წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 18


ნაწილი 18

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ოლივერ ქაუდერისა და დევიდ ვიტმერისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფეიეტი, ნიუ-იორკი, 1829 წ. ივნისი. წინასწარმეტყველის სიტყვების შესაბამისად, ამ გამოცხადებამ აცნობა „თორმეტი მოციქულის მოწოდების შესახებ ამ უკანასკნელ დღეებში და ასევე მითითებები ეკლესიის მშენებლობის შესახებ.“

1–5, წმინდა წერილი მიუთითებს, როგორ უნდა აღშენდეს ეკლესია; 6–8, მსოფლიო მწიფდება ურჯულოებაში; 9–16, სული არის ძალზედ ძვირფასი; 17–25, ხსნის მისაღებად ადამიანებმა უნდა აიღონ ქრისტეს სახელი საკუთარ თავზე; 26–36, მიღებულია გამოცხადება თორმეტთა მოწოდებისა და მისიის შესახებ; 37–39, ოლივერ ქაუდერიმ და დევიდ ვიტმერმა უნდა მოიძიონ თორმეტნი; 40–47, ხსნის მისაღებად ადამიანებმა უნდა მოინანიონ, მოინათლონ და დაიცვან მცნებები.

1 ახლა, აჰა, ჩემო მსახურო, ოლივერ ქაუდერი, ვინაიდან მოისურვე, ეს ჩემგან გაგეგო, გაძლევ ამ სიტყვებს:

2 აჰა, მე მრავალჯერ გაცნობე ჩემი სულით, რომ სიტყვები, რომლებიც დაწერე – ჭეშმარიტებაა; ამიტომ, შენ იცი, რომ ისინი ჭეშმარიტია.

3 და თუ იცი, რომ ისინი ჭეშმარიტია, აჰა, გაძლევ ბრძანებას, დაეყრდნო იმას, რაც დაწერილია;

4 ვინაიდან მათში არის დაწერილი ყოველივე ჩემი ეკლესიის, ჩემი სახარებისა და კლდის ჩამოყალიბების შესახებ.

5 ამიტომ, თუ ჩემს ეკლესიას აღაშენებ, სახარების საფუძველზე და ჩემს კლდეზე, ვერ დაგძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.

6 აჰა, მსოფლიო მწიფდება ურჯულოებაში და საჭიროა, ადამიანთა შვილებს მოუწოდონ მონანიებისკენ, როგორც წარმართებს, ასევე ისრაელის სახლს.

7 ამიტომ, ვინაიდან ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის, ხელით მოინათლე, იმისდა შესაბამისად, რაც მას ვუბრძანე, მან აღასრულა ის, რაც მე ვუბრძანე.

8 და ახლა, ნუ გაოცდები, რომ მას ჩემი მიზნებისთვის მოვუწოდე, რომლების დანიშნულებაც ჩემთვის ცნობილია; ამიტომ, თუ ბეჯითად დაიცავს ჩემს მცნებებს, იგი კურთხეული იქნება მარადიული სიცოცხლით; და მისი სახელია ჯოზეფი.

9 და ახლა, ოლივერ ქაუდერი, ბრძანებით გეუბნები შენ და ასევე დევიდ ვიტმერს; ვინაიდან, აჰა, ვუბრძანებ ყოველ ადამიანს ყველგან, რომ მოინანიოს და გეუბნებით, ისე როგორც ჩემს მოციქულ პავლეს, ვინაიდან იგივე მოწოდებით ხართ მოწოდებულნი, რომლითაც ის იყო მოწოდებული.

10 გახსოვდეთ, ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია;

11 ვინაიდან, აჰა, უფალი, შენი გამომსყიდველი, მოკვდა ხორციელად; ასე რომ, გადაიტანა ყოველი ადამიანის ტკივილი, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს მონანიება და მასთან მისვლა.

12 და აღდგა იგი მკვდრეთით, რათა მიიყვანოს ყველა ადამიანი თავისთან, მონანიების პირობით.

13 და რაოდენ დიდია მისი სიხარული იმ სულის გამო, რომელიც ინანიებს!

14 ამიტომ, მოწოდებულნი ხართ, იღაღადოთ მონანიება ამ ხალხისთვის.

15 და თუ ასე იქნება, რომ თქვენ იშრომებთ მთელი თქვენი დღეები, ამ ხალხისათვის მონანიების ღაღადით და მოიყვანთ ჩემთან მხოლოდ ერთ სულს, რაოდენ დიდი იქნება თქვენი მასთან ერთად სიხარული ჩემი მამის სასუფეველში!

16 და ახლა, თუ თქვენი სიხარული დიდი იქნება ერთ სულთან ერთად, რომელიც მოიყვანეთ ჩემთან, ჩემი მამის სასუფეველში, რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული, თუ ჩემთან მოიყვანთ მრავალ სულს!

17 აჰა, თქვენ გაქვთ ჩემი სახარება, ჩემი კლდე და ხსნა.

18 სთხოვეთ მამას ჩემი სახელით, რწმენით, რომ მიიღებთ და თქვენთან იქნება სულიწმინდა, რომელიც უცხადებს ყოველივე იმას, რაც საჭიროა ადამიანთა შვილებისთვის.

19 და თუ არ გაქვთ რწმენა, იმედი და გულმოწყალება – ვერაფერს გახდებით.

20 არ დაუპირისპირდეთ არცერთ ეკლესიას, გარდა ეშმაკის ეკლესიისა.

21 საკუთარ თავზე აიღეთ ქრისტეს სახელი და ილაპარაკეთ ჭეშმარიტება კეთილგონივრულად.

22 და ისინი გადარჩებიან, რომლებიც მოინანიებენ და მოინათლებიან ჩემი სახელით, რომელიც არის იესო ქრისტე და გაძლებენ ბოლომდე.

23 აჰა, იესო ქრისტე არის სახელი, რომელიც ნაბოძებია მამის მიერ და არ არის ბოძებული სხვა სახელი, რომლითაც ადამიანი გადარჩება;

24 ამიტომ, ყოველმა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელი, რომელიც ნაბოძებია მამის მიერ, ვინაიდან უკანასკნელ დღეს ამ სახელით იქნებიან მოწოდებულნი;

25 ამიტომ, თუ არ ეცოდინებათ სახელი, რომლითაც მოუწოდებენ, ვერ მიიღებენ ადგილს ჩემი მამის სასუფეველში.

26 და ახლა, აჰა, არიან სხვებიც, რომლებიც მოწოდებულნი არიან ჩემი სახარების გამოსაცხადებლად როგორც წარმართებთან, ასევე იუდეველებთან;

27 დიახ, თორმეტი; და ეს თორმეტი იქნებიან ჩემი მოწაფეები და აიღებენ საკუთარ თავზე ჩემს სახელს; და ეს თორმეტი არიან, რომლებიც ისურვებენ, მთელი თავიანთი გულის მოწადინებით, ჩემი სახელის საკუთარ თავზე აღებას.

28 და თუ სურთ, აიღონ საკუთარ თავზე ჩემი სახელი, მთელი გულის მოწადინებით, ისინი მოწოდებულნი არიან, იარონ მთელ ქვეყანაზე, რათა იქადაგონ ჩემი სახარება ყოველი არსებისთვის.

29 და ესენი არიან, რომლებიც ჩემ მიერ არიან ხელდასხმულნი, რათა მონათლონ ჩემი სახელით, იმისდა შესაბამისად, რაც არის დაწერილი;

30 და თქვენ წინაშეა ის, რაც დაიწერა; ამიტომ, თქვენ ეს უნდა შეასრულოთ იმ სიტყვების მიხედვით, რომელნიც არის დაწერილი.

31 და ახლა, მე მოგმართავთ თქვენ, თორმეტს – აჰა, ჩემი მადლი საკმარისია თქვენთვის; უნდა უბიწოდ იაროთ ჩემ წინაშე და არ შესცოდოთ.

32 და აჰა, თქვენ, რომლებიც ჩემ მიერ ხართ ხელდასხმულნი, რათა აკურთხოთ მღვდლებად და მასწავლებლებად; რათა აუწყოთ ჩემი სახარება, სულიწმინდის ძალისამებრ, რომელიც არის თქვენში და ეს ადამიანისთვის ღმერთის მიერ ნაბოძები მოწოდებისა და ძღვენის შესაბამისად;

33 და ეს ვილაპარაკე მე, იესო ქრისტემ, თქვენმა უფალმა და ღმერთმა.

34 ეს სიტყვები არ არის ადამიანების ან ადამიანისგან, არამედ არის ჩემგან, ამიტომ, თქვენ დაამოწმებთ, რომ არის ჩემგან და არა ადამიანისგან;

35 ვინაიდან, ეს არის ჩემი ხმა, რომელიც მოგმართავთ; რადგან ისინი გებოძათ ჩემი სულით და შეგიძლიათ ისინი ერთმანეთს წაუკითხოთ ჩემი ძალით; და ჩემი ძალის გარეშე თქვენ მათ ვერ მიიღებდით;

36 ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ დაამოწმოთ, რომ მოისმინეთ ჩემი ხმა და იცით ჩემი სიტყვები.

37 და ახლა, აჰა, მე გავალებთ, ოლივერ ქაუდერი, ასევე დევიდ ვიტმერ, რომ მოძებნოთ თორმეტნი, რომლებსაც ექნებათ ის სურვილები, რომელთა შესახებაც მე ვილაპარაკე;

38 და თქვენ იცნობთ მათ, მათი სურვილებითა და საქმეებით.

39 და როდესაც მათ იპოვით, თქვენ ყოველივე ამას დაანახებთ.

40 და ძირს დაემხობით და ჩემი სახელით თაყვანს სცემთ მამას.

41 და ქვეყანას უნდა უქადაგოთ სიტყვებით: თქვენ უნდა მოინანიოთ და მოინათლოთ იესო ქრისტეს სახელით;

42 ვინაიდან, ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს და მოინათლოს, არა მხოლოდ კაცებმა, არამედ ქალებმა და ბავშვებმა, რომლებმაც პასუხისმგებლობის ასაკს მიაღწიეს.

43 და ახლა, მას შემდეგ, რაც ამას მიიღებთ, თქვენ უნდა დაიცვათ ჩემი მცნებები ყველაფერში;

44 და თქვენი ხელით მე მოვახდენ საოცარ საქმეს ადამიანთა შვილებს შორის, მრავალთა საკუთარ ცოდვებში დასარწმუნებლად, რათა მივიდნენ მონანიებამდე, რომ შეძლონ ჩემი მამის სასუფეველში მოსვლა.

45 ამიტომ, კურთხევა, რომელიც მოგეცით, არის უმთავრესი.

46 და მას შემდეგ, რაც ამას მიიღებთ, თუ არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, ვერ გადარჩებით ჩემი მამის სასუფეველში.

47 აჰა, მე, იესო ქრისტემ, თქვენმა უფალმა, ღმერთმა და თქვენმა გამომსყიდველმა, ვილაპარაკე ეს ჩემი სულის ძალით. ამინ.