წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 58


ნაწილი 58

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. სიონი, ჯექსონის ოლქი, მისური, 1831 წ. 1 აგვისტო. პირველ კვირა დღეს, ჯექსონის ოლქში წინასწარმეტყველისა და მისი ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ, ჩატარდა წირვა და ორი ახალი წევრი მიიღეს ნათლობით. იმ კვირის განმავლობაში ჩამოვიდნენ კოლსვილის წმინდანები ტომპსონის სამრევლოდან და ასევე სხვებიც (იხ. ნაწილი 54). მრავალს სურდა, გაეგო უფლის ნება შეკრების ახალი ადგილის შესახებ.

1–5, რომლებიც განსაცდელს გაუძლებენ, სიდიადით დაგვირგვინდებიან; 6–12, წმინდანები უნდა მოემზადონ კრავის ქორწინებისა და უფლის ვახშმისთვის; 13–18, ეპისკოპოსები არიან მოსამართლენი ისრაელში; 19–23, წმინდანებმა უნდა დაიცვან ქვეყნის კანონები; 24–29, ადამიანმა უნდა გამოიყენოს არჩევნის თავისუფლება სიკეთის საკეთებლად; 30–33, უფალი ბრძანებს და აუქმებს ბრძანებას; 34–43, მოსანანიებლად ადამიანმა უნდა აღიაროს და მიატოვოს თავისი ცოდვები; 44–58, წმინდანებმა უნდა შეიძინონ მემკვიდრეობა და შეიკრიბონ მისურიში; 59–65, სახარება უნდა ექადაგოს ყოველ არსებას.

1 ყური დამიგდეთ, თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესებო, და მოისმინეთ ჩემი სიტყვა, გაიგეთ ჩემი ნება თქვენზე და ამ მიწაზე, რომელზეც მე გამოგაგზავნეთ.

2 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: დალოცვილია ის, ვინც იცავს ჩემს მცნებებს, სიცოცხლესა თუ სიკვდილის შემდეგ; და რომელიც ერთგულია განსაცდელში, მისი ჯილდო უფრო დიადია ცათა სასუფეველში.

3 თქვენ ამჟამად არ შეგიძლიათ, იხილოთ ბუნებრივი თვალებით თქვენი ღმერთის ჩანაფიქრი იმის შესახებ, რაც მოხდება მომავალში და დიდება, რომელიც მოვა მრავალი განსაცდელის შემდეგ.

4 ვინაიდან, მრავალი განსაცდელის შემდეგ მოვა კურთხევები. ამიტომ, დადგება დღე, როდესაც დაგვირგვინებულნი იქნებით დიდი სიდიადით; ეს საათი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ახლოსაა.

5 დაიმახსოვრეთ, რასაც გეუბნებით წინდაწინ, რომ ჩაიდოთ ეს გულში და მიიღოთ, რაც ამას მოჰყვება.

6 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ამ მიზნით გამოგაგზავნეთ – რომ იყოთ მორჩილნი და მომზადებული გქონდეთ გულები იმის დასამოწმებლად, რაც უნდა მოხდეს;

7 ასევე, რომ პატივი გერგოთ, საფუძველი ჩაგეყარათ და დაგემოწმებინათ იმ მიწის შესახებ, რომელზეც დადგება ღმერთის სიონი;

8 და ასევე იმისათვის, რომ ნასუქალით ნადიმი მომზადდეს ღარიბთათვის; დიახ, ნადიმი ნასუქალით, კარგად დალექილი და გაწმენდილი ღვინით, რათა იცოდეს დედამიწამ, რომ აუცილებლად აღსრულდება წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი;

9 დიახ, ვახშამი უფლის სახლისა, კარგად მომზადებული, რომელზეც ყოველი ერი იქნება მოწვეული.

10 პირველ რიგში მდიდარნი და ნასწავლნი, ბრძენნი და კეთილშობილნი;

11 და შემგომ მოდის ჩემი ძალაუფლების დღე; მაშინ მოვლენ ღარიბნი, ხეიბარნი, უსინათლონი და ყრუ-მუნჯნი კრავის ქორწილში და მიირთმევენ ვახშამს უფლისა, დიადი დღისთვის მომზადებულს.

12 აჰა, მე, უფალმა, ვილაპარაკე ეს.

13 რათა დამოწმება წამოვიდეს სიონიდან, დიახ, ღმერთის მემკვიდრე ქალაქის პირიდან –

14 დიახ, ამ მიზნით გამოგაგზავნეთ აქ და ავირჩიე ჩემი მსახური, ედვარდ პარტრიჯი, და მას თავისი მისია დავუნიშნე ამ მიწაზე.

15 მაგრამ იგი თუ არ მოინანიებს თავის ცოდვებს, რომლებიცაა ურწმუნოება და გულით სიბრმავე, დაე, ფრთხილად იყოს, რათა არ დაეცეს.

16 აჰა, მას ებოძა თავისი მისია და კვლავ აღარ ებოძება.

17 და რომელიც ასრულებს ამ მისიას, დანიშნულია ისრაელში მოსამართლედ, როგორც ძველ დღეებში, რათა გაუნაწილოს ღმერთის მემკვიდრეობის მიწა მის შვილებს;

18 რათა განსაჯოს მისი ხალხი მართალთა დამოწმებით და მრჩეველთა დახმარებით, სამეფოს კანონების შესაბამისად, რომელნიც ნაბოძებია ღმერთის წინასწარმეტყველების მიერ.

19 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: ჩემი კანონი დაცული იქნება ამ მიწაზე.

20 არ იფიქროს არცერთმა ადამიანმა, რომ იგი მმართველია; დაე, ღმერთმა მართოს იგი, რომელიც განკითხავს თავისი ნების შესაბამისად ანუ სხვა სიტყვებით ის, რომელიც მრჩეველია ანუ უკავია მოსამართლის სავარძელი.

21 დაე, არც ერთმა ადამიანმა არ დაარღვიოს მიწის კანონები, ვინაიდან მას, რომელიც ღმერთის კანონებს იცავს, არ სჭირდება მიწის კანონების დარღვევა.

22 ამიტომ, დაემორჩილეთ არსებულ ხელისუფლებას, სანამ მმართველობს ის, რომელსაც აქვს უფლება, მართოს და ფეხქვეშ გათელოს ყოველი მტერი.

23 აჰა, კანონები, რომელნიც ჩემი ხელიდან მიიღეთ, არის კანონები ეკლესიისა და ამ სინათლით უნდა განსაჯოთ. აჰა, ამაშია სიბრძნე.

24 და ახლა, როგორც ვილაპარაკე ჩემი მსახურის, ედვარდ პატრიჯის შესახებ, ეს მიწა არის მისი საცხოვრებელი ადგილი და მათი, რომლებიც მან თავის მრჩევლებად დანიშნა; და ასევე მისი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც დავნიშნე საწყობის გამგედ.

25 ამიტომ, დაე, მოიყვანონ ამ მიწაზე თავიანთი ოჯახები მას შემდეგ, რაც იმსჯელებენ ერთმანეთთან და ჩემთან.

26 ვინაიდან, აჰა, არ არის შესაფერისი, ბრძანებები მოგცეთ ყოველივეში, ვინაიდან, ვისაც ყველაფერს აიძულებენ, ზარმაცია და არ არის ბრძენი მსახური; ამიტომ, არ მიიღებს ჯილდოს.

27 ჭეშმარიტად გეუბნებით, ადამიანი უნდა მგზნებარედ ჩაერთოს მართალ საქმეში და აკეთოს მრავალი რამ საკუთარი თავისუფალი ნებით და აღასრულოს დიდი სამართალი;

28 ვინაიდან, მათში არის ძალა, იმოქმედონ თავიანთი ნებით. და რამდენადაც ადამიანები აკეთებენ სიკეთეს, ისინი არ დაკარგავენ თავიანთ ჯილდოს.

29 ხოლო ვინც არაფერს აკეთებს, სანამ არ უბრძანებენ და ბრძანებას იღებს ეჭვიანი გულით და ასრულებს მას სიზარმაცით – წყეულია.

30 ვინ ვარ მე, – ამბობს უფალი, – რომელმაც შევქმენი ადამიანი, რომ ჩავთვალო უდანაშაულოდ იგი, რომელიც ჩემს მცნებებს არ ემორჩილება?

31 ვინ ვარ მე, – ამბობს უფალი, რაიმე დავპირდე და არ შევასრულო?

32 ვბრძანებ და ადამიანები არ მემორჩილებიან; ვაუქმებ ბრძანებას და ისინი არ იღებენ კურთხევებს.

33 მაშინ ამბობენ გულში: ეს საქმე არ არის უფლისა, ვინაიდან არ აღსრულდა მისი დაპირებები. მაგრამ, ვარამი ასეთებს, ვინაიდან თავიანთი ჯილდო მოელით ქვემოთ და არა ზემოდან.

34 და ახლა, გიბოძებთ დამატებით მითითებებს ამ მიწის შესახებ.

35 ამაშია ჩემი სიბრძნე, რომ ჩემი მსახური, მარტინ ჰარისი, იყოს ეკლესიისთვის მაგალითი, დადებს რა ეკლესიის ეპისკოპოსის წინაშე ფულს.

36 ასევე ეს არის კანონი ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ამ მიწაზე მემკვიდრეობის მისაღებად მოდის; და საკუთარი ფულით გააკეთებს ისე, როგორც მიუთითებს კანონი.

37 ასევე ამაშია სიბრძნე, რომ მიწები უნდა იქნეს შეძენილი ინდეფენდენსში, საწყობის ადგილისთვის და სასტამბო სახლისთვის.

38 და სხვა მითითებები, რომლებიც ეხება ჩემს მსახურს, მარტინ ჰარისს, ებოძება მას სულით, რათა მიიღოს მემკვიდრეობა, როგორც მიაჩნია სწორად;

39 დაე, მოინანიოს თავისი ცოდვები, ვინაიდან ეძებს ამასოფლის ქებას.

40 დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამ ვ. ფელფსმა, დაიკავოს თანამდებობა, რომელზეც მე დავნიშნე და მიიღოს თავისი მემკვიდრეობა მიწაზე;

41 და ასევე მან უნდა მოინანიოს, ვინაიდან მე, უფალი, არ ვარ მისით კმაყოფილი, ვინაიდან ცდილობს განდიდებას და არასაკმარისად თვინიერია ჩემ წინაშე.

42 აჰა, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები – მას მიეტევა და მე, უფალი, მეტს აღარ გავიხსენებ.

43 ამგვარად შეძლებთ გაიგოთ, თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს მოინანიებს – აჰა, იგი აღიარებს მათ და მიატოვებს.

44 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით ჩემს ეკლესიაში დანარჩენი უხუცესების შესახებ: ჯერ არ დამდგარა დრო და მრავალი წელი გავა, სანამ მიიღებენ თავიანთ მემკვიდრეობას ამ მიწაზე, თუ ამას არ მოისურვებენ რწმენის ლოცვით და მხოლოდ მაშინ, როცა დანიშნული იქნება ეს მათთვის უფლის მიერ.

45 ვინაიდან, აჰა, ისინი ხალხს ერთად შეყრიან დედამიწის კიდეებიდან.

46 ამიტომ, შეიკრიბეთ ერთად და რომლებსაც არ აქვთ დანიშნული ამ მიწაზე დარჩენა, დაე, იქადაგონ სახარება გარშემო მხარეებში და მას შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.

47 დაე, იქადაგონ გზადაგზა და გაუზიარონ დამოწმება ჭეშმარიტებაზე ყველგან და მონანიებისკენ მოუწოდონ მდიდარს, ზემდგომს, ქვეშევრდომსა და ღარიბს.

48 დაე, ააგონ ეკლესიები, იმისდა მიხედვით, როგორ მოინანიებენ მიწის მცხოვრებნი.

49 დაე, დაინიშნოს მოხელე ეკლესიის ხმით, ოჰაიოს ეკლესიისთვის, რათა მიიღოს თანხები სიონში მიწების შესაძენად.

50 და ჩემს მსახურს, სიდნეი რიგდონს, ვაძლევ ბრძანებას, შეადგინოს სიონის მიწის აღწერა და ღმერთის ნების უწყება, როდესაც ეს სულით ეცნობება მას;

51 და წერილი და ხელმოწერების ფურცელი იყოს წარდგენილი ყოველ სამრევლოში, ეპისკოპოსის ხელში თანხების მოსაზიდად, თვითონ ან მოხელის მიერ, როგორც მიიჩნევს სწორად ან მიუთითებს, რათა შეძენილ იქნეს მიწა ღვთის შვილების მემკვიდრეობისთვის.

52 ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: უფალს სურს, რომ მოწაფეებმა და ადამიანთა შვილებმა გახსნან გულები, რათა შეძენილ იქნეს ამ ოლქის მთელი მხარე, რაც შეიძლება მალე.

53 აჰა, ამაშია სიბრძნე. დაე, მათ ეს შეასრულონ, სხვაგვარად არ მიიღებენ მემკვიდრეობას, სისხლისღვრის გარეშე.

54 და კიდევ: რამდენადაც მიწა იქნება შეძენილი, დაე, გააგზავნონ ამ მიწაზე ყველანაირი ხელოსანი, რათა იშრომონ ღვთის წმინდანთათვის.

55 დაე, ყოველივე ეს გაკეთდეს წესისამებრ; დაე, ეპისკოპოსებმა ან ეკლესიის მოხელემ დროდადრო აუწყონ ამ მიწების უპირატესობის შესახებ.

56 და შეკრების საქმე არ გაკეთდეს არც უცაბედად და არც ნაჩქარევად, არამედ ისე, როგორც მოითათბირებენ ეკლესიის უხუცესები კონფერენციებზე, იმ ცოდნის შესაბამისად, რომელსაც თანდათან მიიღებენ.

57 დაე, ჩემმა მსახურმა, სიდნეი რიგდონმა, აკურთხოს ეს მიწა და ტაძრის ადგილი და მიუძღვნას იგი უფალს.

58 დაე, მოწვეულ იქნეს კონფერენციის შეკრება და ამის შემდეგ ჩემი მსახურნი, სიდნეი რიგდონი და ჯოზეფ სმით უმცროსი, დაბრუნდნენ, ასევე ოლივერ ქაუდერი მათთან ერთად, რათა დაასრულონ დანარჩენი საქმე, რომელიც მათ საკუთარ მიწაზე დავავალე და დანარჩენი გაკეთდება კონფერენციებზე.

59 დაე, არავინ დაბრუნდეს ამ მიწიდან, გზადაგზა დამოწმების გაზიარების გარეშე იმაზე, რაც იცის და რისიც მტკიცედ სწამს.

60 დაე, ზიბა პეტერსონს ჩამოერთვას, რაც იყო მასზე დაკისრებული; დაე, იგი დარჩეს ეკლესიის წევრად და იშრომოს საკუთარი ხელით ძმებთან ერთად, სანამ საკმაოდ არ განიკიცხება ყოველი ცოდვისთვის; ვინაიდან, არ აღიარებს მათ და ფიქრობს მათ დაფარვაზე.

61 დაე, ამ ეკლესიის დანარჩენმა უხუცესებმა, რომლებიც მოდიან ამ მიწისკენ – ზოგიერთი მათგანი არაჩვეულებრივად კურთხეულია, უსაზღვროდაც კი, ასევე მოიწვიონ კონფერენცია ამ მიწაზე.

62 დაე, ჩემმა მსახურმა, ედვარდ პარტრიჯმა, უხელმძღვანელოს ამ კონფერენციას, რომელსაც ისინი ჩაატარებენ.

63 დაე, უკან დაბრუნდნენ, იქადაგონ სახარება გზადაგზა, დაამოწმონ იმაზე, რაც მათ გაემხილათ.

64 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ხმა ამ ადგილიდან მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს მიწის ყველაზე შორეულ ადგილებში – სახარება უნდა ექადაგოს ყოველ არსებას და თან ეხლებათ ნიშნები მათ, რომლებიც იწამებენ.

65 და აჰა, კაცის ძე მოდის. ამინ.