წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 115


ნაწილი 115

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ფარ ვესტი, მისური, 26 აპრილი, 1838 წ. აუწყებს ღვთის ნებას იმ ადგილისა და უფლის სახლის აღშენების შესახებ. ეს გამოცხადება მიმართავს მმართველ თანამდებობის პირებსა და ეკლესიის წევრებს.

1–4, უფალი ეკლესიას აძლევს სახელწოდებას – უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია; 5–6, სიონი და მისი პალოები არის წმინდანთა დასაცავი და თავშესაფარი ადგილი; 7–16, წმინდანებს ნაბრძანები აქვთ, ააშენონ უფლის სახლი ფარ ვესტში; 17–19, ჯოზეფ სმითი ფლობს ღვთის სასუფევლის გასაღებებს დედამიწაზე.

1 ჭეშმარიტად, ამას გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო, ჯოზეფ სმით უმცროსო, ასევე ჩემო მსახურო, სიდნეი რიგდონ და ასევე ჩემო მსახურო, ჰაირამ სმით, ასევე შენს ამჟამინდელ მრჩევლებს და მათ, რომლებიც დაინიშნებიან ამის შემდეგ;

2 და ასევე შენ, ჩემო მსახურო, ედვარდ პატრიჯ და მის მსახურებს;

3 და ასევე ჩემს ერთგულ მსახურებს სიონის ჩემი ეკლესიის უმაღლეს საბჭოში, ვინაიდან ასეთი სახელწოდება უნდა ჰქონდეს ასევე ყველა უხუცესს და ჩემი ეკლესიის ხალხს, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას მთელ მსოფლიოში ყველგან გაფანტულს;

4 ვინაიდან, ასე უნდა ეწოდებოდეს ჩემს ეკლესიას უკანასკნელ დღეებში: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

5 ჭეშმარიტად გეუბნებით ყველას: წამოდექით და გაბრწყინდით, რათა ერებისთვის თქვენი სინათლე იყოს ალამი;

6 და ერთად შეკრება სიონის მიწაზე და პალოებში იყოს თავდასაცავად და თავშესაფრად ქარიშხლისა და რისხვისგან, როდესაც ის გაუზავებლად გადმოიღვრება მთელ დედამიწაზე.

7 დაე, ქალაქი ფარ ვესტი იყოს წმინდა და ჩემთვის მიძღვნილი მიწა: და ყოვლად წმინდად იქნება წოდებული, ვინაიდან წმინდაა მიწა, რომელზეც დგახართ.

8 ამიტომ, გიბრძანებთ, ააშენოთ ჩემთვის სახლი ჩემი წმინდანების შესაკრებად, რათა თაყვანი მცენ.

9 დაე, ამ საქმის დასაწყისი, საძირკვლის ჩაყრა და მოსამზადებელი სამუშაო მოხდეს ამ ზაფხულს;

10 დაე, დასაწყისი იყოს შემდეგი ივლისის მეოთხე დღე; და იმჟამიდან, დაე, ჩემმა ხალხმა იშრომოს ბეჯითად, რათა ჩემს სახელზე აშენდეს სახლი;

11 და ამ დღიდან ერთ წელიწადში, დაე, კვლავ შეუდგნენ ჩემი სახლის საძირკვლის ჩაყრას.

12 ამგვარად, დაე, მათ ბეჯითად იშრომონ იმ ჟამიდან მანამდე, სანამ ის არ აშენდება მისი ქვაკუთხედიდან წვერამდე, სანამ არაფერი არ დარჩება დაუსრულებელი.

13 ჭეშმარიტად გეუბნებით, დაე, არც ჩემმა მსახურმა ჯოზეფმა, არც ჩემმა მსახურმა სიდნეიმ, არც ჩემმა მსახურმა ჰაირამმა არ აიღონ ჩემს სახელზე სახლის ასაშენებლად ვალი;

14 მაგრამ, დაე, ჩემს სახელზე სახლი აშენდეს ნიმუშის შესაბამისად, რომელსაც მათ დავანახებ.

15 თუ ჩემი ხალხი მას არ ააშენებს ნიმუშის შესაბამისად, რომელსაც მათ პრეზიდენტობას დავანახებ, მას არ მივიღებ მათი ხელიდან.

16 მაგრამ, თუ ჩემი ხალხი ააშენებს მას შესაბამისად ნიმუშისა, რომელსაც დავანახებ მათ პრეზიდენტობას, ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმითს და მის მრჩევლებს, მაშინ მივიღებ მას ჩემი ხალხის ხელიდან.

17 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი ნება, რომ ქალაქი ფარ ვესტი სწრაფად აშენდეს ჩემს წმინდანთა შეკრებით;

18 და ასევე სხვა ადგილები დაინიშნოს პალოებისთვის გარშემო მხარეებში, როგორც ეს ხანდახან გამოეცხადება ჩემს მსახურს, ჯოზეფს.

19 ვინაიდან, აჰა, მასთან ვიქნები და წმინდავყოფ მას ხალხის წინაშე, ვინაიდან, მას ვუბოძე ამ სასუფევლისა და მსახურების გასაღებები. სწორედ ასე. ამინ.