთარი თავის, ცოლებისა და შვილების, რომლებიც სინანულით, მწუხარებითა და დარდით იძულებულნი იყვნენ, ქედი მოეხარათ მკვლელობის, ტირანიისა და დევნის ყველაზე წყეული ხელის ქვეშ, რომელსაც ხელს უწყობს, აქეზებს და მხარს უჭერს ის სული, რომლის ზეგავლენამ ასე ძლიერად დააფუძნა მამათა მრწამსი, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ტყუილი შვილთა გულებში და აღავსეს ქვეყანა არეულ-დარეულობით, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ძლიერდება, არის რა ამჟამად ყოველი გახრწნილობის მამოძრავებელი ძალა და მთელი დედამიწა კვნესის მისი ურჯულობის სიმძიმის ქვეშ.

8 ეს არის რკინის უღელი, მტკიცე ბორკილი; სწორედ ის ხელბორკილები და ჯაჭვები, ლაგმები და ჯოჯოხეთის ხუნდები.

9 ამიტომ, ეს არის ჩვენი უმთავრესი მოვალეობა არა მარტო ჩვენი ცოლებისა და შვილების მიმართ, ასევე ქვრივებისა და ობლების მიმართ, რომელთა ქმრები და მამები მისი რკინის ხელქვეშ დახოცეს;

10 რომლის ბნელი და გარყვნილი საქმენი საკმარისია, თავად ჯოჯოხეთი შეძრწეს და იდგეს შეძრწუნებული და გაფითრებული, თავად ეშმაკსაც კი რომ უკანკალებდეს და უცახცახებდეს ხელები.

11 და ეს ასევე ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, მოზარდი თაობის წინაშე და ყოველი გულით წმინდის მიმართ –

12 ვინაიდან, ჯერ კიდევ მრავალნი არიან ყველა სექტაში, დაჯგუფებასა და სარწმუნოებაში, რომლებიც დაბრმავებულნი არიან იმ ადამიანთა მზაკვრობით, რომლებიც ჩასაფრებულნი არიან, რათა მოატყუონ და რომლებიც ჭეშმარიტებას მხოლოდ იმიტომ ჩამოაცილეს, რომ არ იციან, სად უნდა იპოვონ იგი –

13 ამიტომ, ჩვენ უნდა მივუძღვნათ და შევწიროთ საკუთარი ცხოვრება, რათა ბნელეთის ფარული საქმენი სინათლეზე გამოვიტანოთ, რამდენადაც მათ შევიცნობთ; და ისინი ჭეშმარიტად გვეცხადება ზეციდან –

14 შემდეგ ეს უნდა შესრულდეს დიდი სიბეჯითით.

15 დაე, არცერთმა არ ჩათვალოს ეს უმნიშვნელო საქმედ; ვინაიდან, მომავალში მრავალი რამ არის წმინდანთათვის, რაც დამოკიდებულია ყოველივე ამაზე.

16 ძმებო, თქვენ იცით, რომ ძალზედ დიდია პატარა საჭის სარგებლობა უზარმაზარი გემისთვის, ქარიშხლის დროს ის შეატრიალებს მას ტალღებისა და ქარის საწინააღმდეგოდ.

17 ამიტომ, ძალზედ საყვარელო ძმებო, მოდით, მხნედ გავაკეთოთ ყოველივე, რისი ძალაც შეგვწევს; დაე, შემდეგ დავდგეთ წყნარად, დიადი იმედით, რათა ვიხილოთ ღვთის ხსნა და მისი ხელის გამოცხადება.