ნაწილი 28
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ოლივერ ქაუდერისთვის მიცემული გამოცხადება, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, სექტემბერი, 1830 წ. ჰაირამ პეიჯმა, ეკლესიის წევრმა, განაცხადა, რომ მას ჰქონდა რაღაც ქვა და მისი მეშვეობით იღებდა გამოცხადებებს სიონის აღშენებისა და ეკლესიის ორგანიზების შესახებ. ეკლესიის რამდენიმე წევრი შეცდა ამ განცხადებების გამო და თავად ოლივერ ქაუდერიც მოექცა მათი მავნე გავლენის ქვეშ. კონფერენციის დანიშვნიდან ცოტა ხნით ადრე წინასწარმეტყველი ამ საკითხზე გულწრფელად ეკითხებოდა უფალს და მიიღო შემდეგი გამოცხადება.
1–7, ჯოზეფ სმითს აქვს ფლობს საიდუმლოებათა გასაღებები და მხოლოდ იგი იღებს ეკლესიისთვის გამოცხადებებს; 8–10, ოლივერ ქაუდერიმ უნდა უქადაგოს ლამანიელებს; 11–16, სატანამ შეაცდინა ჰაირამ პეიჯი და ცრუ გამოცხადებები მისცა მას.
1 აჰა, გეუბნები, ოლივერ, გებოძება, რომ ეკლესიის წევრები ყურს დაგიგდებენ ყოველივეში, რასაც ასწავლი მათ ნუგეშისმცემლის მეშვეობით, გამოცხადებებისა და მცნებების შესახებ, რომელიც მე მოგეცი.
2 მაგრამ, აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: არავინ დაინიშნება ამ ეკლესიაში მცნებებისა და გამოცხადებების მისაღებად, გარდა ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსისა, ვინაიდან იგი იღებს მათ მოსეს მსგავსად.
3 და მორჩილი უნდა იყო ყოველივეში, რასაც მას ვუბოძებ, ისე, როგორც აარონი, რათა ერთგულად გამოუცხადო მცნებები და გამოცხადებები ეკლესიას, ძალითა და უფლებამოსილებით.
4 და თუ გაგიძღვება ნუგეშისმცემელი ნებისმიერ დროს, რათა ეკლესიაში ილაპარაკო ან ასწავლო მცნებების შესაბამისად, შენ ამას შეძლებ.
5 ამიტომ, შენ უნდა დაწერო არა მცნების სახით, არამედ სიბრძნით;
6 და არ უნდა უბრძანო მას, ვინც შენი ზემდგომია და არის ხელმძღვანელი ეკლესიისა;
7 ვინაიდან, მას ვუბოძე საიდუმლოებათა გასაღებები და გამოცხადებები, რომლებიც ჩაბეჭდილია მანამ, სანამ მათთვის არ დავნიშნავ ვინმე სხვას მის ნაცვლად.
8 და ახლა, აჰა, გეუბნები, რომ უნდა წახვიდე ლამანიელებთან და უქადაგო მათ ჩემი სახარება; და როდესაც მიიღებენ შენს სწავლებებს, ისე უნდა მოახდინო, რომ ეკლესია ჩამოყალიბდეს მათ შორის; და მიიღებ გამოცხადებებს, მაგრამ არ ჩაიწერო ისინი მცნებების სახით.
9 და ახლა, აჰა, მე გეუბნები, რომ ეს არ გამხელილა და არავინ იცის, სად აიგება ქალაქი სიონი, მაგრამ ეს გამხელილ იქნება მომავალში. აჰა, გეუბნები, ეს იქნება ლამანიელთა საზღვრებთან.
10 შენ არ დატოვო ეს ადგილი კონფერენციის დასრულებამდე; და ჩემი მსახური, ჯოზეფი, დაინიშნება თავჯდომარედ, კონფერენციის ხმით, და რასაც იგი გეტყვის, იმას ილაპარაკებ.
11 და კიდევ: წაიყვანე შენი ძმა, ჰაირამ პეიჯი, და მხოლოდ თქვენ ორს შორის ითქვას, რომ ის, რაც მან დაწერა იმ ქვის მეშვეობით, არ არის ჩემგან და მას სატანა აცდუნებს;
12 ვინაიდან, აჰა, ყოველივე ეს არ იყო მისთვის დანიშნული და არც არაფერი, რაც ეკლესიის აღთქმების წინააღმდეგია, ამ ეკლესიაში არავისთვის არ იქნება დანიშნული.
13 ვინაიდან, ეკლესიაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესითა და საერთო თანხმობით, რწმენის ლოცვით.
14 და შენ უნდა დაეხმარო ყოველივე ამის მოგვარებაში, ეკლესიის აღთქმების შესაბამისად, ლამანიელებთან გამგზავრებამდე.
15 და გამგზავრების დროიდან დაბრუნებამდე მოგეცემა ის, რაც უნდა აკეთო.
16 და შენ ყოველთვის უნდა გახსნა ბაგე და მხიარული ხმით აუწყო ჩემი სახარება. ამინ.