წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 106


ნაწილი 106

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 25 ნოემბერი, 1834 წ. ეს გამოცხადება ეძღვნება უორენ ა. ქაუდერის და მის უფროს ძმას, ოლივერ ქაუდერის.

1–3, უორენ ა. ქაუდერი მოწოდებულია ადგილობრივი ხელმძღვანელობის მმართველად; 4–5, სინათლის შვილებს მეორედ მოსვლა მოულოდნელად არ დაადგება თავს ქურდივით; 6–8, ეკლესიაში ერთგულად მსახურებას მოჰყვება დიადი კურთხევები.

1 ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემი მსახური, უორენ ა. ქაუდერი, დაინიშნოს და ხელდასხმულ იქნეს ჩემი ეკლესიის თავმჯდომარე მღვდელმთავრად, თავისუფლების მიწაზე და მის მიდამოებში;

2 და იქადაგოს ჩემი მარადიული სახარება, ხმა აღიმაღლოს და გააფრთხილოს ხალხი არა მარტო თავის მხარეში, არამედ მიმდებარე ოლქებშიც;

3 და მიუძღვნას მთელი თავისი დრო ამ მაღალ და წმინდა მოწოდებას, რომელსაც ახლა ვუბოძებ, ეძიოს ბეჯითად ზეციური სასუფეველი და მისი სამართალი და ყოველივე აუცილებელი შეემატება, ვინაიდან მშრომელი ღირსია თავისი გასამრჯელოსი.

4 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: უფლის მოსვლა ახლოვდება და ამა ქვეყანას თავს დაადგება, როგორც ქურდი ღამით –

5 ამიტომ, შემოისარტყლეთ წელი, რათა იყოთ სინათლის შვილები და ის დღე არ დაგადგებათ თავს, როგორც ქურდი.

6 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ზეცაში ხარობდნენ, როდესაც ჩემმა მსახურმა, უორენმა, მუხლი მოიყარა ჩემი კვერთხის წინაშე და ჩამოშორდა ადამიანთა მზაკვრობას;

7 ამიტომ, კურთხეულია ჩემი მსახური, უორენი, ვინაიდან მოწყალე ვიქნები მის მიმართ და მიუხედავად მისი გულის პატივმოყვარეობისა, მას ავამაღლებ იმდენად, რამდენადაც დაიმდაბლებს თავს ჩემ წინაშე.

8 და ვუბოძებ მას მადლსა და დაჯერებულობას, რომელთა მეშვეობითაც იგი მედგრად გაუძლებს; და თუ დარჩება ეკლესიის ერთგულ მოწმედ და სინათლედ, მისთვის მომზადებული მაქვს გვირგვინი ჩემი მამის სავანეებში. სწორედ ასე. ამინ